საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ხევსურეთის უცნობი ციხე-სახლების მარშრუტი მარტოკაცების მხარდასაჭერად

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

00:15 - 28 აგვისტო 2020 hits 16637

პირიქითა ხევსურეთში მიმავალს, ავტომობილის ფანჯრიდან ალბათ ბევრჯერ გაგიყოლებიათ თვალი უმგზავრო გზისთვის, რომელიც დათვიჯვრის უღელტეხილიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მიემართება. არც ტრაფარეტი და არც რაიმე სხვა ნიშანი მიგითითებთ იმაზე, სად მიგიყვანთ ეს გზა. სცადეთ, გადაუხვიეთ ამ უცნობი მხარისკენ და აღმოაჩინეთ საქართველოსა და ჩეჩნეთ-დაღესტნის საზღვართან ქედებით მოზღუდული ჯერაც ხელუხლებელი ხეობები და ციხე-სოფლები.

მდინარეების ჭანჭახისწყლისა და ანდაქისწყლის ვიწრობებში გამავალი ბილიკები მყუდრო უბეებში შეფენილ ციხე-სახლებიან ხახაბოს, ანდაქს, არჭილოსა და არდოტს მოგატარებთ. მარშრუტის გავლას სამი დღე და ორი ღამე სჭირდება, სადაც ის მარტოკაცები და მარტოქალები გიმასპინძლებენ, ურთულესი პირობების მიუხედავად, ამ ველურ მხარეს რომ არ ტოვებენ.

ხეობა ფეხით ან ცხენით უნდა მოიაროთ. დათვიჯვრიდან დანახული უნაგირასკენ გაკლაკნილი სამანქანო გზით არ მოტყუვდეთ. ის უღელტეხილზევე წყდება და აქედან გზა მთელს ხეობაში საფეხმავლო ბილიკად გრძელდება, რაც არდოტამდე ჯამში 29,5 კილომეტრია. ავტომობილის დატოვება გზის დასაწყისში, მდინარე არღუნის ნაპირზე, მინდორში სჯობს, სადაც მწყემსების ბინაა. აქედან პირველ სოფლამდე, ხახაბომდე, ალპურ ზონაში 11,5 კილომეტრი სიგრძის საშუალო სირთულის ბილიკია გასავლელი.

ხეობაში გიდობას ხახაბოს მკვიდრი მარტოკაცი პაატა ხახიაური გაგიწევთ, რომელიც აქაურ მთებზე გამავალი ბილიკების საუკეთესო მცოდნეა. სამი დღის სამყოფი საგზლით დატვირთული ჩანთების სატარებლადაც გაწვრთნილ ცხენებს მოგაშველებთ.

უღელტეხილამდე 1,5 კილომეტრი სიგრძის აღმართია ასავლელი. საწყისი სიმაღლე ზღვის დონიდან 2451 მეტრია. ბილიკის სათავედან 25 წუთის სავალზე, გზის მარცხენა მხარეს, თოვლის სიმაღლის საზომი რკინის დანაყოფებიანი ბოძი შეგხვდებათ. მანიშნებლის მერე, გზა ფერდობებიდან ჩამომავალი წყაროებისგან ადგილ-ადგილ დაჭაობებულია. მის გადავლას გზის პირის მიწაყრილზე უსაფრთხოდ შეძლებთ. ჭანჭრობიდან 300 მეტრში გზას მარჯვენა მხარეს ბილიკი უერთდება. გიდისგან შეიტყობთ, რომ ბილიკი ხახაბოს ძველი გზის ნაწილია, სადაც უღელტეხილამდე ერთადერთი სასმელი წყარო მოედინება. თურმე, ძველად, გასული საუკუნის 50-60-იან წლებში, შატილი-ბარისახოს გზის გაჭრამდე, პირიქითა ხევსურეთის ხეობებში ხალხი ამ ბილიკით გადადიოდა. ჯერ გაივლიდნენ მიღმახევს და მერე ხვდებოდნენ შატილში. იმ დროს ხახაბო ხალხმრავალი სოფელი ყოფილა, 60 კომლით.

წყაროდან უღელტეხილამდე კიდევ 20 წუთის სავალია დარჩენილი. გზას დააკვირდით, ცხენის ფლოქვებისგან ჩამოშლილი მიწიდან შეიძლება კვარცისა და ბროლის კრისტალები გამოჩნდეს. ასეთი მრავლად ყოფილა წუბროვანის ქედის მთელს ფერდობზე.

ჭანჭახის უღელტეხილს რომ მიაღწევთ, ირგვლივ პანორამული ხედები გადაგეშლებათ. ზღვის დონიდან 2860 მეტრიდან, ერთ მხარეს გადმოხედავთ ჭანჭახისწყლის ხეობას, ჭანჭახის წვერს, ხელმოკლეს ქედს, სადაც ბილიკი უკანაფშავში გადადის და მეორე მხარეს დათვიჯვარს, არღუნის ხეობასა და შორს ჭაუხების მწვერვალებს შეავლებთ თვალს. თავზე ორბი ან ბატკანძერა გადაგიფრენთ, აქ ბუდობენ და ცხვრის ფარებს დასტრიალებენ. თუ გაგიმართლათ, კავკასიურ როჭოს, შურთხსა და კაკაჩასაც დაინახავთ. ეს სახეობები სულ რამდენიმე ოჯახადაა შემორჩენილი და მათი ხილვა დიდი იშვიათობაა.

უღელტეხილიდან ბილიკი ციცაბოზე, მიხვეულ-მოხვეული გზით, ჭანჭახისწყლის ხეობაში ეშვება. 500 მეტრს რომ ჩამოივლით, ბილიკი მარცხნივ გაუხვევს, საიდანაც სამწყებად გაწოლილი ქედების მიღმა თებულოს მთას, მეორენაირად დაქუეხს დაინახავთ - ბუნებრივ საზღვარს ჩეჩნეთთან. აქედან ნახევარ საათში ჭანჭახისწყლის ნაპირზე იქნებით, ბილიკი მდინარეს კვეთს და მარცხნივ მკვეთრად უხვევს. მდინარეზე გადასასვლელიდან 200 მეტრში, მოვაკებულზე, მწყემსების სადგომი და ღოლოს მდელო შემოგხვდებათ. ბილიკი თანდათან გაიმაღლებს და ქედის შუაწელს სიმაღლის მეტნაკლები ცვალებადობით გაუყვება. რამდენიმე ადგილას სასმელად ვარგისი ნაკადულები ჩამოედინება.

სამ კილომეტრს გაივლით და მდინარისკენ დაეშვებით. ვიდრე წყალს გადაკვეთთ, მარჯვენა ნაპირის კლდეს დააკვირდით, აქ მინერალური რკინისშემცველი წყლები ჟონავს. მდინარეზე გადასასვლელად წანწალათი (ხიდად გადებული ძელი) ისარგებლეთ, ქვებზე გადახტომას ნუ ეცდებით, ძლიერ სრიალებს. აქედან ხახაბომდე ბილიკი ჭალაში კალაპოტს მიუყვება და ჭანჭახისწყალს რვაჯერ კვეთს. ხუთგან ფეხსაცმლის გახდა და მდინარეში გავლა მოგიწევთ. ხეობიდან ხახაბო მოჩანს. შორიდან მხოლოდ დაკვირვებული თვალი შეამჩნევს კლდეზე სიპი ქვით ნაშენ კოშკებს. მიუახლოვდებით და აღგაფრთოვანებთ ურთულეს რელიეფს მორგებული ციხე-სახლები. წარმოუდგენლად მოგეჩვენებათ, როგორ შეძლეს კლდის ასეთ შვერილებზე კოშკების შენება, სადაც კაცი ფეხს ვერ მოიკიდებს.

სოფლის შესასვლელთან, გზის სიახლოვეს, კოშკურა სალოცავი „ჭალის ჯვარია“. ამ ტერიტორიაზე გავლა არ შეიძლება და გზა მარჯვენა მხრიდან უნდა აუქციოთ.

ზღვის დონიდან 2130 მეტრზე მდებარე ხახაბო ნაკადულებით დაყოფილი, ოთხ უბნად კლდეზე ნაშენი სოფელია. უბნები სხვადასხვა სიმაღლეზეა განლაგებული. გზასთან ახლოს ექვსი კოშკისგან შემდგარი ხოსიაურების საგვარეულო უბანია, რომელსაც მარჯვენა მხარეს ნაკადული ჩამოუდის. შემდეგი ორი მინდიკაურებისა და ხახიაურების უბანი ფერდის შუაწელზეა გაშლილი. მეოთხე, მამიაურების უბანი, მარჯვენა მხარეს კლდის შვერილს აბოლოებს და რამდენიმე კოშკს აერთიანებს. სულ ბოლო, ზემოთა კოშკი სალოცავია „თავადი ბეღლისანგელოზის ჯვარი“. ხატის კომპლექსში შედის ბეღელი, სალუდე და საზარე. ამ სამი უბანის მარჯვენა მხარესაც, ღრმა ხევში, ნაკადული ჩამოედინება.

მთელს სოფელში სინათლე მხოლოდ ერთ ციხე-სახლში ანთია. ეს მარტოკაცის, პაატა ხახიაურის საცხოვრებელია, ვინც გიდობასთან ერთად, მთელი დღის ნამგზავრს გიმასპინძლებთ კიდეც. დააგემოვნებთ რძის პროდუქტებს, მის ამოწურულ ყველს. პაატა სოფლის ისტორიას, წეს-ჩვეულებების, ხატობებისა და ხევისბერის ამბებს მოგიყვებათ. ბოლო ხევისბერმა თაძია მინდიკაურმა, რადგან ძლიერ მოხუცებული იყო და უგზოობის გამო სალოცავში ვეღარ ამოდიოდა, 15 წლის წინ საკლავით გამოილოცა და აღარ ამოსულა.

სოფელში სულთა კრეფას (მიცვალებულთა მოხსენიება), აღსუებას (აღდგომა), მარიობას, ახალწელსა და ათენგენობას დღესასწაულობდნენ. პაატა სალოცავების გადამალული საგანძურისა და დროშის ამბებსაც გაიხსენებს. სარიტუალო დროშა დედის მხრით პაპას ებარა. მამის მხრით პაპა მჭედელი იყო. ძველი სამჭედლო ეზოში დგას. პაატა ხელსაწყოებს, სპილენძის ნაჭედ საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნივთებს გაჩვენებთ, მათ შორის გუთანს. ადრე ამ ციცაბო ფერდობებს ხნავდნენ, ქერსა და ხორბალს თესავდნენ. ახლა ეს ბორცვებიც აბალახებულა და გუთანიც უქმად დევს, როგორც რელიკვია.

ხახაბოში, ისე როგორც მთელს მიღმა ხევში, ტელეფონი არ იჭერს, სოფლებში ინტერნეტია. ანძები ფშავ-ხევსურეთის სათემო ორგანიზაციამ რამდენიმე თვის წინ დაამონტაჟა. ელექტროენერგია მზის პანელებიდან აქვთ, რომელიც სახელმწიფო პროგრამით გადაეცათ.

მეორე დღეს პაატა ანდაქისკენ გაგიძღვებათ. დიყით დაფარულ ბორცვს გადაივლით. ეცადეთ მისი წვენი კანზე არ მოგხვდეთ, ძლიერ ალერგიულ რეაქციას იწვევს - საზღვრისპირა ხეობაში ბუნებაც თავდამცველი და „მეომარია“. ფერდიდან სერპანტინით მდინარის ჭალაში დაეშვებით, ზღვის დონიდან 1932 მეტრზე გაშენებული ხახაბოს ჭალისკენ, სადაც 80 წლის მარტოქალი მარუსა მინდიკაური ცხოვრობს. მასთან უგემრიელესი შალშავისა და ჟოლის მურაბა შეგიძლიათ დააგემოვნოთ. სახლის წინ ხიდით მდინარეს გადაივლით და ანდაქისკენ რვაკილომეტრიან ბილიკს გაუყვებით.

ბილიკის პირველი ოთხი კილომეტრი მდინარის მარჯვენა მხარეს, არყის ხეებით დაფარულ ფერდზე გადის, სადაც მთელს გაყოლებაზე ჟოლოს ბუჩქნარია. ამ მონაკვეთზე ჭანჭახისწყალი კლდოვან ვიწრობში მიედინება და ჩქერების კასკადად ეშვება. გიდი აგიხსნით, რომ მდინარეში, კლდიდან ჩამოცვენილი უზარმაზარი ლოდების ქვეშ, წითელწინწკლებიანი კალმახი ბინადრობს. ბილიკი რამდენიმე ადგილას დამეწყრილია და სიპის ნაშალზე გადის. როცა ფერდობის ბოლოს ბილიკი მდინარის კალაპოტში დაეშვება, ყურადღებით იყავით, შესაძლოა, დიდ იშვიათ სანახაობას, კავკასიურ გველგესლას წააწყდეთ.

ერთი კილომეტრის შემდეგ, ბილიკი ხიდის გავლით მდინარის მეორე მხარეს გრძელდება. აქ თავშავა ხარობს. 700 მეტრში ორწყალს მიადგებით - ჭანჭახისწყალს ანდაქისწყალი ერთვის. აქვე გზაგასაყარია, თუ ბილიკს პირდაპირ გაუყვებით, არდოტსა და მუცო-შატილში ჩახვალთ, ხოლო ბილიკი მდინარის მარჯვენა მხარეს, ანდაქსა და არჭილოში მიგიყვანთ.

ორწყლიდან ანდაქამდე 2 კილომეტრია. პირველი 500 მეტრი ძველ აბალახებულ სამანქანო გზას მიუყვება. ხიდს რომ გადაივლით და ატყევებული სამანქანო გზა არდოტის საზამთრო სოფელ ბახაოსკენ აუხვევს, ანდაქისკენ ისევ საცალფეხო ბილიკს დაადგებით, რომელიც 800 მეტრის მანძილზე მდინარის კალაპოტს გასდევს. სადაც მდინარე მარჯვენა მხარეს უხვევს, იქ ბილიკი ბორცვის თავზე ადის. მდინარის მეორე მხარეს სიპი ქვით ნაშენ ძველ, ახლა უფუნქციო წისქვილს დაინახავთ. კუთხეებმომრგვალებული დაბალი შენობა სიპის ფილებითვეა გადახურული. გიდი მოგიყვებათ, რომ სულ რაღაც 30 წლის წინ, დოლაბის ქვებს მდინარეში ჩაშვებული ბორბალი აბრუნებდა და ანდაქელები ქერსა და ხორბალს ფქვავდნენ. 200 მეტრში კლდის ვიწრო კალაპოტში მდინარე მარცხნივ უხვევს. აქ ბოლო ხიდია გადასავლელი. კიდევ 10 წუთიც და ანდაქის პირველმოსახლეც გამოჩნდება.

სოფელი მდინარის ჭალაში, ზღვის დონიდან 1783 მეტრზე, ბორცვებზეა გაშენებული. ახლა აქ ორი ოჯახი ცხოვრობს, მათგან მუდმივად მხოლოდ ერთი. ღამისთევა ზვიადაურების ციხე-სახლშია შესაძლებელი. სადად და გემოვნებით მოწყობილი სუფთა ეზო-სახლი მიგახვედრებთ იქ მცხოვრები როგორი მასპინძელი იქნება. გაიცნობთ და რეალობა მოლოდინს გადააჭარბებს. დიასახლისი, მაია ჩაჩანიძე, ხევსურების ლამისყანელი რძალი, თქვენთვის არაფერს დაიშურებს და ოჯახური ნაწარმით ადგილობრივ კერძებს მოგიმზადებთ - შიბუ ყველითა და ერბოთი, იგივე კალტ-ერბო, კეცეულებს დაგიცხობთ და ველური პიტნის ჩაის დაგიტკბობთ. ყველის მოყვარულები 20 და მეტი წლის დაძველებულ ყველსაც დააგემოვნებთ.

საკუჭნაოში ორნამენტებით გაფორმებულ უძველეს ხის სკივრებში საოჯახო რელიკვიები ინახება: საყოფაცხოვრებო ნივთები, სპილენძის თუნგები და სურები წყლისა და ლუდისთვის, კათხები, ცომის საზელი ვარცლები, ტაბლები და საცეხველები, გუთნის, წალდისა და ნამგლის პირები, ხმლები, დამბაჩებისა და თოფის ლულები. ზოგი მათგანი ადგილობრივი წარმოებაა, ზოგიც ქისტი ოსტატების შემოქმედებაა. რამდენიმე წერწეტა, მოვერცხლილი სურა ყელზე ორნამენტით ქისტური ნახელავია.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, მეცხრამეტე საუკუნის სახლის ვერანდებს წნელის ტიხრები აქვს, შესასვლელს ძველი ხის სქელი ორფრთა კარი, ფასადებზე სიპის კედლებს ნაკელის ნალესი აქვს შერჩენილი, რითაც ხევსურები გარედან მთლიანად ფარავდნენ საცხოვრებლებს და საუკეთესო თბოიზოლაცია იყო.

ასეთი ციხე-სახლები არჭილოშიცაა. მათი ნახვა იმავე დღესაა შესაძლებელი. ანდაქიდან არჭილომდე 4 კილომეტრის საშუალო სირთულის ბილიკი მიდის. გადაადგილებას ზოგან კლდოვანი ნაშალი ქანი ართულებს, დანარჩენი უმეტესად ვაკეზე, მდინარის ჭალაში გადის. არჭილოს გზაზე, ანდაქის ბოლოს, წმინდა გიორგის დაზიანებული ნიშ-სალოცავია, რომელსაც სალუდე და საზარეც ახლავს. მისი მოვლა-პატრონობა ხევისბერის მოვალეობაა, უბრალო მცხოვრებლები შიშით ვერ ეკარებიან. სალოცავიდან 700 მეტრში მარჯვენა მხარეს წყარო ჩამოდის. წყაროზე სიპი ქვით ნაშენი კონსტრუქცია კვადრატულ უჯრედებადაა დაყოფილი. გიდის ახსნით, თითოეული უჯრედი თითო გარდაცვლილის სახელზეა აგებული და კიდევ დაემატება, როცა ხეობაში ვინმე გარდაიცვლება.

წყაროდან ხუთი წუთის სავალზე, მდინარის მეორე მხარეს რიყის ქვითა და სიპით ამოშენებულ გამოქვაბულს დაინახავთ. ეხის ჭერიდან გვიმრებია ჩამოზრდილი. ნახევარი საუკუნის წინ, ეს გამოქვაბულიც საცხოვრებელი იყო. მისგან მარცხნივ დაწრეტილი ჩანჩქერი ჩამოდის, რომელიც თოვლის დნობისას დიდ ნაკადად მოჩქეფს. ბილიკის მარჯვნივ გორაა, სადაც ჩვილ ბავშვთა სამარხებია. აქაურთა წარმოდგენით, დაბადებიდან 40 დღის განმავლობაში დედა-შვილი უწმინდურად ითვლებოდა და ყველასგან განცალკევებით ამყოფებდნენ. თუ ჩვილი 40 დღის განმავლობაში გარდაიცვლებოდა, საერთო სასაფლაოს ნაცვლად, ცალკე კრძალავდნენ.

15 წუთის სავალზე ორწყალს მიადგებით. ამ ადგილს ანგელოზთა ხევი ან ანგელოზთა ცისკარი ჰქვია. ხევის სიღრმეში ნიშ-სალოცავია, შესაძლოა, მთავარანგელზის სახელობის. მდინარის პირზე აქაც წისქვილია. შესართავიდან არჭილომდე ციცაბო ფერდობზე ორკილომეტრიანი რთული ბილიკი იწყება, საცალფეხო გზა ზოგან ჩამოშლილია.

ანდაქიდან წამოსული ზვიადაურების დასახლება - არჭილო ზღვის დონიდან 1880 მეტრზე მდებარეობს. მდინარეებით სამ ნაწილად გაყოფილ ციხე-სახლებიან სოფელს ბოლო მოსახლე 2003 წელს ჰყავდა. ახლა აქ არავინ ცხოვრობს. ეზოები დიყს და ადამიანის ხელა ჭინჭარს დაუფარავს.

ერთ-ერთ კოშკთან ხმაურიან ცხოვრებას გამორიდებულ „განდეგილს“ მამუკა ჭინჭარაულს შეხვდებით, ვისაც ეს ესაა დაბრუნება და სახლის აღდგენა განუზრახავს. რაიმე განსაკუთრებული გეგმა არ აქვს, უბრალოდ თავისთვის მყუდრო, უშფოთველი კუთხის მოწყობა სურს, სადაც ხმაურიანი ქალაქისგან თავს შეაფარებს ხოლმე. საინტერესო სტუმრის მისვლა კი უხარია და ბინოკლით თქვენც დაგანახებთ მთაზე ჟოლოსთვის გამოსულ უზარმაზარ დათვებს. საშენ მასალას ცხენებით ეზიდება, უგზოობა არ აწუხებს, ეს მისთვის კიდევ ერთი ზღუდეა დანარჩენი სამყაროსგან.

სხვა, ვისაც აქ დაბრუნება და მამა-პაპის სახლ-კარის აღდგენა განუზრახავს, ახალგაზრდა ზვიად ზვიადაურია. ჯერ კარ-მიდამოს აწესრიგებს და ვიდრე სახლს სტუმრების მისაღებად გამართავს, ღამის სათევად კვლავ ანდაქში დაბრუნება მოგიწევთ.

ანდაქელი მასპინძელი სოსო ზვიადაური, როცა ეზოში თივის გადაბრუნებასა და ზვინის აგებას დაასრულებს, საღამოს ღუმელთან, აქაურ ამბებს მოგიყვებათ ხევისბერზე, ხატობებსა და ძველებური ცხოვრების წესზე.

მესამე დღეს გზას არდოტისკენ გაუყვებით. მიღმახევის ეს სოფელიც მიუდგომელ მთაზე შეფენილ ციხე-სახლების მოზრდილ კომპლექსს წარმოადგენს. გვიანი შუასაუკუნეების დასახლების ზემოთ ქრისტიანულ ეკლესიასაც ნახავთ, რაც დიდი იშვიათობაა ამ მხარეში. სოფლის ქვედა ნაწილში ნიკო არდოტელის ოჯახი ცხოვრობს, ზედა მხარეს კიდევ რადენიმე ოჯახია, მათ შორის საოჯახო სასტუმროც არის. თბილისში გამგზავრებამდე შეგიძლიათ მათი მასპინძლობითაც ისიამოვნოთ.

არდოტის მისადგომებთან სამანქანო გზა მოდის. აქედან ავტომობილით გაემგზავრებით, გზად მიცუს ციხე-სოფელში შეივლით და მიღმახევის ციხე-სახლების ტურს დაასრულებთ.

მიღმახევისთვის მოგზაური სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საზღვრისპირა სოფლებში მარტოკაცებს დამაგრებაში მხარი უნდა დავუჭიროთ. მათ შემხედვარეს, სხვასაც მოუნდება დაბრუნება, მეურნეობის გამართვა და ეკოტურიზმში ჩართვა. ხალხის მომრავლება ისევ მოაღონიერებს სტრატეგიული დანიშნულების მქონე სოფლებს. ციხე-სახლების ბილიკის მარკირება და პოპულარიზაციაც ამ მიზნის ნაწილია. უახლოეს დღეებში ფშავ-ხევსურეთის სათემო ორგანიზაცია ხევსურეთის უცნობი ციხე-სახლების გასაცნობად პირველ ტურს დაგეგმავს და მონაწილეებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აგავსებთ.

ავტორები: ქეთი მაღრაძე (ტექსტი), ლაშა ორჯონიკიძე (ვიდეო)

ფშავ-ხევსურეთის სათემო ორგანიზაცია ინიციატივას ახორციელებს ეკოტურიზმის ასოციაციასთან ერთად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის „ყველაზე მოწყვლადი პირებისა და თემების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერს გერმანული ფონდი BFDW. პროექტით ფშავ-ხევსურეთში დაგეგმილია სამი ტურისტული მარშრუტის მარკირება, დატრენინგებული ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა საფეხმავლო გამყოლებად და სოფელ ბარისახოში ეკოტურიზმის განვითარების ცენტრის გახსნა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში