საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მარტოკაცი საჭურედან - 30 წლის შალვა ხორნაული, რომელმაც ნასოფლარი გააცოცხლა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:26 - 13 ივლისი 2021 hits 82769
ფოტოზე - შალვა ხორნაული
საზოგადოება
ფოტოზე - შალვა ხორნაული

იქ არც დენია. მობილური ტელეფონი რომ დატვირთოს, კვირაში ერთხელ თიანეთში ფეხით ჩადის, იქამდე კი 7 კილომეტრია. უკან ამობრუნებულს დატვირთული ტელეფონი ორიოდე დღე უძლებს, ამიტომაც ხშირად გამორთული აქვს.

საჭურე ივრისხეველი ხევსურებით დასახლებული სოფელი ყოფილა - ხორნაულების, ჭინჭარაულებისა და არაბულების ოჯახები აქ  მე-19 საუკუნის ბოლოს მოსულან. იმერელი ოსტატების მიერ აშენებული სახლები ახლა ჭერჩამონგრეული და ჭინჭრითაა დაფარული.

ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარე სოფელში, 2002 წელს ორ ადამიანს კიდევ უცხოვრია. მოსახლეობის 2014 წლის აღწერით კი საჭურე უკვე ნასოფლარია.

„სხვაგან რომ ვყოფილვარ და ნასოფლარები მინახავს, გული დამწყვეტია. მერე რომ დავფიქრდი, მეც ხომ მქონდა ასეთი ნასოფლარი და გადავწყვიტე წამოვსულიყავი, აქ დამეწყო ცხოვრება.

ყველაზე მეტად დედა ნერვიულობს. ვეუბნები, არაფერი გამიჭირდება მეთქი. უკვე მეორე წელია და კიდევ ვერ ეგუება ჩემს აქ ყოფნას“

30 წლის შალვა ხორნაული საჭურეში შარშან, მაისში ამოვიდა. თან ორი ძროხა, ერთი ხბო და რამდენიმე ფრთა ფრინველი წამოიყვანა. მამა-პაპისეული ნაკვეთი ატყევებული დახვდა. ეკალბარდისგან გაასუფთავა და შემოღობა. მდინარიდან ეზოში წყალიც შემოიყვანა. პატარა ხის ქოხიც ჩადგა - ასე დაიწყო ნასოფლარის გაცოცხლება.

„ვიცოდი, ადვილი არ იქნებოდა. არის საკითხები, რაზეც წარმოდგენა არ მქონდა, მაგრამ ვსწავლობ, ვეჩვევი“ - შალვამ მიწა დაამუშავა, კარტოფილი, ლობიო, კიტრი, პომიდორი და სიმინდი მოჰყავს. უეკლო მაყვალიც დარგო, მყნობაც ისწავლა: „მსხალი და ვაშლი დავამყნე. აზარტში შედიხარ, როცა უყურებ შენი დამყნობილი პატარა ტოტი როგორ იხარებს და იზრდება“.

საჭურეში ცხოვრებას აპირებს. უკვე 7 სული საქონელი ჰყავს, ოცამდე კურდღელი, იხვები, ქათმები. ნელ-ნელა ისეთი სახლის აშენება უნდა, წვიმა და თოვლი რომ არ ჩავიდეს. წინა ზამთარი ბიძამისის ხის კოტეჯში გაატარა, რადგან მისი ამჟამინდელი ქოხი ზამთრის მკაცრი პირობებისთვის არასაიმედოა.

ყველაზე მეტად შუქი სჭირდება. ერთი წლის წინ, თიანეთის მერიას წერილითაც მიმართა და საჭურეში ელექტროენერგიის მიყვანა სთხოვა. დღემდე მხოლოდ ერთი პასუხი აქვს - წერილი გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში.

საჭურეში შალვა ხორნაულს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ესტუმრა, მარტოკაცს წიგნები გადასცა და „გურული დღიურების“ სტიპენდია დაუნიშნა. აპირებს, მომავალშიც იყოს მისი მხარდამჭერი, რადგან ასეთი ადამიანები ქმნიან ქვეყანას.

ავტორი: ლაშა ორჯონიკიძე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში