სოფელი კურსები წლებია გეოლოგიურ ბიულეტენებში მეწყერსაშიშ ზონად ფიგურირებს, თუმცა მოსახლეობისთვის ეს საფრთხე არავის განუმარტავს. 12 მარტის ღამეს სტიქიამ სახლები დაანგრია და დამარხა. „საქართველოს ამბების“ მოკვლევა აჩვენებს, რომ ტრაგედიის მიზეზები არა მხოლოდ კლიმატის ცვლილებაში, არამედ ინტენსიურ კარიერულ აფეთქებებში, მიტოვებულ მაღაროსა და იმ სისტემურ უმოქმედობაში უნდა ვეძებოთ, რომელიც სტიქიით დაზარალებულ, უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს დღეს მხოლოდ 30 000-ლარიანი კომპენსაციების ამარა ტოვებს.
„მოაქვს მიცვალებულები!“
ოთარ გოგოლაშვილისთვის ყველაფერი დილის 4 საათზე, სატელეფონო ზარით დაიწყო. ნათესავი ურეკავდა, რომელიც სახლში მარტო ცხოვრობდა და უცნაური ხმების გამო დახმარებას ითხოვდა.
„ავდექი, კარი გავაღე და ვხედავ - აივანი უკვე გაბზარულია. ეგრევე ოჯახს დავუძახე: ადექით, ბავშვები გააღვიძეთ, გავიქცეთ! სახლში პენსიონერი დედ-მამა, მეუღლე და 4 წლის ტყუპები მყავდნენ. უცებ ახლობელი მირეკავს: „ოთარი, თავს უშველე, ზევით გაიქეცი, ქვემოთ გზა აღარ არის, მოაქვს სახლები, მოაქვს მიცვალებულები!“
ოთარი იხსენებს, როგორ ჩასვა შვილები მანქანაში, თუმცა გზა მის თვალწინ ჩაწყდა. ბეტონის ნამტვრევებსა და ტალახის ნიაღვარში, პატარა ბავშვებით ხელში, ოჯახი გაურკვეველი მიმართულებით გარბოდა.
„სიბნელე, ვერ აღვწერ... მიწის ღმუილი, მტვრევა, ბავშვების კივილი - გვიშველეთ! ათი წუთი მაინც ვიწვალეთ. მოგვდევდა, გავრბოდით, მაგრამ სად გავრბოდით, აღარ ვიცოდით, ფეხს ვეღარ ვადგამდით. მანქანის შუქები ჩართული დამრჩა. სწორედ ამ შუქზე შეგვამჩნიეს თანასოფლელებმა და მაშველებმა. ამოგვიყვანეს თუ არა, კლდე ჩამოიშალა. იმ მანქანის შუქის დამსახურებაა, თორემ ისე ჩავიხოცებოდით, კაციშვილი ვერ გვიპოვიდა.“

საუკუნედ ქცეული ორი საათი
დილის ხუთის ნახევარზე ხატია ბეროძე დედის განწირულმა ხმამ გააღვიძა. 5 წლის შვილი ხელში აიყვანა და გარეთ გამოვარდა.
„ხეების ლეწვის ხმა ისეთი სასწაული იყო, მეგონა, გადაგვივლიდა. სკოლასთან გავჩერდით და გათენებას ველოდებოდით. ეს ორი საათი მთელი საუკუნე მეგონა. როცა გათენდა და გავიხედეთ, საკუთარ თვალებს ვერ ვუჯერებდით - კლდის, ტალახისა და ნანგრევების მასა ჩვენს სახლებამდე იყო მოსული.“
პირველი განგაში თამაზ კვირიკაშვილმა ატეხა, რომელსაც ხის სახლი თვალწინ დაენგრა. მან მეზობელს გადაურეკა საშველად. გოჩა ალფაიძე იხსენებს, რომ გარეთ გასულს მეწყერი უკვე სახლთან დახვდა. ხალხი ერთმანეთს ღობეებზე გადაძრომითა და ყვირილით შველოდა.
„გადაგვარჩინა იმან, რომ ის რამდენიმე დღე წვიმიანი ამინდები არ იყო. წვიმა რომ ყოფილიყო, უარესი შედეგები დადგებოდა, რაც იყო შოვში და შეიძლებოდა ცოცხალი აღარავინ დარჩენილიყო“, - ამბობს ხატია.
ნულიდან დაწყების შიში
დაზარალებულები სასტუმროებში გაანაწილეს. მათ დაკარგეს ყველაფერი, რაც რამდენიმე თაობამ დააგროვა: სახლები, საბუთები, ავტომობილები, ტანსაცმელი, საქონელი. მათთვის განსაკუთრებით მძიმეა სასაფლაოს ნახვა - 6 საფლავი მეწყერმა ძლიერად დააზიანა.
30-50 ათასი ლარი, რასაც სახელმწიფო სხვა მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს სთავაზობს, დაზარალებულებისთვის დაცინვასავით ჟღერს.
„30 000 ლარად ქუთაისთან ახლოს ავტოფარეხსაც ვერ იყიდი. 12 წელი შვილი არ მყავდა, ახლა 4 წლის ტყუპები მყავს და რა დავუტოვო? ძნელია ნულიდან დაწყება, მგონია ვეღარც შევძლებ... რაც გვეცვა იმით ვართ გამოსულები, უსახლოდ, უკაროდ. რამდენიმე სული საქონელი მყავს და ისიც იქ ჩარჩა. არ გვიშვებენ სოფელში, პოლიცია დგას ყველგან“, - ამბობს ოთარ გოგოლაშვილი.
ეს ტრაგედია გარემოს ეროვნული სააგენტოს სტატისტიკაში ასე აისახა: სტიქია დაახლოებით 60 ჰექტარზე განვითარდა. სოფლიდან სასწრაფო წესით გაყვანილია 49 ოჯახი, დაზიანებულია 80-მდე საკარმიდამო ნაკვეთი. მეწყერმა სრულად დაანგრია 10 საცხოვრებელი სახლი, დანარჩენ ნაგებობებს კი სხვადასხვა ხარისხის დაზიანება აღენიშნება.
დღეს კურსების მკვიდრნი მხოლოდ იმით ინუგეშებენ გულს, რომ იმ საშინელ ღამეს მსხვერპლი არ ყოფილა. თუმცა, მას შემდეგ, რაც სოფელმა პირველი შოკი გადაიტანა, გაჩნდა მთავარი კითხვა: შეიძლებოდა თუ არა ამის თავიდან აცილება?
კურსებში განვითარებული კატასტროფა სახელმწიფო უწყებებისთვის სიურპრიზი არ უნდა ყოფილიყო. ოფიციალური მონაცემებით, იმერეთის მხარეში შემავალი 546 დასახლებული პუნქტიდან ყოველი მეხუთე (111 პუნქტი) მაღალი სტიქიური რისკის ზონაშია მოქცეული.
გარემოს ეროვნული სააგენტოს საპროგნოზო დოკუმენტები ადასტურებს, რომ სოფელი კურსები მეწყრული საფრთხის ზონაშია და პროცესების გააქტიურება მოსალოდნელი იყო. მეტიც, კურსები უწყვეტად ფიგურირებს საშიშროების ზონაში 2019-2025 წლების ყველა ბიულეტენში.

თუმცა, პრობლემა აქაც არის: ეს დოკუმენტები მხოლოდ ვიწრო უწყებრივი მოხმარებისთვის იწერება და პროფესიულ წრეებს არ სცილდება. რეალურად, იმ ადამიანებამდე, ვისაც საფრთხე უშუალოდ ემუქრება, ეს გაფრთხილება არასდროს აღწევს. მოსახლეობას არავინ უხსნის, რამდენად სახიფათოა მათ სახლებთან არსებული გეოლოგიური მდგომარეობა, რა პრევენციული ზომები უნდა მიიღონ, რას მიაქციონ ყურადღება, როგორია ინსტრუქცია მეწყრის გააქტიურების შემთხვევაში და ვის მიმართონ რეაგირებისათვის.
სახელმწიფოს ამ უმოქმედობით გამოწვეული შედეგი 12 მარტის გამთენიას დამანგრეველ რეალობად იქცა. პასუხების ძებნაში კი კვალი ორ მთავარ ფაქტორთან - მიტოვებულ მაღაროსთან და ტეშენიტის კარიერებთან მიდის.
სოფელი კურსები და ტეშენიტის კარიერები
ტყიბულის სოფელი კურსები ისტორიულად ცნობილია ტეშენიტის მოპოვებით. „კურსების გრანიტის“ სახელით ცნობილი ეს ბუნებრივი ქვა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამძლე სამშენებლო მასალაა. მაღალი სიმკვრივისა და ყინვაგამძლეობის გამო, მას ფართოდ იყენებენ იქ, სადაც დიდი მექანიკური დატვირთვაა: თბილისის მეტროსადგურებში, ქვაფენილებისა და ბორდიურებისთვის, სანაპიროების გასამაგრებლად და რკინიგზის ბალასტისთვის.
თუმცა, ამ ძვირფასი რესურსის მოპოვებას თან ახლავს მძიმე გარემოსდაცვითი რისკები. მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ბოლო მონაცემებით, კურსებში ტეშენიტის მოპოვებაზე ამჟამად 8 მოქმედი ლიცენზიაა გაცემული, რომელთა ჯამური ფართობი 11 ჰექტარს აღემატება. ბოლო ლიცენზია 2024 წელს შპს „ადადე“-ზე გაიცა, მანამდე კი ძირითადი ფართობები შპს „ლოლაშენი 2009“-სა (3 ლიცენზია) და შპს „ქართულ გრანიტს“ (2 ლიცენზია) შორის იყო განაწილებული.
ტეშენიტს ღია კარიერული წესით მოიპოვებენ. მთის ფერდობების ჩამოჭრა და დიდი მასების ამოღება ქანებში დაძაბულობის მდგომარეობას ცვლის. მასალის განსაკუთრებული სიმკვრივის გამო, კარიერებზე ხშირად გამოიყენება ასაფეთქებელი ნივთიერებები. აფეთქების ტალღა მიმდებარე მასივებში წარმოქმნის მიკრობზარებს, სადაც ჩასული ნალექი საპოხი მასალის როლს ასრულებს და ქანების შრეების ერთმანეთზე დაცურებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, კარიერულმა დამუშავებამ შესაძლოა შეცვალოს მიწისქვეშა წყლების მიმართულება, რაც ნიადაგის ზედმეტ დატენიანებასა და მის მოწყვეტას განაპირობებს.
Google Maps-ის თანამგზავრული მონაცემებით, სტიქიის ეპიცენტრის უშუალო სიახლოვეს ორი მსხვილი კარიერი ფიქსირდება. მათგან ყველაზე ახლოს, სულ რაღაც 1070 მეტრში, ე.წ. გელათის კარიერი მდებარეობს.
საყურადღებოა, რომ აღნიშნული კარიერიდან 1660 მეტრში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი - გელათის მონასტერია. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს კითხვას - რამდენად უსაფრთხოა მსგავსი მასშტაბის სამუშაოები ასეთ სენსიტიურ ზონაში?
მიუხედავად იმისა, რომ კარიერების საქმიანობასა და მეწყრულ პროცესებს შორის შესაძლო კავშირი კითხვებს აჩენს, სრული სურათის დანახვა ამ ეტაპზე შეუძლებელია. სახელმწიფო უწყებებიდან საჯარო ინფორმაციის მოპოვება უკიდურესად გართულებულია, რის გამოც ჩვენთვის მიუწვდომელია ლიცენზიის პირობების შესრულების წლიური ანგარიშები. სწორედ ეს დოკუმენტაციაა ის წყარო, საიდანაც უნდა გაირკვეს:
- მიმდინარეობდა თუ არა უშუალოდ სტიქიამდე ტეშენიტის მოპოვება და რა მოცულობის მასალებია ათვისებული ბოლო პერიოდში?
- აქვთ თუ არა მოქმედ კარიერებს გავლილი გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ) და რამდენად სრულდება იქ გაწერილი უსაფრთხოების რეკომენდაციები?
- ხორციელდება თუ არა სახელმწიფო კონტროლი აფეთქებით სამუშაოებზე და რა მოცულობის ასაფეთქებელ ნივთიერებებს იყენებდნენ კომპანიები რეალურად?
- ჩატარდა თუ არა სალიცენზიო არეალებში გეოლოგიური კვლევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ინტენსიური მოპოვება და ვიბრაციები სოფლისთვის სტიქიურ საფრთხეს არ შექმნიდა.
სპეციალისტების შეფასებით, კარიერებზე წარმოებული სამუშაოები შესაძლოა სტიქიის გამშვებ მექანიზმად ქცეულიყო. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გეოფიზიკოსი ზურაბ ჯავახიშვილი აღნიშნავს, ის ფაქტი, რომ სტიქია მსხვერპლის გარეშე დასრულდა, არა რეაგირების, არამედ მოსახლეობის სიფხიზლის დამსახურებაა. „ადგილობრივების მონათხრობი წყლის გემოს შეცვლის შესახებ ძალიან საყურადღებო ნიშანია იმ რეგიონისთვის, რომელიც სახიფათო ზონად არის მიჩნეული. ისედაც სახიფათო ადგილი იყო და ამ აფეთქებებმა, რომლებიც იქ დიდი ხანია მიდის, პროცესები დააჩქარა“, - ამბობს ექსპერტი. მისივე განმარტებით, აფეთქებებს მკაცრი წესები აქვს და მონიტორინგი სჭირდება: „როცა ამბობენ, რომ სახლები ზანზარებდა, ჩემთვის ეს იმის ნიშანია, რომ რაღაც დაირღვა. თუ მოსახლეობა აფეთქებას რამდენიმე ასეულ მეტრში ასე გრძნობს, მას, რა თქმა უნდა, შეუძლია ზიანის მოტანა“.
ექსპერტის ვარაუდებს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებიც ამყარებს. საქართველოს რეგიონული ქსელის მიერ კურსების ტერიტორიაზე უწყვეტი სეისმური აქტივობაა დაფიქსირებული.
ბუნებრივი მიწისძვრების გარდა, სეისმოგრაფები რეგულარულად აღრიცხავენ აფეთქებებსაც, რომლებიც, როგორც წესი, დღის საათებში ხდება. ბიძგების პიკი სწორედ დღის განმავლობაშია - ეს კი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ საქმე გვაქვს არა ბუნებრივ მოვლენებთან, არამედ მძლავრ აფეთქებებთან.
თუკი ბუნებრივი სეისმური აქტივობა დროს არ არჩევს და თანაბრად მოსალოდნელია დღისით თუ ღამით, კარიერული აფეთქებები უმეტესად სამუშაო განრიგს მიჰყვება.
ის ფაქტი, რომ რეგიონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სეისმოგრაფი, რომელიც კურსებიდან მოშორებით მდებარეობს, ამ ბიძგებს მაინც აღიქვამდა, მიუთითებს, რომ აფეთქებების სიმძლავრე დასაშვებ ლოკალურ მასშტაბებს საგრძნობლად სცილდებოდა.
„გეოლოგიურად დაძაბულ უბანში აფეთქებები საერთოდ აღარ უნდა ხდებოდეს. რადგან მონიტორინგი არ ხორციელდებოდა, ვერ ვადგენთ, რა სიმძლავრის ენერგია აღწევდა სოფლამდე“, - ამბობს ზურაბ ჯავახიშვილი.
ადგილობრივი მცხოვრებლებიც ადასტურებენ, რომ აფეთქებები მკვეთრად იგრძნობოდა გასული წლის ბოლოსაც, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ვერსიას, რომ კარიერული სამუშაოები მეწყრული პროცესების კატალიზატორი გახდა.
დადგენილია, რომ კურსებში თიხიანი ნიადაგია. აფეთქების ვიბრაცია ასეთ ფენებზე განსაკუთრებით სახიფათოდ მოქმედებს. ძლიერი შერყევისას ნესტიანი თიხა კარგავს მყარ სტრუქტურას და სრიალა საპნად იქცევა.
თუ დადასტურდა, რომ აფეთქებები ხდებოდა დასაშვებ ნორმაზე ახლოს ან მათი სიმძლავრე აჭარბებდა უსაფრთხოების ზღვარს, ეს უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებს.
„საქართველოს ამბები“ ინფორმაციის მოპოვებას განაგრძობს.
სოფელი კურსები და მიწისქვეშა მაღარო
„საქართველოს ამბებმა“ გამოარკვია, რომ სოფელ კურსებში არსებობს ქვანახშირის ძველი მაღარო, რომელიც დაახლოებით 1960 წელს დაუხურავთ. მაღაროს არსებობა ჩვენთან საუბარში ტყიბულის „საქნახშირის“ ვეტერანმა თანამშრომლებმა და პასუხისმგებელმა პირებმა დაადასტურეს.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სეისმოლოგი თეა გოდოლაძე განმარტავს, რომ მიტოვებული მაღაროები ხშირად გეოლოგიური არასტაბილურობის მიზეზი ხდება. მისი თქმით, წიაღისეულის არასწორი მოპოვების პირობებში, დროთა განმავლობაში მიწისქვეშა გვირაბებში შესაძლოა ჩამოქცევები და გრუნტის დაწევა მოხდეს. ეს პროცესი ზედაპირზე მიკრონაპრალებს აჩენს და მთლიან სისტემას არამდგრადს ხდის.

სეისმოლოგი ხაზს უსვამს, რომ განაშენიანების დაგეგმვისას მოსახლეობა ამ რისკებისგან დაცული უნდა იყოს. მისივე შეფასებით, კურსების მეწყრული ზონა წარსულშიც აქტიური იყო, რის გამოც აქ დასახლების რეკომენდაცია საერთოდ არ უნდა გაცემულიყო. „თუ დასახლება უკვე არსებობს, ის უსაფრთხო ადგილზე უნდა გადაიყვანო - ეს არის განაშენიანების სწორი პოლიტიკა“, აღნიშნავს თეა გოდოლაძე.
იმისათვის, რომ მომხდარ სტიქიასა და მიტოვებულ მაღაროს შორის ზუსტი მიზეზშედეგობრივი კავშირი დადგინდეს, აუცილებელია 1960-იან წლებამდე არსებული მაღაროების გეგმების ამოღება და მათი დღევანდელ ტოპოგრაფიულ რუკებთან შეჯერება. გეორადარული კვლევა და მიკროსეისმური ზონირება მოგვცემს შესაძლებლობას, რამდენიმე ათეული მეტრის სიღრმეზე დავინახოთ მიწისქვეშა სტრუქტურები, დავაფიქსიროთ ნიადაგის ვიბრაციის თავისებურებები და გავიგოთ, სად გროვდება წყალი და როგორ მოქმედებს ის ფერდობის სტაბილურობაზე.
გარემოს ეროვნულ სააგენტოს სტიქიიდან მე-9 დღეს წინასწარი დასკვნაც კი არ გამოუქვეყნებია.
ამ ფონზე, სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, მერაბ გაფრინდაშვილი მომხდარს „არაპროგნოზირებადს“ უწოდებს და მას „ათასწლეულების წინანდელ“ პროცესებსა და კლიმატის ცვლილებას აბრალებს:
„ადგილი ჰქონდა მასშტაბური, ძველი მეწყრული ბლოკის ჩასახვა-გააქტიურებას. მეწყრის ასაკი არავინ იცის, შეიძლება 5 000 წლის წინ, შეიძლება 10 000 წლის წინ იყო. ვერ წარმოიდგენთ, რა რაოდენობის გრუნტის წყლების გამოსასვლელები ფიქსირდება. ამას ემატება ზედაპირული წყლები, დიდთოვლობა. ყველაფერმა ერთობლივად იმუშავა ძალიან ცუდად. კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე გასამმაგდა პროცესები. ეს არაპროგნოზირებადია“.

რატომ არ იყო სტიქია მოულოდნელი?
დამოუკიდებელი სპეციალისტების შეფასებით, დეტალები, რომლებსაც ადგილობრივები იხსენებენ, სწორედ იმის კლასიკური ნიშნებია, რომ მიწის ქვეშ პროცესები დიდი ხნით ადრე დაიწყო. მოსახლეობის დაკვირვებები ზუსტად ემთხვევა გეოლოგიურ ინდიკატორებს:
- გაუჩინარებული ქვიშა - ოთარ გოგოლაშვილი იხსენებს, რომ სტიქიამდე ერთი კვირით ადრე სასაფლაოზე სანიაღვრე არხები დაზიანდა: „ჩვენი ძალებით ქვიშა ავიტანეთ და ჩავყარეთ, რომ გზაზე გადავსულიყავით, მაგრამ თავი არ დაიჭირა, კიდევ ჩაიტანა“. სპეციალისტების განმარტებით, მასალის გაუჩინარება უმთავრესი მტკიცებულებაა იმისა, რომ ფერდობის სიღრმეში სიცარიელეები იყო და ქვიშა მიწისქვეშა ჩასაქცევებში იკარგებოდა.
- წყლის სისტემების დაზიანება და ხარისხის შეცვლა - ხატია ბეროძე ამბობს, რომ რამდენიმე დღით ადრე სასმელი წყლის მილები გადაბმის ადგილებში სკდებოდა, მარიამ ბეროძე კი წყლის გემოს შეცვლას იხსენებს. გეოლოგების თქმით, ხისტი კონსტრუქციები პირველი რეაგირებენ გრუნტის დეფორმაციაზე, რასაც სიცარიელის ჭერის ნელი ჩაწევა იწვევს.
- გზისა და სახლის დეფორმაცია - ადგილობრივები (ხატია ბეროძე, თემურ გეგელაშვილი) აღნიშნავენ საავტომობილო გზის ჩაწევასა და კედლების დაბზარვას სტიქიამდე 10 დღით ადრე. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ამას სატვირთოების მოძრაობას აბრალებდა, რეალურად ეს ფერდობის ფორმის შეცვლის დასტური იყო.
„ჩვენ არ გვაქვს ამის ცოდნა და გამოცდილება, ამიტომაც არ დავეჭვებულვართ. ჩვენთვის არასდროს არავის უთქვამს, რომ იქ ცხოვრება სახიფათო იყო“, - ამბობს მარიამ ბეროძე.
სტიქია რომ მოულოდნელი არ ყოფილა, ამას კიდევ ერთი დოკუმენტი ამყარებს. „საქართველოს ამბებმა“ მოიპოვა მიმოწერა, რომლის მიხედვითაც, კურსების მკვიდრმა ვახტანგ არიშვილმა ჯერ კიდევ 2022 წელს მიმართა ტყიბულის მერიას ფერდობსამაგრი ბეტონის კედლის დაზიანებისა და ნაკვეთის დაბზარვის გამო. გეოლოგიის დეპარტამენტმა მაშინვე დაადასტურა, რომ სახლი ძველმეწყრულ ფერდობზე იდგა, განიცდიდა „ცოცვითი ტიპის მეწყრულ პროცესს“ და საჭიროებდა სადრენაჟო სისტემებსა და ახალ დამცავ კედლებს.
თუმცა, სახელმწიფო უწყებებს არც პრევენციული ზომები მიუღიათ და არც მოსახლეობა გაუფრთხილებიათ მოსალოდნელ საფრთხეებზე. 12 მარტს მეწყერმა ვახტანგ არიშვილის სახლი მთლიანად დამარხა, მიწის ზემოთ მხოლოდ თუნუქის სახურავიღა მოჩანს. თემურ გეგელაშვილის საცხოვრებელი კი სტიქიამ ჯერ დაანგრია, შემდეგ კი მთელი ნაკვეთი და მეზობლის სახლიც უზარმაზარ მასასთან ერთად ქვემოთ მოასრიალა.
ხარაგაულიდან კურსებამდე - 30 000 ლარი უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახებისთვის
კურსების ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, მეწყერმა ხარაგაულის სოფლები - ღვერკი და ხემაღალი გაანადგურა. იქაც, ისევე როგორც კურსებში, ათეულობით სახლი დაინგრა და 112 ოჯახი განსახლებას დაექვემდებარა. მაშინ ხელისუფლება დაზარალებულებს ზარალის სრულ აღწერასა და ადეკვატურ დახმარებას ჰპირდებოდა, თუმცა ცხრა თვის თავზე უსახლკაროდ დარჩენილ ხალხს ახალი უბედურება დაატყდა - სახელმწიფომ მათ მხოლოდ 30-50 ათასი ლარის ოდენობის კომპენსაცია შესთავაზა:
- 50 000 ლარი - იმ ოჯახებს, რომელთა არცერთ წევრს არსად სხვა საკუთრება არ გააჩნია;
- 30 000 ლარი - თუ ოჯახის რომელიმე წევრს სადმე მცირე ფართი მაინც უფიქსირდება.
დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით, 30 000 ლარად (დაახლოებით 11 000 დოლარი) საცხოვრებლად ვარგისი ბინის ან სახლის შეძენა ფაქტობრივად შეუძლებელია. ხარაგაულელებმა ამ თანხის მიღებაზე უარი თქვეს და მთავრობის დადგენილება კომპენსაციის შესახებ სასამართლოში გაასაჩივრეს. საქმე იმაშია, რომ ეს თანხა ის მაქსიმუმია, რასაც ჯერ კიდევ 2013 წელს ეკომიგრანტებისთვის მიღებული ნორმები ითვალისწინებს.
კურსებში დაზარალებულებსაც ამ ეტაპზე ზარალის დათვლასა და დახმარებას ჰპირდებიან. თუმცა, თუ სახელმწიფო კურსების მცხოვრებლებს მეტს გადაუხდის, პრეცედენტი შეიქმნება და იგივე უნდა შესთავაზოს ხარაგაულელებსაც. საქართველოში კი სტიქიური პროცესების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი 7 500-ზე მეტი ოჯახია, რომელიც წლებია კომპენსაციის მოლოდინშია.