„მთის ამბების“ მისია
Mtisambebi.ge საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედიაპლატფორმაა.
ჩვენი მისიაა, ვიყოთ რეგიონული განვითარებისა და ცვლილებების კატალიზატორი.
ჩვენი მედიარესურსების მეშვეობით, ვქმნით სივრცეს მათთვის, ვისი ხმაც ხშირად არ ისმის; მოქალაქეებს ვაძლევთ შესაძლებლობას, თავად გახდნენ პროცესების აქტიური მონაწილეები.
ჩვენ ვქმნით კრიტიკულ, დამოუკიდებელ და სიღრმისეულ ჟურნალისტიკას, რომელიც ავლენს სისტემურ გამოწვევებს, იცავს საჯარო ინტერესებს, ადამიანის უფლებებსა და გარემოს, ხოლო საზოგადოებას პოზიტიური ცვლილებების ირგვლივ აერთიანებს.
„მთის ამბები“ მუდმივად ვითარდება: წლების განმავლობაში ჩვენი საქმიანობა ონლაინ პლატფორმებსა და სოციალურ მედიას ეფუძნებოდა, დღეს კი მედიარესურსმა სატელევიზიო მაუწყებლობაც მოიცვა. ეს გაფართოება გვაძლევს შესაძლებლობას, მაღალმთიანი რეგიონების საჭიროებებისა და იქ მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია პირდაპირ ეთერში, კიდევ უფრო დიდ აუდიტორიამდე მივიტანოთ.
აღიარება და ჯილდოები
ჩვენი საქმიანობის მთავარი შეფასება მაყურებლის ნდობაა. „მთის ამბების“ სიღრმისეული, საგამოძიებო პროექტები, მულტიმედია რეპორტაჟები და მაღალი პროფესიული სტანდარტებისადმი ერთგულება არაერთხელ იქნა აღიარებული პრესტიჟული საერთაშორისო და ადგილობრივი ჯილდოებით.
- საგამოძიებო ჟურნალისტიკა: ევროპის ფონდის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჯილდო (2023, 2024, 2025); ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზი საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისთვის (2023).
- ადამიანის უფლებები და ტოლერანტობა: სახალხო დამცველის „ტოლერანტობის ქომაგი“ (2013, 2018); მედიის განვითარების ფონდის ტოლერანტობის პრიზი (2014); ევროკავშირის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში (2020).
- პროფესიული სტანდარტები: ევროკავშირის პრიზი „ყველაზე ინფორმაციული სააგენტო“ (2014); GIPA-ს და ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრის ჯილდო ექსტრემიზმის გაშუქებისთვის (2015); UNICEF-ისა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზი ბავშვთა საკითხების გაშუქებისთვის (2017); ქარტიის პრიზი საუკეთესო ვიდეორეპორტაჟისთვის (2018) და მულტიმედია პროექტისთვის (2021).
„მთის ამბები“ არის შპს „საქართველოს ამბების“ (Georgian News) ონლაინ გამოცემა, რომელიც აერთიანებს რეგიონებზე ფოკუსირებულ დამოუკიდებელ მედიაპლატფორმებს ქვეყნის მასშტაბით.