საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მარტოკაცი ჭეშოდან პირველად 55 წლის შემდეგ - პირიქითის ხეობას მუდმივი მცხოვრები ჰყავს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:23 - 25 თებერვალი 2019 hits 23626

ოჯახის წევრები 5 თვეა არ უნახავს. გასული წლის ოქტომბრიდან მარტოა. თუშეთში, პირიქითის ხეობის სოფელ ჭეშოში 55 წელია მუდმივად აღარავის უცხოვრია. წელს პირველად ზურაბ აბალოიძე დარჩა და ზამთრობით გაუკაცრიელებული საზღვრისპირა კუთხე გააცოცხლა.

დილის 10 საათია. ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში, კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე ოცამდე ადამიანია შეკრებილი. ვერტმფრენს ელოდებიან. 20-25 წუთის შემდეგ, გომბორის თავზე შეყრილი ღრუბლებიდან ვერტმფრენის ხმა ისმის.

ბარგს ვერ ტევენ, ვერც თვითონ ეტევიან. ვერტმფრენს თბილისიდან 8 ადამიანი მოჰყვა. თუშები უკმაყოფილოები არიან, მაგრამ სტუმრების ვიზიტი გუბერნატორთან ყოფილა შეთანხმებული!

ალვანიდან თუშეთში წამსვლელთაგან ათზე მეტ მამაკაცს შორის ერთი ქალია - მაგული აბალოიძე. ჭეშოში ქმრის სანახავად მიფრინავს. ხუთი შვილიდან ერთ-ერთი, 23 წლის ბიჭი ახლავს თან. ზაზა იქ აპირებს დარჩენას, მამასთან, რამდენიმე კვირით მაინც. ზაფხულამდე სახლის შეკეთებას ჩქარობენ, ტურისტები რომ მიიღონ.

თუშეთში ყველაზე მეტი მოზამთრე, 18-20 ადამიანი ომალოშია. კაკო, ყაჩაღა, ექიმი, მერცხალა - ყველა ტომარას პატრონის სახელი აწერია. ბარგს 5-10 წუთში ანაწილებენ. შემდეგი გაჩერება ჭეშოა.

პირიქითის ხეობაში 13 სოფელია - ჩიღო, ვეშაგურთა, დართლო, კვავლო, დანო, ჭეშო, ფარსმა, ბასო, გირევი, ნაკუდურთა, დაქიურთა, ჰეღო და ჭონთიო.

ხეობაში სიმყუდროვეს ვერტმფრენის ხმა არღვევს. თოვლიან მინდორზე მარტოკაცი ჩანს.

სახლში გვეპატიჟება. კალტი, ყაღი, ხავიწი - პირიქითის ხეობის ერთადერთი მკვიდრი, ზურაბ აბალოიძე თუშურად გვიმასპინძლდება.

„სკოლაში არ ვიყავი მისული, 4-5 წლისა ვიქნებოდი, ის მოხუცი კაცი რომ გარდაიცვალა, ქააძე მოსე. ამ სოფელში, იმ სახლში ცხოვრობდა. დაახლოებით 55 წელია ზამთარში აქ აღარავის უცხოვრია.

- გაგიჭირდათ ჭეშოში გამოზამთრება?

- ბავშვობიდან აქ ვარ გაზრდილი. შეჩვეული ვიყავი, დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. მარტო ორი ზაფხული მაქვს გაცდენილი, ჯარში ყოფნის დროს. დანარჩენი, ადრე გაზაფხულზე ამოვდიოდი, მარტში, აპრილში, საქონელი ამომყავდა, ვთესავდი. ამ ზამთარს დავრჩი. ადრეც მინდოდა დარჩენა, მაგრამ ვერ ვახერხებდი“.

ზურაბ აბალოიძის ოჯახმა, გასულ წელს, მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გრანტი მოიგო, ორწლიანი წვალების შემდეგ. სახლი მოაწესრიგეს, ზაფხულიდან სტუმრებსაც მიიღებენ.

„წლეულს 10 სული ძროხა დავიტოვე. მომავალში სათიბს გავაფართოვებ და 15 სულ საქონელს ვიყოლიებ. მთავარია ჯანმრთელობა. დილით საქონელთან უნდა ჩახვიდე, მოუარო, დაუხვეტო, მოწველო, დაუყარო. მერე ამოხვალ, პური უნდა ჭამო. მერე შუადღე მოდის, საქონელი უნდა გამოუშვა წყალზე. საღამოს საქონელს უნდა დაუყარო. ასე გადის დღე... ერთობი. მერე შევალ, ტელევიზორს ჩავრთავ, ახალ ამბებს გავიგებ. პურს შევჭამ და დავიძინებ. ეგ არის. მოსაწყენია, მაგრამ ბარშიც ასე არ არის? იქაც საქონელთან ვარ, შირაქში ვიყავი ხოლმე. აქ უფრო იოლია, ვიდრე ქვევით.

- რატომაა უფრო იოლი?

- საქონლის შენახვა აქ უფრო იოლია. შირაქიდან გაზაფხულზე აქ რომ ამოხვიდე, 300 კილომეტრი ფეხით უნდა იარო, მერე აქედან ისევ იქ რომ ჩახვიდე, ერთი მაგდენი კიდევ. 600-700 კილომეტრი გამოგდის. იქ კიდევ ზარალია, ან დაკარგავ, ან გადავარდება. აქ არაფერი მიზარალია.

- ხელშეწყობა რაში გჭირდებათ?

- ინტერნეტი არ არის, ვერ იჭერს. ტელეფონი კი არის, მაგრამ მე წამოვედი შარშან, მაისის ნახევრებში, იმის შემდეგ არ მინახავს მეუღლე და ოჯახის კიდევ რამდენიმე წევრი. ინტერნეტი რომ იყოს, რა თქმა უნდა დამეხმარებოდა.

პატარა ტექნიკა გვინდა, სათიბი და საპრესი. ძნელია ყველაფრის ხელით კეთება. ტრანსპორტი რომ იყოს კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ. ახლა ხან ორ კვირაში ერთხელაა, ხან თვეში ერთხელ. ჩავარდნილია წლეულ ფრენები, შარშან ყოველ კვირას იყო.

ათასი შემთხვევაა, რას გაიგებს ადამიანი ცხოვრებაში. ვერტმფრენი იმედია. რაღაც რომ გაგიჭირდეს, დარეკავ და დახმარებას გაგიწევენ. ექიმი ომალოშია, მაგრამ თოვლი როცაა, აქეთ ვერ გადმოვა. აუცილებლად ვერტმფრენი უნდა გამოიძახო.

უახლოესი მეზობელი სოფელ ბოჭორნაში ჰყავს, გომეწრის ხეობაში. ჭეშოდან ბოჭორნამდე დაახლოებით 25 კილომეტრია. ბოჭორნას ერთადერთ მკვიდრს ირაკლი ხვედაგურიძესა და ზურაბ აბალოიძეს ნაყაიჩოს ვეებერთელა მთა ჰყოფთ.

„აი, იქით, ფეხით 2 საათში საზღვარზე ხარ, ჩეჩნეთთან“, - გვიხსნის ჭეშოელი მარტოკაცი: „ხალხი რომ იქნება, იმედია. სამხედროც უნდა იყოს. 30-35 კილომეტრია პირიქითის ხეობის სიგრძე, დაღესტნის საზღვართან. დაცვა უნდა ჩვენს ტერიტორიას.

- რაც აქ დარჩით, უკითხავს ვინმეს, როგორ გამოიზამთრეთ, ვინმე ხომ არ აპირებს მოგბაძოთ?

- ბევრმა კი არ იცის აქ რომ დავრჩი. პირველი წამომწყები ვარ, მაგრამ ახალგაზრდებიც არიან მსურველები - დავრჩებითო, ვინც მკითხა და გაიგო. ცოტა ყურადღება სჭირდებათ, პატარა ხელშეწყობა. მე არსად წასვლას აღარ ვაპირებ, ვიდრე არ წამიღებენ“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში