საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ერთი კაცის სოფელი – ენთას მთელი ღამე ნათურა, სოფლიდან შუქი რომ გავიდეს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:45 - 06 აპრილი 2017 hits 115044

„მთელი ღამე სინათლეს ანთებულს ვტოვებ, ისევ მეთქი დაიხარჯას ის ორი თეთრი და ენთას მთელი ღამე ნათურა, რომ სოფლიდან შუქი გავიდეს. არ მინდა, ვინმეს ეგონოს, რომ ნასოფლარია და არვინ ცხოვრობს. დაინახონ, ცოცხლობს ეს სოფელიც“, - ამბობს 76 წლის ვახტანგ ფიცხელაური. ის მარტო ცხოვრობს ყაზბეგის რაიონის სოფელ ქოსელში. ქოსელი, ან მოხეურად ქოსელთა, სნოს თემის სოფელია, ახალციხიდან კარკუჩას გზას ვიდრე დაადგები, მდინარის გაღმა, მთაზეა შეფენილი.

„დღეს რამდენი ვცხოვრობთ აქ? რამდენი? მხოლოდ მე... სადაა მეზობელი, თვეში ერთხელ შეიძლება გავიდე გაღმა, თუ საქმე რამეა, თორემ „ბირჟა“ არ მიყვარს. სოფელი რომ არის, ხომ ხედავთ (ახალციხეზე გვითითებს) იქიდან ერთ კაცთან ვმეგობრობდი, ბოლო სახლში ცხოვრობდა. ის იყო ჩემი ქომაგი და პატრონი. შუქი რომ არ აენთებოდა, დამაგვიანდებოდა, დარეკდა ტელეფონს, ცოცხალი ხარო. ამიტომაც არ ვაქრობდი სინათლეს ღამით. ამასწინათ საღამოს ვისაუბრეთ და ცოტა ხანში დამირეკეს, ვაჟა აღარ არისო. არადა, ჩემზე უმცროსი იყო, 64 წლის. აი, ახლა ნაღდად გამიჭირდა, ძალიან ჩამწყვიტა გული, მგონი, მართლაც, უპატრონოდა დავრჩი“, - გულისტკივილით გვიამბობს ქოსელის ერთადერთი მკვიდრი.

30-40 წლის წინ, აქ ჯერ კიდევ სახლობდა 32 კომლი. მერე გაჭირდა ცხოვრება და წავიდნენ.

ვახტანგ ფიცხელაური ყრმობასაც იხსენებს: „ბავშვობაში დიდხანს არ მიცხოვრია აქ. დაბადებით კი ამ სოფელში დავიბად, მაგრამ მერე, ომის დროს, წავედით ვლადიკავკაზში, მაშინ ორჯონიკიძე ერქვა თუ ძაუგი, არც მახსოვს.

8 წლის ვიყავი, რომ დავბრუნდით, ჭირდა აქ ცხოვრება, ისევ წავედით და ზემო ლარსში დავსახლდით. იმ დროს ლარსი და ჩიმი საქართველოს ტერიტორია იყო. მერე, 1956 წელს, გადასცეს ოსეთს და მეც ოსეთის მხარეს აღმოვჩნდი. მაშინ 16 წლის ვიყავ. 40 წელი ვიცხოვრე იქით. არეულობის დროს წამოველ და 20 წელია უკვე, აქ ვარ, ამ სოფელში. ადრე ზაფხულობით მაინც მოდიოდ ხალხი, ახლა ზაფხულშიც აღარ ჩამადიან.

არადა, ჩემთვინ ეგ გუშინდელი ამბავია, აქ ხალხი რომ ცხოვრობდა. ყველა სახლში 2-3 კომლი იყო: აი, ჩემ უკან რომ სახლია, ხუთი ძმა მარტო იქიდან არის წასული. ჩვენ გვერდით სახლში 3 ოჯახი იყო. მაშინ ეგრე იყო, მეტწილად მივდიოდით ორჯონიკიძეში, თუმცა გროზნოშიც არიან წასულები, ჩემი ბიძაშვილები ლარსში ცხოვრობენ, თბილისში ცოტა ვინმე თუ მიდიოდა. ამ 40 წელიწადში ნელ-ნელა დაიცალა აქაურობა“.

წლებია ზამთარ-ზაფხულ სოფელში სულ მარტო ცხოვრობს.

რთულია მარტო ცხოვრება? ბევრი არაფერი. ჩემთვის მარტოობა გაჭირვება არ არის, არ ვწვალობ მაგითა. ის კი არ არის ჩემთვინ ძნელი, მარტო რომ ვარ... გახსოვთ მუხრან მაჭავარიანი „ყოველი კაცი მარტოა სრულიად, უმრავლესობა ისე კვდება, ეს არ უგრძვნია, საკუთარი მარტოობის შეგრძნება. სხვისი მინდობით კი არ უნდა სცადოს თავისი სიმარტოვის შევსება, არამედ პირიქით, უნდა შეიყვაროს თავისი სიმარტოვე, არავისთან არ გაითქვიფოს“, ასჯერ რომ წავიკითხა ეს ლექსი, კიდევ ვიკითხა და ვიკითხა, მგონია ჩემზეა.

თქვენ როგორ გგონიათ, იოლია მარტოობა? ძნელია, რა თქმა უნდა, ძნელია, მაგრამ შეცვლა აღარაფრის მინდა, აღარც დრო მაქვს, რომ სადმე წავიდე. როგორ გითხრათ? 44 წელია, რაც ჩემი ძმა აღარ არის, 19 წლის იყო, მდინარეში დაიხრჩო ჩემ თვალწინ და აი, იმ ასაკიდან ვერ გამოველ მეც.

აი, აქედან რომ ვიყურები, გაღმა მისი საფლავია, რასაც უნდა ვაკეთებდე, ვხედავ. აქედან რომ წავიდე? ვერა, ვერ წავალ“...

- როგორ ცხოვრობთ? როგორია თქვენი ყოველდღიურობა?

- ბევრს არაფერს ვაკეთებ, მაგრამ დაჯდომაც არ მინდა. გამაგელევა საქმე? საჭმელი მე უნდა გავაკეთო, ჩემს თავს მე უნდა მოვუარო. რა ვიცი, სადღაც-სადღაც ვჩუჩუნებ რაღაცას. აი, ახლა ამ კიბეს ვაკეთებდი.

დღე საქმე მაქვს და დაღამების კი მეშინია, რომ ფიქრის დრო მაქვს და საქმე არც რაი აღარ არის“.

- როგორი იქნება სოფლის მომავალი?

- მარტო ჩვენს სოფელში კი არა, მთლიანად ეგეთი მდგომარეობაა ყველგან, სოფელი არც ვის უნდა. ეგეთი პირობები შეუქმნეს. აი, ახლა აქ რომ დაბრუნდეს ახალგაზრდობა, რა უნდ გააკეთას? არც რაი საქმე არაა... ადრე ყაზბეგის რაიონს, აი, ამ ჩვენ მთებსა იცავდა ცხორი. ცხორი იყო, საქონელი იყო და ხალხი უვლიდა. იმით ვარსებობდით, იყო საშუალება. ახლა აღარაფერი აღარ არის, აქ რაი უნდ გააკეთას კაცმა? აი, რაის საშუალებაა? მობრუნდეს ხალხი? როგორა? რაითა?  

აგერ, სულ მაღლა მთაი რაც არის, ეგე მანდ ვსთიბდით. მანდით რომ წამოიღებ თივას და ჩამოიტან აქამდე. ორი ძროხის თივა რომ მოგეტანა, კაი ვაჟკაცობა იყო. ახლა მაგას ვინ გააკეთებს. თან ახლა თბილისში რომ ახალგაზრდა წავა, ის უკან დაგიბრუნდება?

მე ამ ხნის კაცს კარგად მახსოვს, თბილისი რომ იყო ნახევარი მილიონი. მერე ვამბობდით, მილიონს გადააჭარბაო. მალე მგონი ორამდეც მივა. სოფელი აღარვის უნდა“.

- ხელისუფლებამ რა შეიძლება გააკეთოს?

- შეიძლება მთავრობის ჩარევა იყოს საჭირო, მაგრამ იმ მთავრობამ კი იცის, მე რა მჭირდება? არ იციან! რატომ მგონია ასე? ხომ ვუყურებ, რას აკეთებენ, რას ლაპარაკობენ. რომ გამადიან და საუბრობენ, ნუთუ თვითონ ვერ გრძნობენ, რომ ტყუიან. რამსიგრძე შუბლი და ტყავი უნდა ჰქონდეს პოლიტიკოსს, რომ იმას ვერ გრძნობდეს, რომ ტყუის. რაში? ყველაფერში.   

მე გლეხიკაცი ვარ, გლეხი ვიყავი მთელი ჩემი ცხოვრება. ვმუშაობდი განა. ხან მძღოლი ვიყავ, ხან კავშირგაბმულობაჩი ვმუშაობდი, ხან ცხვარჩი ვიყავ. რაიც გავაკეთე, იმისას ავიღებდი, ხომ სწორია? ჯამაგირს გაძლევდნენ, ეს გააკეთე და ეს გეკუთვნისო.

შენ რომ მასდიხარ დღესა, დეპუტატი ხარ თუ მთავრობის კაცი, ვინც გინდა იყო, პირდები ხალხს და ვალდებულებას იღებ, რომ ეს უნდა გააკეთა განა, ამაზე გეკუთვნის ვთქვათ, ხუთი ათასი, და რომ არ გააკეთებ, რაში უნდ აიღო ფული? შენ კიდევ დანამატსაც გაძლევენ. ეს ხომ სირცხვილია! ჯერ იმას რაჩი აძლევენ, რაც არ გააკეთა. გააკეთა განა?

ჯერ იმაზედ არ უნდ აიღონ ჯამაგირი, თუ სცხვენიათ, თუ აქვთ ნამუსი ცოტაი მაინც. აი, ახლა მაგას დაბეჭდავთ თქვენ მანდ?  

პრობლემა და უბედურება რა არის იცი? გახსოვს ის ლექსი: „რომ დაიძახო: ქურს ქუდი ეწვის!... არ მეგულება მაძღრებში ერთიც, რომ არ იტაცონ მყის ქუდზე ხელი... უბედურება რა გინდა მეტი?!

იქნებ არც იციან, რა არის საჭირო? რა გვჭირდება? მე მინდა ისე მომეც საშუალება, რომ ვიმუშავა... ზოგს არ უნდა მუშაობა, არ უნდა სოფელი, აქ თუ იქნები, უნდა იმუშავა. რა უნდ აკეთონ ახალგაზრდებმა, თან ჩვენ ეზოებიც არ გვაქვს, ხომ ხედავთ, რამე რომ დათესო და მოიყვანო (თან თავის დათესილ ნიორს გვიჩვენებს, ავტ).

„რა არის იცი, სადაც დაიბად, სადაც გაიზარდ, სადაც შენი სიყვარული მთლიანად შენი სოფელია, ის ხალხი, ვისთანაც ცხოვრობდი და სუყველა რომ წავიდა... სიტყვებს რომ ვლაპარაკობ, იცი როგორა განა? იმის ნახევარსაც ვერ ვამბობ, რაისაც მე ვგრძნობ. როგორ გითხრათ? ძალიან ძნელია“...


თინათინ მოსიაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში