საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ხარაგაულში მეწყერმა ყარნებას ხეობა ჩაკეტა და მდინარე გუბდება

20:54 - 23 აგვისტო 2025 hits 3606

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ღვერკსა და ხემაღალში მეწყერმა ყარნებას ხეობა ჩაკეტა. ორ საათზე მეტია მდინარე ყარნება გუბდება და ჩხერიმელას აღარ უერთდება. როგორც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა „მთის ამბებს“ უთხრეს, დიდი მოცულობით წყლის დაგუბებისა და გამოხეთქვის შემთხვევაში, საფრთხე ემუქრება სოფლებს ლაშეს, ძირულას და თბილისი-ბათუმის სარკინიგზო მაგისტრალს.

„თითქმის სამი თვეა, ჩვენს სოფლებში, ღვერკსა და ხემაღალში აქტიური მეწყერია, აქაურობა მთლიანად დანაპრალებული და დახეთქილია. რამდენიმე ასეული მეტრის სიგრძეზე მოწყვეტილია მდინარე ყარნებას მარჯვენა ფერდიც და ნელ-ნელა იშლებოდა.

დაახლოებით ორი საათის წინ, მთის დიდი ნაწილი მოწყდა და მდინარე ყარნება გადაკეტა, რაც მოსალოდნელი იყო და ვამბობდით კიდეც, რომ ასე მოხდებოდა. წყალი გუბდება და საკმაოდ საშიში მდგომარეობაა.

- რამდენად წყალუხვია მდინარე ყარნება, მცირე დროში დიდი რაოდენობით წყლის დაგუბება შეუძლია?

ხეობა რამდენიმე კილომეტრზეა. მდინარეს დაახლოებით 4 მეტრი აქვს სიგანე და წყლის სიმაღლე საშუალოდ ერთ მეტრს აღწევს. ზოგან მუხლებამდეა, მაგრამ ზოგან გვფარავს კიდეც, როგორც მთის მდინარის კალაპოტს ახასიათებს. სწრაფად თუ არ იმოქმედეს,

ბევრი წყალი თუ დაგუბდა და შემდეგ ჩამოწოლილი მასა გაარღვია, პირველ რიგში სოფელ ლაშეს დააზიანებს. დიდი სოფელია საკმაოდ. საფრთხეს შეუქმნის თბილისი-ბათუმის რკინიგზას, მერე ქვემოთ სოფლებსაც, ზესტაფონისკენ.

- ახლა ადგილზე რაიმე სამუშაოები მიმდინარეობს, რომ უფრო მეტი წყალი არ დაგუბდეს ხეობაში?

- ჯერ არაფერი, ქვემოთ ხიდთან არიან მერიის და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. ტრაქტორი აქ ვერ შემოვა სამუშაოდ, ვინ გარისკავს?! ზემოდან მთის უზარმაზარი მასივია მოწყვეტილი და ნებისიერ დროს შეიძლება ხეობაში ჩავარდეს. გავიგეთ, რომ ღამით აფეთქებას აპირებენ. აფეთქებამ ღვერკსა და ხემაღალში შეიძლება შეუქცევადი პროცესები გამოიწვიოს. კი იცით თქვენ, ისედაც დანაპრალებულია აქაურობა და უზარმაზარი ხრამებია გაჩენილი. მთას დარჩენილ საყრდენს თუ გამოაცლიან ან ძლიერი ვიბრაცია იქნება, შეიძლება მთელი ორი სოფელი მოზვავდეს. მოკლედ, ორივე შემთხვევაში სახიფათო ვითარებაა.

- ხალხი, ვინც მეწყრულ ზონაში და დაგუბების არეალთან ახლოს ცხოვრობთ, არ გაუფრთხილებიხართ ჯერ გაყვანის შესახებ?

- არა, ევაკუაციის შესახებ არაფერი ისმის“.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში „მთის ამბებს“ უთხრეს, რომ „გეოლოგები ადგილზე არიან და მონიტორინგი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება“.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განმარტებით, „მაშველები ადგილზე არიან, ინფორმირებულია ყველა შესაბამისი სამსახური და კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებენ“.

ხარაგაულის სოფლებში - ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები დაახლოებით სამი თვის წინ განვითარდა. დანგრეულია სახლები, სამანქანო გზები, დახეთქილია ათობით ჰექტარი. ორთვენახევრის წინ გაჩენილი ნაპრალები ყოველდღიურად ფართოვდება და ღრმავდება. სოფლებში ცხოვრება არ შეიძლება, მაგრამ რამდენიმე ოჯახი ისევ სტიქიის ზონაშია. უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს მერია 300 ლარს სთავაზობს უსაფრთხო ადგილას ბინის დასაქირავებლად.

გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი დასკვნით, მეწყრული პროცესები აქტიურმა ნეოტექტონიკურმა მოძრაობებმა და 2025 წლის ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში მოსულმა უხვმა ნალექებმა გამოიწვია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი დასკვნით, მეწყრული პროცესები აქტიურმა ნეოტექტონიკურმა მოძრაობებმა და 2025 წლის ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში მოსულმა უხვმა ნალექებმა გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ რკინიგზის გასაფართოებლად ხემაღალის ძირში მთა არის მოჭრილი, იქვეა ახალგაჭრილი გვირაბიც, რომლისთვისაც მთა აფეთქებებით გახვრიტეს, გეოლოგებმა პირველად დასკვნაშივე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საკვლევ ტერიტორიაზე ადამიანის არასწორი საინჟინრო-სამეურნეო საქმიანობით გამოწვეული გართულებები არ ფიქსირდება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში