„თავისუფალი დრო, რაც კი არსებობდა ჩემ ცხოვრებაში, ყველაფერი აქ მაქვს გატარებული. სკოლის დამთავრებაც იმიტომ მიხაროდა, რომ აქ უნდა ჩამოვსულიყავი. აქ გავიგე თავისუფლება რა არის. ჩემი მეგობრები მდინარეზე შემიყვარდნენ იმიტომ, რომ იქ იყვნენ ნამდვილები. როგორებიც არიან, ისეთები დავინახე და იმის მერე ბავშვობის ძმაკაცები, თუ ვინმე მყავს, აქედან მყავს. პირველად რომ გადმოვხტი სათავეზე, რომ ამოვყვინთე და ცოტა გავცურე, დამოუკიდებლობა პირველად მაშინ ვიგრძენი. მდინარემ თვითონ გაგვაცნო თავის თავი, ჩვენი თავიც მან გაგვაცნო, - რა შეგვიძლია, თმენა როგორ შეგვიძლია. სათავეზე პირველად რომ ვიბანავე, თითქოს უკვე ბიჭი ვიყავი. იქიდან მოყოლებული მარტო ყოფნის შიში აღარ მქონია. თავისუფლების გემოს უფრო ვგებულობ, მარტო როცა ვარ ამ მდინარესთან“ - ბალდის მკვიდრს, ბაჩო თვარაძეს აბაშისწყლის ნაპირზე, ზუსტად იქ შევხვდით, სადაც ზაფხულობით მთელი სოფელი იკრიბება.
ნებისმიერ ბალდელს, ბავშვიდან უხუცესამდე რომ ჰკითხო, მათი სოფლის მდინარეზე, როგორც სულიერზე, ისე მოგიყვებიან. მათ შორის არის თაზო რუხაიაც:
„ყოველი წელი, ყოველი ზაფხული ჩვენთვის იყო ბალდის კანიონთან დაკავშირებული. არამარტო ზაფხული, ზამთარში ნათლისღების დღესასწაულიც“.
მდინარეა მათი პიროვნული იდენტობის ნაწილიც და ხშირად სარჩო-საბადებელიც. თაზოს ოჯახი იქ პატარა საოჯახო სასტუმროს ამუშავებს:
„მთელი ოჯახი ჩართული ვართ ამ საქმიანობაში.
ადამიანი, რომელიც ჩემთან დასასვენებლად მოდიოდა, იმდენად აღფრთოვანებული იყო ამ სოფლის ველური ბუნებით და თავისუფლებით, 1-2 დღეს დამატებით რჩებოდა. ეს ბალდის კანიონის დამსახურება იყო.
ჩემი სახლიდან ჩადიოდნენ უფასოდ და როცა უნდოდათ, რამდენ ხანსაც უნდოდათ, რჩებოდნენ იქ. პირადად ეხებოდნენ იმ ველურ ბუნებას და სრულ ბედნიერებას იღებდნენ იმ სანახაობისგან. მას შემდეგ, რაც ბალდის კანიონი ხალხისთვის მიუწვდომელი გახდა, დარჩა მხოლოდ მასობრივი ტურიზმისთვის პოპულარული ადგილები, რაც ეკოტურისტებს არ იზიდავს. შესაბამისად, ამ ხალხს უკვე ნაკლები ინტერესი აქვს, სოფელში მეტი დრო გაატაროს. აქ გავიზარდე, ცხენები მიყვარს და ჰობის და ბიზნესის შერწყმით, ცხენების ტურებსაც ვაკეთებ. ბალდის კანიონის ამბავი ამ საქმიანობაზეც აისახება. ერთი დღით მოსული ვიზიტორი ჩემი კლიენტი ვერ იქნება. ჩემი კლიენტი არის ადამიანი, ვისაც უყვარს ველური ბუნება, ვინც რამდენიმე დღე რჩება სოფელში და სრულ სერვისს იღებს ჩემგან და ჩემი ოჯახისგან“.
ადგილი, სადაც ბალდელებმა შიშის დაძლევა, მოთმინება და დამოუკიდებლობა ისწავლეს, აბაშისწყლის ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური სივრცეა. სოფელი მას სათავეს უწოდებს. 2013 წლიდან დაცულ ტერიტორიად აღიარებულ ბალდის კანიონზე დღეს მალულად თუ შეიპარები.
ხუთი და ადგილ-ადგილ ათი მეტრის სიგანის ვიწრო ხეობაში მართლაც თვალწარმტაცი სანახაობა იშლება - ზურმუხტისფერი კამკამა წყლით და ორივე მხარეს აღმართული კლდეებით ზემოდან, წყალქვეშაც არანაკლებ ჯადოსნური სანახაობით. კანიონს ორივე მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის ეზოები ესაზღვრება. სწორედ ერთ-ერთის ეზო იყო იქ ჩასასვლელად ყველაზე მოხერხებული ადგილი. მეზობელი რომ არ შეწუხებულიყო, ბალდელებმა გადაწყვიტეს კანიონზე ჩასასვლელი ბილიკი მოეწყოთ. ენთუზიასტებისგან ერთ-ერთი ბალდელი ცოტნე სილაგავა იყო:
„ახალგაზრდებმა მოვინდომეთ, ეკალბარდი გაგვესუფთავებინა და გვერდიდან ჩაგვეყვანა ბილიკი. მაშინ ამოვიდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოდან და გვითხრეს, ეს არის ბუნების ძეგლი, აქ არც ეკალბარდის მოჭრა შეიძლება და არც კენჭის გადატრიალებაო. დავთანხმდით, გვესმის რომ ბუნების ძეგლია და ელემენტარული ჩარევაც არ შეიძლება.“
წინააღმდეგობა სააგენტოს მითითებაზე არ გაუწევია ცოტნე თვარაძესაც:
„იცით, სამეგრელოში სტუმარმასპინძლობა როგორ დონეზეც არის და პირველი, სადაც სტუმარი მოჰყავს ადგილობრივს, ეს ადგილია - სათავე, ბალდის კანიონი. ამ ყველაფრის ფონზე აღმოვაჩინეთ, რომ ეს ჩვენი ყველაზე სოციალური სივრცე, რომელიც სულ დატვირთული იყო, როგორც ადგილობრივებით, ისე ტურისტებით, 40 წლით კომპანიას ჰქონდა ხელში ჩაგდებული“.
2023 წლის აპრილში ბალდელებს კანიონი შემოღობილი დახვდათ. თავდაპირველად ყველამ იფიქრა, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო კანიონზე ჩასასვლელი ბილიკის მოწესრიგებას გეგმავდა.
„მერე უკვე ადგილობრივები როცა საბანაოდ მივიდნენ, ვიღაც რუსულენოვანმა ადამიანებმა მოსთხოვეს, ტერიტორია დაეტოვებინათ. ბალდელებმა, რა თქმა უნდა, უარი უთხრეს. მოგვიანებით მოვიდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოდან და განუმარტეს, რომ ეს უკვე კერძო საკუთრება იყო. აქედან დაიწყო ინფორმაციის მოძიება, რა ხდებოდა, რატომ გაასხვისეს. აღმოჩნდა, რომ შპს „კანიონი 350“-ს გადაეცა 40 წლიანი იჯარით, ადგილობრივებისთვის დაკეტილი იყო და შემდგომში იქ მოსახვედრად მოსახლეობას ფული უნდა ეხადა“.
სოფელი სახტად დარჩა. ბაჩო თვარაძე იხსენებს რამდენიმე გარდამტეხ ეპიზოდს იქამდე, ვიდრე კანიონის მცველებად იქცეოდნენ:
„ყველაზე დიდი ძალა სოფლის უხუცესმა, ლიანა ბებომ მოგვცა. იქამდე ყველას შიში ჰქონდა - არაფერი გამოვა, როგორც ჩანს, მთავრობა გვებრძვის, ასე რომ არაფრად ჩაგვთვალესო. 96 წლის ლიანა ბებომ ჯოხი დაარტყა და რას ჰქვია, მიაქვთ და ჩვენ ამისთვის არაფერს ვაკეთებთო?!“
მეორე გარდამტეხი ეპიზოდი მაშინ მოხდა, როცა ბალდელები ინვესტორის ვანდალიზმის მოწმეები გახდნენ - საკუთარი თვალით ნახეს, როგორც რეცხავდნენ ბუნების ძეგლს მაღალი წნევის აპარატით და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახური გამოიძახეს. ადგილზე მისული ინსპექტორები კი უფლებას არ აძლევდნენ, შესამოწმებელ ტერიტორიაზე ადგილობრივებიც შეჰყოლოდნენ, არადა, დაზიანებული უბნების ჩვენება მათ გარდა არავის შეეძლო.
ბაჩო თვარაძე: „უცებ, როცა იმაზე იწყებენ საუბარს, თუ ასე უნდა გვეჯიკაოთ, დაგიჭერთო, 11 წლის გოგონამ ჩაგვიარა და და დაინახა, რომ ჩვენ, 6 ბიჭი ვართ ამდენი პოლიციელის პირისპირ მარტო. ეს ბავშვი უცებ შეიპარა სათავეზე, ბალდის კანიონზე და მდინარეში გადახტა. დავინახეთ, რომ გაცურა. თურმე იქამდე მიუცურია, სადაც მთელი სოფლის საბანაოა. დანარჩენებს შეატყობინა, რომ სათავეზე ასეთი ამბავი ხდებოდა და და უცებ „ბეჭდების მბრძანებელში“ რომ არის, ელფები რომ შემოვლენ, ზუსტად ისე ზოგი ბავშვი გზიდან მორბის, ზოგი ხეობას ამოუყვა, კლდიდან ხტებოდნენ, ქვემოდან მოცურავდნენ. გაივსო სათავე ბავშვებით. აგრძნობინეს, რომ ჩვენ ვართ აქ! ჩვენი თავისუფლება აქ არის! პოლიციის უფროსის მოადგილე შეტრიალდა და ზედამხედველს ეუბნება, ამაზე რა ვქნათ, ამათ ხომ ვერ გავყრითო?! და იმათ თუ ვერ გაყრიდნენ, ვერც ჩვენ აგვიკრძალავდნენ შესვლას. შევყევით გარემოს ზედამხედველობის სამსახურს, ადგილები აღვწერეთ, სადაც არ უნდოდათ მისვლა გარემოს ზედამხედველებს, სხვა გზა აღარ დარჩათ“.
მალე, ბუნების ძეგლზე, სადაც ადგილობრივებისთვის კენჭის გადაბრუნება და ეკალბარდის მოჭრაც აკრძალული იყო, ცემენტით დატვირთული სამშენებლო მანქანები პოლიციის ესკორტით მოაცილეს და როლერ-კოსტერის გამშვები სადგურის ასაშენებლად ბეტონის ჩასხმა დაიწყეს. ცოტნე თვარაძის თქმით, ბალდელებმა მხოლოდ მოგვიანებით დაადგინეს, რომ ეს ტერიტორია კომპანიის იჯარაში არ შედიოდა და სამუშაოებს უკანონოდ ასრულებდნენ: „7-10 მეტრი ჩამოათალეს იმ ტერიტორიაზე, რომელიც მათ არ ეკუთვნოდათ. დაიწყეს კონსტრუქციის მშენებლობა. მოგვიანებით მერიამ აზომვითი სამუშაო ჩაატარა და დადასტურდა, რომ ეს ტერიტორია მითვისებული ჰქონდათ. ახლა როლერის გამშვებ პუნქტთან ვდგავართ. ეს ზიპლაინისმაგვარი ატრაქციონია, რომელიც ბევრად უფრო აზიანებს ბუნების ძეგლს. ზიპლაინისგან განსხვავებით, ის რელიეფს მიუყვება და ამისათვის მათ სჭირდებათ, ყოველ რამდენიმე მეტრში რკინის ტროსებით მიამაგრონ დიდი მილი. ეს გზა კანიონის ბოლომდე უნდა გაასუფთაონ, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა მოჭრან ხეები, უნდა ჩამოთალონ კლდეები, ნიადაგი უნდა ჩამორეცხონ კლდეებიდან, რომ უფრო მყარი ზედაპირი მიიღონ. ეს იწვევს იერსახის შეცვლას. ეს ექსტრემალური ტურიზმია და არის სისხლის სამართლის დანაშაული. ბუნების ძეგლზე ეს აკრძალულია. ყველა ფასეულობა, რის გამოც ეს არის დაცული ტერიტორია, ბალდის კანიონს ეკარგება.
ბუნების ძეგლი კი არ უნდა მოერგოს პროექტს, პროექტი უნდა მოარგონ ბუნების ძეგლს“.
ბალდის მკვიდრებმა კანიონის ჩასასვლელთან კარავი გაშალეს. 600-ზე მეტი დღეა კარავში რამდენიმე ადამიანი მორიგეობს. ორი წელია ბალდა თავის საკრალურ მდინარეს დღე და ღამე, ზამთარ-ზაფხულ დარაჯობს.
ცოტნე თვარაძე: „მიზეზი, რის გამოც აქ ვართ გამოკეტილები, არის კორუფცია, რომელიც დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერიან მჭედლიძის მხრიდან მოდის.
მან მიითვისა ის, რაც უნდა დაეცვა და ხალხისთვის შეენარჩუნებინა. გამოირკვა, რომ ბალდის კანიონის გარდა, ძალიან ბევრი ბუნების ძეგლი აქვს მითვისებული და მონეტიზაცია აქვს ჩართული. ხალხს იმაში ახდევინებს ფულს, რაც ყველასია და ამით მხოლოდ თვითონ მდიდრდება“.
ბალდის კანიონს, ისევე, როგორც აბაშისწყლის რამდენიმე მონაკვეთს, სტატუსით ბუნების ძეგლებს, გამოქვაბულებსა და ჩანჩქერებს ორთავიანი გველეშაპი დაეპატრონა. ერთი იმ უწყების ყოფილი ხელმძღვანელია, რომელსაც ბუნების ძეგლების დაცვა ევალებოდა და რომლის ხელში გადიოდა ყველა ცნობა, მომავალში გასაიჯარებელი პროექტებისა და მათი ფინანსური პოტენციალის შესახებ.
ვალერიან მჭედლიძე დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2018-2021 წლებში ხელმძღვანელობდა. დღეს კი ბუნების არაერთი ძეგლი მისი ბიზნესია - ბიზნესები, რომელსაც საკუთარი თუ დედისა და ცოლის სახელით ფლობს.
გველეშაპის მეორე თავი რუსეთში საქართველოს ფაქტობრივი ელჩი მამუკა მერკვილაძეა. კაცი, რომელიც ოკუპანტ ქვეყანასთან პირდაპირი ფრენების აღდგენას და სავიზო რეჟიმის გაუქმებას ლობირებდა. რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელს ოკუპანტი სახელმწიფოს ხელისუფლებასთან ხმის მიწვდენა არ უჭირს.
ინტერნეტში ადვილად იძებნება კადრები, რომელშიც მამუკა მერკვილაძის ცოლი, თამარ დუდუნია სიმღერის კონკურსის გამარჯვებულის პრიზს არც მეტი, არც ნაკლები, რუსეთის თავდაცვის მინისტრისგან იღებს. სერგეი შოიგუს ხელდასხმული მომღერალი თავის შლაგერებს და გულისამაჩუყებელ პოსტებს არ იშურებს რუსული არმიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზეც.
პოლიტიკური შოუბიზნესიდან ადგილობრივ კორუფციულ ბიზნესს რომ დავუბრუნდეთ,
მჭედლიძე-მერკვილაძე ბალდის კანიონს 40 წლით დაეპატრონენ. და ამ 40 წელიწადში ბიუჯეტში რაც შეიძლება ნაკლები რომ გადაეხადათ, ბალდის მიწები რეალურ საბაზრო ფასზე გაცილებით ნაკლებად შეუფასეს.
„ჯერ ხომ კაპიკებად შეაფასეს ბალდის კანიონის უნიკალური ძეგლი. ვიცით ჩვენ, რომ 5,5 ლარად აქვთ 1 კვ.მ შეფასებული. დაშბაშის კანიონიც არის 4.2 ლარად კვ.მ შეფასებული, რატომ? - იმიტომ, რომ იაფი გადაიხადონ ყოველწლიური გადასახადი, როცა ინვესტორებად მოგვევლინებიან და 30, 35, 40 წლით ხელში იგდებენ ამ უნიკალურ ადგილებს. როგორ იგდებენ ხელში - ისე, რომ არავინ ადგილობრივი მოსახლეობიდან ამის შესახებ არაფერი იცის“, - ამბობს აქტივისტი სალომე სიმონია.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ დაქირავებულ აუდიტს ბალდის კანიონის შეფასებისას შესადარებლად მარტვილის იმ სოფლებში მდებარე მიწის ნაკვეთები აქვს გამოყენებული, რომლებიც ბალდიდან 10-20 კილომეტრით არის დაშორებული, არც მდინარესთან არის ახლოს, არც ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს და არც რაიმე მსგავსი ღირებულება.
ბალდის მიწის არაადეკვატურად დაბალი ფასის დადგენამ მჭედლიძე-მერკვილაძის კომპანიას გადასახადი გაუიაფა. 24 000 კვადრატული მეტრის იჯარაში, 40 წლის განმავლობაში ყოველთვიურად მხოლოდ 554 ლარს, შემოსავლიდან კი მხოლოდ 6%-ს გადაიხდიან.
„მთის ამბებმა“ დაცული ტერიტორიების სააგენტოს 45 ასეთი ხელშეკრულება შეისწავლა. მჭედლიძესთან დაკავშირებული კომპანიების გადასახადი ყველგან 6-დან 9%-მდე მერყეობს, სხვა შემთხვევებში მოიჯარეებს 9%-დან 30%-მდე ახდევინებენ.
ბალდის კანიონის მოიჯარეს შემსრულებლებად რუსულენოვანი კონტრაქტორები ჰყავდა დაქირავებული. „კანიონი 350“-ის თანამშრომლები რუსულ-ქართულად ავლენდენ აგრესიას იმ ადამიანების მიმართ, ვისაც მთავარი მარგალიტი წაართვეს და ვისთანაც 40 წელი მოუწევთ ურთიერთობა. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზე ცოტნე თვარაძე გვიყვება:
„კომპანიის შეიარაღებული თანამშრომლები თავს დაგვესხნენ. მინდია ბჟალავას ხანჯლით 7 ჭრილობა მიაყენეს. ის სასწაულებრივად გადარჩა. ქალს სანადირო იარაღი შუბლზე დაადეს. მერე კარავში მოვიდნენ და ერთ-ერთი ადამიანი შედარებით მსუბუქად დაიჭრა“.
ცოტნე სილაგავა: „ქალები, ხნიერი ადამიანები, ჩვენი დედიკოები კარავში იყვნენ და, ბოდიში და, შუა თითები აჩვენეს. ეს ძნელი მოსათმენია. ბალდელებს რომ დედას აგინებენ, აქ მე ადამიანობას ვერ ვხედავ“.
დახვეწილ მანერებს არამხოლოდ რიგით თანამშრომლებს, კომპანიის ხელმძღვანელობასაც ვერ დააბრალებ. ადგილობრივებისა და მედიის მიმართ მერკვილაძეები, ძმები და ბიძაშვილები, თანაბრად მტრულად არიან განწყობილები.
ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, თავად ვალერიან მჭედლიძე და მამუკა მერკვილაძე ინტერვიუზე ვერ დავითანხმეთ. შესაბამისად, ვერაფრით აიხსნა ის ფაქტი, საიდან ჰქონდა ყოფილ საჯარო მოხელეს იმდენი თანხა, რამდენიც ზოგიერთ შემთხვევაში დასჭირდა წილების შესაძენად სხვადასხვა კომპანიაში, რომლებიც ბუნების ძეგლებზე ოპერირებენ. ასეთი თანხები მჭედლიძის ქონებრივ დეკლარაციებში მითითებული არ არის.
ბალდა სასამართლოს გზით ითხოვს იმ ხელშეკრულების გაუქმებას, რომელიც სახელმწიფომ „კანიონი 350“-ს გაუფორმა. კომპანია არც არსებობდა, როცა დაცული ტერიტორიების სააგენტომ ბალდის ბუნების ძეგლზე აუქციონი გამოაცხადა. 3 დღეში შექმნილი შპს კი, აუქციონის ერთადერთი მონაწილე და, ცხადია, უკონკურენტო გამარჯვებული გახდა.
სალომე სიმონია, სამოქალაქო აქტივისტი: „კონკრეტულად, ამ კომპანიაზე იყო ეს აუქციონი მორგებული. ზიპლაინებს და ასეთ ატრაქციებს, როგორც თვითონ ამბობენ, მხოლოდ ისინი აკეთებენ ამიერკავკასიაში. აუქციონზეც იმიტომ დააყენეს ამ ატრაქციის მოწყობის პირობა, რომ ამის შესრულება მხოლოდ მათ კომპანიას შეეძლო. ეს პროექტი თავიდან ბოლომდე მოარგეს „კანიონი 350“-ს“.
ამის შემდეგ დღის წესრიგში დადგა, როგორ მორგებულიყო თავად კანიონი ერთი მხრივ გადაწყვეტილების მიმღები მოხელისა და მეორე მხრივ, რუსეთში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლის მადას, - სადმე რამე კლდე ხომ არ იყო ზედმეტი, სადმე ზედმეტი ხე ხომ არ ხარობდა?!
თაზო რუხაია, ბალდის მკვიდრი: „თვითონ კი არ ერგებიან ხეობას, ხეობა უნდათ, რომ მოერგოს მათ ჯიბეს“.
დაცული ტერიტორიების სააგენტომ კანონის მოთხოვნის საპირისპიროდ აზრი არ ჰკითხა ადგილობრივ მოსახლეობას. ჩვენ დავინტერესდით, ჰკითხა თუ არა ექსპერტებს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოდან, რომელიც უწყებას სწორედ ასეთი გადაწყვეტილებების მისაღებად აქვს შექმნილი. შემთხვევა, როდესაც საბჭოს სხდომა რომელიმე ბუნების ძეგლზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურის მიზანშეწონილობას მიეძღვნებოდა, ვერ გაიხსენეს „ნაკრესის“ დირექტორმა, ირაკლი შავგულიძემ და „საბუკოს“ დირექტორმა, ირაკლი მაჭარაშვილმა. ორივე საბჭოს წევრია.
გარემოსდაცვითმა ორგანიზაცია „საბუკომ“ (საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის) დაცული ტერიტორიებისა და სამეურნეო ტყეების მმართველობის ხარისხი იკვლია და დაასკვნა, ყველაზე ცუდ შეფასებას საქართველოში დაცული ტერიტორიების გაიჯარების შედეგად მიღებული მმართველობის ფორმა იმსახურებს.
ირაკლი მაჭარაშვილი, „საბუკოს“ დირექტორი: „დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა ემსახურებოდეს ბიომრავალფეროვნების და იმ ღირებულებების უკეთ შემეცნებას, რისთვისაც ეს დაცული ტერიტორიები საერთოდ შეიქმნა. თუ დაცული ტერიტორიის მთავარ დანიშნულებად ადრენალინის გამოყოფას განვიხილავთ, დაცული ტერიტორია რაღაზე შევქმნათ, ისე გავაკეთოთ ეს ატრაქციონები“.
ნინო ჩხობაძე, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი: „ბილიკების დაბეტონება დაცულ ტერიტორიებზე ყოვლად შეუძლებელია. ეს ნონსენსია.
ეკოსისტემა რისთვის არის? ჩვენ იქ ვიცავთ არაერთ სახეობას, ჩიტებს ვიცავთ, მათი ჭიკჭიკი და გალობა უნდა გვესმოდეს და ზიპლაინი რომ გადაგიფრენს თავზე, რომელ ჭიკჭიკზეა ლაპარაკი?!
ფოიერვერკებს აწყობენ ხოლმე ზოგჯერ ეროვნულ პარკებში. ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ეს არ არის ეროვნული პარკი ან დაცული ტერიტორია“.
ბალდის კანიონი ბუნების ერთადერთი ძეგლი არ არის, რომელიც ვალერიან მჭედლიძემ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარეობისას მოიზომა.
მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს ოკაცეს კანიონი, - ბუნების ძეგლის 42 ათასი კვადრატული მეტრი ტურისტული სერვისის გაწევის, იქ საფეხმავლო ბილიკების, 4 გადასახედის, 3 ფანჩატურის, პარკინგისა და ზიპლაინის მოწყობის პირობით შპს „220“-ს 35 წლით გადაეცა. სამ წელიწადში, როდესაც მჭედლიძე უკვე აღარც დაცულ ტერიტორიებში მუშაობს და შემდეგი პოსტიც - შიდა ქართლის გუბერნატორის სავარძელი დაკარგული აქვს, ოკაცეს კანიონის მეწილეების სიაში მისი დედა, ანი გიუნაშვილი ჩნდება. შემოსავალიც, საიდანაც სახელმწიფოს მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს მიღებული გადაწყვეტილებით, მხოლოდ 9%-ს უხდის, მის ოჯახში რჩება. მისი პარტნიორი ოკაცეშიც მერკვილაძეა.
ნინო ჩხობაძე, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი: „ეს არის კლასიკური ინტერესთა კონფლიქტი“.
კლასიკური ინტერესთა კონფლიქტია მარტვილის კანიონის შემთხვევაც.
2020 წელს დაცული ტერიტორიების სააგენტო ვალერიან მჭედლიძის ხელმძღვანელობით აცხადებს ტენდერს მარტვილის კანიონში ზიპლაინის მოწყობაზე. 3 დღეში რეგისტრირდება კომპანია „ექსტრიმლაინი“ და იგებს აუქციონს. სამ წელიწადში კი, როცა მჭედლიძე საჯარო სამსახურიდან მიდის, „ექსტრიმლაინი“ მისი საკუთრება ხდება, - მას მჭედლიძის კომპანია, „ვიზიტორი 1“ ყიდულობს. ყველაფერში ფულის გადახდა არ უწევს. კიდევ ერთ შპს-ს, რომელსაც კინჩხას ჩანჩქერთან 800 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი რესტორნისთვის გადაეცა, ვალერიან მჭედლიძეს ჩუქნიან. ის დღეს ამ კომპანია „ტი ენ დის“ 35%-იანი წილის მფლობელია.
ადგილობრივი მოსახლე ირაკლი მალანია, რომელიც საკუთარი მანქანით ტურისტებს ემსახურება, თავის შეხედულებას გვიზიარებს: „ერთ-ერთ წელს მარტვილის კანიონს 360 000 ვიზიტორი ჰყავდა, 10.5 მლნ იყო შემოსავალი და მარტვილის მუნიციპალიტეტში ლარიანი არ დარჩენილა. არ გინახავს, რას ჰგავს შემოსასვლელში გზა? ავტობუსი მოვიდა მარტვილის კანიონთან. რამდენიმე ბავშვი, ქართველები მშობლებთან ერთად დარჩნენ, ვერ შევიდნენ. რატომ დარჩნენ, იცი? პრომეთეში 20 ლარი გადაიხადა, მარტვილში 32 ლარი, ოკაცეში 20 ლარი და მინიმალური ხელფასი 400 ლარი გაქვს. იჩაგრებიან. მაშინ მიზერული თანხა დააწესე - 1 ლარი. 3 შვილის პატრონი რომ ვარ, 90+90+90 ლარი რანაირად? დათვივით წავიღო ქუსლი?“
კიდევ ერთი გზა, რისი მეშვეობითაც მჭედლიძე დაცული ტერიტორიების გურუ გახდა, ბილეთების ელექტრონული გაყიდვების ექსკლუზიური უფლება იყო. სახელმწიფოს მიერ დადგენილ საფასურს 15 %-ს ზემოდან ბილეთების გამყიდველი კომპანია თავისთვის ამატებს. მან ეს უფლება შპს „გურუს“ 2019 წლის აპრილში, მისი თავმჯდომარეობის დროს, 10 წლის ვადით მიანიჭა.
დღეს კი, მამუკა მერკვილაძესთან ერთად თავად არის იმ კომპანიის მფლობელი, რომელიც მარტვილისა და ოკაცეს კანიონებში, კინჩხას ჩანჩქერზე, სათაფლიის ნაკრძალში, ნავენახევისა და პრომეთეს მღვიმეებში - ანუ საქართველოს ყველაზე მონახულებადი ბუნების ძეგლების ბილეთებს ყიდის.
ირაკლი მაჭარაშვილი, „საბუკოს“ დირექტორი: „ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დაცული ტერიტორიაა აფრიკაში ნგორონგოროს ეროვნული პარკი. შესვლა მხოლოდ დღის 4 საათამდეა. ამ წესის დარღვევისთვის შეიძლება დაგიჭირონ და შეიძლება გესროლოს კიდეც რეინჯერმა. ჩვენთან კი რა მოხდა - იმის გამო, რომ ბევრი მსურველი იყო, გადაწყვიტეს, ღამეც შეეშვათ ზოგიერთ დაცულ ტერიტორიაზე. მარტვილის კანიონზე განათებები ჩართეს, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ღამის განათებას რა უნდა დაცულ ტერიტორიაზე?!
დაცული ტერიტორიების არსი ველური ბუნების, მისი მრავალფეროვნების დაცვაა, ასევე შემეცნება - ადამიანებისთვის ველურ ბუნებასთან ურთიერთობა იმისთვის, რომ გარემოს დაცვამ მათი სახით მეტი გულშემატკივარი შეიძინოს. ამდენად, დაცულ ტერიტორიებზე დასაშვები და სასარგებლოა ეკოტურიზმის, მაგრამ არა მასობრივი ტურიზმის განვითარება და მითუმეტეს მათი ისეთი ატრაქციონებით განადგურება, რომლებიც სხვა სივრცეშიც თავისუფლად შეძლება მოეწყოს.
ბაჩო თვარაძე, ბალდის მკვიდრი: „ადამიანი, რომელსაც აქვს შეხება ველურ ბუნებასთან, შეუძლია მდინარეში გაცუროს, ეს უფრო შემეცნებითია თუ როლერ-კოსტერით დაშვება 30 წამით, ეს ვკითხეთ თომა დეკანოიძეს, დაცულების უფროსის ახლანდელ მოადგილეს და ამბობს, რა თქმა უნდა როლერ-კოსტერი იმიტომ, რომ ზემოდან უყურებ ყველაფერსო. შოკში ვიყავით. დაგვეთანხმებითო, რომ ეს ჩანთიანი ტურისტები ფულს არ ტოვებენ, სხვებზე უნდა გადავიდნენო. ჩანთიანებში ევროპელ ტურისტებს გულისხმობს. ბოლო წლებში სულ რუსები და არაბები დადიან. ევროპელი ტურისტები ადგილს არ დატოვებდნენ, რომ არ მოენახულებინათ. მათთვის ყველაზე ძვირფასი ადგილობრივებთან კომუნიკაცია იყო. ფულსაც ეგენი ყველაზე მეტს ტოვებდნენ. ერთ ოჯახში რჩებიან, მეორესთან სულგუნს ყიდულობენ, მესამესთან ღვინოს და გამოდის, რომ სახელმწიფო უფრო ვითარდება. ამაზე დიდი განვითარება სახელმწიფოსთვის არ არსებობს, როცა ყოველი მოსახლე ფეხზე დგას და რაღაცას აკეთებს“.
ადამიანებს, რომელთა ძირითადი მოწოდება და პროფილი ფულის კეთებაა, გარემოს დაცვაშიც შემთხვევით მოხვდნენ და ტურიზმის საზომიც სულადობა ჰგონიათ, გვინდა საერთაშორისო და ეროვნული სტატისტიკა შევახსენოთ. ეგრეთწოდებული ჩანთიანი ტურისტები, ვიზიტორები ევროპიდან და ამერიკიდან, ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობისას სამჯერ მეტ ფულს ტოვებენ, ვიდრე რუსები და უფრო ქონგურებს, წნულებს, ნართებს, ქვაში ნაკვეთ საფეხურებსა თუ ხის ოდასახლებს ეძებენ, ვიდრე „ფენსი“ სკამებს, ზიპლაინებსა და როლერ-კოსტერებს.
მალხაზ ბჟალავა, ბალდის მკვიდრი: „სამშობლო არის მდინარე, მთა, რაც საერთოა, შენია და ჩემია, ეს არის სამშობლო. 40 წელი იჯარაა და 40 წლის მერე მე ვიქნები? ვერ გაძღნენ, ესენი ფულის საშოვნელად არიან მოსული. იმიტომ არ აკეთებდნენ, რომ ხელში ჩასაგდებად უნდოდათ. მერე გააკეთებენ და გეტყვიან, აი, რა იყო და რა გავაკეთე, ეკალბარდს მიჰქონდა აქაურობაო“.
პირველი და უმთავრესი, რაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს უნდა გაეკეთებინა იქამდე, ვიდრე ბუნების ძეგლების გაიჯარების გადაწყვეტილებას მიიღებდა, მერე ინვესტორი შემოღობავდა და ხეების ჩეხას, კლდეების დაკერხერებას და რკინაბეტონით შენებას შეუდგებოდა, იყო მენეჯმენტის გეგმა. ეს არის მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტი, შემუშავებული ექსპერტთა ჯგუფის მიერ, რომლითაც იმართება დაცული ტერიტორიები.
„მთის ამბების“ მიერ სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, მარტვილისა და ოკაცეს კანიონებზე მენეჯმენტის გეგმა ახლა იწერება, როცა იქ მთელი ინფრასტრუქტურა უკვე მოწყობილია, ბალდის კანიონის მენეჯმენტის გეგმაზე მუშაობა კი ჯერ არც დაწყებულა.
ირაკლი მაჭარაშვილი, „საბუკოს“ დირექტორი: „მენეჯმენტის გეგმა არ აქვს ზოგიერთ დაცულ ტერიტორიას იმ საბაბით, რომ ბიუჯეტში ამდენი თანხა არ აღმოჩნდა. საუბარია 50 000 დოლარზე, ამაში შედის კვლევებიც. მეორე მხრივ, მილიონობით ლარი იხარჯება ბილიკების მარკირებისთვის. საუბარია იმ ბილიკებზე, რომელზეც მენეჯმენტის გეგმამ შესძლოა მოგვიანებით თქვას, რომ აქ კი არა, აქ უნდა გაგეყვანათო“.
ზიპლაინი და როლერი ბალდელებს პირდაპირ ეზოებში უდგათ და ბუნების სანუკვარი საჩუქრის ფასს ზედმიწევნით აცნობიერებენ. ადგილობრივი თემები, როგორც გარემოს ტრადიციული მოსარგებლეები და გუშაგები, დაცული ტერიტორიების პოლიტიკაში მთავარი გმირები უნდა იყვნენ. ხელისუფლება კი მოქალაქეებს, ბუნებასა და ინვესტორებად გადაქცეულ ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის, ამ უკანასკნელებს ირჩევს.
ბაჩო თვარაძე, ბალდის მკვიდრი: „სახელმწიფო ჩვენ ვართ, ადამიანები. ეს ქვეყანა არის უბრალო მცხოვრებლების. მთავრობის მმართველები ჩვენ ვართ და არა პირიქით“.
მეორე წელი იწურება, სამეგრელოს პატარა სოფელი დღე და ღამე, ზამთარ-ზაფხულ დარაჯობს თავის ზურმუხტისფერ მდინარეს, რომელზეც როგორც სულიერზე, ისე ლაპარაკობენ და არა ფულის წყაროდ, არამედ სიცოცხლის წყაროდ აღიარებენ, ხეობად, რომელმაც მათ დამოუკიდებლობა, მოთმენა, შიშის დაძლევა ასწავლა და ძალა აპოვნინა საკუთარ თავში.