საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ახლა დაცლილი აღარ არის აქაობა - თრუსოს ხეობის მარტოკაცი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:02 - 25 იანვარი 2020 hits 33581

მზის ამოსვლამდე იღვიძებს, თერგში ბანაობს, ცოტას ვარჯიშობს და ყოველდღიურ საქმეებს მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს. ახლა ზამთარია, საქონელი აღარ ჰყავს, მაგრამ სოფელში გასაკეთებელს რა დალევს - გამხმარი ბალახისგან ეზოს ასუფთავებს და ძველ ბოსელს არემონტებს. გაზაფხულზე იქნებ საქონელიც იყოლიოს. რუსლან გუჯარაიძე 13 წელია თრუსოში, კართსოფელში ცხოვრობს. ზაფხულობით მწყემსები უწევენ მეზობლობას, დანარჩენ დროს კი რუსლანი სოფლის მარტოკაცია.

ზაფხულობით მოდიოდიანკე, მარეკიანკე საქონელი, ოქტომბრამდე იცლებოდესკე ხეობა და მარტოაი დავრჩიკე“ - ამბობს 63 წლის რუსლან გუჯარაიძე, რომელმაც კართსოფელში დასახლებით ხეობას სიცოცხლე შემატა.

ზაქაგორს მიღმა ათი სოფელია: ქვემო დესი, ზემო დესი, სუათისი, ბურმასიგი, ცოცოლთა, გიმარა, თეფი, რესი, სივრათი და კართსოფელი. მათგან ცხრა დაცლილია. გაუკაცრიელებულია ხეობის სხვა სოფლებიც: აბანო, ქვემო ოქროყანა, შევარდენი, მნა და კეტრისი (თეთრისი). თრუსოს ხეობას დასავლეთით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ესაზღვრება, ჩრდილოეთით კი რუსეთის ფედერაცია.

13 წლის წინ არც დენი ჰქონდა და არც ტელეფონი იჭერდა, მაგრამ რუსლანისთვის ამას დაბრუნებაში ხელი არ შეუშლია.

თრუსოში სატელეფონო ზარი პირველად მხოლოდ 2018 წელს გაისმა. დღეს „მაგთიკომის“ მობილური კავშირით და ინტერნეტით სარგებლობა სოფელ რესამდეა შესაძლებელი. 

ზღვის დონიდან 2405 მეტრზე მდებარე სოფელი რესი, 1989 წლამდე ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი იყო, ახლა კი სხვა სოფლების მსგავსად, ისიც მიტოვებულია.

დანგრევის პირასაა თრუსოს კოშკებიც. ასეთი კი კართსოფელშიც რამდენიმეა. ერთ-ერთი რუსლან გუჯარაიძის სახლის კედელს ამაგრებს. მეზობელი კოშკის კედლის ბზარი დღითიდღე იზრდება. XVII-XVIII სს კოშკები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია და მათი თვითნებური რეაბილიტაცია არ შეიძლება, აღდგენას არავინ ჩქარობს, კოშკები კი ნელ-ნელა ინგრევა.

მეტი წილი ამ სოფელში უფრო შენახულიკოშკები, ეგრე დაშლილი არ არის, როგორც სხვა სოფლებში. ზოგ სოფელში საერთოდ აღარ გადარჩა კოშკი,“ - გვიყვება რუსლან გუჯარაიძე.

კოშკები ერთადერთი არ არის, რაც ამ ხეობაში დაზიანდა. ტრავერტინები ვერც ბუნების ძეგლის სტატუსმა დაიცვა. მთის ფერდობზე მომდინარე მინერალური წყაროს წყლები გზადაგზა მინერალურ ქანს ტოვებს - ტრავერტინს, რაც მცენარეების ანაბეჭდსა და მტკნარი წყლის მოლუსკების ნიჟარებს ინახავს. ტრავერტინულ „მინდვრებს“ ხეობაში 20 ჰექტარი უკავია. თრუსოს ცნობილი ტრავერტინები, მინერალური წყლებისგან წარმოქმნილი თეთრი, ნარინჯისფერი და მოვარდისფრო კიროვანი დანალექი, რომელიც ხეობაში უამრავ ტურისტს იზიდავდა, გაშავდა. ნაკლები ინტენსიურობით ჩქეფს ე.წ. აბანოს ბუყბუყა ტბაც. ერთ-ერთი მიზეზი ხეობაში ნახშირმჟავა აირის შემცველი მინერალური წყაროებია. საწარმოო მიზნით CO2-ის  მოპოვებამ ბუნების ძეგლებს განსაკუთრებული ზარალი მიაყენა.

რაიც არ უნდა გაეკეთათ, სულ მუდამ იყო ეგრე. მანქანები რომ შემოდიოდნენ, ტრავერტინებზე გადადიოდნენ, არც აფუჭებდა, არცა რა. მერე ტრაქტორმა გამაიარა და სულ გახლიჩა ეს ტრავერტინები - მილიონი წელი რაც ქუჩდებოდა. ბევრჯერ გამიგონია რომ დაბურღეს ის ჭაი, მაგან გააფუჭაო ის უძირო ტბის გაზი - ამბობს რუსლანი.

რუსლან გუჯარაიძის სახელს უკავშირდება კობის ყველის წარმატებაც. წლების განმავლობაში ბევრი მცდელობის შემდეგ გამოიყვანა ყველის სახეობა, რომელმაც სხვადასხვა ფესტივალზე დიდი წარმატება მოუტანა. ამჯერად ყველის წარმოებას აღარ მისდევს. ამბობს, რომ მუშახელი არ ჰყავს, მარტოკაცისთვის კი რთული და არამომგებიანი საქმეა. სოფელში ელექტროენერგია ჯერ არ არის, მზის პანელებზე კი მცირე საწარმოს ვერ ამუშავებს - ძაბვა არასაკმარისია ყველისთვის იმ გარემოს შესაქმნელად, რაც მის დავარგებას სჭირდება.

ამბობენ წელს შემოვიყვანთ დენსაო და თუ ასე მოხდა, მემრე იქნებ ხალხიც დაბრუნდეს და დამხმარეც გამოჩნდეს, მარტოსთვის ძნელია, ახალგაზრდაც აღარ ვარ“, - იმედს არ კარგავს რუსლანი.

დაბრუნების სურვილი ბევრს აქვს. უკვე წელს, ზაფხულიდან მეზობელ სოფელ ცოცოლთაში ბრუნდება ერთი ადამიანი. კიდევ ერთი რუსლანის მეზობლადვე. თუ ხეობაში ელექტროენერგია შევა, კიდევ უფრო მეტი მსურველი გამოჩნდებაო, ამბობს რუსლანი - ვინმე რომ დასახლდეს ეგრა ეხლა აი იქა, მეც დავეხმარები. მაგრამ არ მოდიან იმიტომ, რომ საკუთრობაჩი არა აქვთ და მემრე რომ გააგდონ, ვის მოუნდება ეგრე?“

ჩვენ წელსვე ვგეგმავთ თრუსოს ხეობის რეაბილიტაციის დაწყებას. თრუსო უკვე გამოცხადდა დაცულ ტერიტორიად, რაც ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო ადგილი გახდება როგორც ტურისტებისთვის, ისე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. მას შემდეგ, რაც თრუსოს ხეობა განვითარდება, რომელიც ასევე კობს უკავშირდება, გვესმის რამდენად საინტერესო გახდება უშუალოდ კობი და კობში მცხოვრები ადამიანები შეძლებენ ბევრად უფრო კარგად იცხოვრონ“ - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა 2019 წლის 19 იანვარს კობი-გუდაურის საბაგირო გზის გახსნისას, - „თრუსოს ხეობაში  დაგეგმილი გვაქვს ვიზიტორთა მცირე ცენტრის, პატარა გასაჩერებელი ადგილების მოწყობა, შესასვლელი გზის მოწესრიგება. რა თქმა უნდა, ასფალტით და მაგისტრალებით არ შევალთ და გავუფრთხილდებით იმ ლანდშაფტს, რომელიც არის, მოეწყობა ბილიკები. ეს არის ის რეგიონული განვითარების ხედვა, რომელსაც ჩვენ, ამ პროცესში ჩართული ყველა უწყება ვცდილობთ, რომ მივყვეთ“.

ამ განცხადებიდან ერთი წლის შემდეგ თრუსოში არაფერი შეცვლილა. ხეობის მარტოკაცი ფიქრობს, რომ აქაურობას მართლაც ბევრი ტურისტის მოზიდვა შეუძლია, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ თრუსოს სიმდიდრეს, მის ძეგლებსა და ბუნებას ტრავერტინებივით არ დააზიანებენ, -

შენარჩუნებულიყო ის, როგორც არის სულ ყველაი, სახლებიც ესევე აშენებულიყო, როგორც იყო ძველებურადა. ახალი კოტეჯები არ დაიდგას. თუ რასმე ააშენებენ, ეგრევე, რომ ლანდშაფტი არ გააფუჭას. ინვესტორი შემოვა და იმეებს ააშენებენ, სასტუმროებს, აი, გუდაური როგორ დამახინჯდა. როგორი ლამაზი იყო და რას დაემსგავსა. ლამაზი იცი რა არის, აი, რო მოვლეკე უცხოელები, მაგათ ვერ გააკვირვებ ვანებითა, ლუქსებითა, როგორიცაა ძველი, ის უნდათ რო ნახონ

ავტორი: ლაშა ორჯონიკიძე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში