საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

გზა მოგვცენ ხახაბოს, ჯერ ცოცხლები ვართ - ხევსურეთი შატილსა და მიცუს იქით

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:41 - 11 ივლისი 2020 hits 38366

ოთხმოცი წლის ტანმორჩილი მარუსა მინდიკაური ნელი, მხნე ნაბიჯებით მთის ალპურ ფერდობს მიუყვება. ამინდს ეშურება, კიდევ 12 კილომეტრი დარჩა, რომ მთა წუბროვანის თხემზე ააღწიოს, სატელეფონო სიგნალი დაიჭიროს და მონატრებულ შვილს საბერძნეთში დაუკავშირდეს. ეს მთა ხახაბოს სიახლოვეს ერთადერთი ადგილია, სადაც ტელეფონი იჭერს. ყოველი საჭიროებისას, ხახაბოს ჭალიდან მარტოქალი წუბროვანისკენ ამ ბილიკით მთამსვლელობს, რათა დარეკვა შეძლოს.

რამდენჯერ დასჭირვებიათ სოფელში შველა და ქარში, ავდარში ვერ ასულან მთაზე დასარეკად. მაშინაც, მარუსა ბებომ ხელი რომ მოიტეხა, მთაზე ხომ ვერ გაიქცეოდნენ მაშველის გამოსაძახებლად და მოლაშქრეებმა ხელში აყვანილი ჩაიყვანეს ბილიკებით შატილამდე. ხახაბოს შატილთან სამანქანო გზა რომ აკავშირებდეს, ასე არ იწვალებდნენ. მარუსა ბებოს ახლა დამხმარე მაინც ჰყავს. წლების წინ კი, როცა ქმარი გარდაეცვალა, მარტო იყო. უტელეფონობის გამო, ფეხით წავიდა 25 კილომეტრით დაშორებულ შატილში, ნათესავებისთვის შველა რომ ეთხოვა.

ასეთი რთული საცხოვრებელი პირობების მიუხედავად, აქაურებს უყვართ ხახაბო და ნასოფლარად ქცევას არ ანებებენ. ბარის სოფლებში გამოზამთრებული ორი-სამი ადამიანი, მარუსა მინდიკაურის მსგავსად, აქ გაზაფხულზე ამოდის და გვიან შემოდგომამადე რჩება.

38 წლის პაატა ხახიაური, 2001 წლიდან, ყოველ გაზაფხულზე ხახაბოში ადგილის სიყვარულს ამოჰყავს. აქ დაობლდა, და-ძმა და დედა აქ დაეღუპა, ზვავი გამოვარდა და შეიწირა. დრო ოქტომბრამდე საქონლის მოვლასა და მთებზე ხეტიალში გაჰყავს, ხან ბილიკს წმენდს ჩამოცვენილი ქვებისგან, ან სახლის შეკეთებას ცდილობს. ახლა ხის მორების გამოშრობას ელოდება, რომ ჭალაში მდინარეზე ხიდი გადოს.

გარესამყაროსთან კომუნიკაცია პაატასთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ახლა, შეგუებულია იმ აზრს, თუ რაიმე შეემთხვა, შეიძლება დასასრული იყოს.

მარტოობა უჭირს, მაგრამ ქალაქის ხმაურს მაინც მთის სიმყუდროვე ურჩევნია. კავშირი სჭირდება, რათა ადგილზე დამაგრდეს, მთის რთულ ცხოვრებას გაუმკლავდეს და გაძლოს. ფიქრობს, ინტერნეტი რომ ჰქონდეს, სტიმული მიეცემოდა, ახალი შესაძლებლობა სხვა მხრივ განავითარებდა. ხახაბოდან უგზოობას, უშუქობას, უტელეფონობას გარიდებული ოჯახების ახალგაზრდა შთამომავლებიც დაინტერესდებოდნენ და ნახავდნენ სოფელს. ტურისტებიც ივლიდნენ და ხევსურეთის გაცნობას, შატილი - მუცო - არდოტით არ ამოწურავდნენ.

„ქართველები იშვიათად მოდიან. ზოგმა ის არ იცის, ხახაბო არის თუ არ არის. მოდიან შატილში, მოდიან მიცუში, სადაც მანქანის გზა არის. გადმოვლენ, კარგად სვამენ, ჭამენ და მიტრიალდებიან - ეს არის ხევსურეთიო. ის არ იციან, იმ სამანქანო გზის იქით, რა ხდება. უცხოელი ტურისტები უფრო მოძრაობდნენ. ამერიკელი უფრო გეტყვის სადაა ხახაბო, ვიდრე ქართველი.“

კომუნიკაციასთან ერთად, სოფლის გადასარჩენად გზა პირველი მნიშვნელობისაა. უახლოესი ადგილი, სადაც მანქანა მიდის, წუბროვანის ფერდობია. აქედან ხახაბოელებმა  სამსაათნახევრის სავალი ბილიკი ცხენით ან ფეხით უნდა გაიარონ. ცხენებითვე ეზიდებიან სურსათს და არსებობისთვის საჭირო სხვა ნივთებს. როგორც წუბროვანის, შატილი-არდოტის მხრიდანაც სოფელთან მისასვლელ ბილიკებს მდინარე რამდენიმე ადგილას კვეთს. ბევრი შემთხვევა ყოფილა, დაღლილი ცხენი ფქვილით სავსე ტომრით წყალში რომ ჩავარდნიათ. წყალმოვარდნის დროს ადიდებულ მდინარეს, საცალფეხო ხიდები ყოველ წელს მიაქვს და ხახაბოელ მარტოკაცსა და მარტოქალსაც გაზაფხულიდან შემოდგომამდე წანწალას (ხიდად გადებული ხე) კეთება უწევთ.

წუბროვანზე შეწყვეტილი სამანქანო გზიდან ხახაბომდე, ბილიკით, ცხენით მგზავრობაც ძნელია. მოხუცს კიდევ უფრო უჭირს. „ვაი იმ მოსვლასა, მე რო მოველ. დავჯექ ცხენზე, მთა გადმოვიარე, მთელი ჭალა გამოვიარე. ერთ კვირას ძლივს ვიდექ ფეხზე. როგორც ჯოხითა სცემენ და დააგდებენ, ეგრე ვარ, მთელი მუხლები, წელები... იმიტო რო, იმ ცხენ დატანჯა, დამანჯღია, დამამტვრია.

ჰოდა, მთავრობას გადაეცით რო შაგვიბრალონ, შაგვინანონ, გზა მოგვიყვანონ ხახაბოს, იმიტომ რო, გვინდა აქ ვიცხოვროთ, მამაპაპის ადგილს, არ დავტოვოთ.

სანამდის ფეხის გადაბიჯება შემიძლია, უნდა ვიარო აქ. მოგვეცით გზა და ნუ მოკლავთ ამ სოფელს,“ - ჩივის მარუსა ბებო და ხელმოჩრდილვით მთისკენ ათითებს „დაიწყეს გზის მშენებლობა. იმასხარავეს, გააფუჭეს, კი არ გააკეთეს. ა ეგრე, უბრალოდ ბელტები იყო გადაყრილ-გადმოყრილი. არ მინდა აქაობა გატიალდეს. გზა თუ არ მოა, ვინც არიან, ესენიც წავლენ. მოკვდება, დაიკარგება. დაიწყებენ ეხლა და არაფრიდიდებ იმედ არა მაქ, რო ბოლომდე მოიყვანონ.“

უგზო ხახაბოში ნახევრადდანგრეული ციხე-სახლების შესაკეთებლად საშენი მასალაც ვერ მიაქვთ. დიდ მორებს შორიდან ზურგით ეზიდებიან.

მარუსა ბებო და პაატა ხახიაური ფიქრობენ, რამდენიც არ უნდა მოითხოვონ, თუ ხელისუფლებამ არ ისურვა, გზას ისე არ გამართავენ. უბრალოდ ელოდებიან, როდის გაახსენდებათ ხახაბო.

„ჩემი თქმით არაფერი გაკეთდება. თვითონ თუ არ მოინდომეს, ჩვენი სიტყვები ჰაერშია. ზოგი იმასაც იტყვის, ეს ლაპარაკობს, მოსცლიაო. არა ჯობია ისევ მთებს ველაპარაკო? ესენი უფრო ექოს, ხმას დამიბრუნებენ, ვიდრე ისინი რამეს გააკეთებენ,“- ამბობს პაატა ხახიაური.

კომუნიკაციის პრობლემა, რამდენიმე დღის წინ, ფშავ-ხევსურეთის სათემო ორგანიზაციამ მოაგვარა. ხახაბოში მაღალი სიჩქარის Wi-Fi აქვთ. პაატა ხახიაურსა და 80 წლის მარუსა მინდიკაურს აღარ მოუწევთ მთების გადავლა და ნებისმიერ დროს, სახლებიდან შეძლებენ ახლობლებთან დარეკვას. 

პაატა ხახიაური უკვე ხახაბოდან გვიკავშირდება სოციალურ ქსელში და მადლობას უთვლის სათემო ორგანიზაციას ამ შესაძლებლობისთვის: „მადლობა იმ ხალხს, ვინც დაგვეხმარა, დაეხმარა ხახაბოს თემს და სიცოცხლეზე ფიქრი შეგვმატა. ინტერნეტმა მეორედ დამბადა, ბევრ რამეში დაგვეხმარება. სხვა თუ არაფერი, ბარის ამბებს ვიგებ, ქვეყანაში ომი რომ დაიწყოს, ხომ უნდა ვიცოდე, ახალგაზრდა კაცი ვარ და მეც მინდა სამშობლოს წინაში მართალი ვიყო.

ახალგაზრდებმა რომ გაიგეს, სოფელში ინტერნეტია, სურვილი აქვთ, წელს თუ არა, მეორე წელს მოვიდნენ, ზოგი დასასვენებლად, ზოგი მამა-პაპის კერაზე და აღდგენა დაიწყონ. მეც სასტუმროს მოწყობის იდეა გამიჩნდა. ახლა ტურისტთან დაკავშირება და ცხენებით მუშაობა შემიძლია.

ვფიქრობ, დღეს თუ არა ხვალ, ახლო მომავალში ბევრ რამეს გავაკეთებთ ინტერნეტის საშუალებით.“

ავტორები: ლაშა ორჯონიკიძე, ქეთი მაღრაძე

ხახაბოში ინტერნეტი ფშავ-ხევსურეთის სათემო ორგანიზაციამ ჩართო. ფშავ-ხევსურეთ-გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაციის პროექტი, მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის, საქართველოს მთავრობის, ამერიკული ორგანიზაცია ISOC-ის და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს დახმარებით, 2019 წელს დაიწყო და ინტერნეტი უკვე 80-ზე მეტ, მაღალმთიან და საზღვრისპირა სოფელშია ხელმისაწვდომი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში