„ქართული ოცნების“ ადგილობრივმა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ სოფლის მკვიდრები სტიქიის პირისპირ მარტო დატოვა. არ დახმარებიან საყოფაცხოვრებო ნივთების გადატანაში თავშესაფრებამდე, არ უზრუნიათ მათთვის ამ თავშესაფრების გამოყოფაზეც. ადამიანებს დროებითი საცხოვრებელი თავად უნდა მოეძებნათ. პასუხისმგებელი ინსტიტუტების გულგრილობა იმაზე არანაკლები სტიქიური უბედურებაა, რომელიც ღვერკსა და ხემაღალს დაატყდა თავს. დღეს კი მთავარი შეკითხვაა, ბუნებრივია თუ ხელოვნური ეს სტიქია:
ოთარ კვინიკაძე, ხემაღალის მკვიდრი: „ბუნებრივად ასეთი აქ არ მოხდებოდა. ესე იგი, რაღაცამ შეუწყო ხელი. ეს არის გამოწვეული გარკვეული მიზეზებით, მაგრამ ვინაც უნდა თქვას, ის არ ამბობს. შუაღამე რომ მოდის, ისე სტიქიურად მოძრაობენ ეს 60 ტონიანი სატვირთო ვაგონები, აქ საშინელი ხმაური გაუდის“.
ვიდრე ოთარ კვინიკაძეს ვესაუბრებოდით, ჩვენ თვალწინ კიდევ ერთი სახლი ჩაიშალა. დღეების და საათების საკითხია, როდის ჩამოიქცევა მაია კელენჯერიძის ახალგარემონტებული ორსართულიანი სახლიც. მაია რემონტისთვის ფულს რამდენიმე წელი ემიგრაციაში აგროვებდა. ახლა კი აგროვებს ფოტოებს საოჯახო ალბომიდან და თავის კარმიდამოს ემშვიდობება:
„ეს სახლი შარშან გავარემონტეთ საცოდაობით. ახალი კარ-ფანჯარა გვქონდა, ყველაფერი ახალი. რაც ეს უბედურება დაიწყო, გამოვიღეთ ყველაფერი და წავიღეთ, რაც მოვასწარით. მეორე სართულზე კი ხელიც არ გვიხლია, ყველაფერი ისე დარჩა. ვეღარაფერი გაგვაქვს, უკვე ჩაკეტილია გზები. ასე გაგვიმეტა ღმერთმა, ბუნებამ, ადამიანმა. ასე საცოდავად დავრჩით. მტერს რომ არ უსურვებს კაცი, ის ამბავია.
ნეტა დამწვარიყო, სულ დაფერფლილიყო და ადგილი მაინც დარჩენილიყო, რომ ისევ ხელახლა დაგვეწყო ცხოვრება არაფრიდან, როგორც ადრე. ახალგაზრდაც არ ვარ. რამდენ ხანს უნდა ვიყო ამ ემიგრაციაში, რომ ისევ თავიდან ახლად შევქმნა ეს, ხომ?!
ორმოცი წელი ვაშენებდი ამას. როცა ყველაფერი დამთავრდა და ვიფიქრე, დავბრუნდები ჩემს სახლში, ჩემს სამეზობლოში, ჩემს შვილ-მომავალთან, ახლა კი ხედავთ, რა ამბავია აქ“.
ხემაღალის მკვიდრი, ლევან კალანდაძეც იბარგებოდა. ხალიჩები, მინის ქილები, ძველი სარეცხის მანქანა უკვე ეზოში ჰქონდა წასაღებად დაწყობილი. ნივთებს შორის ნაპოვნმა ნახატებმა მოგონებები აუშალა - როგორი იზრდებოდა აქ მისი შვილი, როგორ ბერდებოდა აქ მისი მამა:
„ჩემი თვალით რაც მაქვს ნანახი და ჩემი ყურით გაგონილი, იმას გეტყვით.
2019 წლიდან, აფეთქებები რომ დაიწყო რკინიგზაზე, აქ ვიყავი, მოხუცი მამა მყავდა ლოგინად ჩავარდნილი. ისეთი აფეთქებები იყო, ავადმყოფი ლოგინიდან ვარდებოდა.
გულში არც გაგვივლია, რომ აქ ასეთი პროცესები იქნებოდა, მაგრამ მივიღეთ საშინელება. ჯოჯოხეთია, რაც აქ მოაწყვეს. აქ 15-20% იქნება ბუნების კატაკლიზმების შედეგი. ამხელა სოფელი იყო, არანაირი მეწყერი.
ეს რანაირი მეწყერია?! მეწყერი მიდის და მიაქვს, ეს - ვარდება. ზემოთ სოფლებში, ვაკე ადგილზე მეწყერი როგორ მოხდება?!
მე აქაურობის ბაღნარად გადაქცევას ვაპირებდი, მაგრამ ვიღაცების არაკეთილსინდისიერმა ქცევამ და ნებამ, რა დღეში ჩაგვაგდო. აქ რაღა უნდა გავაკეთო?! ვერ მივატოვებ, ვერ წავალ აქედან. სადმე ახლოს უნდა ვიპოვო. აქვე დედა, მამა, ბებია და ბაბუა მყავს, იმ სასაფლაოს ვერ მივატოვებ. აქაურობას, თუნდაც დანგრეულს, უნდა შევხედო.“
„მთის ამბების“ მიერ სახელმწიფო ორგანოებიდან მოპოვებული ინფორმაციით, აქტიური პროცესები 68 ჰექტარზეა გავრცელებული. გარემოს ეროვნული სააგენტო პირველივე დასკვნით ცდილობს, დაგვაჯეროს, რომ მეწყრული პროცესები აქტიურმა ნეოტექტონიკურმა მოძრაობებმა და 2025 წლის ზამთარში და გაზაფხულზე მოსულმა უხვმა ნალექებმა გამოიწვია. მათ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში თბილისი-ბათუმის სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზება, რომელსაც ჩინური კომპანია ახორციელებდა, ნახსენები საერთოდ არ არის. არადა, სააგენტოს გეოლოგიურ ბიულეტენში ღვერკი და ხემაღალი, როგორც მეწყერსაშიში ზონა, სწორედ იმ პერიოდში აღნიშნეს, როდესაც სოფლების ძირში გვირაბის გასაჭრელად და რკინიგზის გასაფართოებლად აფეთქებები დაიწყეს. „მთის ამბებმა“ გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი დასკვნის შეფასება გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრს, შოთა ადამიას სთხოვა. საქართველოს გეოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტი დოკუმენტში მოყვანილ მოსაზრებებს კატეგორიულად არ ეთანხმება:
„2025 წელს ამ რეგიონში ჩვეულებრივი ცხელი აგვისტო იყო, რომელიც არავითარი განსაკუთრებული ნალექიანობით არ გამოირჩეოდა. ამიტომ, მეწყერების დაძვრას გაწყლიანებას ვერანაირად ვერ დავაბრალებთ.
ამავდროულად, ნაპრალების კედლებზე ჩანს, რომ ჩაწყვეტილია ძირითადი მყარი გეოლოგიური ქანები. აქედან გამომდინარე, ეს არა ტალახის, არამედ ძირითადი ქანების მეწყერი გახლავთ.
რაც შეეხება ნეოტექტონიკის მოვლენით ამით ახსნას, ეს რომ ნეოტექტონიკური მოძრაობის შედეგი იყოს, რეგიონში ამ დროს მრავალი დამანგრეველი, ძლიერი მიწისძვრები უნდა ყოფილიყო.
ამიტომ, მეწყერების მიზეზი უნდა ვეძიოთ მდინარე ჩხერიმელას მარჯვენა ფერდობზე, ხარაგაულის დასავლეთით, სადაც მიმდინარეობდა რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები აფეთქებებით“.
ხემაღალი და ღვერკი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში პირველი დასახლებები არ არის, სადაც რკინიგზის მოდერნიზაციის შემდეგ საცხოვრებელი გარემო რადიკალურად შეიცვალა.
ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურომ რამდენიმე წლით ადრე დააზიანა სოფელი ზვარეც, რომელიც ახლაც მეწყერსაშიშია - მთა მოწყდა, სახლები დაინგრა, წყაროები დაიკარგა, გვირაბი კი ამ დრომდე უმოქმედოა.
სარკინიგზო გვირაბები ხარაგაულის სოფლების მიმდებარედ ტოტალური დარღვევებით აშენდა. გეოდეზისტი, საზედამხედველო კომპანია ILF-ის ყოფილი თანამშრომელი აკაკი კიკნაძე ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს სამშენებლო და უსაფრთხოების წესების იგნორირებაში ამხელს:
„ქვიშხეთი-ზვარეს გვირაბის თავზე 7-8 მეტრიანი სიცარიელეებია დატოვებული, რომელიც წნევით, ბეტონით უნდა ამოევსოთ. მერე უნდა დამჯდარიყო თაღი. თაღს მაშინ აქვს ძალა, როცა ის რაღაცაზეა მიმჯდარი. ეს გვირაბი ასეა აშენებული.
ერთი მანქანა მასალა არ არის შეტანილი, რაც უნდა დაიტკეპნოს და რაზეც ლიანდაგი უნდა დაიგოს. სოფელი ბეჟათუბანი არ შეიძლება არსებობდეს გვირაბის თავზე, სადაც აფეთქებები მიმდინარეობდა. აფეთქების დროს ქანები 90 მეტრზე იბზარება. თან ამიერკავკასიის რკინიგზაზე ბეჟათუბანი ყველაზე მეწყერსაშიში ადგილია.
როცა შევამოწმე, კონკრეტულ მონაკვეთზე 35 კილო ასაფეთქებელი ნივთიერება უნდა გამოეყენებინათ. 245 კილო ჰქონდათ მიცემული. იმ დღეს აფეთქება გავაჩერებინე როგორც ზედამხედველმა, მაგრამ მეორე დღეს, დილითვე სამსახურიდან გამათავისუფლეს.
რკინიგზის დეპარტამენტში როდესაც თათბირი იმართებოდა, იქ აცხადებდნენ, რომ მთავარია, ნგრევა, ზიანი არ გახმაურდეს, არ მივიდეს ჟურნალისტებამდე. ვისაც უნდა წავიდეს სასამართლოში, მერიაში, მთავარია, მედია არ ჩართულიყო ამ საქმეში. ყველა ფულს აკეთებდა.
საბურღი მანქანით გვირაბის გაჭრის დროს არ იშოვება იმდენი ფული. ფული კეთდება ჩამონგრევაში, ზედმეტ სამუშაოებში, დამატებითი ხარჯების მოთხოვნაში. გვირაბი 7 წელია აშენებულია და ვერ გახსნეს.
ყოველი წლის 26 მაისს და 1-ელ სექტემბერს იხსნება, მაგრამ ვერ ხსნიან“, -
ხარაგაულის დამარხული სოფლების მოსახლეობას 300 ლარს სთავაზობენ დროებითი თავშესაფრის ქირად, თავშესაფრები კი მათ თავად უნდა მოიძიონ. ხარაგაულის მერიამ კერძო კომპანია „გეოლოჯიქი“ დაიქირავა და თითქმის 150 ათას ლარად კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ჩატარება დაუკვეთა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას არ ევალება მთავარი საკითხის გარკვევა - რამ გამოიწვია მეწყრული პროცესები. მიზეზის გამორკვევის გარეშე კი უსახლკაროდ და უსახსროდ დარჩენილი მოქალაქეები არა დაზარალებულებად, არამედ ეკომიგრანტებად გამოცხადდებიან. ასეთ შემთხვევაში ყველა ოჯახს ერთსა და იმავე თანხას, 30 000 ლარს გამოუყოფენ ცხოვრების თავიდან დასაწყებად მიუხედავად იმისა, ის ოჯახი ქოხს ფლობდა თუ სამსართულიან სახლს, ჰქონდათ თუ არა სახნავ-სათესი მიწა, მეურნეობა და მისი დამხმარე-ნაგებობები. გელა კვინიკაძე ქონებას აღარ ჩივის. ხემაღალის ბოლო მკვიდრი, მარტოკაცი თავის საფლავებს და 5 შეკედლებულ ძაღლს არ ტოვებს:
„სიყვარული შიშზე ძლიერია. მე ხემაღლის გარეშე არ შემიძლია. ლაპარაკი რომ არ დამავიწყდეს, პირუტყვს ველაპარაკები. სიზმარშიც არ დამესიზმრებოდა, ჩემს სოფელს ასეთი რამ რომ დაემართებოდა“.
მთელი ზაფხულია, მედია და საზოგადოება თვალს ადევნებს კატასტროფულ პროცესებს იმერეთის ორ პატარა სოფელში, მაგრამ ორივე ისე იქცა ნასოფლარად, „ქართული ოცნების“ მთავრობიდან ადგილობრივების მოსაკითხად, იქ ჯერ არავინ ჩასულა. უფსკრული, რომელიც ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის გაჩნდა, ღვერკისა და ხემაღალის ხრამებზე უფრო ღრმაა.