კობი-გუდაურის დამაკავშირებელი 7 კილომეტრიანი საბაგირო გზა, რომელიც საათში 2800 მგზავრის მომსახურებაზეა გათვლილი, საზეიმოდ დღეს გაიხსნა. საბაგირო სისტემა 111 გონდოლისგან და 3 საბაგირო გზისგან შედგება. იგი 6 სადგურის მეშვეობით კობს გუდაურთან აკავშირებს. ეს მარშრუტი ჩრდილოეთ ფერდობზე მდებარეობს, რის გამოც მის გარშემო სათხილამურო გზაზე სრიალი გვიან გაზაფხულამდე იქნება შესაძლებელი.
„ეს არის ყველაზე გრძელი საბაგირო, რაც გვაქვს საქართველოში. ეს არის არა მხოლოდ გუდაურის სათხილამურო და ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი, არამედ პირველ რიგში არის რეგიონული მნიშვნელობის პროექტი. უშუალოდ კობში იქნება შესაძლებელი რომ განვითარდეს სასტუმრო ბიზნესი, ახალი სასტუმროები. ბევრი პროექტი წელს იწყება და ჩვენ ნამდვილად გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, გუდაურიც ვაქციოთ საერთაშორისო დონის კურორტად და რა თქმა უნდა, ოთხი სეზონის ქვეყნად ქცევას შევუწყოთ ხელი“, - აღნიშნა მინისტრმა.
თრუსოს ხეობას დასავლეთით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ესაზღვრება, ჩრდილოეთით კი რუსეთის ფედერაცია. ხეობის 15 სოფლიდან 13 დაცლილია (აბანო, ბურმასიგი, გიმარა, დესი, კეტრისი, მნა, ნოგყაუ, რესი, სუატისი, ტეფი, ქვემო ოქროყანა, შევარდენი, ცოცოლთა).
მუდმივი მცხოვრები მხოლოდ ორ სოფელშია, ზემო ოქროყანაში სიმა ბიდიხოვა და კართსოფელში რუსლან გუჯარაიძე.
თრუსოს ხეობაში შესასვლელი გზა ზვავსაშიშროების გამო ყოველი წლის ნოემბრის ბოლოს მაისამდე იკეტება. ჩაკეტილ ხეობაში, რუსლან გუჯარაიძის გარდა, მესაზღვრეები და მონასტერში მყოფი პირები რჩებიან. კართსოფელში ტელეფონით დარეკვა მხოლოდ ერთი წერტილიდან და ისიც ზოგჯერ, გაჭირვებით შეიძლებოდა. 2018 წლის აგვისტოში თრუსოს ხეობაში მობილური სატელეფონო კავშირი პირველად გახდა ხელმისაწვდომი.
ზამთრისგან განსხვავებით, მაისიდან სექტემბრის ჩათვლით თრუსოს ხეობა ხალხმრავალია. ქართველი და უცხოელი მოლაშქრეების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ფერადი ტრავერტინები, რომელსაც ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს. ტურისტებს ასევე აინტერესებთ ბუყბუყა ტბა, ყელიწადის ტბა - ზღვის დონიდან 3081 მეტრზე, ნასოფლარები და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომელთა დიდი ნაწილიც ნადგურდება.