საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„დედა! ადექი, დაიწყო!“ - ომი, რომელიც არ მთავრდება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:21 - 24 მარტი 2022 hits 43105
თამარ კანკავა
საზოგადოება
თამარ კანკავა

ის დღე ხარკოვში ყველასთვის ერთნაირად გათენდა. 24 თებერვლის დილის ხუთ საათზე, აფხაზეთიდან ლტოლვილი, 72 წლის ქეთევან ესართია შვილის ზარმა გააღვიძა. იქვე, ქალაქის ცენტრში, კიდევ ერთ ბინაში, ვიკამ, 38 წლის უკრაინელმა ინჟინერმა, შვილის სასკოლო ჩანთა და ნივთები სახელდახელოდ მოაგროვა და ბუნკერში ჩავიდა, იმ იმედით, რომ მალე ისევ შინ დაბრუნდებოდა. 

ომი დაიწყო. 

„ღმერთო, დაიფარე უკრაინა!“ - დაწერა ფეისბუკში სხვა ათასობით თბილისელთან ერთად თამარ კანკავამ და სასწრაფოდ ბილეთების დაჯავშნას შეუდგა - ხარკოვში მცხოვრები ნათესავები, რომლებმაც არ დაუჯერეს და ქვეყანა 24 თებერვლამდე არ დატოვეს, როგორმე უკრაინიდან უნდა გამოეყვანა. იქნებ მოეხერხებინა და სხვებიც შეეფარებინა.  

თამარი ბუდაპეშტში მიდის

სოლოლაკში, ინგოროყვას ქუჩაზე, ძველი აგურის სახლი დგას. აქ მე-20 საუკუნის 40-იან წლებში დეკანოზი ლეონტი მცხვეთაძე ცხოვრობდა, სტალინის თანამედროვე, კომუნისტებისგან დახვრეტას სასწაულებრივად გადარჩენილი „ურჩი“ სასულიერო პირი და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. ეს სახლი ახლა მის შთამომავლებს ეკუთვნით და მშვიდობიანობის დროს ნებისმიერი ქვეყნის ტურისტისთვისაა ღია, 2022 წლის 24 თებერვლიდან კი - მხოლოდ ომს გამოქცეული უკრაინელებისთვის.

როდესაც მასპინძელს, თამარ კანკავას პირველად ვხვდები, ამ დროს სახლი ჯერ კიდევ ცარიელია და ორ უკრაინელ ოჯახს ელის. თვითონ თამარი გამთენიისას უნგრეთში მიფრინავს. დეიდამისი, ქეთევან ესართია, თბილისში უნდა ჩამოიყვანოს.

„დევნილობა და ლტოლვილობა სოხუმიდან მოყოლებული, 30 წელია, თან გვდევს, - გვეუბნება თამარი და რუსეთ-უკრაინის ომის პირველ დღეებს იხსენებს.

ჩემს ოჯახს რომ ვერ ვუკავშირდებოდი უკრაინაში, ეგ იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი. წუთები საათებს ჰგავდა, საათები - დღეებს, დღეები - თვეებს

„ვწერდი, არ მისდიოდათ, ვურეკავდი, არ გადიოდა. ტელეფონს ხელიდან ვერ ვაგდებდი, ველოდებოდი, რომელიმე მაინც ანთებულიყო მწვანედ“.

40 წლის თამარი უკრაინიდან დეიდა ქეთევანის, დეიდაშვილებისა და მათი ოჯახების ამბებს ელოდება. ჩვენი საუბრის დროსაც, გამუდმებით დაჰყურებს ტელეფონს, რომელზეც შეტყობინებები არ წყდება, თუმცა მათი უმრავლესობა, არა უკრაინიდან, არამედ მისი სოლოლაკის ბინის დაქირავების მსურველებისგან მოდის.  

„უამრავი შეტყობინება შემომდის Airbnb-ზე რუსებისგან. სამჯერ მეტს მთავაზობენ, ვიდრე მითითებული საფასურია. ვუხსნი, რომ სტუმრებს არ ვიღებ, რადგან გადაწყვეტილი მაქვს, სახლი უკრაინელ ლტოლვილებს დავუთმო. ჯავშნებიც გავაუქმე. რამდენიმე დღის წინ, რუსების ერთმა ჯგუფმა მომწერა დიდი აღშფოთებით, რომ შვებულება ჰქონდათ უკვე დაგეგმილი და გრაფიკს თავდაყირა ვერ დააყენებდნენ. ზუსტად იმ დროს, როცა ჩემი ოჯახის წევრების ნაწილი ჯერ კიდევ ბუნკერში იჯდა და მეორე ნაწილი, გზაზე გაჭედილი, უნგრეთის საზღვრისკენ მიიწევდა. მესამე დღე იყო, გზაში მყოფებთან დალაპარაკებას ვერ ვახერხებდი. აღზრდა და დახვეწილობა აღარ მეყო ბოდიშების მოსახდელად, რომ თურმე, ვიღაცას შვებულება ავურიე.“

თამარ კანკავა თბილისის იუსტიციის სახლში კოვიდპასპორტის ასაღებად მივიდა. ფოტო ©️ ნინო ბაიდაური​ / Mtisambebi.ge

თამარ კანკავა თბილისიდან ბუდაპეშტში სტამბოლის გავლით 8 მარტს გამთენიისას გაფრინდა და დღის ბოლოს უკვე უნგრეთის დედაქალაქში იყო, კიდევ რამდენიმე საათში კი უნგრეთ-უკრაინის საზღვარზე, სადაც მას ორჯერ ლტოლვილი დეიდა ელოდა.  

საქართველოდან უკრაინაში და უკან

რუსეთთან ომი ქეთევან ესართიასთვის ერთი თვის წინ, 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში არ დაწყებულა. ბევრად ადრე დაიწყო, აფხაზეთში, 1992 წლის აგვისტოში, როდესაც კრასნაია-პოლიანკაზე ბავშვებთან ერთად დასასვენებლად წასული, სოხუმში დაბრუნდა და ფრონტზე აღმოჩნდა.

ჯერ დევნილობა გამოიარა ზუგდიდში. ერთი წელი ნათესავებთან შეფარებულმა იცხოვრა პირობით სიმშვიდეში, რომელსაც დროდადრო “მხედრიონის” თარეში არღვევდა. 1993 წლის შემოდგომაზე, როდესაც სოხუმთან ერთად შინ დაბრუნების იმედიც დაკარგა, ქეთევანი და მისი მეუღლე ორი მცირეწლოვანი შვილით, ემიგრაციაში წავიდნენ და ხარკოვში დაფუძნდნენ.

მას შემდეგ 30 წელი გავიდა. უკრაინაში გარდაიცვალა ქმარი, უკრაინაში დაიბადნენ და წამოიზარდნენ შვილიშვილები. ქეთევანს აღარც წარმოედგინა, რომ უკვე ხანდაზმული კიდევ ერთხელ იქცეოდა ლტოლვილად.

იმ დღეს, 24 თებერვალს, როდესაც შვილის ზარმა გააღვიძა, შუადღის პირველის ნახევარზე უკვე მანქანაში ისხდნენ - ქეთევანი, უფროსი ქალიშვილი და მოზარდი შვილიშვილები. თან მხოლოდ პირველადი მოხმარების ნივთები და საბუთები წაიღეს. ბარგის შესაკრავად დრო არ დაუკარგავთ. ქეთევანის უმცროსი ქალიშვილი 7 და 2 წლის ბავშვებთან და ქმრის მოხუც მშობლებთან ერთად, ქალაქის მეორე უბანში, ბუნკერში იმალებოდა. ისინიც დარწმუნებულები იყვნენ, რომ ბინაში იმავე საღამოს აბრუნდებოდნენ, მაგრამ მიწისქვეშეთიდან ამოსვლა მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ გაბედეს. ერთი, დროებით ჩაწყნარებული ღამის საათებში დრო იხელთეს და ხარკოვი დატოვეს. მოგვიანებით შეიტყვეს, რომ ქალაქის სხვა შესასვლელს მაგ დროს რუსული ტანკების კოლონა უახლოვდებოდა.

ქეთევან ესართია თბილისში, დისშვილთან. ფოტო ©️ ნინო ბაიდაური​ / Mtisambebi.ge

72 წლის ქეთევან ესართია ცხოვრებაში პირველად გამოემშვიდობა შვილებსა და შვილიშვილებს. დიდი ოჯახი ოთხ ქვეყანას შორის გაურკვეველი დროითა და მომავლის ბუნდოვანი პერსპექტივებით გაიფანტა: უფროსი ქალიშვილი და მისი შვილები უნგრეთში დარჩნენ, უმცროსი შვილებთან ერთად გერმანიაში გადავიდა, სიძეები უკან უკრაინაში დაბრუნდნენ მოხალისეებად, თავად ქეთევანი კი დისშვილს საქართველოში გამოჰყვა.

„სახლში წყლები მქონდა მომარაგებული, მაცივარი სავსე დავტოვე. მეგონა, რომ უკან რამდენიმე საათში დავბრუნდებოდი. მაგრამ თავზე ბომბები რომ გაცვივა, ერთმა ღმერთმა იცის, საით წაგიყვანს გზა. პოლტავა, ხმელნიცკი, კარპატები, უჟგოროდი, 6 დღე ვიყავით გზაში, სანამ უნგრეთის საზღვარს მივუახლოვდებოდით“.

მე ქვეყანას ვტოვებდი, ამ დროს მეორე შვილი და შვილიშვილები მეგულებოდა ქალაქში, რომელსაც ბომბავდნენ“.

„ეს იყო ყველაზე მძიმე დღეები“, - იხსენებს უკვე თბილისში ჩამოსული ქეთევანი.

ალაქი, რომელიც კრემლმა დასაჯა

ომის პირველივე დღეებში ცხადი გახდა, რომ კრემლის სამხედრო აგრესიას მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებოდნენ. რუსეთი ერთმანეთის მიყოლებით უტევდა არამხოლოდ სტრატეგიული დანიშნულების ნაგებობებს, არამედ ხარკოვის საცხოვრებელ სახლებს, სკოლებს, ეკლესიას, საავადმყოფოს. უკვე 2 მარტს, CNN იუწყებოდა, რომ 16 ადგილიდან, რომლებზეც რუსებმა იერიში მიიტანეს, 13 მხოლოდ სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულებისა იყო.

„ხარკოვზე განსაკუთრებულად იყარა ჯავრი. ეთნიკური რუსები იქ ბევრნი არიან და ალბათ, ეგონათ, რომ ხელგაშლილები შეეგებებოდნენ, მაგრამ ჩაუვარდა კოვზი ნაცარში პუტინს. ისევე, როგორც სხვაგან, ხარკოველებიც შიშველი ხელებით დადგნენ რუსული არმიის წინააღმდეგ“.

უკრაინაშიც იმან გააგიჟა რუსეთი, რაც ჩვენთან აგიჟებდა - თვითგამორკვევამ, დამოუკიდებლობისკენ სწრაფვამ, საბჭოთა კავშირთან, რუსეთთან გაუცხოებამ“

გვეუბნება თამარი და მიგვიძღვება სოლოლაკის ძველი სახლისკენ, სადაც ეს ესაა სოციალური ქსელით ნაპოვნი ორი უკრაინული ოჯახი დააბინავა.

გვიანი საღამოა. დიდ მრგვალ მაგიდას, რომელსაც ტრადიციული ქართული ლურჯი სუფრა აფარია, ხუთი ადამიანი უზის და ჩაის სვამს. ორი განუყრელი მეგობარი - ვიკა და ალა, და მათი მშობლები. ოთახში ნახევრად ამოლაგებული ჩანთები აწყვია. ალას მშობლებმა სულ რამდენიმე საათია, რაც მსუბუქი მანქანით საქართველოში ჩამოაღწიეს - დაბომბილი ხარკოვიდან თბილისამდე წინ გრძელი გზა ედოთ, მოლდოვის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით. ვიკას 10 წლის ბიჭი, ნაზარი, ალას კატას ეთამაშება. უფროსებს ლაპარაკი უჭირთ. ალას დედას უხმოდ სდის ცრემლები. შიგადაშიგ ნაზარის მხიარული შეძახილები ისმის, მაგრამ მაინც მორიდებით, მოგუდულად. ერთი კატა სონკა იზმორება არხეინად. ფოტოკამერის დანახვაზე, ყველა უხერხულად იშმუშნება, ჩანთაში ვინახავ და ვანიშნებ, რომ მხოლოდ მოსმენაზეც თანახმა ვარ. 

მეგობრები საქართველოში პირველად არ არიან, თუმცა 2017 წელს, როდესაც აქ პირველად ჩამოვიდნენ, სხვა სტატუსი ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ ერთი ინჟინერია და მეორე - ქიმიკოსი, გადაწყვიტეს, ბედი სილამაზის ინდუსტრიაში ეცადათ. მაშინ ეს სპონტანური გადაწყვეტილება ერთგვარი თავგადასავალი იყო ახალგაზრდებისთვის. როცა ვიკა პანდემიისას უკრაინაში დაბრუნდა, არ უფიქრია, რომ ორიოდ წელიწადში საქართველო იმ ქვეყნად ექცეოდა, სადაც ახალი ცხოვრების დაწყება ნამდვილად მოუწევდა - ამჯერად როგორც ომისგან ლტოლვილს.

„როცა გამთენიისას ომი დაიწყო, ნაზარი გავაღვიძე. ავიღეთ მისი სასკოლო ჩანთა, რომელშიც ხუთშაბათისთვის საჭირო სახელმძღვანელოები უკვე ჩალაგებული ჰქონდა, მოვკრიბე დოკუმენტები, ჩემი სამუშაო ინსტრუმენტები და ბუნკერში ჩავედით“, - იხსენებს ვიკა 24 თებერვლის დილას, - „სროლისა და აფეთქებების ხმა ჯერ შორიდან ისმოდა. დარწმუნებულები ვიყავით, დიდხანს არ გაგრძელდებოდა. ნაზარი სკოლაში იმავე დღეს თუ არა, მეორე დღეს მაინც წავიდოდა.“

„სახლის საქმეებს ვაკეთებდი. მირეკავენ ახლობლები და მეუბნებიან, რას აკეთებ მანდ, ვერ ხედავ, რომ შენს ეზოში ჭურვები ცვივაო? რა ჭურვები?! აივანზე გავედი, ვიდეოს მიგზავნიან, ვუყურებ, მაღაზიაა ჩემს სახლთან ახლოს, სადაც საყიდლებზე დავდივარ ხოლმე. დანგრეულია“, - ვიკას დედა, ალბინა გვიყვება, რომ ერთ სართულზე მცხოვრები რამდენიმე ოჯახი, 22 ადამიანი - ქალები, ბავშვები, მოხუცები, ბუნკერში ერთად, 24 თებერვალსვე, ჩავიდნენ. როგორც ეგონათ, რამდენიმე საათით, მაგრამ 3 მარტამდე იქიდან ამოსვლა ვეღარც გაბედეს და ვეღარც მოახერხეს.

„ყველაზე საშიში და საზარელი სარდაფიდან ამოსვლა იყო. ცნობიერება გეცვლება იქ. ადამიანი კი არა, ნერვების ერთი დიდი გროვაღა რჩები, უიმედობით სავსე.“

„შემაძრწუნებელი იყო ქუჩაში გამოხედვა, მანქანამდე მისვლა. თითქოს, სამყაროს აღსასრული იდგა გარეთ. ეს წუთები იყო ყველაზე რთული. მერე ყველაფერს უკვე ინერციით ვაკეთებდით“, - ჰყვება ალბინა.

ბუნკერში მყოფებმა მოლდოვის საზღვრამდეც ერთად იარეს და იქ დაემშვიდობნენ ერთმანეთს. ვიკა, ალბინა და ნაზარი კრაკოვამდე უნდა ჩასულიყვნენ, რომ შემდეგ გამოფრენილიყვნენ საქართველოში - იქ, სადაც ვიკას ნაცნობი გარემო, საყვარელი საქმე და მშვიდობა ეგულებოდა.

„კრაკოვში სასტუმროში მოვხვდით. ორ ინგლისელ ბიჭს 21 დღის განმავლობაში ყველა ნომრის საფასური წინასწარ ჰქონდა გადახდილი ლტოლვილებისთვის. მაგრამ ჩვენ ორი ღამის ფული მაინც გადავიხადეთ, რადგან შეგვეძლო გადახდა და ვუთხარით, რომ ჩვენზე გაჭირვებულებისთვის შეენახათ ეს დახმარება. სასტუმროში შემომთავაზეს, კრაკოვს დაგათვალიერებინებთო. სხვა დროს ამით ბედნიერი ვიქნებოდი, მაგრამ არა ახლა”, - ალბინა გვიყვება, რომ ის დრო, რომელიც ფრენამდე კრაკოვში უნდა გაეტარებინათ, ერჩივნათ მოხალისეობრივი საქმისთვის დაეთმოთ და ახალჩამოსულებს დახმარებოდნენ.“

რ დამავიწყდება, რაც იქ ვნახე. საკუთარი ნივთები გამოჰქონდათ პოლონელებს ოჯახიდან, საბავშვო ეტლიც კი ვნახეთ ერთი კიეველი ოჯახისთვის. ბებია, დედა და 4 წლის გოგონა იყვნენ. ბავშვს შიშისა და ნერვიულობისგან ფეხები ჰქონდა წართმეული“.

„ხარკოვის ბრძოლა“ - ასე შევა ისტორიაში რუსეთ-უკრაინის ომის ჯერ კიდევ დაუსრულებელი ეპიზოდი, რომლის შედეგადაც დაახლოებით ნახევარმა მილიონმა ადამიანმა დატოვა ქალაქი და რომელსაც სულ მცირე 500 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. ვარაუდობენ, რომ რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია, მაგრამ ამის დადგენა ომის დამთავრებამდე შეუძლებელია. ქალაქში დარჩენილები აჩრდილებად იქცნენ და ნანგრევებში, მიწის ქვეშ, ბუნკერებსა და მეტროში იმალებიან. ერთ-ერთი ბოლო ამბავი ხარკოვიდან, რომელმაც საერთაშორისო მედია შეძრა, ჰოლოკოსტგამოვლილი, 96 წლის ბორის რომანშჩენკოს დაღუპვა იყო. საკონცენტრაციო ბანაკებს გადარჩენილი მოხუცი საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვას ემსხვერპლა, - „პუტინმა მოახერხა ის, რაც ჰიტლერმა ვერ შეძლო“, - წერდა უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ტვიტერზე.

3 მარტი, ხარკოვი, ადგილობრივი მცხოვრებლები დაბომბილი და ცეცხლმოკიდებული შენობის წინ. ფოტო ©️ სერგეი ბობოკი, AFP

თამარ კანკავას სტუმრებთან ერთად, რუსულ ბომბებს 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინიდან უკვე 3,6 მილიონი ადამიანი გაექცა. 6.5 მილიონი მოქალაქე ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული პირია - ასეთია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის უკანასკნელი, 22 მარტის მონაცემები. გაეროს ბავშვთა ფონდის ბოლო ინფორმაციით, 1.5 მილიონს გადააჭარბა უკრაინის გარეთ თავშესაფრის მაძიებელი ბავშვების რაოდენობამ. ეს ბავშვები ომს კი გადაურჩნენ, მაგრამ ტრეფიკინგისა და ექსპლუატაციის დიდი რისკის ქვეშ არიან.

2 მილიონს ასცდა პოლონეთს შეფარებული უკრაინელების რიცხვი. მეორე ქვეყანა რომელმაც პოლონეთის შემდეგ ყველაზე მეტი, ნახევარი მილიონი ლტოლვილი მიიღო, რუმინეთია. რუმინეთს მოლდოვა, უნგრეთი და სლოვაკეთი მოსდევს.

ყოველდღიურად იმატებს ლვოვში დევნილთა რაოდენობაც. გაეროს მონაცემებით, დაახლოებით 12 მილიონი ადამიანი სამხედრო მოქმედებების ზონაში რჩება.

უკრაინის საელჩოს ცნობით, ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, საქართველოში უკრაინის 20 ათასამდე მოქალაქე იმყოფება. ათ შორის ვიკა და ალბინა, რომლებსაც საკუთარი ამბების გახსენებისა და გაზიარებისთვის მადლობას ვუხდით და ვემშვიდობებით. ამარს გამთენიისას კიდევ ერთი ფრენა აქვს. დეიდა ქეთევანი და ორი უკრაინული ოჯახი კი დააბინავა, მაგრამ თვითონ ისევ უნგრეთში მიდის. უფროსი დეიდაშვილი, ლიკა ელოდება შვილებით. ახლა ისინი უნდა წაიყვანოს საფრანგეთში და იქ მცხოვრებ მეგობრებს გადააბაროს.

თამარის დეიდაშვილი ლიკა, 15 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი რუსულ აგრესიას უკრაინაში გაექცა. ახლა ლიკას შვილია 15 წლის და იმავე მიზეზის გამო, ახლა მას უწევს გაქცევა, ამჯერად უკრაინიდან.

ნინო ბაიდაური

Mtisambebi.ge-ს რეპორტიორი/ფოტოგრაფი. პროფესიით სოციალური ფსიქოლოგია. აშუქებს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სოციალურ თემებს, ამზადებს ფოტორეპორტაჟებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში