საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ქოხზე მეოცნებე მარტოკაცი - ყინვამ შეიძლება გამყინოს და გაზაფხულზე აღარ დაგხვდეთ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

00:08 - 18 ოქტომბერი 2018 hits 94238

- ვინა ხართ, აქეთ რა გინდათ?

- თქვენთან მოვდივართ, ტელევიზორი მოგიტანეთ.

- ვაა, გოგოთურ (ერთ-ერთ ჩვენგანს, შენგელი არაბულს მიმართავს, რომელსაც იცნობს) ტელევიზორი? როგორი ტელევიზორი, აძრახდება? საქმე ეგ არის აი. გოგოთურ, შენ გადაუთარგმნე, რასაც ვერ გაიგებენ. ხმას ამაიღებს, ხმასა?

76 წლის მიხა არაბული პირაქეთა ხევსურეთში, გორშეღმის ხეობის ერთადერთი მუდმივი მცხოვრებია. ნოემბრიდან მაისამდე, 6 თვე ხმის გამცემიც არ ჰყავს, მხოლოდ მესაზღვრეები თუ გადაუფრენენ ვერტმფრენით.

ყველაზე მეტად ნაჩუქარ ტელევიზორს უფრთხილდებოდა - იშვიათ კავშირს გარესამყაროსთან. ერთი თვის წინ ტელევიზორი გაუფუჭდა, რასაც ძალიან განიცდიდა:

„ყოჩაღად მუშაობდა, მაგრამ, რომ გაზაფხულდა, მერმ ჩაიგდა ენა. აღარაი ლაპარაკობდა. სურათებს უშვებდა და ქართულად აწერებდა, შენ კი ვერას იგებ, იქ ამბობენ, იქნევენ ხელებს. რა ხდების ქვეყანაზე, ვერაფერს იგებ. ამინდსაც გადმოსცემს. მარტოკაცისთვის ეგ არის კარგი, თორე სხვა არაფერი არაა“.

მისთვის ახალი ტელევიზორის შესაძენად, „მთის ამბების“ მკითხველებმა 600 ლარი შეაგროვეს. ამ თანხის ნაწილით მიხა პაპას თბილი ქვეშაგები, ზამთრისთვის პროდუქტი, ტკბილეული და ხილი ვუყიდეთ, რადგან ახალი ტელევიზორი „ალტაოქეიმ“ გადმოგვცა.

მიხა პაპა სოფელ ზეისტეჩოში (ძველად ორბეულთა) წერაქვით გამოთხრილ, უკარფანჯრო მიწურში ცხოვრობს: „ერთ 20 წელია რო მარტუა ვარ აქ მე. არავინ არის, არავინ. ზაფხულობით ასე მადიან ორ-სამ თვეს. მეოთხე თვეს ვერ ასრულებენ და მიდიან საქონლ-ჯალაფობით. სულ მარტუა ვხეტიალობ.

დათვსაც კიდე კაი სითბო, სუროი (ბუნაგი) აქვს და მე უარეს სუროიში ვცხოვრობ. ყინვამ შეიძლების გამყინოს, მოვკვდე და ან მგელი შამჭამს, ან დათვი და გაზაფხულზე შეიძლების აღარ დაგხვდეთ. ერთი ქოხი მინდა, ფეჩი დეეტივას, ტელევიზორი დეეტივას, პურის საჭმელი სტოლი დეეტივას, ცეცხლთან თბილად ვიყო და კარი დეეხუროს რა.

გასულ ზამთარს, ნოემბრის შემდეგ მაისამდე, მიხა პაპა ტელეფონით აღარავის დაკავშირებია. ეგონათ, რომ გაიყინა. გორშეღმის ხეობაში მძიმე ზამთარი იცის. თოვლის სიმაღლე ზოგჯერ ერთ მეტრს აღემატება. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა რამდენჯერმე შემოუფრინა კიდეც მის მიწურს, მაგრამ არავინ გამოხმაურებია. 2-3 კვირის შემდეგ, გვიან გაზაფხულზე ააკითხეს. მიწურში დახვდათ, შეუძლოდ, ფეხზე ვეღარ დგებოდა.

„დეკემბერ-იანვარში თოვლია აქ ისეთი, რო აი კარჩი ვერ გამოდიხარ, კარჩი რა. სულ რო ქარი და სულ რო თოვა იყო აქ, გარეთი კი არა, შიგათიც არ იძლების. შიგათი არ ისმის ტელეფონის ხმაი. გარეთი, თუ აი ცოტა ზევით არ გომოხვალ, ვერ დარეკავ.

აი თოვლივით დებს თვირთვილი (თრთვილი), ყინულს, იმოდენა სიცივეა. საცა ვწევ, საცა ცეცხლს ვაგდებ, იქ ყინვაი და თვირთვილი არი. ქარი რო დაუბერევს, ხან იქიდან, ხან აქედან, ზეგ აშლის რა პირდაპირ, ლოგინჩიგ. ჯერ ლოგინჩი წამავდგები, მერმ იმ ლოგინს გადავსწმენდ, გადავბერტყ და მერმ იქანე დავწვები. აი, განათება რო არის, ამას ვერ აქრობს, ამას ჩავრთავ და ვბერტყი ლოგინს რა.

თბილად ვიცვობ, დაბამბულ შარვალს. შიგნით ფეჩი დგას, მაგრამ შენ ფეჩი და შეშა რას გშველის. არაფერი რა, მუხლები გეწვების და აქ უკანა მხარზედ, გვერდებში, წელებში გცივ.

დათვიაო ჩემზე გეტყვიან, რო გახოლ, თუ ვინმეს შეეკითხები, დათურად ცხოვრობსო. შეიძლების გოგოთურმა არ თქვას, შეიძლების მაგის მამამ არ თქვას, დედამ არ თქვას, მაგრამ სხვაი, სულ ყველაი დათვს მეძახს, აი, ესეთ მიწურში რო ვცხოვრობ.

მაინც არ მეშინის. რაიზა უნდა მეშინოდეს? მე რო მშინებიყვ, აქამდე აქ არ ვიქნებ, წავიდოდი. ერთ ქოხ მინდა, აქ დავრჩები, საფლავიც ეს არი და სამარხიც“.

„მთის ამბები“ მზად არის ორგანიზება გაუკეთოს კამპანიას, მიხა პაპასთვის, ზეისტეჩოში, ქოხის ასაშენებლად, ვიდრე მოთოვს და გზა ჩაიკეტება. ამისათვის საჭიროა დაახლოებით 15 კვმ თუნუქის ფურცელი, კედლების შესაფუთი მასალა (დაახლოებით 100 კვმ), 10-15 ყოჩაღი ადამიანი 2 დღით და მათი ტრანსპორტირება იქამდე, სადაც სამანქანო გზა წყდება.

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია შემდეგ ანგარიშზე:

  • მიმღები: ააიპ სამოქალაქო აქტივობების ცენტრი;
  • ლიბერთი ბანკი;
  • ანგარიშის ნომერი GE51LB0115195065049003
  • დანიშნულება: მიხა პაპას ქოხისთვის
გიორგი ბოლქვაძე

Mtisambebi.ge-ს რეპორტიორი. დამთავრებული აქვს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, მონტაჟისა და ტელე-რეჟისურის განხრით. აშუქებს ადამიანის უფლებების, მთის და სოციალურ საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში