საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

გადახსნილი მთები - წიაღის მტაცებლური მოპოვება რიონის ხეობაში

17:18 - 16 აპრილი 2026 hits 342

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლები - ოფურჩხეთი და ჟონეთი მძიმე ტექნიკის, აფეთქებებისა და დაუცველობის ეპიცენტრადაა ნაქცევი. აქ მთებს შლიან, რომ მიწიდან ტეშენიტი და დიორიტი ამოიღონ, სოფლების თავზე კი დანაწევრებულ ფერდობებსა და მეწყრულ ბომბებს ტოვებენ.

ტეშენიტი და დიორიტი გრანიტზე მტკიცეა, არც ყინვა აფუჭებს და არც წყალი აზიანებს. თავისი გამძლეობის გამო მას ყველგან იყენებენ: გზების დასაგებად, სანაპიროების გასამაგრებლად, სახლების, კიბეებისა და საფლავების მოსაპირკეთებლად. ეს ქვა საკმაოდ ძვირია - ერთი კვადრატული მეტრი გათლილი ფილის ფასი 80-დან 200 ლარამდეც კი ადის. სწორედ ეს მაღალი ფასი და მუდმივი მოთხოვნაა იმის მიზეზი, რომ ხეობაში ლიცენზიების ომია გამოცხადებული და კომპანიები მთებს დაუნდობლად ჭრიან.

 

26 ლიცენზია და „ბურჯანაძის კარიერი“

ოფიციალური სტატისტიკით, ოფურჩხეთში, ჟონეთსა და ჯიმასტაროში 26 ლიცენზიაა გაცემული. სალიცენზიო ფართობი ჯამში 80-მდე ჰექტარს მოიცავს. ეს მონაცემები მხოლოდ 2024 წლის დეკემბრის ვითარებას ასახავს. მინერალური რესურსების სააგენტო, კანონით დაკისრებული ვალდებულების მიუხედავად, საკუთარ ვებგვერდზე ინფორმაციას არ ანახლებს.

ამ ტერიტორიის დიდ ნაწილს - 55 ჰექტარს, მხოლოდ 5 სუბიექტი აკონტროლებს. მათ შორის ყველაზე მსხვილი მოთამაშე შპს „ანრე-2006“-ია, რომელიც 29 ჰექტარს ფლობს. კომპანიის ერთადერთი მესაკუთრე თინა ბურჯანაძეა, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის დედა. ლიცენზიებიც სწორედ ბურჯანაძის გავლენის პიკზე, 2006 წელს აქვს მიღებული, 20 წლის ვადით.

ადგილობრივები ამ ადგილს დღემდე „ბურჯანაძის კარიერს“ უწოდებენ.

„პარლამენტის თავმჯდომარე რომ იყო, ქალი, იმის მამის არის, ბურჯანაძის კარიერია. დიდ ქვებს იღებენ და ბათუმში, სხვადასხვა ქალაქში მიაქვთ“, - გვიყვება 85 წლის გივი ჯანელიძე.

ის დანაწევრებული მთის ძირში ცხოვრობს.

 

დაფლეთილი მთები და საფრთხის ქვეშ მყოფი სოფლები

ოფურჩხეთისა და ჟონეთის თავზე მთა რამდენიმე ჰექტარზეა გადახსნილი, ტყის საფარი კი სრულად განადგურებული. მოჭრილი ფერდობებიდან მიწა იშლება და დასახლებისკენ მიიწევს. ჟონეთში მოპოვების ზონიდან პირველ სახლამდე მანძილი 170 მეტრია, ოფურჩხეთში კი კარიერი საცხოვრებელ სახლს სულ რაღაც 32 მეტრში დაჰყურებს ზემოდან. მოთხრილი მიწისა და ქვის უზარმაზარი გროვები პირდაპირ ეზოების თავზეა.

კარიერებზე გაჩენილი წყლით სავსე ორმოები მიუთითებს, რომ მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი კალაპოტი დარღვეულია, რაც მეწყრის ჩამოწოლის რისკებს კიდევ უფრო ზრდის. წიაღისეულის აგრესიულ მოპოვებას მძიმე ტექნიკის კონცენტრაციაც მოწმობს.

„როცა მუშაობენ, ხშირადაა აფეთქებები. შავი წამლით აფეთქებენ. უშველებელი მთა იყო, ტყით დაფარული. ახლა ამოიღებენ ქვას და ასე ტოვებენ. შიგ საქონელიც კი ჩაიხრჩო, ისეთი დიდი ორმოებია და წყალი დგება.

იქ სასმელი წყლის ავზები გვქონდა, ტრაქტორებით გადაუარეს. ახლა ხალხს ხშირად წყალი აღარ აქვს“, - ყვება 85 წლის გივი ჯანელიძე, რომელიც დანაწევრებული მთის ძირში ცხოვრობს.

სოფლის ქვედა ნაწილში კარიერები ადამიანების ეზოებშია შეჭრილი. ციცო ჯანელიძის სახლიდან რამდენიმე მეტრში მიტოვებული ქვის გორებია. აქვეა მე-19 საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესიაც.

კანონით, მსგავსი სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან 300 მეტრის რადიუსში იკრძალება, თუმცა აქ მანძილი 50 მეტრსაც არ აღემატება.

„10 წელი მაინც იქნება, რაც აქაურობა გადათხარეს. ეზო მამაპაპისეულია, რეესტრში ჯერ არ გვქონდა რეგისტრირებული. დამპირდნენ, ქვას ამოვიღებთ და მოვასწორებთო, 800 ლარი მომცეს. ქვა ამოიღეს და მიატოვეს. ზემოთ მთას რომ თხრიან, როგორ არ გვეშინია? რომ წამოვიდეს იმხელა კლდე, ყველას დაგვსრესავს“, - ამბობს ციცო ჯანელიძე.

სოფელში ყველას ახსოვს მაყვალა დანგაძე - ერთადერთი ქალი, რომელიც წლების განმავლობაში სასამართლოებში ამტკიცებდა, რომ კარიერი მის ნაკვეთში შეიჭრა. „შევაკვდები ამ მიწას. თუ სიმართლე ვერ ვიპოვე, ზუსტად იმ მიწაზე გადავისხამ ბენზინს და თავს დავიწვავ!“ - ამბობდა ის 2017 წელს. მაყვალა დანგაძე 2020 წელს ინსულტით გარდაიცვალა. მეზობლები დარწმუნებულები არიან, რომ ის მრავალწლიან ნერვიულობას შეეწირა.

რამდენიმე კვირის წინ, „ბურჯანაძის კარიერზე“ ქვით დატვირთულმა მანქანამ ადგილზე მოკლა 52 წლის მუშა, ხვიჩა სიმსივე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ განმარტეს, დაიწყეს თუ არა გამოძიება მუშის გარდაცვალების ფაქტზე.

 

მეწყრული საფრთხე

რიონის ხეობის გეოლოგიური სენსიტიურობა ისედაც საგანგაშოა. ქუთაისიდან ალპანის მიმართულებით საავტომობილო გზა არაერთ ადგილას არის დამეწყრილი - ათზე მეტ მონაკვეთზე დგას გამაფრთხილებელი ნიშანი: „მეწყრული ზონა“. გარემოს ეროვნული სააგენტოს 2024 წლის გეოლოგიური ბიულეტენის თანახმად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესების განვითარება 14 სოფელშია მოსალოდნელი. აქედან ცხრა - გუმათი, ჟონეთი, ჯიმასტარო, ოფურჩხეთი, რიონი, ნამოხვანი, მექვენა, დერჩი და დღნორისა, უშუალოდ რიონის ხეობაში მდებარეობს.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ ასეთ გარემოში ნებისმიერი აგრესიული ჩარევა - აფეთქებები და მთების დანგრევა, კატასტროფის წინაპირობაა.

„ჩვენ გვაქვს წიაღისეულის მტაცებლური მოპოვება. კონტროლი არ არსებობს.

არ ვიცით, რა სიმძლავრის მუხტებს დებენ აფეთქებისას. ასეთ დროს შენ ანგრევ გარემოს და ისეთ პროცესებს იწვევ, რამაც შეიძლება მასშტაბური მეწყერი გამოიწვიოს“, - ამბობს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძე.

ამ კრიტიკული მოცემულობის ფონზე, ხელისუფლება კვლავ „ნამახვანჰესის“ პროექტის განახლებაზე საუბრობს. ექსპერტების თქმით, ეს ხეობისთვის დამატებითი რისკების შემცველია - როდესაც ბუნებრივად არამდგრად ფერდობებს ერთდროულად კარიერული მოპოვება და მასშტაბური ჰიდროენერგეტიკული მშენებლობა აწვება, კატასტროფის მასშტაბი შესაძლოა მართვად პროცესებს გასცდეს.

 

კანონის ნაპრალები

მოპოვებითი საქმიანობის აგრესიულ გაფართოებას ხელი შეუწყო 2005 წელს მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა - წიაღისეულის მოპოვება პრაქტიკულად გათავისუფლდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) სავალდებულო პროცედურისა და საჯარო განხილვებისგან.

მანამდე კანონი ეკოლოგიური რისკების მიხედვით მოითხოვდა გზშ-ს ჩატარებას, ალტერნატივების დასაბუთებასა და 45-დღიან საჯარო განხილვას.

2017 წლის ცვლილებებით, მიდგომა თითქოს გამკაცრდა: 10 ჰექტარზე მეტი ფართობის ათვისება უპირობოდ დაექვემდებარა გზშ-ს, ხოლო 5 ჰექტარზე მეტი მყარი წიაღისეულის მოპოვება - სავალდებულო სკრინინგს. თუმცა, პრაქტიკაში ამ რეგულაციამ საპირისპირო შედეგი გამოიღო. კომპანიები კანონის ნაპრალებს იყენებენ: ისინი ლიცენზიას იღებენ 5 ან 10 ჰექტრამდე ფართობზე, ან ერთიან მასივს რამდენიმე მცირე ნაკვეთად ყოფენ, რათა გზშ-ის მომზადებასა და საჯარო განხილვის პროცესს გვერდი აუარონ.

2017 წლიდან 2024 წლის ბოლომდე გაცემული ლიცენზიების ანალიზი ამ მიზანმიმართულ პრაქტიკას ადასტურებს:

  • არცერთი ლიცენზირებული ფართობი არ აღემატება 10 ჰექტარს;
  • გაცემული 19 ლიცენზიიდან მხოლოდ ერთი (შპს „მინერალ +“, 9 ჰა) აღემატება 5 ჰექტარს, ისიც ძველი ლიცენზიის ვადის გაგრძელებაა;
  • დარჩენილი 18 ლიცენზიის ფართობი 5 ჰექტარი ან ნაკლებია. მათი ჯამური ფართობი კი 33.696 ჰექტარს შეადგენს.

ამასთან, კანონმდებლობა არ აწესებს ლიცენზიის მოქმედების ზედა ზღვარს და მის ხანგრძლივობას სააგენტო ინდივიდუალურად განსაზღვრავს. ოფურჩხეთსა და მიმდებარე სოფლებში ეს უფლება პირდაპირ ახალისებს ეკოლოგიურ რისკებს: ფიქსირდება 15 და 20-წლიანი ლიცენზიების მასობრივი გაცემა (მაგალითად, ფ/პ ბექა იობიძეზე, შპს „სვაიასა“ და სხვა სუბიექტებზე). შედეგად, კომპანიები შედარებით მცირე ფართობებზე ათწლეულების განმავლობაში აწარმოებენ კარიერულ მოპოვებას გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საქართველოს ამბები.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში