საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სანახშოზე გავალ და ღმერთს ვთხოვ, ვინმე აივლიდეს, დამელაპარაკებოდეს - 76 წლის მარტოქალი რაჭიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:18 - 17 მაისი 2020 hits 47278

„კორონამ გაიხაროს ჩემი გახარებით, ორი მეზობელი ჩამომივიდა. ერთი იქით მყავს, მეორე აქეთ და ახლა შუაში ვარ. გახარებული ვარ ძალიანა, მარა ღმერთმა ნუ ქნას... კორონა მოშორდეს აქიდანა“ - ტატიანა გრძელიშვილი ღებიდან ქვემო სევაში 1970 წელს გამოთხოვდა. იმდენი ხალხი ყოფილა მაშინ სევაში, რომ უბანში ათი უღელი ხარი ჰყოლიათ. ახლა კი, ათი წელია მარტოა სოფელში.

„ბიჭი მყავს, მაგრამ უბანში რომ აღარავინ იყო, გამექცა. მაინც სჯობდა რომ წასულიყო, დაჩაგრული იყო აქ. სოფელში აღარავინ იყო და გული მოუკვდა. ზაფხულობით მოდის ხოლმე და მეხმარება“ - სიმარტოვის სიმყუდროვეს ეზოში მოკაკანე სამი ქათამი ურღვევს. მეტი ჰყავდა, მაგრამ არემარეს შეჩვეული მელა და ქორი მათ წაყვანაში ერთმანეთს ეცილებიან. მტაცებლებს ეზოში სახელდახელოდ დადგმული სამიოდე „მაშინობელაც“ ვერ აფრთხობთ.

სოფელში მარტო დარჩენილ ტატიანას, ადამიანებზე ხშირად, ქორთან და მელასთან ერთად, დათვიც სტუმრობს. ონში მიმავალს გზად შემოხვდა, მეორე დღეს კი „უშობელი“ შეუჭამა, ახლა ერთი „ხბოუკა“ ჰყავს და ისიც, გომურში. „ამას ველაპარაკები ხოლმე, ესაა ჩემი ერთადერთი ხმის გამცემი.

ძნელია, ვერავის რომ ვერ ველაპარაკები. სანახშოზე გავალ, დავჯდები იქანა და ღმერთს ვთხოვ, ვინმე აივლიდეს, დამელაპარაკებოდეს მეთქი.

სევა რომ ხალხმრავალი იყო, სოფლის შესასვლელში აღმართული, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალიც მეტყველებს. ონიდან 9 კილომეტრით დაშორებულ ქვემო სევას ახლა 76 წლის ტატიანა გრძელიშვილი ასოფლებს.

ონში მოსახვედრად, სახლიდან ცენტრალურ გზამდე ორი კილომეტრის ფეხით გავლა ხშირად უწევს. გზაზე ჩასული, ხელცარიელი, უკან არაერთხელ ამობრუნებულა. ამბროლაური-ონის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტი წლების განმავლობაში არ არსებობდა. სამი თვის წინ, ონის მერიას თბილისში ჩამოწერილი ყვითელი ავტობუსი აჩუქეს. მხოლოდ რამდენიმე რეისის შესრულება მოასწრო. რაჭის დაცლილ სოფლებს შერჩენილი ადამიანები, პანდემიასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა ისევ გამვლელის იმედად დატოვა. ონში ძირითადად პროდუქტის გამო მიდის: „სამი ქათამუკა რომ მყავს, იმათი საჭმელიც ხომ მინდა? მარილი მინდა, შაქარი მინდა. პროდუქტების გამო დავდივარ. ჩავალ გზამდის და თუ ვერ გავყევი ვინმე ღვთისნიერს, ისევ უკან მიწევს ამოსვლა და ასე ვარ დატანჯული. სამი თვეა პენსიუკაც აღარ დამინახავს თვალით, მარა ქე რათ მინდა პენსიუკა, თუ ვერაფერი ვიყიდე? ორ-ორ კილოს ვიყიდი რამეს და ძლივას ამომაქვს აღმართზე. აღმართი მიჭირს თორე თავდაღმართში ქე მივჩინდრიკობ“.

ხალხის დაბრუნებაზე ოცნებობს, თუმცა იმედი არ აქვს: „ახალგაზდრებს შრომა არ უნდათ, რაკიღა ქალაქს გემო გაუგეს, ისინი უკან დაბრუნდებიან?“

მარტო დარჩენილი მოხუცი რამდენიმე წლის წინ გაძარცვეს. სამმა ნიღბიანმა მძარცველმა ექვსი ლარი წაიღო, ნაცემი და გაკოჭილი ტატიანა კი ყინვაში, ღია სახლში მიატოვეს.

„სახლში ვიჯექი. კაკალას ვარჩევდი. ასე, ათი საათი იყო. გაიღო უცბად კარები. შემოცვივდნენ. თავზე ჰქონდათ ჩამოცმული, მარტო თვალუკაები უჩანდათ. მეთქი ჩემიანი ხომ არავინ მოვიდა და ის ხომ არ მეხუმრება. რომ წამავლეს ხელი, გადმომაგდეს, მირტყამენ და მირტყამენ. ვინა ხართ, რა გინდათ... რომ ვიყვირო, გავაგონებ ვინმეს? ვერავის... კაცი შვილი არავინ არის. ფული გვინდაო, სადა მაქვს მე შვილო ფული? ვინ მომცა ფული? წიხლებს მირტყამენ. ვაიმე, რა გინდათ შვილო, რას მერჩით? დედეები არა გყავთ? ბებიეები არა გყავთ მეთქი. საფულეუკაში ექვსი ლარუკა მქონდა და ის ამოიღეს.

მიმიტოვეს ღია კარი. ყინვა იყო იმისთანა, დამტოვეს ასე გაბორკილი, ფეხებიც გაკოჭილი მქონდა, ხელებიც. კბილები ქე მქონდა მაშინ, გავიხსენი ხელი. ხოდა რაკი ხელი გავიხსენი, მერე ფეხები შევიხსენი და ავდექი, მარა, მეშინია, კიდე არავინ შემოვიდეს. ცეცხლი ვეღარ დავანთე, გამყინა სიცივემ, მივიფარე და მივწექი“.

დილით, გომურში საქონელს თივა მიუყარა და მერე, ზედა სევაში, უახლოეს მეზობელთან წავიდა. მუხლებამდე თოვლში გზას ჯოხის დახმარებით მიიკვლევდა. ნაცემი ტატიანას დანახვაზე პოლიციას დაუძახეს. მძარცველები სამ თვეში დააკავეს. სამიდან ერთ-ერთმა დანაშაული თავის თავზე აიღო და რადგან არასრულწლოვანი იყო, ერთ წელში გაათავისუფლეს.

ძარცვის შემდეგ, საცხოვრებლად შვილთან, თბილისში გადავიდა, მაგრამ ვერ გაძლო და ისევ უკან, სოფელში დაბრუნდა: „რა ვქნა? მიყვარს აქაობა და ვერსად მივდივარ“.

„მაშინ კბილებმა ქე მიშველა. ახლა კბილებიც აღარ მაქვს“, - ტატიანას შემოსავალი მხოლოდ პენსიაა, ეს თანხა კვებისთვის და მედიკამენტების შესაძენად ჰყოფნის. სტომატოლოგთან მისვლისა და კბილების გასაკეთებელი ფული აღარ რჩება. ფულიც რომ ჰქონდეს, სამკურნალოდ რომ იაროს, რაჭის სოფლებში ტრანსპორტი არ დადის.

გამოკეტილი, მიტოვებული და ხავსმოკიდებული სახლებით რაჭა პირველობას არავის უთმობს. კორონავირუსის გავრცელების გამო მამა-პაპისეულ სახლებში დროებით დაბრუნებულებს ტატიანა გრძელიშვილი და აქა-იქ მცხოვრები მოხუცები სიხარულის თვალით უმზერენ. შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, რაჭაში, დროებით ახმაურებული სანახშოები ისევ თითო მოსახლის ამარა დარჩება.  

„აი, საიდანმე რომ ჩამოვარდე, ხო შევდივარ ქოხში, კიბუნეებზე ავდივარ, რომ გადმოვვარდე, მოვიტეხო კისერი, პატრონი არ მეყოლება. იქანავე შემჭამს ან მგელი, ან ძაღლი ან კატა... არავინ მეყოლება პატრონი“.

ავტორი: ლაშა ორჯონიკიძე

გვინდა, რომ ტატიანა ბებოს სტომატოლოგიური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა მივცეთ. კლინიკაში მის ტრანსპორტირებას რაჭის სათემო ორგანიზაციის წევრი ახალგაზრდები უზრუნველყოფენ.

ტატიანა გრძელიშვილის დახმარების მსურველებმა შემოწირულება შეგიძლიათ გააკეთოთ მარტოკაცების ფონდში, საბანკო გადარიცხვით:

ანგარიშის ნომერი:GE51LB0115195065049003

ბანკის კოდი: LBRTGE22

მიმღები: ააიპ სამოქალაქო აქტივობების ცენტრი

დანიშნულება: #ტატიანაბებოსთვის

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში