საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„მთის ამბები“ მარტოკაცების ფონდს ქმნის

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:01 - 30 დეკემბერი 2019 hits 31465

„მთის ამბები“, რომელიც საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედიაა, მარტოკაცების მხარდამჭერ ფონდს ქმნის. ფონდში შემოწირულების განხორციელება ყველას შეუძლია, ვისაც მთის სოფლებში მარტოკაცების მხარდაჭერა სურს.

#მარტოკაცი „მთის ამბების“ რუბრიკაა. ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით, მთაში ვეძებთ ყველა სოფელს, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანიღა ცხოვრობს.

უკვე გიამბეთ 76 წლის ვახტანგ ფიცხელაურის შესახებ, ყაზბეგის რაიონის სოფელ ქოსელში, ღამით ნათურას რომ არ აქრობს: „ენთას, რომ სოფლიდან შუქი გავიდეს. არ მინდა, ვინმეს ეგონას, ნასოფლარია და არვინ ცხოვრობსო“.

უკანაფშავში, სოფელ ჭიჩოსაც ერთი კაცი, 83 წლის ვახტანგ ჩოლოგაური ასოფლებს.

ერთ კაცს ბევრი რამ შეუძლია - 76 წლის ირაკლი ხვედაგურიძის წყალობით თუშეთის სოფელმა ბოჭორნამ ევროპაში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული პუნქტის სტატუსი მოიპოვა და განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია.

ერთი კაცი, 55 წლის სოსო ზვიადაური არ ანებებს დაცლას პირიქითა ხევსურეთში, სოფელ ანდაქს. „მთის ამბების“ დახმარებით მის ძველ ხევსურულ სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, მომავალ წელს კი სოფლების არდოტის, ანდაქისა და არჭილოს გავლით ხევსურეთიდან თუშეთში (ალაზნისთავი-წოვათის ხეობა) გადასასვლელი ბილიკის პოპულარიზაციას ვაპირებთ, რაც ამ ხეობებს გამოაცოცხლებს.

არხოტიონი ძმები, ახიელში შიო და ჭიმღაში გიგლა ოჩიაურები გვყავს მეციხოვნეებად საქართველო-ინგუშეთის საზღვართან.

გორშეღმის დაცლილ ხეობასაც 77 წლის მიხა არაბული აცოცხლებს. 6 თვე ხმის გამცემიც არავინ ჰყავს. 20 წელი წერაქვით გამოთხრილ, უკარფანჯრო მიწურში ცხოვრობდა. „დათვსაც კიდე კაი სითბო, სუროი (ბუნაგი) აქვს და მე უარეს სუროიში ვცხოვრობ. ყინვამ შეიძლების გამყინოს, მოვკვდე და ან მგელი შამჭამს, ან დათვი და გაზაფხულზე შეიძლების აღარ დაგხვდეთო“ - თბილ ქოხზე მრავალი წლის ოცნება მიხა პაპას „მთის ამბების“ მაყურებლებმა აუხდინეს.   

მაყურებელს ბლოელი გოგიაც პირველად „მთის ამბებმა“ გააცნო. მეოთხე წელია კარავში იზამთრებდა. ძველი ხევსურული, ბანიანი სახლი ზვავმა 2015 წელს დაუნგრია. ბლოელი გოგიასთვის ხის სახლის ასაშენებლად „მთის ამბებმა“ კამპანია დაიწყო #ვიდრემისკარავსთოვლიდაფარავს და 9 ათას ლარზე მეტი შეაგროვა. შემოწირულება 400-ზე მეტმა ადამიანმა გაიღო. მერე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს უარი ვერტმფრენით დახმარებაზე. ვერტმფრენის გარეშე ბლოში მასალებს ვერ მივიტანდით, სოფლამდე სამანქანო გზა არასდროს ყოფილა. შსს-ს უარს საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა მთავრობის მიმართ. ბოლოს შსს-მ ბლოელ გოგიას ხის სახლი თვითონ აუშენა. „მთის ამბების“ მიერ შეგროვილი 9339 ლარით კი, გოგია გიგაურს გაზაფხულზე ძველი ხევსურული სახლის აღდგენას ან ბიზნეს იდეას დავუფინანსებთ, რათა ის უფრო მეტად გაძლიერდეს და მთაში დაბრუნების სტიმული სხვებსაც მისცეს.

„მთის ამბებმა“ გაგაცნოთ ზურაბ აბალოიძეც, რომელიც თუშეთის სოფელ ჭეშოში, სადაც მუდმივად 55 წელია აღარავის უცხოვრია, 2019 წელს პირველად დარჩა და ზამთრობით გაუკაცრიელებული საზღვრისპირა კუთხე გააცოცხლა.

უგზოდ დარჩენილ რაჭველ მარტოკაცებსაც მივაგენით ჭვებარსა და ხურუთში. „მთის ამბების“ რეპორტაჟების შემდეგ, 80 წლის ბესარიონ გაგიშვილს და 63 წლის მურმან გობეჯიშვილს უკვე გზაც აქვთ და შუქიც.

ხორხის ხეობაში ბზიკურთკარელ მარტოქალსაც „მთის ამბებმა“ მიაგნო - 79 წლის #ელობებოსთვის კამპანია გვაქვს დაწყებული. ნახევრადდანგრეული სახლი საცხოვრებლად საშიშია. ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრას. აღდგენა შეუძლებელია. ვცდილობთ, მარტოქალს ხის პატარა, უსაფრთხო და თბილი სახლი ავუშენოთ ღირსეული სიბერისთვის.

მარტოკაცების ძიებას და მათ მხარდაჭერას 2020 წელსაც გავაგრძელებთ. ამიტომაც, მარტოკაცების მხარდამჭერ ფონდს ვქმნით.

ფონდში შემოწირულების სახით შეგროვებული თანხა მთლიანად მარტოკაცებს მოხმარდება, ვისაც ეს სჭირდება - პერიოდულად მათ სურსათით, მედიკამენტებით, პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველვყოფთ ან სხვაგვარად დავეხმარებით.

თუ მხარს უჭერთ მთაში მარტოკაცებს, შემოწირულება შეგიძლიათ გააკეთოთ საბანკო გადარიცხვით:

» ანგარიშის ნომერი: GE51LB0115195065049003

» ბანკის კოდი: LBRTGE22

» მიმღები: ააიპ სამოქალაქო აქტივობების ცენტრი

» დანიშნულება: #მარტოკაცებისთვის

შემოწირულებას ვიღებთ ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, თუ ეს გავლენას არ ახდენს ჩვენი საქმიანობის დამოუკიდებლობაზე და არ დააზიანებს ჩვენს რეპუტაციას.

არ ვიღებთ შემოწირულებას პოლიტიკური პარტიებისგან, ასევე, კომპანიებისგან, რომლებიც მხილებულნი არიან შრომის უსაფრთხოების პირობების დარღვევაში, რომელთა სამუშაო სივრცეში მყოფი დასაქმებულების ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს ზიანი მიადგა ან ადგება; სექსუალურ შევიწროებაში, კორუფციაში მხილებული პირებისა და ორგანიზაციებისგან.

შემოწირულებასთან ან სხვა ფორმით თანამშრომლობასთან დაკავშირებით თუ გაქვთ რაიმე კითხვები, მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

ყოველი კვარტლის ბოლოს „მთის ამბები“ გამოაქვეყნებს დოკუმენტურ ანგარიშს მარტოკაცების მხარდამჭერ ფონდში მიღებული შემოწირულებისა და თანხის ხარჯვის შესახებ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში