მწვანე ფილტვები ორ ქალაქს შორის - როგორ შეიქმნა კრწანისის ტყე-პარკი
კრწანისის ტყე-პარკის ისტორია 1967 წლიდან იწყება, როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ თბილისსა და რუსთავს შორის თითქმის 3 000 ჰექტარზე „მწვანე ზონის“ შექმნა გადაწყვიტა. თუმცა, უშუალოდ ტყე-პარკის გაშენება 616 ჰექტარზე 1970 წელს დაიწყო.
პარკის შექმნას სამი მთავარი მიზანი ჰქონდა: ორი ინდუსტრიული ქალაქის ჰაერის გაწმენდა; მშრომელებისთვის დასასვენებელი სივრცის შექმნა; თბილისისა და რუსთავის ერთმანეთთან შეერთების თავიდან აცილება.
ბევრმა არ იცის, რომ ის ადგილი, სადაც დღეს ტყეა, ნახევარი საუკუნის წინ სრულიად გამოუყენებელ, მკვდარ ზონას წარმოადგენდა. ნიადაგი იმდენად დამლაშებული იყო, რომ იქ მხოლოდ მლაშე ჭანჭრობები, ნაგავსაყრელები და მტკვრისპირა უსარგებლო ჭაობები გვხვდებოდა.
საქართველოს დამსახურებული მეტყევის, არჩილ ფანჩულიძის ხელმძღვანელობით, პირველად ჩატარდა უპრეცედენტო ექსპერიმენტი - ნიადაგიდან მარილი რთული სადრენაჟო სისტემებით გამოდევნეს; ჭაობები დააშრეს; დაირგო 170-ზე მეტი სახეობის ხე, როგორც ადგილობრივი (ჭალის თელა, ნეკერჩხალი), ისე ეგზოტიკური (აბრეშუმის აკაცია, კვიპაროსი, პეკანი).
შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა - ხელოვნურად გაშენებულ ტყეში ცხოველები და ფრინველები დაბრუნდნენ, მათ შორის წითელ ნუსხაში შეტანილი ხმელთაშუა ზღვის კუც.
საარქივო მასალებში აღნიშნულია, რომ 1970-იან წლებში ამ პროექტს „საუკუნის ექსპერიმენტს“ უწოდებდნენ. მსოფლიოში ძალიან ცოტა პრეცედენტი არსებობდა, რომ ასეთ მლაშე და მკვდარ ნიადაგზე ხელოვნური ტყე გაეშენებინათ.
მოვლა-პატრონობიდან 60-მილიონიან გარიგებამდე
კრწანისის ტყე-პარკის საპატრიარქოსთვის გადაცემის მიზეზი 90-იან წლებში არა ეკონომიკური, არამედ მორალური იყო. გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, ნინო ჩხობაძე იხსენებს, რა უთხრა პარკის მაშინდელმა დირექტორმა მას: „ხეების დარგვისას მიწიდან ადამიანის ძვლები ამოდიოდა. ვარაუდობდნენ, რომ აქ რეპრესირებულთა სამარხები იყო“.
სწორედ ამ მიზეზით, პრეზიდენტ შევარდნაძის გადაწყვეტილებით, 1996-1997 წლებში ტერიტორია საპატრიარქოს მოვლა-პატრონობისთვის გადაეცა.
2004 წელს პატრიარქის კურთხევით კრწანისის ტყე-პარკის დირექტორად მამა დოროთე (ყურაშვილი) დაინიშნა. მას იქ პატარა მონასტრებისა და მოწამეთას სახელობის სამნავიანი ტაძრის მშენებლობა დაევალა.
„პატრიარქმა მითხრა, რომ ეს არის თბილისის და რუსთავის ფილტვები... იქ რეპრესირებული ხალხია დამარხული“, - იხსენებს მამა დოროთე.
ტაძრის მშენებლობა დაიწყო, თუმცა მამა დოროთეს წალკაში გადაყვანის შემდეგ, პროცესი შეჩერდა.
2010 წელს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, საპატრიარქოს პარკი სიმბოლურ 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა. თავდაპირველად არსებობდა მკაცრი პირობები: პარკი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო; აკრძალული იყო უძრავი ქონების გაყიდვა ან მესამე პირისთვის საკუთრებაში გადაცემა; ნარგავებით დაფარულ ტერიტორიაზე არათავსებადი ობიექტები არ უნდა აეშენებინათ.
თუმცა, 2014 წელს ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობამ უმნიშვნელოვანესი შეზღუდვა გააუქმა: საპატრიარქოს უფლება მიეცა, პარკის მიწები სხვა კომპანიებისთვის მიეყიდა.
შეზღუდვის მოხსნიდან რამდენიმე კვირაში შეიქმნა შპს „კრწანისის პარკი“, სადაც საპატრიარქომ კომპანიის წილის 75% ბიზნესმენ ივანე ჩხარტიშვილთან დაკავშირებულ „ემ & სი ჯორჯია ჰოლდინგს“ დაუთმო.
ახალი კომპანიის მიზნები შორს იყო ეკოლოგიისგან: წესდებაში ჩაიწერა მშენებლობა, ინვესტიციები და წიაღისეულის მოპოვებაც კი. „ემ & სი ჯორჯია ჰოლდინგს“ საკუთარი ხარჯებით უნდა მოემზადებინა კრწანისის ტყე-პარკის განაშენიანების გეგმა, სამშენებლო პროექტი და მოეწესრიგებინა ტერიტორიაც. შპს „ემ & სი ჯორჯია ჰოლდინგი“ რამდენიმე დღით ადრე, 1-ელ აპრილს დარეგისტრირდა და მის დირექტორად ივანე ჩხარტიშვილის წარმომადგენელი რატი ღვამბერია დაინიშნა. ღვამბერია იმავე დროს ჩხარტიშვილის მიერ დაფუძნებული შპს „ბლექ სი ქოლდის“ დირექტორიც იყო.
2015 წლისთვის აუდიტმა კრწანისის ტყე-პარკის ქონება 61 548 600 ლარად შეაფასა.
2015 წლის 21 სექტემბერს კრწანისის ტყე-პარკის მრავალწლიანი იურიდიული „მოგზაურობა“ დასრულდა.
საპატრიარქომ 61-მილიონიანი კრწანისის პარკი სახელმწიფოს დაუბრუნა. სანაცვლოდ ეკლესიამ აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენცია მიიღო, რომელიც მანამდე სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების დასასვენებელი ადგილი იყო.
ველური ბუნების სააგენტო და საერთაშორისო ინვესტიციები
გარიგებიდან ერთი წლის თავზე, 2016 წელს, კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ველური ბუნების სააგენტოს ადმინისტრაცია განთავსდა. ამით პარკის ისტორიაში გაურკვეველი ბიზნეს-ინტერესების ეპოქა თითქოს დასრულდა და დაიწყო მისი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბიოლოგიური რეზერვატის აღორძინება.
სააგენტომ დაიწყო იშვიათი სახეობების აღდგენა, განაახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სადრენაჟო სისტემა და ტერიტორია უკანონო ძოვებისა თუ ნადირობისგან დასაცავად შემოღობა.
კრწანისის ტყე-პარკი საერთაშორისო დონორების ყურადღების ცენტრშიც მოექცა. ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით განხორციელდა ასობით ათასი ევროს ღირებულების პროექტები, რომლებიც მიმართული იყო ბიომრავალფეროვნების დაცვისა და ეკოტურიზმის განვითარებისკენ. მოეწყო სპეციალური ბილიკები და პლატფორმები ორნითოლოგებისა და ტურისტებისთვის, რადგან პარკი 100-ზე მეტი სახეობის ფრინველის თავშესაფარია. პარკი ცოცხალ ლაბორატორიად იქცა სტუდენტებისა და მეცნიერებისთვის. იქ ტარდება კვლევები ნიადაგის მელიორაციისა და ჭალის ტყის ეკოსისტემების აღდგენის შესახებ.
„არაბული ქალაქები“ კომერციული საიდუმლოების გრიფით
2025 წლის 22 ოქტომბერს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია „Eagle Hills“-ის დამფუძნებელმა, მოჰამედ ალი ალაბარმა, ხელი მოაწერეს საინვესტიციო შეთანხმებას. გარიგებით შეიქმნა ერთობლივი საწარმო, სადაც სახელმწიფო 33%-იან წილს ფლობს, ხოლო არაბული მხარე - 67%-ს. სახელმწიფომ კაპიტალში სტრატეგიული აქტივები შეიტანა: 590 ჰექტარი კრწანისის ტყე-პარკი და 260 ჰექტარი მიწა გონიოს სანაპიროზე. პროექტის მიხედვით, ამ ტერიტორიებზე ორი ახალი ქალაქი აშენდება, რისთვისაც 6.6 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა დაგეგმილი.
ხელმოწერის დღესვე, მთავრობამ ხელშეკრულება „კომერციულ საიდუმლოებად“ გამოაცხადა, რამაც პროცესის გამჭვირვალობა შეზღუდა. ექსპერტები პროექტში ეკოლოგიურ, სამართლებრივ და ინსტიტუციურ საფრთხეებს ხედავენ, რასაც საზოგადოებრივი პროტესტიც მოჰყვა.
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ღიად საუბრობს იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც ამ პროცესში საპატრიარქოს მმართველ ჯგუფს ეკისრება:
„დღეს, როდესაც ამ პროექტის გარშემო არსებული გაურკვევლობის გამო ხალხში ასეთი შფოთია, ეკლესიის მმართველი ჯგუფი დუმს. პატრიარქი, თავისი ასაკიდან გამომდინარე, ერის საქმიანობაში აქტიურად ვეღარ არის ჩართული. იქ არსებულ ჯგუფს კი, რომელმაც კრწანისის ტერიტორია სახელმწიფოს გადასცა, მინიმუმ იმ ტაძრის შენარჩუნება მაინც უნდა მოეთხოვა, რომელსაც იქ ვაშენებდით. თავის დროზე, კრწანისის ტყე-პარკი საპატრიარქოს იმ პირობით გადაეცა, რომ იქ რეპრესირებული ადამიანების საფლავები იყო და ეს სივრცე მთლიანად ქალაქს უნდა შენარჩუნებოდა. თბილისი დღეს ბეტონის ქალაქად არის ქცეული და ამ მწვანე ზონის გასხვისება დაუშვებელია.
ამ ტერიტორიის დაკარგვა, შესაძლოა, პირდაპირ ქვეყნის დაკარგვას არ ნიშნავდეს, მაგრამ ეს არის დასაწყისი, რის შემდეგაც ბევრ სხვა რამესაც დავკარგავთ. ამ პროექტის განხორციელება არ უნდა დავუშვათ. მის გაყიდვაში კი, სამწუხაროდ, ეკლესიას დიდი წვლილი მიუძღვის.“
მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის ოფიციალური ნებართვები 2026 წლის ზაფხულამდე არ გაიცემა, „იგლ ჰილსი“ ბინებს უკვე ყიდის ე.წ. Off-plan გაყიდვების მოდელით. მყიდველებს სთავაზობენ ქონებას, რომელიც ჯერ მხოლოდ რენდერებზე არსებობს, ჩაბარების ვადად კი 2029 წელი სახელდება.
ამ თემაზე:
გრიფით საიდუმლო არაბული ქალაქები
ეს კატასტროფა შეიძლება იყოს - ჩხობაძე კრწანისის ტყეპარკში ქალაქის მშენებლობაზე