საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მემთეური ქალები მაჭარელათიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:55 - 27 ივლისი 2021 hits 81051

მთიანი აჭარის მთიან სოფლებს კიდევ თავისი მთები აქვთ. მაჭარელათის საზაფხულო იალაღები სხალთის თემის სამი სოფლის, გურძაულელების, ყინჩაურელებისა და ძმაგულელების მთაა, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე.

მემთეური ქალები, მეტწილად ბებიები, ბადიშებთან ერთად იალაღებზე ივნისში გადაბარგდებიან, საქონელს წაიყვანენ და აგვისტოს ბოლომდე იქ რჩებიან, ოჯახისთვის მთელი წლის სარჩოსა და რძის პროდუქტების - დაპწნილი ყველის, იაღის, კაიმაღისა და ყურუთის დასამარაგებლად.

იეილების პირველ სართულზე ბოსელია, მეორეზე კი ადამიანების საცხოვრებელი. ასე იეილაში სითბოს უფრო ადვილად ინარჩუნებენ.

საქონელს დილის 5-6 საათზე წველენ, მერე მენახირე კაცი ჩამოივლის ბალღებთან ერთად და ძროხას საძოვარზე გადენის. მამაკაცები იალაღებზე უმცირესობაში არიან. ეს ძირითადად ქალების სამყოფელია და ისინი შრომობენ. 10-11 საათისთვის ყველა ძირითადი საქმე მომთავრებულია და საღამოს 5 საათამდე, ვიდრე საქონელი მობრუნდება, დრო უთავისუფლდებათ. ჭოლოდან ბარისერზე და პირიქით (მაჭარელათის ზემო და ქვემო უბნები) მეზობლებში გადასვლის, კოფეს სმის, აქეთურ-იქითური ამბების განხილვის, ბარიდან კვირაში ერთხელ ატანილი საზამთროების რიგრიგობით გაჭრის, უფრო სწორად კი, „დაკვლის“ ჯერი დგება. ბარიდან ასულ სრულიად უცხო სტუმარსაც ისე იღებენ, თითქოს დიდი ხნის უნახავი ძალიან საყვარელი ადამიანი დაბრუნებოდეთ და გამასპინძლებაც ერთგვარი ქიშპობის საგანი ხდება.

მემთეურობის ტრადიცია ასობით წელს ითვლის. აჭარელი ქალი მემთეურობას დაახლოებით 30 წლის ასაკიდან იწყებს და ღრმა მოხუცებულობამდე მიჰყვება, ვიდრე მუხლში ძალა ერჩის.

იალაღებზე მესამე წელია რაც შუქი აქვთ და კვირაში ერთხელ, ხულოს სოფლებიდან უფასო ტრანსპორტიც დადის. პროგრამა მუნიციპალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. მემთეურებთან ერთად ტურისტებიც გადაჰყავს და აჭარულ სტუმარ-მასპინძლობას მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მოქალაქეებს აზიარებს.

მაჭარელათში წლიდან წლამდე მემთეური ოჯახების რიცხვი მაინც იკლებს, მეტი ქოხი უდაბურდება, დიდი ბებიები მიდიან. იყო დრო, მაჭარელათში 96 ქოხი იდგა და გუგუნებდა. ახლა ოცდაათიღა ამაგრებს პოზიციებს.

აქ ყველა ქალს უნიკალური ისტორია აქვს. „მთის ამბების“ რეპორტიორის გიორგი ბოლქვაძის ფილმის გმირები 82 წლის დარიკო ბოლქვაძე და 74 წლის ჰურიე გორგილაძე არიან. ერთმა ყველა ჩანაფიქრი აისრულა, რაც ცხოვრებაში ჰქონდა და ბრძოლით ყველაფერს მიაღწია, მეორე სიბერეშიც აუხდენელ ოცნებებს დარდობს.

მასალა მომზადებულია ინტერნიუსი - საქართველოს პროექტის „ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აუდიტორიის ანალიზი“ ფარგლებში, ინტერნიუს ევროპასთან თანამშრომლობით და შვედეთის დაფინანსებით.

გიორგი ბოლქვაძე

Mtisambebi.ge-ს რეპორტიორი. დამთავრებული აქვს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, მონტაჟისა და ტელე-რეჟისურის განხრით. აშუქებს ადამიანის უფლებების, მთის და სოციალურ საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში