საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

30 კილომეტრი ფეხით ან ავტოსტოპით - პროფესიული განათლების მიღების სირთულეები რაჭაში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:39 - 06 თებერვალი 2020 hits 21667

„იქიდან უმეტესი გზა სულ ფეხით გვიწევს სიარული. შეიძლება 10 კილომეტრი იარო, მერე დაგეწიოს მანქანა და წამოგიყვანოს, ან რომელიმე სოფლამდე მიგიყვანოს, მერე ჩამოგსვამს და ისევ ფეხით ვაგრძელებთ, ვიდრე მანქანა მოგვეწევა. ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, რომ მთელი გზა, 30 კილომეტრი ფეხით ამოვსულვართ“, - ირინეს და ანას ამბროლაური-ონის გზაზე ხშირად ნახავთ. ისინი ბუღალტერიას სწავლობენ ამბროლაურის კოლეჯში, რომელიც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ერთადერთი პროფესიული სასწავლებელია. კოლეჯს ონიდან სულ ხუთი სტუდენტი ჰყავს, ცაგერიდან ერთი, ლენტეხიდან კი არცერთი. საზოგადოებრივი ტრანსპორტის არქონის გამო ახალგაზრდებს პროფესიულ განათლებაზე ხელი არ მიუწვდებათ.

ირინე და ანა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ყოველ დილით, 8 საათზე უკვე ონის ავტოსადგურის წინ, მდინარე რიონის ხიდთან დგანან. გოგონები თბილისის ან ქუთაისის მიკროავტობუსს უნდა გაჰყვნენ. ეს კარგ შემთხვევაში, თუმცა ზოგჯერ რეისი არ სრულდება, ზოგჯერ კი ისე სავსეა, ამბროლაურში წამსვლელებისთვის ადგილი აღარ აქვთ. ასეთ დროს ფეხზეც დამდგარან, ონიდან ამბროლაურში ფეხით ჩასვლას მაინც სჯობსო.

ყველაზე მეტად მგზავრობა ზამთარში უჭირთ, როცა თოვლია, ყინავს და დგომას სიარული ურჩევნიათ.

„უფრო ადრე თუ გამოხვალთ, ხიდი სავსეა ხოლმე ამბროლაურში წამსვლელი ხალხით. ძალიან ბევრი ონელი იქ მუშაობს. წლებია ეს ხალხი დადის. როცა გამოველაპარაკეთ, გვითხრეს, თქვენ მოითხოვეთ ტრანსპორტი და ჩვენ ხელს მოგიწერთო. ეს ისეთი რაიონია, ყველა ყველას იცნობს, ნათესავები არიან, ვიღაცას სამსახური აქვს, ვიღაც დასაქმებულია. შენ თუ ხმას ამოიღებ, შენი ნათესავი მუშაობს და შეიძლება გამოუშვან სამსახურიდან. ძირითადად მაგის ეშინიათ. რამდენად რეალურია ვინმეს სამსახურიდან გამოშვება, ეს არვიცი, მაგრამ ამის შიში აქვთ“, - ამბობს ირინე ლებანიძე. ანა მასწავლებელიცაა, სამხატვრო სკოლაში მუშაობს. სკოლას ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.

გოგონებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემის გადასაწყვეტად ონის მუნიციპალიტეტის მერიას მაინც მიაკითხეს.  

„გვითხრეს, რომ ავტობუსები არ ჰყავდათ. მერე გვითხრეს, რომ იანვრიდან დაინიშნებოდა, მაგრამ იანვარიც გავიდა. მერე ტენდერი უნდა გამოცხადდესო. ვიცით, რომ ელოდებიან სამ ავტობუსს, თბილისის მერიამ უნდა გადმოსცეს, მაგრამ რა მიმართულებით დანიშნავენ, ვერაფერი თქვეს.

რამდენიმე ადამიანმა, რომლებთანაც ეს პრობლემა გავაჟღერეთ, გვითხრა, რომ მანქანა იყიდეთ და იარეთო. არ არის სწორი, ყველა ადამიანს უთხრა რომ მანქანა იყიდოს, აქვს თუ არა მას ამის საშუალება. თუ არ გაქვს საშუალება, არ უნდა იარო? განათლება არ უნდა მიიღო?

ორივემ უნივერსიტეტი დავამთავრეთ თბილისში, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ პროფესიული განათლების მიღება. უმაღლესი განათლება ხომ გაქვთ და ამბროლაურში კოლეჯში რატომღა დადიხართო? ასე მარტივად აგვარებენ პრობლემას და აღარც ტრანსპორტი დაგვჭირდება“, - ამბობს ანა.

„ჩვენ შეიძლება დავდივართ, რადგან გვაქვს თავისუფალი დრო, რომელსაც ვკარგავთ გზაში. მაგრამ, ვინც სკოლის დამთავრებისთანავე დაოჯახდა და სწავლა ვერ შეძლო, ვისაც შვილი ჰყავს, ის ვერ მოახერხებს ამას. ონში კოლეჯი არ არის, ამბროლაურზეც უარს ამბობ იმიტომ, რომ ტრანსპორტი არ არის“.

პროფესიულ განათლებაზე ხელი საერთოდ არ მიუწვდებათ ონის სოფლებში მცხოვრებლებს. ონიდან ამბროლაურამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი რომ იყოს კიდეც, მათ ჯერ ონამდე უნდა ჩამოაღწიონ, რაც ადვილი არ არის.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებული ტრანსპორტი სოფლებიდან ონამდე კვირაში მხოლოდ ერთხელ, ოთხშაბათობით დადის. ისიც ყველა სოფლიდან არა. ოთხშაბათი ბაზრის დღეა.

უტრანსპორტობა პრობლემებს მხოლოდ სტუდენტებს არ უქმნის. ონში ერთადერთი ბანკია, საავადმყოფოშიც არ არის აუცილებელი სერვისები, არ არის შემოსავლების სამსახური და სხვა რეგიონული დაწესებულებებიც ამბროლაურშია თავმოყრილი. ონიდან ამბროლაურში ტაქსით მგზავრობა 30-40 ლარი ღირს.

„უტრანსპორტობა უძრაობას იწვევს, კლავს რეგიონს“, - ამ და სხვა პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობისთვის, ირინე და ანა რამდენიმე დღის წინ რაჭის სათემო ორგანიზაციის თანადამფუძნებლები გახდნენ. მიაჩნიათ, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რაჭაში მოსახლეობის რაოდენობა ძალიან შემცირდა, სწორედ უტრანსპორტობაა.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, 2002-2014 წლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით ხალხი ყველაზე მეტად რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში შემცირდა (37 %). 2002 წელს, ონის რაიონში 9 182, ამბროლაურის რაიონში კი 16 225 ადამიანი ცხოვრობდა. 2014 წლის აღწერამ აჩვენა, რომ ონის მუნიციპალიტეტში 6 130 ადამიანი ცხოვრობს, ამბროლაურში 9 139. ბევრ სოფელში ხალხის რაოდენობა ერთ, ორ, სამ ან ათ ადამიანს აღარ აღემატება.

2013 წლიდან დღემდე პროფესიული განათლების განვითარებისთვის სახელმწიფომ ჯამში 300 მილიონზე მეტი დახარჯა.

ამბროლაურის კოლეჯს, რომელიც რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ერთადერთი პროფესიული სასწავლებელია, მხოლოდ 34 სტუდენტი ჰყავს. აქედან ონიდან 5, ცაგერის რაიონიდან 1 (სოფელ ალპანიდან, რომელიც ამბროლაურთან ახლოსაა), 28 ამბროლაურის რაიონიდან, ლენტეხიდან არცერთი.

„ცაგერიდან 7 სტუდენტი სწავლობდა ჩვენთან, მაგრამ ვეღარ შეძლეს სიარული და დაანებეს თავი იმის გამო, რომ ტრანსპორტი ყოველდღე არ მოძრაობს. თავისი მანქანა ჰყავდა იმ ხალხს და ვიდრე ფინანსური საშუალება ჰქონდათ, გაუძლეს, იარეს, მაგრამ გამოელიათ. მერე დაწერეს განცხადება და სტატუსის შეწყვეტა მოითხოვეს.

სწავლება უწყვეტი პროცესია, 5 დღიანი სწავლებაა. სტუდენტი უნდა გამოცხადდეს 10 საათზე, 4 საათამდე მეცადინეობაა და დასრულების შემდეგ, ისევ სახლში უნდა დაბრუნდეს. სტუდენტების რაღაც ნაწილს შეუძლია თუ საერთო საცხოვრებელი გვექნებოდა, დარჩენილიყო. სამინისტრო დაგვპირდა საერთო საცხოვრებლის მშენებლობას. მაგრამ, ეს ყველას ვერ გადაუჭრის პრობლემას. ვისაც ოჯახი აქვს და უნდა, რომ სახლში დაბრუნდეს, მათ აუცილებლად სჭირდებათ ტრანსპორტი“, - აღნიშავს ფროდონ ბუაძე, ამბროლაურის კოლეჯის დირექტორი.

ონის მერიის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერიამ ონის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ 4 ყვითელი ავტობუსი გადასცა. ეს ის ავტობუსებია, რომლებიც თბილისში ახლებით ჩაანაცვლეს. ონის მერიაში აცხადებენ, რომ ავტობუსები ახალრეაბილიტირებულია და შემდეგ მარშრუტებზე იმუშავებს: ონი-ამბროლაური; ონი-უწერა-შოვი-ონი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში