საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

საქართველოს ეროვნული გმირები - იბრძოდნენ თავისუფლებისთვის!

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:57 - 11 აპრილი 2022 hits 63314

ეროვნული გმირის ორდენი საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოა, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდებასთან ერთად, პირს, საქართველოსთვის განსაკუთრებული, გამორჩეული გმირული ქმედებისთვის პრეზიდენტი ანიჭებს. ჯილდო 2004 წელს დაწესდა და მას შემდეგ, 24 ადამიანს აქვს მიღებული, ყველა მათგანს სიკვდილის შემდეგ.

  • ჟიული შარტავა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, გენერალ-მაიორი. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, სეპარატისტებმა დახვრიტეს.
  • ზაზა დამენია - აფხაზეთისა და ცხინვალის ომების მონაწილე. 2004 წლის აგვისტოში იბრძოდა ცხინვალის მისადგომებთან. მოწინააღმდეგის მიერ ქართველი სამხედროების სანგარში ჩაგდებულ ხელყუმბარას გადაეფარა და საკუთარი სიცოცხლის ფასად, თანამებრძოლები დაღუპვისგან იხსნა.
  • ქაქუცა ჩოლოყაშვილი - ქართველი სამხედრო მოღვაწე. 1922-1924 წლებში ხელმძღვანელობდა პარტიზანულ ბრძოლას საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ;
  • ჯონ მაკკეინი - ამერიკელი პოლიტიკოსი, აშშ-ის სენატორი არიზონიდან 1987-2018 წლებში, საქართველოს მტკიცე და გამორჩეული მხარდამჭერი.
  • ლეხ კაჩინსკი - პოლონელი პოლიტიკოსი. პოლონეთის პრეზიდენტი 2005 წლიდან 2010 წლის 10 აპრილამდე - რუსეთში ავიაკატასტროფაში დაღუპვამდე. საქართველოს მტკიცე და გამორჩეული მხარდამჭერი;
  • გიორგი ანწუხელიძე - საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ტყვედ ჩავარდნილი, წამების შემდეგ მოკლეს ოსმა სეპარატისტებმა და რუსმა ოკუპანტებმა.
  • გიორგი კვინიტაძე - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალი (1918); ბოლო მთავარსარდალი, რომელიც ხელმძღვანელობდა პირველი რესპუბლიკის ჯარს 1921 წელს რუსეთ-საქართველოს ომში.
  • ზურაბ იარაჯული - ქართველი სამხედრო მფრინავი, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების უფროსი ლეიტენანტი. დაიღუპა აფხაზეთის ომში.
  • გიორგი მაზნიაშვილი - დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველოს გენერალი, ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.
  • გრიგოლ ფერაძე - თეოლოგი, ისტორიკოსი, არქიმანდრიტი. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად. II მსოფლიო ომის დროს მამა გრიგოლი ხშირად იფარავდა ფაშისტების მიერ დევნილ ადამიანებს, განსაკუთრებით ებრაელებს, რისთვისაც იგი შეიპყრეს და ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. 1942 წლის 6 დეკემბერს, მამა გრიგოლმა თავის თავზე აიღო ერთი მრავალშვილიანი ებრაელის სასჯელი და მის მაგივრად შევიდა გაზის კამერაში.
  • ამბროსი ხელაია - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1921-1927 წლებში. საქართველოს გასაბჭოებიდან ძალიან მოკლე დროში ეკლესიის დევნის, ქართული ენის უფლებების შეზღუდვისა და ისტორიული მიწების სხვათა განკარგულებაში გადაცემის გამო პატრიარქი დოკუმენტებს აგზავნიდა ხელისუფლების სხვადასხვა ინსტანციაში. 1922 წელს გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე გაგზავნილ მიმართვაში, ქართველი ერის სახელით, საქართველოდან წითელი ჯარის გაყვანას და რეფერენდუმის მოწყობას ითხოვდა. იმავე წელს საკათალიკოსო საბჭოს 9 წევრთან ერთად დააპატიმრეს. მიუსაჯეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა სასტიკი იზოლაციით. გარდაიცვალა 1927 წლის 29 მარტს.
  • მიხაკო წერეთელი - ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული მოღვაწე, მსოფლიო მასშტაბის მეცნიერი ძველი აღმოსავლეთის ისტორიის დარგში.
  • ექვთიმე თაყაიშვილი - ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. ცნობილია როგორც 1921-1945 წლებში საფრანგეთში გატანილი საქართველოს საგანძურის დამცველი, რის გამოც კონსტანტინე გამსახურდიამ „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ უწოდა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად.
  • ზვიად გამსახურდია - საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ მისი თავმჯდომარეობით, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინა; იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტი (1991-1992 წლებში). დევნილობიდან დაბრუნების შემდეგ, 1993 წლის 31 დეკემბერს გარდაიცვალა წალენჯიხის რაიონის სოფელ ხიბულაში. ცხედარი ნახეს ერთადერთი ტყვიის ჭრილობით თავში. 2015 წელს გამოძიება მკვლელობად დაკვალიფიცირდა, მაგრამ საქმე გამოძიებული არ არის.
  • მერაბ კოსტავა - 1974 წლიდან მის ტრაგიკულ დაღუპვამდე იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ყველაზე გამორჩეული ლიდერი. იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ეწეოდა დისიდენტურ და ადამიანის უფლებათა დამცველ საქმიანობას, ებრძოდა საქართველოში დამყარებულ საბჭოთა რეჟიმს. საკუთარი შეხედულებებისა და ფასეულობებისთვის რამდენჯერმე დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისში მომავალ გზაზე, სოფელ ბორითთან საეჭვო ავტოავარიაში დაიღუპა.
  • მარო მაყაშვილი - მოწყალების და. 1921 წლის 19 თებერვალს, დაიღუპა საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში თბილისის მისადგომებთან.
  • გურამ გაბესკირია - სოხუმის მერი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, პოლკოვნიკმა გურამ გაბესკირიამ უარი განაცხადა ალყაში მოქცეული ქალაქის დატოვებაზე, რის შედეგადაც, ტყვედ ჩავარდნილი მთავრობის ყველა წევრი სეპარატისტებმა დახვრიტეს.
  • მამია ალასანია - სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განყოფილების უფროსი. 1993 წლის 27 სექტემბერს, ქალაქ სოხუმში სეპარატისტებმა მოკლეს.
  • ზურაბ ჭავჭავაძე - ქართველი დისიდენტი, 1980-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.
  • ავთანდილ იოსელიანი - საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, გენერალ-ლეიტენანტი. 1992 წლის 26 ოქტომბერს, ქალაქ ოჩამჩირეში, თანამებრძოლების გარემოცვაში, სადაც ტყვედ აყვანილი მოწინააღმდეგეები იმყოფებოდნენ, ხელყუმბარა სხეულით დაფარა და საკუთარი სიცოცხლის ფასად, გარშემომყოფები სიკვდილს გადაარჩინა.
  • გენო ადამია - ქართველი გენერალ-მაიორი, აფხაზეთის ომის მონაწილე. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგაც, უარი თქვა დანებებაზე. მცირე ძალებით განაგრძობდა სეპარატისტებისთვის წინააღმდეგობის გაწევას. დაიღუპა ბრძოლაში, კელასურის ხიდზე.
  • ალექსანდრე ონიანი - ქართველი სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, გმირულად დაიღუპა შინდისთან ბრძოლაში. ტყვედ აყვანის საშიშროებისთანავე, ხელყუმბარით თავი აიფეთქა, მოწინააღმდეგეს არ ჩაბარდა და მისი ცოცხალი ძალა დააზიანა.
  • დიმიტრი ამილახვარი - საფრანგეთის არმიის ქართველი მოღვაწე, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პოლკოვნიკი.
  • მიხა ხელაშვილი - 1920-იანი წლების ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და „შეფიცულთა რაზმის“ წევრი.

ჟიული შარტავა

დაიბადა 1944 წლის 7 მარტს, სენაკში. 1992 წელს ჟიული შარტავა საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრად აირჩიეს, რუსთავის მაჟორიტარული ოლქიდან. აფხაზეთის ომის დროს, 1993 წლის ივნისში, შარტავა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, გენერალ-მაიორი შარტავა უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვას, რა დროსაც სეპარატისტისტებმა თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.

2004 წელს, ჟიული შარტავას, პირველს მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება. დაკრძალულია თბილისში, ვაკის პანთეონში.

 

ზაზა დამენია

დაიბადა 1972 წლის 22 ოქტომბერს, ოზურგეთში. 1992 წლიდან, საქართველოს შეიარაღებული ძალების სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა. 1993 წელს აფხაზეთში იბრძოდა. 1995 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსის თანამდებობა ეკავა. 2002 წლიდან, ზაზა დამენიამ სამხედრო სამსახური მე-11 მექანიზებული ბრიგადის მსუბუქი ქვეითი ბატალიონი „კომანდოს“ რიგებში გააგრძელა.

2004 წლის აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დაწყებასთან ერთად, „კომანდოს“ ბატალიონი, კონფლიქტის ზონაში, ქართული სოფლების დასაცავად გაიგზავნა. მოწინააღმდეგესთან შეიარაღებული დაპირისპირებების დროს, ქართულმა მხარემ 16 მებრძოლი დაკარგა, რომელთა შორის იყო ზაზა დამენია.

2004 წლის 16 აგვისტოს, ზაზა დამენიამ, საკუთარი სიცოცხლის ფასად, თანამებრძოლები დაღუპვას გადაარჩინა. კაპრალი სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას სხეულით გადაეფარა და სამი ჯარისკაცი გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა.

დაღუპვამდე ორი დღით ადრე, დამენიას ჭურვის აფეთქების შედეგად მხედველობა დაუქვეითდა, თუმცა კაპრალმა უარი განაცხადა პოზიციის დატოვებაზე და ბოლომდე დარჩა თანამებრძოლების გვერდით, ბრძოლის ველზე.

სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთებული მამაცობისთვის, 2004 წლის 24 აგვისტოს, ზაზა დამენიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

 

ქაქუცა ჩოლოყაშვილი

დაიბადა 1888 წელს, სოფელ მატანში (ახმეტის რაიონი). საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1918-1920 წლებში, ქაქუცა ჩოლოყაშვილი სახალხო გვარდიის ცხენოსან დივიზიონში მსახურობდა, სადაც  დივიზიონის პირველ ესკადრონს მეთაურობდა. თავი გამოიჩინა 1918 წელს, სადახლო-შულავერის ფრონტზე, 1919 წელს, სოჭის ფრონტზე, გენერალ დენიკინის შენაერთების წინააღმდეგ ბრძოლაში და გორის მაზრაში, ამბოხების ჩახშობის დროს.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, 1922 წელს, ქაქუცა ჩოლოყაშვილმა შეფიცულთა რაზმი შექმნა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ პარტიზანული ბრძლა დაიწყო.

იმავე წელს, მისმა რაზმმა ხევსურეთში აჯანყება მოაწყო. 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში, გეგმის მიხედვით, მის რაზმს თბილისი უნდა აეღო, თუმცა აჯანყება დამარცხდა და ქაქუცა ჩოლოყაშვილს საფრანგეთში მოუწია წასვლა, სადაც 1930 წელს ტუბერკულოზით გარდაიცვალა.

2005 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილი ლევილიდან თბილისში გადმოასვენეს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

ჯონ მაკკეინი

დაიბადა 1936 წლის 29 აგვისტოს. მონაწილეობდა ვიეტნამის ომში. 1967 წლის ოქტომბერში, ჰანოის დაბომბვის დროს მისი მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რის შემდეგაც მან 5,5 წელი ჩრდილოეთ ვიეტნამელების ტყვეობაში გაატარა, სადაც სხვადასხვა სახის წამება გამოიარა. 1973 წლის მაისში ის პარიზის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ გაათავისუფლეს.

1982 წელს მაკკეინი აირჩიეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში არიზონის პირველი საარჩევნო ოლქიდან. წარმომადგენელთა პალატაში ორი ვადით მოღვაწეობის შემდეგ, 1986 წელს იგი აშშ-ის სენატში აირჩიეს. ხელახლა აირჩიეს 1992, 1998, 2004, 2010 და 2016 წლებშიც.

ჯონ მაკკეინი საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი იყო. სენატორმა მაკკეინმა ერთ-ერთი ყველაზე ყველაზე დასამახსოვრებელი კომენტარი 2008 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გააკეთა:

ამერიკელებს უნდა აინტერსებდეთ საქართველო, პატარა და მოშორებული ქვეყანა, რადგან „ისტორია ხშირად პატარა და მოშორებულ ქვეყნებში იწერება.“ თავისუფლების დაცვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაზე მინიშნებით, სენატორმა თქვა, რომ „დღეს ყველანი ქართველები ვართ.“

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჯონ მაკკეინს ეროვნული გმირის წოდება 2010 წლის 11 იანვარს მიანიჭა.

2017 წლის 1-ელ იანვარს, საქართველოში ვიზიტის დროს, მაკკეინი ცხინვალის რეგიონში ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარე სოფელ ხურვალეთს ესტუმრა. მან თქვა, რომ ამერიკა გააგრძელებს საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას მისი ტერიტორიების სრულ დეოკუპაციამდე.

2017 წელს მაკ-კეინს ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. გარდაიცვალა 2018 წლის 25 აგვისტოს, 81 წლის ასაკში.

ლეხ კაჩინსკი

დაიბადა 1949 წლის 18 ივნისს, პოლონეთში. 1989 წელს ლეხ კაჩინსკი პოლონეთის სენატში, ხოლო 1991 წელს სეიმის წევრად აირჩიეს. ამავე წლიდან პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის ნაციონალური უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელობდა. 2002 წელს ვარშავის მერად აირჩიეს. 2005 წელს კი ლეხ კაჩინსკი პოლონეთის პრეზიდენტი გახდა.

2010 წლის 10 აპრილს, ლეხ კაჩინსკი მეუღლესთან ერთად, რუსეთში ავიაკატასტროფაში დაიღუპა. პოლონეთის ტელევიზიის ცნობით, პრეზიდენტ კაჩინსკის თვითმფრინავი სამჯერ შეეცადა სმოლენსკის აეროპორტში დაჯდომას, მეოთხე მცდელობა კი ტრაგედიით დასრულდა. თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ასრულებდა რეისს ვარშავიდან სმოლენსკში, 96 ადამიანი იმყოფებოდა.

2010 წელს, გარდაცვალებისთანავე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლეხ კაჩინსკის საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

„ლეხ კაჩენსკი იყო მნიშვნელოვანი მოღვაწე არა მარტო პოლონეთისთვის, არამედ საქართველოსთვისაც. იმ ისტორიული როლისთვის, რომელიც მან ჩვენი ქვეყნისთვის ითამაშა 2008 წლის ომის დღეებში, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სიკვდილის შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

 

გიორგი ანწუხელიძე

დაიბადა 1984 წლის 18 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში. 2004 წელს, გიორგი ანწუხელიძე ცხინვალის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობდა. 2005-2006 წლებში სამხედრო სამსახური მეორე ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონში განაგრძო. 8 თვის განმავლობაში ანწუხელიძე სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ერაყში იმყოფებოდა. 2008 წლიდან IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის შემადგენლობაში მსახურობდა.

უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. იგი წამების შემდეგ, ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს.

მისი წამების კადრები 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა. ანწუხელიძე 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ვიდრე მისი იდენტიფიცირება ქართული მხარისადმი გადმოცემული სამხედრო მოსამსახურეთა ცხედრების გენეტიკური ექსპერტიზით არ დადგინდა.

გიორგი ანწუხელიძეს, 2013 წლის 15 აპრილს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. 2013 წელს, „თუშების სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს „თუში სახალხო გმირის“ წოდება მიანიჭა. დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

 

გიორგი კვინიტაძე

დაიბადა 1874 წელს. 1917-1918 წლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, გენერალი კვინიტაძე აქტიურად მონაწილეობდა ქართული კორპუსის ჩამოყალიბებაში.

1918 წლის დეკემბერში, გიორგი კვინიტაძე სადახლო-შულავერის ფრონტის სარდლის, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სავალე შტაბის უფროსად დაინიშნა. მან 1919 წლის თებერვალ-მარტში ახალციხესა და არტაანში წარმატებული სამხედრო ოპერაცია ჩაატარა, სადაც ე.წ „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის“ მთავრობის შეიარაღებული ფორმირებები და ადგილობრივი სეპარატისტები დაამარცხა. მან დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი.

1920 წლის 29 აპრილს გენერალი კვინიტაძე შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დაინიშნა და ამავე წლის მაისში, უკვე გასაბჭოებული აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოჭრილი საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები დაამარცხა.

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის წინ, საბჭოთა რუსეთის დაზვერვა გენერალ კვინიტაძეს შემდეგნაირად ახასიათებდა: „ფიცხი, მამაცი, ჭკვიანი. მისი ტაქტიკა - აღტკინება, შეტევა. ჩინებული მცოდნე ჯარისკაცთა ფსიქოლოგიისა, დიდი ინიციატივის პატრონი. მან ერთადერთმა შეინარჩუნა წესიერება თავის ნაწილებში ფრონტზედ ჯარების დაშლის დროს. ბრძოლაში სრულიად უშიშარი; იცის მასების გამხნევება და მათი გატაცება. ნერვიული, განუწყვეტლივ ეწევა პაპიროსს. საუკეთესო ოფიცერი ქართული ჯარისა“.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, პარიზის მახლობლად, ლევილში. სამხედრო სამსახური არცერთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში არ გაუგრძელებია. გარდაიცვალა 1970 წელს.

2013 წლის 26 მაისს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. მისი ნეშტი საქართველოში 2021 წლის 26 მაისს ჩამოასვენეს და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.

  

ზურაბ იარაჯული

დაიბადა 1971 წლის 12 მარტს, თბილისში. აფხაზეთის ომის დროს, ქვეყნის ერთიანობის დასაცავად, ზურაბ იარაჯულმა ოცზე მეტი საბრძოლო გაფრენა განახორციელა და მოწინააღმდეგის პოზიციებზე არაერთი წარმატებული იერიში მიიტანა.

ზურაბ იარაჯული, 1993 წლის 13 ივლისს, კოპიტნარის აეროდრომიდან სოფელ შრომის მიმართულებით, სუ-25 მოიერიშე თვითმფრინავით გაფრინდა. ქართველმა მფრინავებმა, სოფელ შრომასთან, მთლიანად გაანადგურეს მტრის სამხედრო კოლონა. აეროდრომზე დაბრუნებულ ზურაბ იარაჯულს კვლავ მოუხდა საბრძოლო დავალების შესასრულებლად სოფელ შრომისკენ მიბრუნება, სადაც ქართულმა მოიერიშეებმა მტერზე მორიგი წარმატებული შეტევა განახორციელეს, თუმცა მოწინააღმდეგემ ზურაბ იარაჯულის თვითმფრინავის ჩამოგდება შეძლო.

ქართველი პილოტი მოწინააღმდეგის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პარაშუტით დაეშვა და სამი დღე-ღამის განმავლობაში, ფრონტის ხაზის გადაკვეთას და სამშვიდობოზე გასვლას ცდილობდა. მტერს ეჭვი ჰქონდა, რომ პილოტი ცოცხალი გადარჩა და მას გამალებული ეძებდა.

გუმისთის ტყეში, მოწინააღმდეგემ ზურაბ იარაჯული ალყაში მოაქცია. მას დანებება შესთავაზეს და დაჰპირდნენ, რომ მოგვიანებით, ტყვედ გაცვლიდნენ. უფროსი ლეიტენანტი იარაჯული მტერს ცოცხალი არ დანებდა - მდევართაგან ორი მოკლა და ერთი დაჭრა.

„მე მტერს ტყვედ არასდროს ჩავბარდები...“ ეს ფრაზა მითხრა ერთხელ კოპიტნარში. ისიც დაამატა, რომ სანამ მომკლავენ, რამდენიმეს ხომ მაინც გავიყოლებო. ზურამ ეს სიტყვები ერთი-ერთში აასრულა...“ - იხსენებს იარაჯულის თანაკურსელი და თანამებრძოლი, თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი ზვიად ბექაური.

ზურაბ იარაჯულს, რომელმაც ტყვეობას გმირული სიკვდილი ამჯობინა, 2013 წლის 19 სექტემბერს, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. დაკრძალულია თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ იარაჯულების სასაფლაოზე.

გიორგი მაზნიაშვილი

დაიბადა 1871 წლის 6 აპრილს, სოფელ სასირეთში. 1918 წლის ივნისში გენერალი გიორგი მაზნიაშვილი აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და შავი ზღვისპირეთის ჯარების სარდლად დაინიშნა. მისი თაოსნობით, ქართულმა ჯარმა ჯერ აფხაზეთი და შემდგომ, სოჭისა და ტუაფსის ოლქები რუსული ბოლშევიკური შეიარაღებული ფორმირებებისგან გაწმინდა.

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს, თბილისის დაცვისას, გენერალი მაზნიაშვილი ქალაქის თავდაცვის ცენტრალურ სექტორს მეთაურობდა. მის სექტორში, ქართულმა არმიამ ომის ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა, როდესაც 19 თებერვალს, რუსული 58-ე მსროლელი ბრიგადა თითქმის სრულიად გაანადგურა.

ამ ბრძოლაში მოწინააღმდეგემ დაღუპულების სახით 500-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ხოლო ტყვედ 1600-მდე რუსი სამხედრო ჩავარდა.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, გენერალი მაზნიაშვილი ქართულ წითელ ჯარში მსახურობდა და დივიზიას მეთაურობდა. 1921 წლის 6 სექტემბერს იგი ორი წლით, თბილისში, მეტეხის ციხეში დააპატიმრეს. 1923 წელს „სამხედრო ცენტრის“ საქმესთან დაკავშირებით, თავდაპირველად, დახვრეტა მიუსაჯეს, თუმცა სასჯელი საზღვარგარეთ გადასახლებით შეუცვალეს, რის შემდეგაც იგი, რამდენიმე წლის განმავლობაში, ირანსა და საფრანგეთში ცხოვრობდა. 1925 წელს გიორგი მაზნიაშვილი საქართველოში დაბრუნდა და ცხოვრება მშობლიურ სოფელ სასირეთში გააგრძელა. 1937 წელს, რეპრესიების დროს დაიჭირეს მისი ვაჟი და დახვრიტეს. იმავე წელს, გიორგი მაზნიაშვილიც დააპატიმრეს და დახვრიტეს. მისი საფლავი დღემდე უცნობია.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილს ეროვნული გმირის წოდება 2013 წლის 26 ოქტომბერს მიანიჭა.

 

გრიგოლ ფერაძე

დაიბადა, 1899 წლის 31 აგვისტოს სოფელ ბაკურციხეში. II მსოფლიო ომის დროს მამა გრიგოლი ხშირად იფარავდა ფაშისტების მიერ დევნილ ადამიანებს, განსაკუთრებით კი ებრაელებს, რისთვისაც იგი შეიპყრეს და ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. 1942 წლის 6 დეკემბერს მამა გრიგოლმა თავის თავზე აიღო ერთი მრავალშვილიანი ებრაელის სასჯელი და მის მაგივრად შევიდა გაზის კამერაში.

1995 წლის 19 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მამა გრიგოლი წმინდანად შერაცხა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გრიგოლ ფერაძეს ეროვნული გმირის წოდება 2013 წლის 26 ოქტომბერს მიანიჭა.

 

ამბროსი ხელაია

დაიბადა 1861 წლის 7 სექტემბერს, სოფელ მარტვილში. არქიმანდრიტი ამბროსი იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის, რის გამოც 1905 წელს რუსეთში გადაასახლეს, 1908 წელს - ახალი ბრალდება წაუყენეს, თითქოს ეგზარქოს ნიკონის სიკვდილში მიიღო მონაწილეობა. 1911 წელს გაამართლეს, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლის უფლება მაინც არ მისცეს. საქართველოში იგი მხოლოდ 1917 წლის აგვისტოში დაბრუნდა.

კენჭს იყრიდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ ადგილობრივ კრებაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად, თუმცა მალევე მოხსნა თავისი კანდიდატურა. 1917 წლის 17 სექტემბერს იგი აიყვანეს მიტროპოლიტის ხარისხში და იყო ჯერ ჭყონდიდის, შემდეგ აფხაზეთისა და სოხუმის მიტროპოლიტი. 1921 წლის მესამე საეკლესიო კრებაზე არჩეულ იქნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.

საქართველოს გასაბჭოებიდან ძალიან მოკლე დროში ეკლესიის დევნის, ქართული ენის უფლებების შეზღუდვისა და ისტორიული მიწების სხვათა განკარგულებაში გადაცემის გამო პატრიარქი დოკუმენტებს აგზავნის ხელისუფლების სხვადასხვა ინსტანციაში, მაგრამ უშედეგოდ. 1922 წელს იგი მოწოდებას აგზავნის გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე. „ერს უგმობენ და ართმევენ მშობლიურ ენას, უბილწავენ ეროვნულ კულტურას, დასასრულს, მას უბღალავენ წმიდათაწმიდას, სარწმუნოებრივ გრძნობას“ - ამბობდა კათოლიკოსი მემორანდუმში და ქართველი ერის სახელით საქართველოდან წითელი ჯარის გაყვანასა და რეფერენდუმის მოწყობას ითხოვდა. რასაკვირველია, პატრიარქის მიმართვა პოლიტიკური რეაგირების გარეშე დარჩა და შესაბამისად გაძლიერდა მისი დევნა.

1922 წელს კათოლიკოს-პატრიარქი და საკათალიკოსო საბჭოს 9 წევრი დააპატიმრეს. არცერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობდა. კათოლიკოს-პატრიარქის განაჩენი სიკვდილით დასჯას ითვალიწინებდა, მაგრამ მხცოვანი ასაკის გამო მიუსაჯეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა სასტიკი იზოლაციით და მთელი ქონების კონფისკაციით.

სასჯელს მეტეხის ციხეში იხდიდა. 1924 წლის ბოლოს გამოცემული ამინისტიით კათოლიკოსს სასჯელი მოუხსნეს და გაანთავისუფლეს. მას ეკუთვნის პატიმრობის დროს წარმოთქმული ცნობილი სიტყვები: „ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო!“

კათოლიკოს-პატრიარქი გარდაიცვალა 1927 წლის 29 მარტს. დაკრძალულია თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში.

1995 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა წმინდა მღვდელმთავარ ამბროსი აღმსარებლის სახელით.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამბროსი ხელაიას ეროვნული გმირის წოდება 2013 წლის 26 ოქტომბერს მიანიჭა.

 

მიხაკო წერეთელი

დაიბადა 1878 წლის 23 დეკემბერს, სოფელ ცხრუკეთში. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1918-1919 წლებში მიხაკო წერეთელი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელი გერმანიასა და სკანდინავიის ქვეყნებში, მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ წერეთელი იძულებული გახდა სამუდამოდ დაეტოვებინა სამშობლო.

სახელოვანი მეცნიერი აქტიურად მოღვაწეობდა რუსთველოლოგიის დარგში. 1963 წელს პარიზში გამოქვეყნდა „ვეფხისტყაოსნის“ მიხაკო წერეთლის მიერ დადგენილი ტექსტი, ხოლო 1975 წელს – პოემის წერეთლისეული გერმანული პროზაული თარგმანი.

II მსოფლიო ომის წლებში მიხაკო წერეთელი იყო გერმანიაში მოქმედი „ქართული სამოკავშირეო შტაბის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი. შტაბის ძალისხმევით, გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებიდან განთავისუფლდა ასობით ქართველი სამხედრო ტყვე.

გარდაიცვალა 1965 წელს. მოგვიანებით, მისი ნეშტი მიუნხენიდან საფრანგეთში გადაასვენეს, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიხაკო წერეთელს ეროვნული გმირის წოდება 2013 წლის 26 ოქტომბერს მიანიჭა.

 

ექვთიმე თაყაიშვილი

დაიბადა 1862 წლის 5 იანვარს, სოფელ ლიხაურში (ოზურგეთის რაიონი). ექვთიმე თაყაიშვილი აქტიურად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად და დიდი როლი შეასრულა თბილისის უნივერსიტეტის დაარსების საქმეში.

1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების გამო, საფრანგეთში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან გაიტანა საბანკო ვალუტა, ქვეყნის ისტორიისა და კულტურის სამუზეუმო განძეულობა და ხელნაწერები. ეროვნულ განძს მცველად გაჰყვა ექვთიმე თაყაიშვილი.

1935 წელს კი საქართველოს ყოფილმა მთავრობამ უარი თქვა განძის მეურვეობაზე და მისი დაცვა ექვთიმე თაყაიშვილს მიანდო.

1945 წელს, II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ შეიქმნა ხელსაყრელი პოლიტიკური პირობები და საქართველოს ეროვნული საგანძური ამერიკული თვითმფრინავებით საქართველოში დააბრუნეს. განძს ექვთიმე თაყაიშვილიც გამოჰყვა.

სამშობლოში დაბრუნებული ექვთიმე თაყაიშვილი აღადგინეს თბილისის უნივერსიტეტში პროფესორად, აირჩიეს აკადემიის წევრად, კითხულობდა საჯარო ლექციებს. 1951 წელს კი საქართველოში არსებულმა რეჟიმმა მოხუცის შევიწროება დაიწყო: დააპატიმრეს მისი შვილობილი ლიდა პოლტორაცკაია, 1952 წელს კი ექვთიმე გაანთავისუფლეს უნივერსიტეტიდან.

დევნა-შევიწროებამ დიდად იმოქმედა ექვთიმე თაყაიშვილზე და 1953 წლის 21 თებერვალს, გულის დამბლით გარდაიცვალა.

2002 წელს, მართლმადიდებელმა ეკლესიამ ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა და უწოდა „წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი“.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ექვთიმე თაყაიშვილს ეროვნული გმირის წოდება 2013 წლის 26 ოქტომბერს მიანიჭა.

 

ზვიად გამსახურდია

ზვიად გამსახურდია დაიბადა 1939 წლის 31 მარტს. დისიდენტური საქმიანობისათვის ზვიად გამსახურდია საბჭოთა უშიშროების კომიტეტმა 1977 წელს დააპატიმრა, პატიმრობიდან 1979 წელს გაათავისუფლეს. მანამდეც არაერთხელ იყო დაპატიმრებული.

1979 წლიდან იგი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში და იყო 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციის ერთ-ერთი მოთავე, მათ შორის, 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციისა, რომელიც 9 აპრილს ტრაგედიით დასრულდა, ხოლო ზვიად გამსახურდია, როგორც აქციის ორგანიზატორი, დააპატიმრეს.

მერაბ კოსტავას დაღუპვის შემდეგ, ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოებას. 1990 წლის დამდეგს მისი თაოსნობით შეიქმნა პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, რომელმაც 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ დემოკრატიულ და მრავალპარტიულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ახალარჩეულმა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 14 ნოემბერს გამართულ პირველ სესიაზე ზვიად გამსახურდია თავმჯდომარედ აირჩია. იმავე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით ქვეყანას „საქართველოს რესპუბლიკა“ უწოდეს და აღდგინეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სახელმწიფო ატრიბუტიკა (დროშა, გერბი და ჰიმნი).

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა და მალევე ზვიად გამსახურდია ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია, რაც იმავე წლის 26 მაისს საყოველთაო-სახალხო საპრეზიდენტო არჩევნებზე დადასტურდა.

1992 წლის დასაწყისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ ზვიად გამსახურდია იძულებული გახდა სომხეთის გავლით, ჩეჩნეთში, გროზნოში გადასულიყო, სადაც გენერალმა ჯოჰარ დუდაევმა თავშესაფარი მისცა. 1993 წლის სექტემბერში პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია საქართველოში, სამეგრელოში დაბრუნდა. 1993 წლის ნოემბერში იგი რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად მთიანი სამეგრელოს სოფლებში იმყოფებოდა.

გარდაიცვალა (შესაძლო მკვლელობა) 1993 წლის 31 დეკემბერს წალენჯიხის რაიონის სოფელ ხიბულაში. ზვიად გამსახურდიას ცხედარი დაკრძალეს სოფელ ჯიხაშკარში, მალევე გადაასვენეს გროზნოში, 2007 წელს კი საქართველოში გადმოასვენეს. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.  

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზვიად გამსახურდიას ეროვნული გმირის წოდება 2013 წლის 26 ოქტომბერს მიანიჭა.

მერაბ კოსტავა

დაიბადა 1939 წლის 26 მაისს, სოფელ ბორითში (ხარაგაულის რაიონი). ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის 1956 წელს მერაბ კოსტავა პირველად დააპატიმრეს და სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ციხეში გადაიყვანეს, თუმცა მალევე პირობითი სასჯელით გაანთავისუფლეს. 1964 - 1969 წლებში მუშაბდა რუსთავის სამუსიკო სკოლაში, ხოლო 1966 წელს დაინიშნა ბალანჩივაძის სახელობის მესამე სამუსიკო სასწავლებლის ფორტეპიანოს პედაგოგად. 1977 წელს მეორედ დააპატიმრეს - ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდისთვის 3 წელი ციხე, ხოლო 2 წელი - გადასახლება მიესაჯა, ამავე დროს, სსრკ-ში არსებული სადამსჯელო რეპრესიული ფსიქიატრიის მეთოდებით დაინიშნა მერაბ კოსტავას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა მის შერაცხადობასთან დაკავშირებით. ციხეში გატარებული სასჯელის შემდეგ იძულებით გადაასახლეს ჯერ ცენტრალური რუსეთის ქალაქ პერმის პოლიტიკურ საპატიმროში, მოგვიანებით კი ციმბირში, ირკუტსკის ოლქის ქალაქ კვიტოკში; პროვოკაციის შედეგად დამატებით მიესაჯა 5 წელი ანგარსკის მკაცრი რეჟიმის მე-15 კოლონიაში.

1979 წელს საერთაშორისო ორგანიაცია Amnesty International-მა მერაბ კოსტავა ჯერ პოლიტპატიმრად, ხოლო 1985 წელს - სინდისის პატიმრად აღიარა.

1985 წელს მერაბ კოსტავა გადაიყვანეს ტაშკენტის მე-9 კოლონიის საავადმყოფოში, ხოლო ერთი წლის შემდეგ, ქსნის კოლონიაში. 1987 წელს პატიმრობიდან განთავისუფლდა.

მერაბ კოსტავას საქმიანობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნაში, ბრძოლასა და წარმატებაში. იგი აქტიურად იბრძოდა საზოგადოების გამთლიანებისთვის - 1989 წლის ზაფხულში მერაბ კოსტავამ განაცხადა: „თუ ერთმანეთთან ვერ გამოვნახავთ სალაპარაკო ენას დღეს, შესაძლოა, დადგეს დრო განუჭვრეტელი სიბნელისა, სადაც ჩვენ ერთმანეთს დაბრმავებული ვეძებდეთ და ვეღარ ვპოვებდეთ“.

1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისში მომავალ გზაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითთან ავტოავარიაში დაიღუპა. ავტოავარიის დეტალები და გამომწვევი მიზეზები დღემდე კამათის საგანია. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მერაბ კოსტავას ეროვნული გმირის წოდება 2013 წლის 26 ოქტომბერს მიანიჭა.

 

მარო მაყაშვილი

დაიბადა 1902 წლის 25 აგვისტოს. აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დაწყებისთანავე, მარო მაყაშვილი, მეგობრების მხარდამხარ, წითელ ჯვარში მოწყალების დად ჩაეწერა და სანიტარულ რაზმთან ერთად თბილისის თავდაცვის მარჯვენა სექტორისკენ, კოჯორ-ტაბახმელას მიმართულებით გაემართა. 1921 წლის 19 თებერვლას, მას რუსული არტილერიის მიერ ნასროლი ყუმბარის ნამსხვრევი კეფაში მოხვდა და დაიღუპა.

მარო მაყაშვილი ბრძოლაში დაღუპულ იუნკრებთან, ჯარისკაცებთან და მოხალისეებთან ერთად, თბილისში, 23 თებერვალს, სამხედრო ტაძრის ეზოში დაკრძალეს, სადაც დღეს, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობაა განლაგებული. მარო მაყაშვილის პატივსაცემად, კომპოზიტორმა ზაქარია ფალიაშვილმა ოპერა დაისის მთავარ გმირ ქალს მარო უწოდა.

2015 წლის 24 დეკემბერს, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მარო მაყაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

 

გურამ გაბესკირია

დაიბადა 1947 წლის 2 მარტს, ქალაქ სოხუმში. 1960-იანი წლების ბოლოს გაბესკირია სოხუმის „დინამოში“ თამაშობდა. 1992 წელს გურამ გაბესკირია სოხუმის მერი გახდა, ხოლო 1993 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი.

1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად პოლკოვნიკმა გურამ გაბესკირიამ უარი განაცხადა ალყაში მოქცეული ქალაქის დატოვებაზე, რის შედეგადაც, ტყვედ ჩავარდნილი მთავრობის ყველა წევრი, მათ შორის გაბესკირია, სეპარატისტებმა დახვრიტეს.

„არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!“ - ასე უპასუხა ტყვედ ჩავარდნილმა გურამ გაბესკირიამ „ბოევიკების“ მოთხოვნას, - „დაიჩოქე, პატიება გვთხოვე და შეაგინე ქართველებს!“.

2017 წლის 27 სექტემბერს, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. ამავე წლის ოქტომბერში, ნეშტის იდენტიფიცირებისა და თბილისში გადმოსვენების შემდეგ, გურამ გაბესკირია სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

 

მამია ალასანია

დაიბადა 1943 წლის 6 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ალასანიამ, საინფორმაციო სადაზვერვო ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობა დაიკავა. 1992-93 წლებში იგი სამოქალაქო დაპირისპირების აღმოფხვრის მიზნით სამეგრელოში გაიგზავნა.

უშიშროების პოლკოვნიკი ალასანია 1993 წელს 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.

2017 წლის ოქტომბერში ნეშტის იდენტიფიცირებისა და თბილისში გადმოსვენების შემდეგ, მამია ალასანია თბილისში, ნარიყალაზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ეზოში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, 2018 წლის 5 თებერვალს, მამია ალასანიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

ზურაბ ჭავჭავაძე

დაიბადა 1953 წლის 5 თებერვალს.

1987 წელს მერაბ კოსტავასა და თამარ ჩხეიძეთან ერთად დააფუძნა საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი პირველი ეროვნულ-პოლიტიკური ორგანიზაცია „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება“, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას, დემოკრატიის იდეალებსა და კაპიტალიზმზე გადასვლას უჭერდა მხარს.

1989 წლის 13 ოქტომბერს სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) დაშავდა საეჭვო ვითარებაში მომხდარ ავტოკატასტროფაში, რომელსაც ემსხვერპლა მერაბ კოსტავა. ჭავჭავაძე გარდაიცვალა საავადმყოფოში 69-ე დღეს, ოფიციალური დიაგნოზით „A ჰეპატიტი“. დაკრძალულია ყვარელში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ჭავჭავაძეთა საგვარეულო ეკლესიაში.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზურაბ ჭავჭავაძეს ეროვნული გმირის წოდება 2018 წლის 16 დეკემბერს მიანიჭა. 

 

ავთანდილ იოსელიანი

დაიბადა 1952 წლის 16 სექტემბერს, მესტიის რაიონის სოფელ მულახში. 1980-იანი წლების ბოლოდან ჩაება ეროვნულ მოძრაობაში და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მიმდინარე პროცესებში. 1992 წლის სექტემბერში, სამსახურიდან შვებულება აიღო და აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, მოხალისედ წავიდა.

ავთანდილ იოსელიანმა, 1992 წლის 26 ოქტომბერს, ქალაქ ოჩამჩირეში, თანამებრძოლების გარემოცვაში, სადაც ტყვედ აყვანილი მოწინააღმდეგეები იმყოფებოდნენ, ხელყუმბარა სხეულით დაფარა და საკუთარი სიცოცხლის ფასად, გარშემომყოფები სიკვდილს გადაარჩინა.

2019 წლის 17 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. დაკრძალულია საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე.

 

გენო ადამია

დაიბადა 1936 წლის 8 მარტს სენაკში დაიბადა. 1990-იან წლებში იყო ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ გენო ადამიამ განსაკუთრებული ძალისხმევა გამოიჩინა ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის ფორმირებასა და მის რიგებში მებრძოლების მოზიდვაში. იყო ამავე ბრიგადის მეთაურის მოადგილე. 1992 წლის სექტემბრის ბოლოს დაინიშნა ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის ბაზაზე ჩამოყალიბებული მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაურად და სოხუმის გარნიზონის უფროსად. აფხაზეთის ომში მასთან ერთად მისი ორი შვილი - გოჩა და ელგუჯა მონაწილეობდნენ.

გენერალ-მაიორი გენო ადამია 1993 წლის 28 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს, მდინარე კელასურის ხიდთან დაიღუპა, როდესაც ის თანამებრძოლებთან ერთად ამ მიმართულებით პოზიციის გასამაგრებლად გაემართა.

2020 წლის 22 სექტემბერს გენო ადამიას, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე.

 

ალექსანდრე ონიანი

დაიბადა 1981 წლის 9 მარტს, ლენტეხის რაიონის სოფელ ჟახუნდერში.

უფროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი, 2006 წლიდან მე-2 ქვეით ბრიგადაში ჯერ ათეულის მესანგრედ, მერე კი ათეულის მეთაურად მსახურობდა. 2008 წლის 7 აგვისტოდან იბრძოდა რუსეთ-საქართველოს ომში.

2008 წლის 11 აგვისტოს, უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი, მე-2 ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ქვედანაყოფთან ერთად, საავტომობილო კოლონით, გორის რაიონის სოფელ შინდისის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც შინდისის რკინიგზის სადგურზე, ქართული ქვედანაყოფი რუსული მოტომსროლელი ბატალიონის ჩასაფრებაში მოჰყვა. ონიანი მყისიერად ჩაერთო უთანასწორო დაპირისპირებაში, რომელიც საქართველოს სამხედრო ისტორიაში „შინდისის ბრძოლის“ სახელით არის ცნობილი.

„შინდისის ბრძოლაში“, სადაც ორმხრივი სროლა 70 მეტრის რადიუსში მიმდინარეობდა, ალყაში მოქცეულ ქართულ ქვედანაყოფს საბრძოლო რესურსი მხოლოდ საათსა და ოც წუთს ჰქონდა, თუმცა ამის მიუხედავად, ქვედანაყოფმა მოწინააღმდეგეს დიდი დანაკარგი მიაყენა.

„შინდისის ბრძოლაში“ 17 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. საბოლოოდ, მათგან ალყაში ორნი - უფროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი და მისი ნათლული, კაპრალი რომან ზოიძე დარჩნენ. კაპრალი ზოიძე დაჭრილი იყო და სისხლისგან იცლებოდა, თუმცა ონიანმა, რომელიც ამ დროს სრულიად უვნებლად იყო, თანამებრძოლის მოთხოვნის მიუხედავად, ის არ მიატოვა. უფროსმა სერჟანტმა ალექსანდრე ონიანმა, ტყვედ აყვანის საშიშროებისთანავე, ხელყუმბარით თავი აიფეთქა, მოწინააღმდეგეს არ ჩაბარდა და მისი ცოცხალი ძალა დააზიანა.

2021 წლის 11 აგვისტოს, „შინდისის ბრძოლიდან“ მე-13 წელს, უფროს სერჟანტ ალექსანდრე ონიანს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. დაკრძალულია ლენტეხის რაიონის სოფელ ჯახუნდერის სასაფლაოზე.

დიმიტრი ამილახვარი

დაიბადა 1906 წლის 31 ოქტომბერს თერგის ოლქის სოფელ ბაზორკინოში (ახლანდ. ჩერმენი, ჩრ. ოსეთი). II მსოფლიო ომის დროს დიმიტრი ამილახვარი მონაწილეობდა ნავრიკის ცნობილ ბრძოლაში. ამის შემდეგ ლონდონში ხვდება შარლ დე გოლს და ერთიანდება თავისუფალ ფრანგულ ჯარში. აფრიკაში სამსახურის დროს, გამონაკლისის სახით, მიენიჭა ლეიტენანტ-პოლკოვნიკის წოდება და უცხოური ლეგიონის მე-13 ბრიგადის მეთაურად დაინიშნა. 1942 წელს, ლიბიაში გერმანელების წინააღმდეგ ბრძოლისას დიმიტრი ამილახვარმა პირველად გამოიყენა ტანკსაწინდააღმდეგო ბრძოლის ახალი სისტემა. ამასობაში საფრანგეთის პროფაშისტურმა ხელისუფლებამ დიმიტრი ამილახვარს დაუსწრებლად სიკვდილი მიუსაჯა.

დიმიტრი ამილახვრის ნახევარბრიგადამ გადამწყვეტი როლი შეასრულა გერმანელი გენერლის რომელის არმიის წინააღმდეგ ბირ-ჰაკეიმის ბრძოლებში, რისთვისაც შარლ დე გოლმა პირადად დააჯილდოვა მხედრული წარჩინების უმაღლესი ნიშნით-„განთავისუფლების ჯვარი“.

1942 წლის მეორე ნახევარში, დიმიტრი ამილახვარი მონაწილეობს ეგვიპტეში ელ-ამაინთან გამართულ ცხარე ბრძოლებში. 24 ოქტომბრის ბრძოლა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. პოლკოვნიკი დიდი პატივით დაკრძალეს ლიბიის უდაბნოში.

ნავრიკის, ერიტრეის. ქ. მასუას, სირიის, ქ. დამასკოს, ბირ-ჰაკეიმის, ელ-ალამაინის ბრძოლებისას დიმიტრი ამილახვარმა გმირობისა და თავდადების მაგალითი უჩვენა უცხოტომელებს.

ცნობილია, რომ ის მტრის ბანაკში მარტოდმარტო შეიჭრა და დაჭრილი თანამებრძოლი ხელში აყვანილი გამოიყვანა. ფრანგი ოფიცრის გამბედაობით განცვიფრებულმა მოწინააღმდეგემ ცეცხლი შეწყვიტა, ხოლო როცა ამილახვარი თვალს მიეფარა, მტერმა ტაშით გააცილა უშიშარი ქართველი.

2005 წ. საფრანგეთში ფართოდ აღინიშნა დიმიტრი ამილახვრის დაბადების 100 წლისთავი. პარიზის ერთ–ერთ ქუჩას და სენ–სირის სამხედრო სასწავლებლის აღნიშნული წლის გამოშვებას ეწოდა დიმიტრი ამილახვრის სახელი.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დიმიტრი ამილახვარს, ეროვნული გმირის წოდება 2021 წლის 26 სექტემბერს მიანიჭა.

მიხა ხელაშვილი

მიხეილ (მიხა) ხელაშვილი, დაიბადა 1925 წლის 25 იანვარს, სოფელ ახადში, დუშეთის რაიონში. იყო 1920-იანი წლების ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და „შეფიცულთა რაზმის“ წევრი.

ავტორია პოპულარული ლექსისა „ლექსო ამოგთქომ ოხერო“, რომელიც ზეპირად ვრცელდებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კერძოდ ხელაშვილის მშობლიურ ფშავში. 1922-1924 წლებში მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით მოწყობილ შეიარაღებულ გამოსვლებში ფშავსა და ხევსურეთში.

საკუთარ დაბადების დღეს, 25 წლის ასაკში, მოკლეს საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსყიდულმა მეგობრებმა: ლევან გარსევანიშვილმა, ლუკა მარცვალაშვილმა და ვახტანგ რაზიკაშვილმა.

საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ბიჭის ცხედარი ხალხის დასაშინებლად, დუშეთის მილიციის ეზოში დააგდეს. რამდენიმე დღის შემდეგ ნეშტი მისმა დამ მოიპარა და ქურდულად მიაბარა მიწას ჩარგლის სასაფლაოზე, ბოლშევიკების ხელით მოკლული დედის გვერდით.

2022 წლის 9 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხა ხელაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში