საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

38 ჰესი ერთ რეგიონში - რაჭა ენერგეტიკულ ტყვეობაში

14:28 - 09 მაისი 2026 hits 31
სტალინის ძეგლი დავით ბეჟუაშვილის კუთვნილი ჰესების ეზოში
ახალი ამბები
სტალინის ძეგლი დავით ბეჟუაშვილის კუთვნილი ჰესების ეზოში

რაჭა, რომელიც თავისი უნიკალური ბუნებითა და მიკროზონებით საქართველოს სიამაყე უნდა ყოფილიყო, დღეს პოლიტიკური ელიტის ენერგეტიკულ პოლიგონად იქცა. 38 დაგეგმილი და მოქმედი ჰესი ერთ რეგიონში, ასეულობით კილომეტრზე მილებში მოქცეული მდინარეები და გასაიდუმლოებული ხელშეკრულებები - „მთის ამბები“ ააშკარავებს სქემას, თუ როგორ ინაწილებენ რეგიონის ბუნებრივ რესურსებს მოქმედი დეპუტატები, ყოფილი მინისტრები, ბანკირები და „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული გავლენიანი პირები.

 

როგორ გაინაწილეს მდინარე რიცეულა პარლამენტის ყოფილმა წევრებმა და ზაზა ფაჩულიამ

შპს „სადმელი ჰესი“, რომელიც 2023 წლის თებერვალში დაფუძნდა, თავიდანვე მჭიდროდ იყო დაკავშირებული „ქართულ ოცნებასთან“. კომპანიის სათავეებთან ნანა ყეინიშვილი იდგა - ბიძინა ივანიშვილის პარტიიდან ყოფილი დეპუტატი და ამჟამად ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. მოგვიანებით, მან წილები საკუთარ შვილზე, წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტ ნათია ლოლაძეზე გადააფორმა.

სწორედ ყეინიშვილი-ლოლაძის მმართველობის პერიოდში პროექტმა საეჭვო სისწრაფით გაიარა ყველა პროცედურა და გარემოსდაცვითი ნებართვა მიიღო. 2025 წლის ივნისში, კომპანიის 100%-იანი წილი 450,000 აშშ დოლარად ცნობილმა კალათბურთელმა, ზაზა ფაჩულიამ შეიძინა. მთავრობასთან გარანტირებული შესყიდვის მომგებიანი შეთანხმება უკვე ფაჩულიამ გააფორმა.

მდინარე რიცეულა, რომელიც ისედაც უმძიმესი ჰიდროლოგიური წნეხის ქვეშაა, დღეს ორ გავლენიან ფიგურას აქვს განაწილებული. ყოფილი დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი ხეობაში უკვე ამუშავებს ორ სადგურს - „რიცეულაჰესსა“ და „რაჭაჰესს“. ზაზა ფაჩულია აშენებს მესამე, „სადმელი ჰესს“, რომლის სათავე ნაგებობა არსებული ჰესის შენობიდან სულ რაღაც 150 მეტრში განთავსდება.

პროექტის მიხედვით, მდინარეს კილომეტრნახევარზე უზარმაზარ ფოლადის მილში მოაქცევენ. 2.7 მგვტ სიმძლავრის ჰესი წლიურად 20.278 გვტ.სთ ენერგიას გამოიმუშავებს. თუ სახელმწიფო 1 კვტ.სთ-ს მინიმუმ 6 ცენტად შეისყიდის, ეს ფაჩულიასთვის წლიურად 1,216,680 აშშ დოლარის გარანტირებულ შემოსავალს ნიშნავს - ჩვენი, გადამხდელების ჯიბიდან.

 

კლდისუბანი - მეწყერი, რომელიც გზშ-მ ვერ შეამჩნია

„სადმელი ჰესის“ მშენებლობისას 40,000 მ³ ფუჭი გრუნტის განთავსება იგეგმება პირდაპირ დამეწყრილი ნასოფლარის, კლდისუბნის ძირში.

კლდისუბანი 1972 წელს კატასტროფამ გაანადგურა. აქ კულტურული მემკვიდრეობის ხუთი ძეგლია შემორჩენილი, მათ შორის ეროვნული მნიშვნელობის ღვთისმშობლის ეკლესია და იაშვილების საბრძოლო კოშკები. მეწყრული პროცესების გამო ტაძრამდე მისასვლელი გზა ფიზიკურად აღარ არსებობს.

2025 წელს მეწყერი კვლავ გააქტიურდა და მდინარე რიცეულა ჩაკეტა.

დრონით გადაღებულ კადრებში ჩანს მიწის ღრმა, ქსელისებრი ნაპრალები, რომლებიც მთელ ფერდობს მიუყვება. ეს მიანიშნებს, რომ გრუნტის მასები მუდმივ მოძრაობაშია და ნებისმიერ დროს შეიძლება მოწყდეს.

ზოგან ჩანს დაგუბებული წყლის კერები, რაც მეწყრის გააქტიურების მთავარი კატალიზატორია. დამეწყრილი ნასოფლარის თავზე, დღესაც სახლები დგას და ადამიანები ცხოვრობენ.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში კლდისუბნის კატასტროფაზე ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი, მაშინ როცა ჰესის შენობა ამ კრიტიკული ზონიდან სულ რაღაც 300 მეტრში უნდა აშენდეს. „სადმელი ჰესის“ პროექტი ყველაზე რთულ გეოლოგიურ პირობებში, 9-ბალიან სეისმურ ზონაშია დაგეგმილი, ხოლო მილსადენის დერეფანი სამ მეწყრულ უბანს კვეთს. მიუხედავად ამისა, გზშ-ის დოკუმენტი „ამტკიცებს“, რომ „პროცესები სტაბილურია“.

 

ილუზია ენერგოდამოუკიდებლობაზე

„სადმელი ჰესის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში პროექტის ავტორები მტკიცებით ფორმაში აცხადებენ, რომ სადგური „საგულისხმო წვლილს შეიტანს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“. დოკუმენტის მიხედვით, ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ ქვეყნის ენერგოსისტემა მიიღებს დამატებით რესურსს, რაც, მათი თქმით, „ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევისათვის“ გადამწყვეტია. თუმცა, საქართველოს 2025 წლის ენერგობალანსის დოკუმენტი და იმავე მდინარეზე უკვე მოქმედი ორი ჰესის - „რიცეულაჰესისა“ და „რაჭაჰესის“ გამოცდილება საპირისპიროზე მეტყველებს.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ „რიცეულაჰესს“ გამომუშავების მკვეთრი ვარდნა აქვს როგორც ზაფხულში, ისე ზამთარში. ყველაზე კრიტიკული მაჩვენებელი ივლისში ფიქსირდება (0.610 მლნ კვტ.სთ), რაც ზუსტად ემთხვევა ადგილობრივების მონაყოლს „კოჭებამდე წყალზე“. ამ დროს მდინარე იმდენად შრება, რომ ჰესი პრაქტიკულად გაჩერების ზღვარზეა. იანვარსა და თებერვალშიც სურათი მსგავსია: ნალექი თოვლის სახით დევს, მდინარის ჩამონადენი მინიმალურია და გამომუშავება კვლავ დაბალ ნიშნულზე (1.225 - 1.475 მლნ კვტ.სთ) ჩამოდის.

ეს მონაცემები აჩვენებს მთავარ პარადოქსს - ზამთარში, როცა ქვეყანას ენერგია ყველაზე მეტად სჭირდება და იძულებულია იმპორტი განახორციელოს, ჰესს რესურსი არ აქვს.

იანვარში სადგური სამჯერ ნაკლებ ენერგიას იძლევა, ვიდრე მაისში, როცა წყალი ჭარბადაა. შესაბამისად, ის ვერანაირად ვერ იქნება ენერგოდამოუკიდებლობის გარანტი. ამავდროულად, სახელმწიფო გარანტირებული შესყიდვის ფარგლებში (მინიმუმ 6 ცენტი) ყველაზე მეტ თანხას ამ ჰესებს სწორედ გაზაფხულზე უხდის, როცა ქვეყანას ჭარბი ენერგია ისედაც აქვს და მისი რეალიზაცია პრობლემურია.

