თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ ნიკოს პირველი ოფიციალური სამსახური მუზეუმი იყო, თუმცა მანამდე უხელფასო და უშტატო სამსახური საკუთარი თავისთვის თავად გამოიგონა - არდოტში დაწყებითი სკოლა გახსნა. სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმმა კი ახალგაზრდა მეცნიერ-მუშაკს საშუალება მისცა მთელი ჩრდილოეთ კავკასია მოევლო. ჯერ კიდევ ფოლკლორის მკვლევარი იყო, როცა 1991 წელს შატილში სკოლა-ინტერნატი გაიხსნა და იქ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მიიწვიეს. ასე დაბრუნდა ნიკო ხევსურეთში.
ნიკოს უცნაური პროფესიული თავგადასავალი აღმოაჩნდა.
არდოტის სკოლაში გაკვეთილებსაც ღია ცის ქვეშ ატარებდა და ღია ცის ქვეშ იმუშავა უკანასკნელი 20 წელიც სასაზღვრო პოლიციის შემადგენლობაში. ბოლოს თავი ზედმეტად ვიგრძენი და წამოვედიო, დარდი გაგვიზიარა.
ნიკო არდოტელი ბოლო წლების განმავლობაში აკვირდებოდა ამ ტენდენციას, როგორ იცლებოდა სასაზღვრო ჯარის რიგები ადგილობრივი მცხოვრებლებისგან, რომლებმაც ყველა ბილიკი და მწვერვალი ზედმიწევნით იცოდნენ. მთაში კი ეს მათი ერთადერთი სამუშაო ადგილი იყო. წლების განმავლობაში ხევსურები ჯერ ბარში ჩამოვიდნენ და შემდეგ, დანარჩენი ქართველებივით, უთავბოლო ემიგრაციაში აღმოჩნდნენ.
მცირედი, ხევსურეთის გრძელი ზამთრის ღამეებში ნაფიქრალიდან ნახეთ აქ, ნიკო არდოტელის საქართველოს ამბავში.
„ორ ფანარს ვტენი როცა მზე არის. სინათლეს ჰა, ჰა, ერთ საათს ვანთებ, რომ სულ უშუქოდ არ დავრჩე, ეგ წამებაა ჩემთვის.
ღამით ფანრის შუქზე ვკითხულობ წიგნს. მზის პანელები დაძველდა, აკუმულატორებიც. კაუსტიკურ სოდას ვასხამდი გამოხდილ წყალში. არიომეტრი ვეძებე ქალაქში და ყველას უკვირდა, რაღა დროს არიომეტრიაო. ალბათ ფიქრობდნენ, ეს კაცი საიდან მოვიდაო. კატასტროფული მდგომარეობა იქნება 3-5 წელში აქ, თუ ასე გაგრძელდა.
სევდა გაწვება, დარდი გკლავს, ფიქრები გჭამს, სამშობლოს გაწირვა საშინელებაა, ვის უნდა აქედან წასვლა?“
ვიდრე თოვლი დათვისჯვრის უღელტეხილს ჩაკეტავს, რამდენიმე დღე კიდევ გვაქვს, რომ ნიკოს სინათლე ჰქონდეს. მზის კარგი ფოტოელექტრული სადგურის მოსაწყობად 10 ათასი ლარი გვჭირდება.
რეკვიზიტები შემოწირულებისთვის:
- GE17TB7433436020100011
- მიმღები: ააიპ სამოქალაქო ადვოკატირების ცენტრი
- დანიშნულება: #სინათლენიკოსთვის