ხარაგაულის მერია კი ამბობს, რომ სახიფათო არეალიდან ადამიანები გაიყვანეს, მაგრამ ტყუილია. სტიქიური უბედურების ზონაში ხალხი ჯერ ისევ ცხოვრობს, ბევრ მათგანს წასასვლელი არსად აქვს. მერიის მიერ შეთავაზებული მიზერული თანხით სახლებს ვერ ქირაობენ.
გარემოს ეროვნული სააგენტო პირველივე დასკვნით ცდილობს, დაგვაჯეროს, რომ მეწყრული პროცესები აქტიურმა ნეოტექტონიკურმა მოძრაობებმა და 2025 წლის ზამთარში და გაზაფხულზე მოსულმა უხვმა ნალექებმა გამოიწვია. „მთის ამბების“ მიერ შეგროვებული მასალებით კი ირკვევა, რომ როცა ჩინური კომპანია თბილისი-ბათუმის სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზებას ახორციელებდა, გვირაბის გასაჭრელად და რკინიგზის გასაფართოებლად მთას დიდი ხნის განმავლობაში აფეთქებდნენ, სოფლებიც მეწყერსაშიში სწორედ ამ პერიოდში გახდა.
ადგილობრივი მცხოვრებლები გვიყვებიან, რომ თბილისი-ბათუმის რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, 2019 წლიდან მომდევნო პერიოდში, ძლიერი აფეთქებების ხმა სახლებში ხანგრძლივად ესმოდათ. რუკაზე გავზომეთ მანძილი მათი სახლებიდან რკინიგზამდე, ახალგაჭრილ გვირაბამდე და მოჭრილ მთამდე.
ექსპერიმენტის შედეგად დავაზუსტეთ, რომ ვინც რკინიგზიდან ორ კილომეტრში ცხოვრობდა, მათ აფეთქებების ხმაც ესმოდათ და ვიბრაციასაც გრძნობდნენ. ვისი სახლებიც უფრო მოშორებით იყო ან ჯერ კიდევ დგას, ისინი მხოლოდ აფეთქებების ხმას იგებდნენ. ჯამში, პირისპირ და ტელეფონით 35 ოჯახს ვესაუბრეთ. მხოლოდ 4-მა გვითხრა, რომ აფეთქებების ხმა არ გაუგია. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები რკინიგზის მოდერნიზებამ გამოიწვია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა ხემაღალსა და ღვერკში არსებული მდგომარეობა უკვე შეაფასეს. პირველად დასკვნაში ისინი ვიზუალურ დათვალიერებას ეყრდნობიან და წერენ, რომ მეწყრული პროცესები აქტიურმა ნეოტექტონიკურმა მოძრაობებმა და 2025 წლის ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში მოსულმა უხვმა ნალექებმა გამოიწვია.
მიუხედავად იმისა, რომ რკინიგზის გასაფართოებლად ხემაღალის ძირში მთა არის მოჭრილი, იქვეა ახალგაჭრილი გვირაბიც, რომლისთვისაც მთა აფეთქებებით გახვრიტეს, გეოლოგებმა პირველად დასკვნაშივე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საკვლევ ტერიტორიაზე ადამიანის არასწორი საინჟინრო-სამეურნეო საქმიანობით გამოწვეული გართულებები არ ფიქსირდება.
საქართველოს გეოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტი და გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი შოთა ადამია, გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნას კატეგორიულად არ იზიარებს და ამტკიცებს, რომ
თუ არა ადამიანის ჩარევა, ერთადერთი, რასაც ღვერკსა და ხემაღალში ასეთი მასშტაბის პროცესების გამოწვევა შეეძლო, ძლიერი მიწისძვრაა. ასეთი მიწისძვრა კი საქართველოში ბოლო 34 წლის განმავლობაში არ მომხდარა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი დასკვნის შემდეგ, ხარაგაულის მერიამ კერძო კომპანია „გეოლოჯიქი“ დაიქირავა და თითქმის 150 ათას ლარად კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ჩატარება დაუკვეთა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ უნდა გამოიკვლიოს, ვარგისია თუ არა სახლები საცხოვრებლად, როგორი და რამდენია ნაპრალების ფორმა და ზომა, რა ფართობზეა მეწყერი გავრცელებული და გეოლოგიური რუკაც შეადგინოს.
მერიამ კომპანიას არ დაავალა მთავარი საკითხის გარკვევა - რამ გამოიწვია მეწყრული პროცესები.
„მთის ამბებმა“ შეისწავლა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური ბიულეტენები 2014 წლიდან. ეს არის ყოველწლიური დოკუმენტი, სადაც აღწერილია გეოლოგიური საფრთხეები მთელი საქართველოს მასშტაბით.
ხარაგაულის სოფელი ღვერკი სპეციალიზებულ რუკაზე 2016 წლის ჩათვლით საერთოდ არ არის დატანილი, პირველად 2017 წელს ჩნდება იასამნისფერი აღნიშვნით, რაც გეოლოგიურად დაძაბულ უბანს ნიშნავს. 2021 წლიდან კი ღვერკი უკვე წითლადაა მონიშნული, ანუ მეწყერსაშიში გახდა.
ზესტაფონი-ხარაგაულის რკინიგზის მონაკვეთის მოდერნიზება სწორედ 2019 წლიდან დაიწყო და 2021 წელსაც მიმდინარეობდა.
არაერთი მცდელობის მიუხედავად, გარემოს ეროვნული სააგენტოდან ვერ მივიღეთ განმარტებები, 2021 წელს სოფელი ღვერკი რის საფუძველზე მონიშნეს მეწყერსაშიშ ზონად და გეოლოგიური ვითარების მკვეთრად გაუარესების გამო, შეფასდა თუ არა, რა ზეგავლენა ექნებოდა რკინიგზის მოდერნიზების პროექტს ირგვლივ მდებარე დასახლებულ პუნქტებზე. „მთის ამბებმა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ეს მასალები წერილობით გამოითხოვა.
თბილისი-ბათუმის სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის სამუშაოებს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო ასრულებდა, რომელმაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში არაერთი სახიფათო პრობლემა შექმნა მანამდეც, ვიდრე ღვერკი მეწყერსაშიშ ზონად იქცეოდა. „მთის ამბები“ ამ თემაზე მოკვლევას აგრძელებს.
ხემაღალსა და ღვერკში უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ბინის დროებით დასაქირავებლად 300 ლარს სთავაზობს, ამ ფასად ბინის დაქირავება უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია.
მათ, ვისაც სახელმწიფო ეკომიგრანტის სტატუსს ანიჭებს, 30 ათას ლარს უხდიან საცხოვრებელი სახლის შესაძენად და ცხოვრების თავიდან დასაწყებად. ვისაც სადმე სხვა საცხოვრებელი აქვს, მას 30 ათასლარიან კომპენსაციასაც არ ჰპირდებიან.
ეკომიგრანტებისთვის საკომპენსაციო თანხის ოდენობა ჯანდაცვის მინისტრის 2013 წლის ბრძანებით არის განსაზღვრული და 12 წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა. 2013 წელს დეპუტატის ყოველთვიური ხელფასი 2000 ლარი იყო, დღეს თითქმის 12 ათასი ლარია.