მდინარე რიცეულას სეზონურ დეფიციტს კიდევ უფრო მკაფიოდ „რაჭაჰესის“ მონაცემები ადასტურებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი სიმძლავრე თითქმის ორჯერ აღემატება მეზობელ სადგურს, აგვისტოში გამომუშავება პრაქტიკულად ნულს უტოლდება. იგივე მეორდება ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით. ეს ნიშნავს, რომ ხეობაში მესამე ჰესისთვის წყლის რესურსი წლის დიდ ნაწილში ფაქტობრივად არ არსებობს. თუ „სადმელი ჰესიც“ აშენდება, ზაფხულში მდინარის კალაპოტი საბოლოოდ გამოშრება, რადგან სამივე სადგური ერთდროულად შეეცდება არსებული მცირე ნაკადი მილებში მოაქციოს.

პროექტის ავტორები მეორე „სიკეთედ“ ადგილობრივ ბიუჯეტში ქონების გადასახადის სახით შესულ თანხებს ასახელებენ. თუმცა, რეალური ციფრების ანალიზი აჩვენებს, რომ ეს სარგებელი შესაძლოა შეუსაბამოდ მცირე იყოს იმ საფრთხეებთან შედარებით, რომლებსაც პროექტი ქმნის. „მთის ამბების“ მიერ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, ხეობაში მოქმედი ორი ჰესიდან ბიუჯეტში 2024 წელს ჯამში მხოლოდ 540,067 ლარი შევიდა. მათი 17.3 მგვტ სიმძლავრის ფონზე, 2.7 მგვტ-იანი „სადმელი ჰესის“ შენატანი, საუკეთესო შემთხვევაში, წელიწადში 85,000 ლარი იქნება.

 

ფაჩულიას და ენუქიძის ბიზნესკავშირები

„სადმელი ჰესის“ შემთხვევაში იკვეთება ზაზა ფაჩულიასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გოჩა ენუქიძის მრავალწლიანი პარტნიორობა. კომპანიის შეძენისთანავე, ფაჩულიამ დირექტორად ლევან დიასამიძე დანიშნა - პირი, რომელიც ენუქიძის ბიზნესიმპერიის, „იბერკომპანისა“ და მისი არაერთი ენერგეტიკული პროექტის („ცხენისწყალი 1, 2, 3, 4“, „საკაურა ჰესი“, „გუდამაყარი ჰესი“ და სხვა) მმართველია. ქვემო სვანეთში, ენუქიძის ბიზნესპარტნიორები „ქართული ოცნების“ მთავრობის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის ოჯახის წევრები არიან.

ფაჩულიასა და ენუქიძის მჭიდრო კავშირის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია „მარნეული ალმონდსი“. კომპანია, რომლის წილებსაც ისინი ერთობლივად ფლობენ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან განსაკუთრებული კეთილგანწყობით სარგებლობს: 2021-2024 წლებში, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამით, მათ თითქმის მილიონი ლარის დაფინანსება მიიღეს.

კალათბურთელის საინვესტიციო პორტფელი მჭიდროდ არის გადაჯაჭვული დეველოპერულ გიგანტ „არქისთანაც“. „სიონი ლეიქ რესორთ & სპა“-ში ფაჩულიას პარტნიორი „არქის“ დამფუძნებელი და კახა კალაძის მეჯვარე, ივლიანე წულაიაა. ამ გავლენიანმა ჯგუფმა დაბა სიონში 16 ჰექტარი სახელმწიფო მიწა საახალწლო დღეებში ჩატარებულ აუქციონზე სიმბოლურ ფასად - კვადრატული მეტრი 2.4 ლარად დაისაკუთრა. ინვესტორებს სიონის კაშხლის გადატანაც კი ჰქონდათ განზრახული, რაც სოფელს წყალსაცავის გარეშე ტოვებდა, თუმცა ადგილობრივების პროტესტმა ეს გეგმა დროებით შეაჩერა.

ხელისუფლებასთან კავშირი სპორტულ ბიზნესშიც ვლინდება. საკალათბურთო კლუბ „თბილისის დინამოში“ ფაჩულიას პარტნიორია შიო ხეცურიანი - „არქი ჯგუფის“ ყოფილი დირექტორი და ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული პირი.

 

გოჩა ენუქიძის ჰიდროენერგეტიკული ექსპანსია

მდინარე რიცეულაზე არსებული და დაგეგმილი სამი ჰესის გარდა, ხეობა კიდევ ერთი, მეოთხე ენერგეტიკული დარტყმის მოლოდინშია. ამჯერად პროექტის უკან „ქართული ოცნების“ მრავალგზის დეპუტატი, გოჩა ენუქიძე დგას.

ენუქიძის გეგმით, სოფელ სადმელიდან სულ რაღაც 1.5 კილომეტრში 4.45 მგვტ სიმძლავრის „სადმელი 2 ჰესი“ უნდა აშენდეს. პროექტი მდინარის კიდევ ერთი, 1200-მეტრიანი მონაკვეთის მილებში მოქცევას ითვალისწინებს. გარემოსდაცვითი სკოპინგის პროცესი მთელი ხუთი წელი ჭიანურდებოდა, თუმცა 2024 წლის 27 დეკემბერს, საახალწლო მზადების პარალელურად, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ პროექტზე დადებითი გადაწყვეტილება მაინც გასცა.

დეპუტატის ენერგეტიკული ამბიციები მხოლოდ რიცეულას ხეობით არ შემოიფარგლება. ენუქიძე ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ საკაოსთან, მდინარე საკაურაზე კიდევ ერთი სადგურის - 4.75 მგვტ სიმძლავრის „საკაურა ჰესის“ აშენებას გეგმავს.

 

ბანკირი ენერგეტიკაში: არჩილ გაჩეჩილაძის ინტერესები რაჭაში

ზაზა ფაჩულიასა და გოჩა ენუქიძის გარდა, რაჭის ჰიდროენერგეტიკულ ათვისებაში ქვეყნის წამყვანი ბანკირიც აქტიურად მონაწილეობს. „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე ენერგოსექტორში საკუთარი კომპანიის, შპს „ეიჯი გრუპ კაპიტალის“ მეშვეობით ოპერირებს, რომელიც, თავის მხრივ, შპს „ეიჯი რაჭა ენერჯის“ აკონტროლებს. ბანკირს რაჭაში ერთდროულად ორი მსხვილი ენერგოპროექტის განხორციელება აქვს დაგეგმილი.

არჩილ გაჩეჩილაძის ერთ-ერთი მთავარი ინტერესი მდინარე რიონზე გადის. ონის მუნიციპალიტეტში, სოფლების - გლოლასა და ჭიორას მიმდებარედ, „რიონი ჰესის“ მშენებლობა იგეგმება. პროექტის მასშტაბი შთამბეჭდავია - მისი დადგმული სიმძლავრე 21.40 მგვტ-ს შეადგენს.

ბანკირის ინტერესები მდინარე საკაურაზეც ვრცელდება, სადაც დეპუტატ გოჩა ენუქიძის ჰესის პარალელურად, კიდევ ერთი სადგური - „საკაურა-2“ უნდა აშენდეს. ამ პროექტის სიმძლავრე 20.68 მგვტ-ია და ის სამ სოფელს: ხიდეშლებს, საკაოსა და ლაგვანთას მოიცავს.

 

38 ჰესი რაჭაში - ეროვნული პარკი მდინარეების გარეშე

„მთის ამბების“ მიერ მოძიებული დოკუმენტები რაჭის ტოტალურ ენერგეტიკულ ოკუპაციაზე მეტყველებს: ონის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში 31 ახალი ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი - „ონი 1“, „ონი 2“, „რიონი-ჭანჭახი“, „რიონი“, „რიონი VII“, „ლუხუნი 2“, „სადმელი“, „სადმელი 2“, „სორგითი 1“, „სორგითი 2“, „სორგითი 3“, „საკაურა“, „საკაურა-2“, „მაჟიეთი“, „ღერე“, „ღები“, „ჩვეშურა“, „ხვარგული“, „ნოწარულა 1“, „ნოწარულა 2“, „ნოწარულა 3“, „ქვედი“, „შოდა ჰესი“, „ღარულა“, „ღესკური“, „ბოყო“, „ჯეჯორა 1“, „ასკისწყალი“, „ჭიდოლა ჰესი“, „ჭალისწყალი ჰესი“ და „ქვედრულა“. ამ პროექტების უმრავლესობის დასრულების ვადად 2026-2028 წლებია მითითებული.

თუ ამას უკვე მოქმედ 7 სადგურს დავუმატებთ („შაორჰესი“, „რიცეულაჰესი“, „რაჭა ჰესი“, „ჭიორა ჰესი“, „ბერალი ჰესი“, „ხეორი ჰესი“ და „ჩორდულა ჰესი“),

ჯამში რეგიონში 38 ჰესი იფუნქციონირებს. ამ პროექტების დიდი ნაწილის უკან ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები დგანან.

რიცეულას მსგავსად, განსაკუთრებული დარტყმის ქვეშაა მდინარე საკაურაც. ამ ერთ ხეობაში „ქართულმა ოცნებამ“ ერთბაშად ოთხი დერივაციული ჰესის მშენებლობაზე გააფორმა ხელშეკრულება, რაც მდინარის ფაქტობრივ გაუჩინარებას ნიშნავს.

  • „საკაურა ჰესი“ - დეპუტატ გოჩა ენუქიძის საკუთრება (მდინარე 4 კილომეტრიან მილსადენში მოექცევა);
  • „საკაურა 2 ჰესი“ - ბანკირ არჩილ გაჩეჩილაძის პროექტი (მილსადენის სიგრძე თითქმის 9 კილომეტრია);
  • „ჭიდოლა ჰესი“ - ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძისა და მისი ნათესავის, კრასნოდარის ცირკის დირექტორის, ალექსანდრ მამუკოვიჩ ჭიკაიძის პროექტი. მთავრობამ მათთან ხელშეკრულება 2025 წლის 12 მარტს გააფორმა.
  • „მაჟიეთი ჰესი“ - მამა-შვილი ბიჭაშვილების პროექტი. გიორგი ბიჭაშვილი ყოფილი დეპუტატია, ხოლო მისი შვილი - შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის ყოფილი დირექტორი.

ამავე სქემაში ფიგურირებს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის, კახა საბანაძის ოჯახიც. ონის მუნიციპალიტეტში საბანაძეებს ოთხი მცირე ჰესის აშენება აქვთ დაგეგმილი: მინისტრის ყოფილი მოადგილის დედა, ეთერ საბანაძე, „ჭალისწყლის“ და „ქვედრულა“ ჰესებს ააშენებს, ხოლო მისი და, მაკა საბანაძე, „სორგითი 1“-ისა და „სორგითი 2“-ის მეწილეა.

როდესაც შოვის ტრაგედიის შემდეგ ხელისუფლებამ რაჭის ეროვნული პარკი შექმნა, ეს ბუნების გადარჩენის მცდელობად გასაღდა. თუმცა, რეალობა ბევრად უფრო ცინიკურია - დაცული ტერიტორიიდან მდინარეები და მათი შენაკადები უბრალოდ ამოჭრილია. მიზეზი მარტივია - უკვე დანაწილებული აქვთ.

 

„ჭიორა ჰესი“ - გახვრეტილი მთები და შეუსრულებელი დაპირებები

იმის გასაგებად, თუ რა ელის რაჭის ხეობებს, საკმარისია თვალი მივადევნოთ „ჭიორა ჰესის“ მაგალითს, რომელმაც რეგიონს მხოლოდ მაღალი ძაბვის ხაზებით დაქსელილი ხეობები და აფეთქებით გახვრეტილი მთები დაუტოვა.

ჰესის სათავე ნაგებობები მდინარეებზე - ჩვეშურასა და ხვარგულაზეა განთავსებული, საიდანაც წყალი 2.7 კილომეტრიან მილსადენში მიედინება. პროექტის უკან აქაც გავლენიანი ფიგურები დგანან: სულხან პაპაშვილი - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი; გივი გიგინეიშვილი - „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი გიგინეიშვილის ძმა.

ეს 26-მილიონიანი პროექტი თითქმის სრულად „საქართველოს ბანკის“ ინვესტიციით (20.1 მლნ დოლარი) აშენდა. სახელმწიფომ კი ინვესტორებს პირობა მისცა, რომ მთავრობა 10 წლის განმავლობაში გარანტირებულ ფასად შეისყიდის მათ მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას.

ინვესტორები და ხელისუფლება „ჭიორა ჰესის“ მშენებლობის აუცილებლობასაც ნაცნობი არგუმენტებით ასაბუთებდნენ:

  • დაპირება: ზამთარში ელექტროენერგიის მაღალი გამომუშავება და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება.
  • რეალობა: ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს ჰესს გამომუშავება მხოლოდ მარტსა და მაისი-აგვისტოს პერიოდში ჰქონდა (ჯამში მხოლოდ 6.0 მლნ კვტ.სთ). 2026 წლის მონაცემებით კი, არაფერი გამოუმუშავებია. ზარ-ზეიმით გახსნილ ობიექტს ექსპლუატაციაში შესვლიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ ქვეყნის ენერგომომარაგებაში წვლილი პრაქტიკულად არ შეაქვს.
  • დაპირება: ადგილობრივი მოსახლეობისთვის მუდმივი სამუშაო ადგილები და მიგრაციის შეჩერება.
  • რეალობა: მშენებლობის დასრულების შემდეგ, დღეს ამ მასშტაბურ ობიექტზე მხოლოდ 10-მდე ადამიანია დასაქმებული (დარაჯებად და მუშებად). მათი ანაზღაურება თვეში მხოლოდ 400-500 ლარია. ეს თანხა ელემენტარული საარსებო მინიმუმიც არ არის.
  • დაპირება: გზების გაუმჯობესება და ტურიზმის სტიმულირება.
  • რეალობა: გაუმჯობესების ნაცვლად, მძიმე ტექნიკამ სრულად დააზიანა სოფელ გონასკენ მიმავალი ერთადერთი გზა. კავკასიონის მყინვარების ძირში მდებარე სოფელ გონადან 10 წუთის სავალზე მსხვილი ჰესი მუშაობს, ხეობა მილებითა და ბეტონითაა ავსებული, სოფელში კი დღემდე არ არის შუქი, ინტერნეტი და სატელეფონო კავშირი. ინვესტორს ერთი ხაზიც კი არ გაუყვანია, რომ ამ საზღვრისპირა სოფელს ელექტროენერგია ჰქონოდა.

გარემოს ზიანს მხოლოდ მილსადენი, გვირაბი და სათავე ნაგებობა არ აყენებს. ჰესს თან სდევს მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, რომლებმაც გლოლის გადასახვევიდან ღებამდე მთელი ხეობა დაქსელა. ეს ხაზები პირდაპირ საავტომობილო გზას მიჰყვება და ჭიორასა და მიმდებარე სოფლების უნიკალურ ლანდშაფტს იერსახეს სრულად უმახინჯებს.

„მთის ამბები“ შეეცადა დაკავშირებოდა ჰესის მფლობელებსა და პასუხისმგებელ უწყებებს - ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროებს, რათა გაერკვია, რატომ არის 26-მილიონიანი ჰესი უფუნქციო, თუმცა ჩვენი კითხვა უპასუხოდ დარჩა.

 

საერთაშორისო პრაქტიკა

საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ რაჭაში 2,854 კმ² ფართობზე 38 ჰესის კონცენტრაცია მსოფლიოში უპრეცედენტო არ არის. შვეიცარიის ვალესა და ურის კანტონებში, ისევე როგორც ავსტრიაში, სიმჭიდროვე გაცილებით მაღალია. თუმცა, არსებობს ერთი კრიტიკული განსხვავება: უკიდურესად მაღალი სეისმურობა. რაჭა 8-9 ბალიანი სეისმური აქტივობის ზონაა. ასეთ მყიფე გარემოში კილომეტრებზე გაჭიმული სადაწნეო მილები მიწის მცირე გადაადგილებამაც კი შეიძლება გაარღვიოს. ამას ემატება ტყეების გაჩეხვა და ნიადაგის გაშიშვლება, რაც ფერდობების ბუნებრივ სტაბილურობას არღვევს.

საქართველოში 21-ე საუკუნეშიც კი მოძველებულ საბჭოურ სტანდარტს იყენებენ - მდინარეში წყლის მხოლოდ 10%-ის დატოვებას (ე.წ. „ეკოლოგიური ხარჯი“), რასაც ხშირად არავინ აკონტროლებს. წყლის მილსადენებსა და გვირაბებში მოქცევა იწვევს მდინარეების დაშრობას, რაც ანადგურებს ადგილობრივ ფლორასა და ფაუნას. სეზონურობის სრული უგულებელყოფა რეგიონის ჰიდროლოგიურ სურათს რადიკალურად ცვლის.

მდინარეების დაშრობა პირდაპირ ურტყამს რაჭის მომავალს - მიკროზონებსა (ხვანჭკარა, რაჭა) და ეკოტურიზმს.

ენერგოდეფიციტის მითი და რეალური ციფრები

„ქართული ოცნების“ მთავრობას 200-მდე ახალი ჰესის მშენებლობის განკარგულება აქვს გაცემული. მთავარი არგუმენტი - რუსეთზე დამოკიდებულების დაძლევაა. თუმცა, 2025 წლის სტატისტიკა ამ რიტორიკას აბათილებს: საქართველოს მთლიან მოხმარებაში იმპორტის წილი მხოლოდ 10.86% იყო. რუსეთიდან შემოტანილი ენერგიის უდიდესი ნაწილი ოკუპირებულ აფხაზეთს მიაქვს, რაშიც სახელმწიფო ფულს არ იხდის. მაგალითად, იანვარ-თებერვალში რუსული იმპორტის 99%-ზე მეტი აფხაზეთმა მოიხმარა. თუ იმპორტიდან აფხაზეთის წილს გამოვაკლებთ, ირკვევა, რომ საქართველოს რეალური დეფიციტი 2025 წელს სულ რაღაც 5.81% იყო.

ჩნდება კითხვა - რატომაა სასიცოცხლოდ აუცილებელი 200 ახალი ჰესი 5%-იანი დეფიციტის დროს? პასუხი მაღალჩინოსნების ბიზნესინტერესებშია.

სახელმწიფო ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული ჰესებისგან ენერგიას 6.5 - 8.5 ცენტად ყიდულობს - იმაზე ბევრად ძვირად, ვიდრე იმპორტირებული ღირს.

წყალუხვობისას, როცა ჭარბი ენერგიაა, სახელმწიფო ამ ძვირად ნაყიდ შუქს ექსპორტზე თითქმის ნახევარ ფასად (3 ცენტად) ყიდის, რადგან მასში მეტს არავინ იხდის.

ამ კორუფციული სქემის დასაფარად, მთავრობამ გაასაიდუმლოა დოკუმენტაცია მაღალჩინოსნების ჰესებიდან ელექტროენერგიის შესყიდვის შესახებ. ასე იქცა „ენერგოდამოუკიდებლობა“ ფარად იმ პროექტებისთვის, რომლებიც ხალხს საარსებო გარემოს, სახლ-კარს ართმევს, მაღალჩინოსნებს კი ამდიდრებს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საქართველოს ამბები.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში