საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მიხა არაბული – „ქვის გული მაქვ, ქვის ჯიგარ მიდევ“...

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:19 - 16 ივნისი 2017 hits 38858

„ქვის გული მაქვ, ქვის ჯიგარ მიდევ და ქვის ლეში მაქვ ასხმული, რო არ მავკვდე, ან ჭლექი არ გამაჩნდას ამდენ ქარსა და სიცივეში, 20 წელია, რომ აემ სახჩი ვარ“, - სახლი, რომელშიც პირიქითა ხევსურეთის სოფელ ზეისტეჩოს ერთადერთი მუდმივი მკვიდრი, 75 წლის მიხა არაბული ცხოვრობს, წერაქვით გამოთხრილი, უკარფანჯრო მიწურია. მთელ წელს ამ მიწურში მარტო ატარებს. სოფელში ზაფხულამდე მის გარდა არავინაა, ზეისტეჩოდან ბარისახომდე კი 25 კილომეტრია, სახიფათო გზა, რომლის გავლაც მიხა პაპას ხშირად ფეხით უწევს, რათა ერთადერთი შემოსავალი, პენსია აიღოს.

გზა მიხა პაპამდე

ბაცალიგოს თემში შემავალი სოფელი ზეისტეჩო გორშეღმის ხეობის ყველაზე ბოლო სოფელია, ზედ არაგვის სათავესთან. ხევსურეთის ადმინისტრაციული ერთეულიდან, ბარისახოდან, სოფლამდე 25 კილომეტრია, თუმცა სამანქანო გზა ბოლომდე არ მიდის, სოფელ წინხადუსთან მთავრდება. აქედან მიხა პაპამდე 2 კილომეტრი ფეხით უნდა გაიარო.

როდესაც ბარისახოში ზეისტეჩოს გზას ვკითხულობთ, ყველა ხვდება, რომ მიხა არაბულთან მივდივართ. ბარისახოდან სოფელ გუდანისკენ ვუხვევთ და მივუყვებით გადამწვანებულ მკაცრ ხეობას, მთებზე შორიშორს მიმოფანტული სახლებით, რომლებიც მხოლოდ ზაფხულობით, სამი თვით ცოცხლდება. მთებზე თეთრ ძაფებად დაშვებული მდინარეები ისე ახლოს ჩანს, გგონია, ერთი ნაბიჯი და გადახვალ, თუმცა ამ თეთრი ძაფების გადალახვა ძალიან საშიშია.

გზად, სოფელ ატაბეში გრძელი ჭაობისფერი კარავი და ხის გასაშლელი სკამები გვხდება. კარვის შესასვლელში მოხუცი ხევსური დგას ხელჯოხით. ცოლს გლოვობს. ქალს რამდენიმე დღის წინ სწორედ ასეთ ძაფივით მდინარეზე სახელდახელოდ გადებულ მორზე ფეხი დასცდენია და მოდიდებულ არაგვს წაუღია.

რეკლამა

სახლი - აუხდენელი ოცნება

„აი, ემ წყალზე როგორ გამოხველით?“, - სალმის შემდეგ ეგრევე ამას გვეკითხება. სულ მარტო ცხოვრობს. არც ოჯახი ჰყავს, არც საქონელი. წინაპრებისგან ორი რამ დარჩენია - სახლი, რომელიც 20 წლის წინ დაენგრა და ჯვრის სალოცავი, რომლის ნანგრევებიც ჯერ კიდევ შემორჩენილა. ამ სალოცავის ერთადერთი პატრონი და მომლოცველიც თავადაა. „როგორც დეკანოზ, აეგრე ვორ სალოცავში დასჩენილიო“, ამბობს.

მარტო პენსიაი მაქვ და ეგ არი. სახლი მინდოდა აქ, ერთი ოთახი, რომ ერთი კრაოტი დაიდგას, ერთი ფეჩი, ცეცხლი რომ დავადგა წესივრად, ზამთარს თბილად ვიქნებოდ. ვერტალიოტ ორჯერ რომ გამაფრინდეს, შამაიტანს ერთ ოთახს, მეტი არ მინდა მე. მილიონ არც შენთვის მამითხოვნამ, არც საქართველოსთვის“.

ეს მიწური ჯერ კიდევ 20 წლის წინ გამოუთხრია წერაქვით, სახლი რომ დაენგრა, მაშინ. სახურავის ნაწილი მეზობელი გიგლას ნაჩუქარი თუნუქით გადახურა, ნაწილი - სოფლის პროგრამის დახმარებით, ნაწილი კი - პლაკატით. იატაკადაც და კედლებადაც მიწა აქვს. მიწური ისეთი დაბალია, წელში მოხრილი უნდა შეხვიდე.

აქ ათას ძველ ნივთს იპოვი, მათ შესანახად სხვა ადგილი მაინც არ აქვს. ძველი რკინის საწოლი უდგას; იქვე „საბორშჩე“ ქვაბია, რომელშიც სასმელად თოვლის წყალი გადაუდუღებია; კედელზე თოკებით დიდი მრგვალი საათი და კალენდარი, პერანგზე კი საკინძით დამაგრებული მაჯის საათი უკიდია;.ამბობს, რომ ასე დროს აკონტროლებს.

 

დაცლილი ხეობა

გორშეღმის ხეობაში ზეისტეჩოს გარდა 6 სოფელია. ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის ოციან წლებში, მაშინდელი აღწერის მონაცემებით, აქ 90 კომლს, ოთხასზე მეტ ადამიანს უცხოვრია.

დაახლოებით 20-30 წლის წინ მის სოფელშიც 5 კომლი იყო დარჩენილი. „ზოგ სიკვდილით წავიდ, ზოგ სიცოცხლით“, - სოფლიდან ხალხის წასვლის მიზეზი მისი მიუდგომლობა და მკაცრი ზამთარი გამხდარა. მეზობლები მხოლოდ ზაფხულობით უბრუნდებიან სოფელს.

„აი, ეგრე ვორ აქ. სულ თოვლი და ქარია. მეტრანახევარია თოვლი. ჩემი სახლი იფარება. თუ დაუმატა, ორ მეტრამდის ადის. ზამთარში არაფერს ვაკეთებ, ან ვზივარ, ან ლოგინში ვწევარ. თუ რამე გასათლელი მაქვ - ცულის ტარი, კვერის ტარი, ან რაღაცა გასაკეთები, ან შეშა დასაჭრელი, ეგეთ რამეს ვაკეთებ, სხვა, აბა, რა უნდა გავაკეთა“.

მაინც არ გასშორებია ხეობას, აგერ უკვე ათწლეულებია. „დღეს შენ მახველ, ხვალ სხვა მოვა, შენისთანა, თქვენისთანა ახალგაზრდები“,  - ასე გვპასუხობს, როცა ვეკითხებით, რითი ცხოვრობს ასეთ მიუვალ ადგილას მარტოდმარტო.

არიან ადამიანები, რომლებსაც მიხა პაპა არ ავიწყდებათ და რამდენიმე თვეში ერთხელ  პროდუქტი და საჭირო ნივთები მიაქვთ. სწორედ მათი წყალობით აქვს ტელეფონი, მზის ელექტრომოდული და ტელევიზორი. ამ თვის ბოლოსაც ელოდება სტუმრებს. ყველაზე მეტად ნაჩუქარ ტელევიზორს უფრთხილდება - იშვიათ კავშირს გარესამყაროსთან. პოლიეთილენის პარკებში ახვევს, წვიმა, ბუქი და თოვლი რომ არ შეეხოს. ბოლო დროს ქართული ლაპარაკი აღარ ესმის ტელევიზორიდან; ყველაზე მეტად ამაზე წუხს. ამბობს, 2 მაისს გაჩერდაო საქართველო, - „თურქული არხია და საქართველო გათიშეს, არხები გათიშეს, სხვა დანადგარები უნდა დაუდგათ ამას, ფასიანიო“.

გვთხოვს, ტელევიზორში გამოვაჩინოთ, უნდა, როგორმე პრემიერსა და პრეზიდენტს მიაწვდინოს ხმა და უთხრას, თუ როგორ სჭირდება ხეობაში მარტო დარჩენილ ხევსურს მიხედვა

„აგე წინ გზაია, მარა ამ სოფელს არ მოუდგა გზაი; ამ ადგილ არემარეს არ მოუდგა გზაი. ყურადღებას მაქცევდნენ, ფინურს გადმომიღებდნენ, ჯიგარო. აი, რა მთავრობაია ეს რა, მთავრობა კი არა და ესენი რა ვიცი, რა, არც მოუხდების აბჯარი, არც რაში დასათვლელია, არც ვაჟკაცებში ხსენება, არაფრად დასათვლელია“.

 

არჩევნები და პენსია - ფეხით ბარისახომდე

ბარისახოში მაინც დადის არჩევნებზე. ვცდილობ არ ჩამოვრჩეო, - „ხმას ვაძლევ, მაგრამ ვინმე მშველის? ყველას ეგ უნდ, ხმებ მოაქუჩონ; მე ვის რაში ვედარდები. ცოტა რომ მომეხმარებოდეს მთავრობის ხალხ, კარგ იქნების. მარტო ჩემ სიმართლემ, ჩემ სიმტკიცემ არ გასჭრა დაო აქ. თუ ერთსხვას გვერდზე არ ამოუდგებით, უკვე გაწყდა საქართველოში ხიდი და მიდის ხალხი; ეხლა ვერ იგებთ, რა ხდების ბუნებაში; ეხლა ვინც იმას იტყვით, კაი დროიავ, არ ვარგიხართ. აბა სადაა ფქვილი? სადაა პროდუქტი? საით მოვიტან?”

მიხა პაპას ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, რომლის ასაღებადაც ისევ ბარისახოში უნდა ჩავიდეს. თუ გაუმართლა და გზად ვინმე წამოეწია, შეიძლება მანქანითაც ჩაიყვანონ, თუმცა, ძირითადად, ფეხით მიდის. ბოლო წასვლაზე ცენტრამდე სასწრაფომ გადაიყვანა; ფეხით მიმავალი არაგვში ჩავარდნილა, მისი მეზობელი, ამირან არაბული რომ არა, ვერც გადარჩებოდა.

„აი, პენსიის გულისად წასული ვიყავ. პურუჭმელი, წყალი არ მქონდა შესმული, როგორც გავედი არაგვს წავიქეც გზაში. წყალში გავედ-გამოვედ, არც აქ იყო ხიდებ, არც იქ. ზედ გადმოუარა ვალინკებს წყალმა, ჩამიდგა და სისხლი არის გაყინულიო ექთნებ თქვეს. სამ საათს ძირს ვეგდე. ვკვდებოდი, აის კაცი რომ არ მასულიყო. მემრ სასწრაფოს გამოუძახეს. ვიძახდ, ვახ, პენსიის გულისად სად ვკვდები გზაში. მარტო ის მინდოდ, აქ მოვმკვდარიყავ  ჩემ ქოხში. აქ სიკვდილ არ მაჯავრებს, ჩემია აქ“.

დამშვიდობებისას მის მიწურში სხვადახვა დროს ნამყოფი ადამიანების ნომრებით სავსე, ძველი, მწვანე საფულე გამოაქვს და ჩვენი ტელეფონის ნომრებს იწერს, წაგეხმაურებით ხანდახანო. საათს გვაბარებს, ადრე რომ იყო ხელით მოსამართი საათები, იქნებ ნახოთ სადმე და ამომაწოდოთ, ელექტროსაათებს ელემენტები მალე უჯდება და აქ ვერსაით ვყიდულობო.

ახლა მიხა პაპა ჩვენთვის დაბარებულ „მოსაქოქ საათსაც“ დაელოდება, ისევე, როგორც ელოდება ხოლმე სტუმრებს და სახლს. სახლს, რომელზე ოცნებაც ვერც მძიმე ცხოვრებამ წაართვა და ვერც მარტოობამ, - „რაც მშობელს მოვშორდი, არა მინახავს კარგია. მას მერე აქა ვცხოვრობ. არ ვიცი, სხვის არამარე რას ჰქვია, სხვის ხე-ტყე რას ჰქვია; სულ აქა ვარ. ჯერ იმედ არა მაქვს გადაწყვეტილ; არც ის მომფიქრებია, მოვკვდები ან ვერ ვიცოცხლებ. იმედი რაღაცისა მაქვ...“

სალომე ცისკარაული

mtisambebi.ge-ს მოქალაქე რეპორტიორი. აშუქებს ხევსურეთის და რაჭის ამბებს. პროფესიით ჟურნალისტია. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში