„მთის ამბები“ განსხვავებული მედიაა. განსხვავებული იმით, რომ ჩვენ არამარტო გიყვებით ამბებს, არამედ თქვენი მხარდაჭერით, ვცდილობთ, უკეთესობისკენ შევცვალოთ მთაში შემორჩენილი ადამიანების ცხოვრება. როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენს გმირებს ძალიან სჭირდებათ დახმარება, თქვენ მოგმართავთ, თქვენ კი თქვენი ერთიანობითა და სოლიდარობით, ზოგჯერ სახლებს უშენებთ უსახლკაროებს, ზოგჯერ სამედიცინო დახმარებას უფინანსებთ. ზოგჯერ ჩვენი ადვოკატირების კამპანიებისა და ისევ თქვენი აქტიურობის წყალობით, უფრო მეტ ადამიანს ვაგებინებთ პრობლემის შესახებ, ხელისუფლების ყურამდეც მიგვაქვს, ვაწუხებთ და შედეგად შეიძლება მივიღოთ ის, რომ ფშავ-ხევსურეთში ინტერნეტი გაიყვანონ, მაღალმთიან რეგიონებში დიალიზის ცენტრები გახსნან, რაჭის ეროვნული პარკის შექმნის პროექტი დაამტკიცონ და ა.შ.
თქვენ იცით, როგორ მუშაობს და რას აკეთებს „მთის ამბები“, მაგრამ რით მუშაობს? – „მთის ამბები“ პატარა მედიაა, რომელიც მხოლოდ ინტერნეტში არსებობს. ის არც დიდი კორპორაციის ნაწილია, რომ დამფუძნებლებმა ათასობით ლარი ჩადონ მასში და არც პარტიული მიზნები აქვს, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალის ან მისი მხარდამჭერი მსხვილი ბიზნესის ინტერესის საგანი იყოს. ჩვენი მცირერიცხოვანი გუნდი, ძირითადად, საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით მუშაობს, გრანტებით, რომლებიც ჩვენთვისაც, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა დამოუკიდებელი ქართული ონლაინმედიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მათ გარეშე ჩვენ ვერ ვიარსებებდით, თუმცა უნდა ვთქვათ ისიც, რომ ეს პროექტები ხშირად ვერ ითვალისწინებს იმ ახალი იდეებისა თუ საჭიროებების დაფინანსებას, რომლებიც მუშაობის განმავლობაში გაჩნდება ხოლმე.
„მთის ამბების“ თქვენთვის საყვარელი არაერთი რუბრიკა რედაქციის ძალებით მზადდება. მათ შორისაა „მარტოკაცი“, რომელიც ძალიან გვინდა, რომ უფრო ფართო და სრულყოფილ პროექტად ვაქციოთ. თქვენი დახმარება, ამჯერად, სწორედ ამაში გვჭირდება. თქვენ უკვე არაერთ მარტოკაცს იცნობთ, ადამიანებს, რომლებიც ჯიუტად არ აძლევენ სოფლებს დაცლის საშუალებას. იცნობთ ხახაბოელ პაატა ხახიაურს, ნიკოსაც იცნობთ - „ქვებთან მოლაპარაკეს“; შეხვედრიხართ თუშეთის ერთადერთ ექიმს, ბოჭორნელ ირაკლი ხვედაგურიძეს, არხოტიონ გიგლა ოჩიაურსა და ანდაქელ სოსო ზვიადაურს, საქართველო-რუსეთის საზღვართან ჭიმღასა და ანდაქს რომ აცოცხლებენ; კიდევ, საჭურელ შალვა ხორნაულს, უკანაფშავლებს - ვახტანგ ჩოლოგაურსა და ნაზიკო ბუჩუკურს, ხახაბოსჭალიდან მარუსა მინდიკაურს, რაჭველ ტატიანა გრძელიშვილს, ქვემო სვანეთიდან კორნელი გაზდელიანს, მიხა პაპას, რომელსაც უკვე არაერთხელ დაეხმარეთ; თრუსოს ხეობის მარტოკაცს, რუსლან გუჯარაიძეს, ბზიკურაანთკარელ ელო ქისტაურს და ხურუთელ მურმან გობეჯიშვილს, რომელსაც რაჭაში რკინის მომთვინიერებელს ეძახიან; იცნობთ არხვატის მემატიანე სანდუა წიკლაურსაც და კიდევ, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ.
მარტონი კი არიან, მაგრამ ერთად ბევრნი არიან და გარდა იმისა, რომ ჩვენ, ყველა, მათი გამძლეობითა და ისტორიებით აღვფრთოვანდებით ხოლმე, დიდ საქმესაც აკეთებენ.
სანამ ერთი ნათურა ანთია, აქაურობა ცოცხლობსო, ამბობდა ერთ-ერთი მათგანი. ასეცაა, ვიდრე ერთი ადამიანი მაინც სახლობს, ის სოფელი ნასოფლარი არაა. და თუ ეს სოფელი საქართველოს საზღვრის უკანასკნელი სოფელიცაა, მარტოკაცული სიჯიუტე კიდევ უფრო დასაფასებელი ხდება.
საქართველოში კიდევ ბევრი მარტოკაცია, ვისაც „მთის ამბები“ და მისი მკითხველი ჯერ არ შეხვედრია. ვგეგმავთ, რომ ისინიც გაგაცნოთ. მივუბრუნდეთ იმ მარტოკაცებსაც, ვისთანაც წლების წინ ვიყავით და ასევე, გვინდა, მათთან ერთად გავუყვეთ საქართველოს მთიანეთის იმ ზოლს, რომელიც საქართველოს საზღვარს ქმნის. მარტოკაცები და მათი ერთგულების წყალობით ცოცხლად დარჩენილი სოფლები რუკაზე დავიტანოთ და ცხადად დავანახვოთ სახელმწიფოს მთისა და მისი ხალხის მნიშვნელობა.
პირველ ეტაპზე, სექტემბერში, გვინდა, „მთის ამბების“ გმირი მარტოკაცები ერთად შევკრიბოთ მთელი საქართველოდან, მათდამი მხარდაჭერა და პატივისცემა გამოვხატოთ. ამისათვის სპეციალურ ღონისძიებას ვგეგმავთ, რომელიც მათ შორის, საზეიმო მიღების ფორმატში მოიცავს „მთის ამბების“ მკითხველის შეხვედრას მარტოკაცებთან.
მეორე ეტაპზე, ამ პროექტისთვის შექმნილ რუკაზე, „მთის ამბები“ 10 სოფელსა და 10 მეციხოვნე მარტოკაცს მონიშნავს. თითოეულ მათგანსა და მათ სოფლებზე იქვე შეძლებთ მულტიმედია ამბების ნახვას - ფოტოებს, ვიდეოებს, სტატიებს. ამ მასალების მოსამზადებლად, ჩვენი ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ვიდეოოპერატორი ყველა მათგანთან მივლენ.
იმისათვის, რომ ეს შევძლოთ, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება - შემოწირულებებით მიღებული თანხით დავაფინანსებთ მარტოკაცების ჩამოყვანას მთელი საქართველოდან, მათთვის ღონისძიების ორგანიზებას (რაც გულისხმობს 2 ღამით სასტუმროში დაბინავებას, გამასპინძლებას, სიმბოლური საჩუქრების გადაცემას, საზეიმო მიღებას), მომდევნო ეტაპზე კი „მთის ამბების“ გადამღები ჯგუფის მუშაობას, მათი მგზავრობისა და რეგიონში დარჩენის ხარჯებს.
თუკი თქვენ ამ იდეის დაფინანსებას გადაწყვეტთ, შემდეგ დეტალურად მოგიყვებით როგორ და რაში გამოვიყენებთ თქვენგან მიღებულ თითოეულ ლარს - თქვენ, ამ პროექტის დამკვეთებს, ჩაგაბარებთ ანგარიშს.
და ბოლოს, თუ „მთის ამბებს“ ხშირად კითხულობთ, შეამჩნევდით, რომ კითხვისას ხელს არც მოულოდნელად ამომხტარი რეკლამები გიშლით, რაც იმას ნიშნავს, რომ „მთის ამბები“ ვერც კომერციული შემოსავლებით დაიკვეხნის.
ის, რითაც „მთის ამბებს“ შეუძლია იამაყოს, თქვენი მხარდაჭერაა.
„მთის ამბების“ პროექტის #მარტოკაცის დაფინანსება შეგიძლიათ ამ ანგარიშზე თანხის გადმორიცხვით.
- ანგარიშის ნომერი: GE51LB0115195065049003
- მიმღები: ააიპ სამოქალაქო აქტივობების ცენტრი
- დანიშნულება: #პროექტიმარტოკაცი
„მთის ამბები“ მადლობას გიხდით დღემდე ჩვენთვის და ჩვენი გმირებისთვის გამოხატული თანადგომისთვის. ამჯერად, ეს არ არის დახმარება კონკრეტული ადამიანის ან ოჯახის მხარდასაჭერად. ამ კამპანიაში მონაწილეობით, თქვენ დამოუკიდებელ მედიაგამოცემას მარტოკაცების შეხვედრის ორგანიზებასა და თქვენთვის სასურველი ჟურნალისტური პროდუქტის შექმნაში დაეხმარებით.