საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ვიცით, წინ ბევრი კედელი გველოდება, მაგრამ ვიბრძოლებთ - სათემო ორგანიზაცია რაჭაში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:14 - 31 იანვარი 2020 hits 18219
ფოტოზე - ეთერ არსანიძე, რაჭის სათემო ორგანიზაციის თავმჯდომარე
საზოგადოება
ფოტოზე - ეთერ არსანიძე, რაჭის სათემო ორგანიზაციის თავმჯდომარე

პრობლემების გადასაწყვეტად აქამდეც იბრძოდნენ, ოღონდ სათითაოდ. მძიმე დროს ახერხებდნენ კიდეც მთავრობისთვის ხალხის ხმა მიეწვდინათ, - ასე მიაღწიეს რომ რაჭას რეანომობილი ჰქონოდა, მაგრამ... მანამდე რეანომობილის უქონლობას 16 წლის ბავშვი ემსხვერპლა. საჯარო მოთხოვნების გამო ზოგიერთი მათგანი აითვალწუნეს კიდეც. იციან, რომ სათემო ორგანიზაციის დაფუძნების შემდეგ უფრო მეტ ახალგაზრდას შემოიკრებენ, ბევრი წინააღმდეგობის გადალახვაც მოუწევთ, მაგრამ მზად არიან იბრძოლონ ცვლილებებისთვის.

„იყო ხოლმე შემთხვევები, როცა ამბროლაურიდან, ონიდან სათითაოდ გვიწევდა პრობლემების წინ წამოწევა, მაგრამ ისეთი ყურადღება არ ექცეოდა, როგორიც შეიძლება სათემო ორგანიზაციის აქტივობებს მოჰყვეს. ვფიქრობთ, გაერთიანებული ძალებით ბევრად მეტს შევძლებთ“, - რაჭის სათემო ორგანიზაციის თავმჯდომარედ არჩეული ეთერ არსანიძე, გუნდთან ერთად, პირველ რიგში სოფლებში ინტერნეტისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემების მოსაგვარებლად გეგმავს ადვოკატირების კამპანიების დაწყებას.

„რაჭაში ჯერ კიდევ არის ბევრი სოფელი, სადაც არ არის ინტერნეტი. ტელეფონიც კი არ იჭერს ზოგან. ადამიანი ავად რომ გახდეს, ადგილის მოძებნა უწევს, სასწრაფო დახმარება რომ გამოიძახოს.

პრობლემაა ის, რომ რაიონი გადაბერებულია, ახალგაზრდებისგან დაცლილია. მოტივაცია არ არის, უიმედობაა.

ზამთარში, ექვსი თვის განმავლობაში მოწყენილობაა. ყოველი დღე ერთნაირია. სხვაგანაც შეიძლება ასეთი პრობლემა იყოს, მაგრამ ჩვენთან უფრო მძაფრადაა. ქალაქთან და სოფელთან არ არის ისეთი კავშირი, რომ მოძრაობა შეიძლებოდეს. რომელიმე სოფლიდან შეიძლება ონში ან ამბროლაურში ჩამოსვლა გინდოდეს და ვერ ჩამოხვიდე იმიტომ, რომ ელემენტარულად ტრანსპორტი არ არის. ამის ყველაზე მარტივი მაგალითია ონიდან ამბროლაურამდე მგზავრობა და პირიქით. ორივე რაიონული ცენტრია, ქალაქებად ითვლება და მათ შორისაც კი არ არის მიმოსვლა. თუ გაგიმართლებს და ღმერთი გადმოგხედავს, შეიძლება ვინმემ გაგიჩეროს და ასე გადაადგილდე. მითუმეტეს, რთულია ღებში თუ ცხოვრობ და ამბროლაურში სწავლა გინდა კოლეჯში, მართვის მოწმობის აღება გინდა და ა.შ. ჯერ ონამდე უნდა ჩამოაღწიო და მერე იქიდან ამბროლაურამდე იწვალო“, - ამბობს ეთერი.

ასე წვალებით ცდილობენ პროფესიული განათლების მიღებას ონში მცხოვრები ირინე ლებანიძე და ანა მურცხვალაძე. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ყოველ დილით, 8 საათზე უკვე ონის ავტოსადგურის წინ, მდინარე რიონის ხიდთან დგანან. ონი-ამბროლაური-ონის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არსებობს. ამიტომ, გოგონები თბილისის ან ქუთაისის მარშუტკას უნდა გაჰყვნენ. ეს კარგ შემთხვევაში, ზოგჯერ რეისი არ სრულდება ან შეიძლება სავსეც იყოს და ამბროლაურში ჩამსვლელი მგზავრებისთვის ადგილი არ აქვთ. ფეხზეც დამდგარან და ამბროლაურიდან ონში ფეხითაც ამოსულან. მანძილი 30 კილომეტრია. ყველაზე მეტად მგზავრობა ზამთარში უჭირთ, როცა თოვლია, ყინავს და დგომას სიარული ურჩევნიათ.

ირინე და ანაც რაჭის სათემო ორგანიზაციის დამფუძნებლები გახდნენ. მათგან განსხვავებით, პროფესიული განათლების მიღებას საერთოდ ვერ ახერხებენ რაჭის სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდები. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში პროფესიული კოლეჯი მხოლოდ ამბროლაურშია. გარდა იმისა, რომ არც ცაგერიდან, არც ლენტეხიდან და არც ონიდან ამბროლაურამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის, მთის რაჭის სოფლებიდან (წედისი, ირი, პიპილეთი, ბოყვა და სხვა) ონში ავტოსტოპითაც ვერ მოხვდები. ფეხით რომ შეძლო კიდეც, ნადირის გამო საშიშია.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის არქონა უძრაობას იწვევს. რეგიონებში, სოფლად ცხოვრებას კლავს. უტრანსპორტობის გამო ხალხს ბევრ რამეზე ხელი არ მიუწვდება. ახალგაზრდებს გართობა ზოგჯერ მაინც გვჭირდება, სოფლებში კი გასართობი აღარაფერია. ამიტომაც გარბიან და ბევრი წასულია კიდეც.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნამ, შესაძლოა, აქედან წასული ხალხი უკან ვეღარ მოაბრუნოს, მაგრამ მიგრაციას მაინც აღარ შეუწყობს ხელს“, - ამბობს ეთერ არსანიძე.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, 2002-2014 წლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით ხალხი ყველაზე მეტად რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში შემცირდა (37 %). 2002 წელს, ონის რაიონში 9182, ამბროლაურის რაიონში კი 16 225 ადამიანი ცხოვრობდა. 2014 წლის აღწერამ აჩვენა, რომ ონის მუნიციპალიტეტში 6130 ადამიანი ცხოვრობს, ამბროლაურში 9139. სხვადასხვა მონაცემებით, ბოლო 5 წელში რაჭაში მოსახლეობა კიდევ უფრო შემცირდა. ბევრ სოფელში ხალხის რაოდენობა რამდენიმე ერთეულს ან ათეულს აღარ აღემატება. მაღალი მიგრაციის მიზეზებად სათემო ორგანიზაციის დამფუძნებლები სკოლამდელ და სასკოლო განათლებაზე, ჯანდაცვის სერვისებზე შეზღუდულ ხელმისაწვდომობასაც ასახელებენ.

ვინც რაჭას ჯერ კიდევ შემორჩა, მათი უმეტესობა სოციალურ დახმარებას იღებს. სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაში სამეწარმეო და ბიზნეს-უნარების განვითარება, ეკოტურიზმისა და აგროტურიზმის, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა რაჭის სათემო ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. რამდენიმე ტურისტული მარშრუტის მონიშვნას და პოპულარიზაციას ახალგაზრდები წელსვე გეგმავენ.

მთის სოფლებში ბევრი სხვა პრობლემაცაა, მაგრამ რაჭაში და მითუფრო ონში, ამაზე ხმამაღლა საუბარს განსაკუთრებით ერიდებიან.

„მოდიან და ჩუმად გვეუბნებიან, რომ სხვადასხვა პრობლემა აქვთ. როცა ვეუბნებით, რომ ხმა ერთად ამოვიღოთ, რაღაც აჩერებთ. ეშინიათ ვინმეს არ ეწყინოს; ნათესავი, რომელიც დასაქმებულია, სამსახურიდან არ გაუშვან. ამის შემდეგ, ჩვენ, ახალგაზრდებმა სათითაოდ მაინც თუ ამოვიღეთ ხმა, განსხვავებული აზრის გამო კეთროვანებივით გვიყურებენ. რთულია ასეთ გარემოში ცხოვრება. ვერ უძლებენ ამას, ჩუმდებიან ან მიდიან“, - ეთერს იმედი აქვს, რომ სათემო ორგანიზაციის დაფუძნებით მეტი ახალგაზრდის მობილიზება გახდება შესაძლებელი.

ამჯერად უკვე თხუთმეტნი არიან - ონიდან, ღებიდან, გლოლიდან, უწერიდან, ამბროლაურიდან, კრიხიდან და ხვანჭკარიდან. გაწევრიანება სხვა ახალგაზრდებსაც შეუძლიათ. ამისათვის უნდა შეავსონ ანკეტა და გაგზავნონ ან მიწერონ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

რაჭის სათემო ორგანიზაცია 27 იანვარს სამოქალაქო აქტივობების ცენტრის მხარდაჭერით დაფუძნდა. მთაში ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდისა და პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობის პროექტს სამოქალაქო აქტივობების ცენტრი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დახმარებით ახორციელებს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში