საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

თოვას რომ დაიწყებს, მაშინ დაგვთვალეთ არხოტში - გიგლა ოჩიაური

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:37 - 12 სექტემბერი 2019 hits 16547

ჭიმღაში მცხოვრებ მარტოკაცს, გიგლა ოჩიაურს პირველად სამი წლის წინ შევხვდით. ე.წ. წელთგზაზე. არხოტამდე სამანქანო გზა ჯერ კიდევ არ იყო, მაშინ ჭრიდნენ. სამი წლის შემდეგ ჭიმღა ისევ უგზოდაა დარჩენილი, არადა პროექტი გზის მიყვანას არხოტის ხეობის სამივე ცოცხალ სოფლამდე ითვალისწინებდა.

გიგლას ვკითხეთ, რა შეიცვალა ჭიმღაში ბოლო სამ წელში?

საქართველოს მაგივრად ცხოვრობს აქ ერთი კაცი, მე იმას კი არ ვამბობ რომ სასწაულია... მამულია ეს ჩემი, აქ დავიბადე. როგორ შეაყვედრებ სამშობლოს აქ ცხოვრებას. რომ მოდიოდით რამე დაინახეთ? სრულიად არაფერი. ის გზა კი ჩამოვიდა არხოტამდე, მაგრამ რატომღაც ჯერ სამივე სოფლამდე ვერ მოვიდა. ამოიყვანე გზა სამივე სოფელში, რომ ზურგჩანთით არ ეზიდებოდეს კაცი ფქვილს, მერე გააკეთე ის ასფალტი ზემოთ. ეს სამანქანო გზა 13 კილომეტრით მეტია ძველ გზაზე, ჩვენს ბილიკზე. 13 კილომეტრი მე ხომ უკანაც უნდა გამოვიარო. 26 კილომეტრით დამიგრძელეს გზა. იმაში მაინც დამეხმარე, რომ ერთი თვით გვიან ჩამეკეტოს, ერთი თვით ადრე გაიხსნას. გადმოსახვევამდე მაინც მოვალ მანქანით. საფეხმავლო გზა აპრილში გვეხსნებოდა. ახლა? გზას ივლისში ხსნიან და სექტემბრის ბოლოს იკეტება.

რა შეიცვალა? დღეს აქ რომ ხართ, ეს თავისებურად უკვე შეცვლილია. ამით ხომ არავინ დაინტერესებულა.

აი, ისინი, ჯარია ხო? მესაზღვრეები... ეგენი ოქტომბერში, როცა ტემპერატურა 10 გრადუსამდე დაეცემა, წავლენ რომ არ გაცივდნენ და ბარისახოში იქნებიან. ის 9 თვე მე უნდა ვიყო აქ, მარტო.

მე გავძელი უკვე, მაგრამ რამდენ ხანს გავძლებ კიდევ? სხვა რომ მოვიდეს და დასახლდეს, ხომ უნდა დაეხმარო, შუქი ხომ უნდა მოუყვანო. გზა ხომ უნდა? მე უგზოდაც გავძელ, არავის კარზე არ მივსულვარ და არც არავის სასარგებლოდ მილაპარაკია. იქნებ თავი რომ მომეხარა და მივსულიყავი იმათთან, შეიძლება თავი შემებრალებინა, მაგრამ რამდენჯერ მოიხრება ადამიანი? ჯობდა ასე რომ ვიცხოვრე.

თქვენ რომ არ აძალებდეთ ხელისუფლებას, რომ მიიხედონ იქეთ,

რატომღაც თავისით ვერ ხედავს ეს ხელისუფლება. რაღაც მიდგმა უნდა, მიბრუნება უნდა. შე დალოცვილო ჩამოკიდებული ხომ არ ხარ, ტომარაც კი ბრუნავს. მიიხედე იქეთ ვის უჭირს, რა უჭირს.

გამსახურდია რომ მოვიდა ოდესღაც ხელისუფლებაში, 22 ოჯახი დაასახლა იმ კაცმა. საარსებო წყარო მისცა, ას-ასი ცხვარი, საქონელი... ქართულად იმიტომ მიუდგა, რომ აქ რომ დაასახლო... აი, იმედა, ახალგაზრდა ბალღი, რითი შეინახოს... სახლი არა აქვს, კარი არა აქვს. თუნუქის ჟეშტები მოუთრევიათ. რაზე მივაკრათ ის? აქ ფიცრები როგორ დავთალოთ.

რამდენია გამოყოფილი სოფლის პროგრამისთვის? ერთი მიკრო ტრაქტორი მოგვეცი, რომ აგერ შეშები გამოვათრიოთ, მიწა რომ ამოვთხაროთ, გავჩიჩქნოთ და დავთესოთ. თივას გამოვაბამ, სათიბელას, გავთიბავ. ახლა ხომ ცელს ვიქნევ... არაფერი მაქვს. შუქი მე არ მაქვს, გზა მე არ მაქვს, რაც მთავარია. ექიმი აქ არასდროს ყოფილა, არანაირი საშუალება. გაღიმებულმა ვიარო ხელისუფლების მიმართ?

აი, საქართველოს ისტორია ასეთია, უკან ნანგრევები რომ არის, კისერმოგლეჯილი ციხე-კოშკები, 2000 წელში დამინგრია იმ რუსმა, ბომბი ჩამოაგდო. ახიელის ციხეც ხომ გაანადგურა. ახლა ინგრევა ესენი. ხომ არის ძეგლები, ვინ არის ამ ძეგლების პატრონი რომ რაღაცით მიეხმაროს. ჯერ ერთი ქვა ჩამოვარდება, მერე სულ ჩამოწვება. დაეხმარე რა კოშკს, კოჭლობით დგას. აჩქარება უნდა ამას მეგობრებო, დაიკარგება. და თუ დაიკარგა და გაისად მე არ დაგხვდით, აგერ ორმა რუსმა ჩანთა თუ დადო, მერე აქ ორ რუსს იმდენი მოჰყვება, რომ აღარ მოვლენ ჩვენები. აგერ ხომ მოდიან და ღობავენ, მოვდივართ და მოვდივართ რა...

- რა შეცვალა მთის კანონმა არხოტში?

- სრულიად არაფერი. იცი რა გვითხრა სეხნიაშვილმა (დუშეთის მერი)? 20-20 ლარი დავუმატეთო. ახლა აქ გინდა 20 ლარი დაუნიშნო, გინდა 50 ლარი, იმის ასაღებად აქ ვინ წამოვა. სრულიად არაფერი შეცვლილა. რამეს ხედავთ? რამე პერსპექტივა არის? ახლა რომ წახვალთ, აქ საზარელი სიჩუმე დაისადგურებს. ახლა ეს ტელეფონი მაინც გვაქვს, კარგია რომ გაკეთდა. მაგრამ ხომ არის ისე, ხანდახან თვეობით არის ნისლი მოდებული, ვერ დაგეხმარება მაშინ ტელეფონი. კუჭი რომ გაგისკდეს, „დრუჟბა“ ან ცული დაიკრა ფეხში, რა გიშველის... განწირული ხარ. ამ მთის კანონებს ჩვენთვის არაფერი მოუცია. შეიძლება პენსიას იღებს ვინმე, 20 ლარით მეტს... სულ ეგ არის.

იცი როდის უნდა დაგვთვალო? როცა თოვას დაიწყებს. მაშინ ჩანს არხოტი რამხელაა და რამდენი ადამიანი რჩება. დარჩება აქ 5 კაცი, 5 მოხუცი.

აგერ, სანდუა, 80 წლის. ჩემი ძმა შიო 70 წლის კაცია და სამი სხვა, 60 წლის. ჯარჯი ცოლშვილით ხან იქ მიდის, ხან აქ არის. ვინმე რომ მოკვდეს აქ, ვერ გაიგებ. იქ, შუა სოფელში ორი ადამიანია, ერთი გაიგებს რომ მეორე მკვდარია და ეგ არის. ჩვენი საქართველოც ეგ არის. ის ხელისუფალიც ზუსტად ასეთია, ხელს უწყობს, ეხმარება ამ ტერიტორიების სიკვდილს. ყველაფერს ისე გეუბნები, ნამდვილად როგორც არის. ახლა იმედის ტელევიზიაში როგორ არის და მაესტროში როგორ თარგმნიან, არვიცი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში