საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

#მიხაპაპასთვის - თბილი სახლი 20 წლის შემდეგ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:29 - 17 ნოემბერი 2018 hits 33199

მისთვის, პატარა, თბილი სახლის აშენებას რომ ვაპირებდით, არ დაგვიჯერა, ვიდრე რამდენიმე ასეულ მეტრში ვერტმფრენი არ დაეშვა და იქიდან სამშენებლო მასალების გადმოტვირთვა არ დაიწყეს. სიარული უჭირს და თვალს შორიდან ადევნებდა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მეოთხე რეისიც რომ შეასრულა, შეფიქრიანდა - იმდენ მასალა აქ როგორ უნდა ამოზიდოთო? ამოვიტანთ მიხა პაპა, ამოვიტანთ და თოვლის მოსვლამდე თბილი სახლიც გექნებათ მეთქი.

ძველი ხევსურული სახლი 20 წლის წინ დაენგრა. მას შემდეგ მიწაში გამოთხრილ უკარფანჯრო მიწურში ცხოვრობდა. გორშეღმის ხეობას არც მაშინ ტოვებს, როცა ზამთარში, მისი მიწური მთლიანად თოვლით იფარება:

„როგორც ველის ნადირი რაღაცას გამოჰქვაბავს, აეგრე ვცხოვრობ. რო თოვს, ქარი რო უბერავს, ზედ მაყრის ბუქსა და წვიმასა. ქვის გული მაქვ, ქვის ჯიგარ მიდევ და ქვის ლეში მაქვ ასხმული, რო არ მავკვდი, ან ჭლექი არ გამაჩნდა ამდენ ქარსა და სიცივეში.

გაზაფხულზე ამოდიან, ამაღლალვენ ცხვარსა, საქონსა, შაიყრების ხალხი. მერე სთველთ (შემოდგომაზე) იქავ გაიკრიფებიან, გაღრეკვენ საქონს იქავ და წავლენ საზამთროდ.

აი, რო გავხენებ წინხადუს, გინდა ჭალას, კაციშვილის ჭაჭანება აღარ ას. ხალხ რო გაიკრიფებ, ეშმან ეპატრონებიან აქაობას. ჯვარის, ხატის გნივ ვერ მივდიორ მე აქით, სანთელი და შუქი არ უნდა გაქრეს აქედან, თორე აქ მარტო კაცის ცხოვრება არ შაიძლების.

ერთი ქოხ მინდა, ერთი კრაოტი დაიდგას, ერთი ფეჩი, ცეცხლი რომ დავადგა წესივრად, ზამთარს თბილად ვიქნებოდ, კარი დეეხუროს რა“, - იმედი მაინც ჰქონდა. გასულ წელს, როცა მის შესახებ „მთის ამბებმა“ რეპორტაჟი მოამზადა, გვთხოვდა ტელევიზორში გამოგვეჩინა. უნდოდა, როგორმე პრემიერისთვის და პრეზიდენტისთვის ხმა მიეწვდინა და ეთქვა, როგორ სჭირდება ხეობაში მარტო დარჩენილ ხევსურს მიხედვა.

ქოხზე მეოცნებე მარტოკაცს ხელისუფლებიდან ყურადღება არავინ მიაქცია.

ზამთარში ძალიან გაუჭირდა. ტელეფონი მიწურს გარეთ, მხოლოდ ერთ ადგილას იჭერს. თუ თვითონ არ გავა, სხვა ვერ დაურეკავს. 3-4 თვე რომ არავის შეეხმიანა, იფიქრეს, ალბათ მოკვდაო. ყინვისა და დიდთოვლობის გამო, გორშეღმის ხეობაში სამანქანო გზა ნოემბრიდან მაისამდე ჩაკეტილია. მესაზღვრეებმა ვერტმფრენით რამდენჯერმე შემოუფრინეს, ნაკვალევს ეძებდნენ - ცოცხალი იყო თუ არა. ვერ ნახეს.

გვიან გაზაფხულზე ცხენებით ააკითხეს. ვეღარ დადიოდა, ყინვისგან ფეხი დასიებოდა და დასუსტებულიყო.

„დათვსაც კიდე კაი სითბო, სუროი აქვს და მე უარეს სუროიში ვცხოვრობ. ყინვამ შეიძლების გამყინოს, მოვკვდე და ან მგელი შამჭამს, ან დათვი და გაზაფხულზე შეიძლების აღარ დაგხვდეთ“, - გვითხრა წელს, ოქტომბერში, ზეისტეჩოში მის სანახავად ასულებს, „მთის ამბების“ მკითხველების მიენ ნაჩუქარი ახალი ტელევიზორი რომ გადავეცით.

ისევ ქოხზე ოცნებობდა: „ერთ ქოხ რა გახდა? ფეჩი დეეტივას, ტელევიზორი დეეტივას, პურის საჭმელი სტოლი დეეტივას, ცეცხლთან თბილად ვიყო, კარი დეეხუროს და აღარ გავიყინო რა“.

მიხა პაპას ზამთრისთვის თბილი ქოხი და ღირსეული საცხოვრებელი პირობები რომ ჰქონოდა, 17 ოქტომბერს „მთის ამბებმა“ დაიწყო აქცია #მიხაპაპასთვის. მკითხველებისგან საბანკო ანგარიშზე სულ 9857 ლარი შეგროვდა.

15 კვმ ხის სახლის მშენებლობა კომპანიას „ხის კოტეჯები“ შევუკვეთეთ. თბილისიდან ბარისახომდე სამშენებლო მასალების ტრანსპორტირება დუშეთის მერიამ უზრუნველყო, ბარისახოდან ზეისტეჩომდე კი სასაზღვრო პოლიციამ, ვერტმფრენით. მიხა პაპას მიწურამდე მასალების ატანის და მშენებლობის პროცესში ახალგაზრდები დაგვეხმარნენ.

„ბალღებო, თქვენ არ იცით რა დარდისგან გადამყარეთ, თბილ ქოხ რომ მექნების.

ნეტაი ადრ მოსულიყავით. აღარც შემცივდების, მიწაჩი აღარ ვიცხოვრებ. ღმერთმა ხელ-მხარ შეგარჩინათ, გულთან ახლოს რომ მიიტანეთ უცხო ხალხმა, მოხვედით და სახლი დადგით. დალოცვილო ღმერთო, ჩემო სალოცავო, ძალიან კარგი სამყოფაი არს, აღარ გავიყინები.

მე რაით გადაგიხდით ამ მადლიან საქმეს. 0 790 501474 ჩემ ნომერ არს, დამეხმაურეთ. ნოემბრიდან მაისამდინ მარტუაი ვარ, ყვა-ყორან არ დაფრინავს აქ და ხმაი მაინც გავიგებ“.

ზეისტეჩოდან თბილისში, 14 ნოემბერს, გვიან ღამით დავბრუნდით. იმ ღამით ისე მოთოვა, რომ გორშეღმის ხეობის გზა ჩაკეტა. მიხა პაპა მარტო დარჩა, მაისამდე.

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში