საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მონოპოლია შიდა ავიაციაში - ვის უხდის სახელმწიფო ათობით მილიონს ფრენების სუბსიდირებით

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:18 - 12 თებერვალი 2022 hits 29267
2014 წელი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ნატახტარში, ცენტრში ამირან მანჯავიძე
ბიზნესი
2014 წელი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ნატახტარში, ცენტრში ამირან მანჯავიძე

თქვენი ოცნებები - ჩვენი ფრთები - ასეთი სლოგანით ხვდება მომხმარებელს ვანილა სქაი, რომელიც მესტიის, ამბროლაურისა და ბათუმის რეისებზე ბილეთებს ყიდის. ამ ფრენებს სახელმწიფო აფინანსებს, ყოველწლიურად მილიონობით ლარით. ტენდერებში კი მხოლოდ ორი კომპანია მონაწილეობს და ორივეს ერთი დამფუძნებელი ჰყავს, ვანილა სქაის მფლობელი ამირან მანჯავიძე.

ბიზნესმენის კომპანიას, აკ-ეარ ჯორჯიას, სახელმწიფო 50 მილიონს უხდის შიდა ფრენებისთვის. თავდაცვის სამინისტროს ტენდერებში წარმატებით მონაწილეობს მანჯავიძის მეორე, თავის დროზე შავ სიაში შეყვანილი შპს სერვისეირიც, რომელიც ნატახტრის აეროდრომს ფლობს. მის კომპანიებს, საბიუჯეტო ტენდერებითა და პირდაპირი შესყიდვებით, ბოლო 10 წელში, ჯამში 75 მილიონი ლარის ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული

ამირან მანჯავიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის დიდი ხნის მეგობარია, ვოლსკის მეუღლე კი ვანილა სქაის გაყიდვების სამსახურის უფროსი. მმართველ პარტიასთან სხვადასხვა გზით არიან დაკავშირებული მანჯავიძის ბიზნესპარტნიორებიც. გია ვოლსკიცა და ამირან მანჯავიძეც მთის ამბებთან კატეგორიულად უარყოფენ, რომ სახელმწიფო შესყიდვებში მანჯავიძის წარმატება მათ მეგობრობასა და ოცნებასთან სიახლოვეს უკავშირდება.

 შეუსრულებელი ვალდებულება და ახალი ტენდერი ახალი კომპანიისთვის

შიდა ფრენების უფლება ამირან მანჯავიძემ სუბსიდირების პროგრამის დაწყებისთანავე, 2014 წელს მოიპოვა, თუმცა 2017 წელს, მის  „სერვისეირს“ „აეროპორტების გაერთიანებამ“ კონტრაქტი ვადაზე ადრე შეუწყვიტა. სწორედ ამის შემდეგ გამოჩნდა საავიაციო ბიზნესში მანჯავიძის კიდევ ერთი კომპანია „აკ-ეარ ჯორჯია“.

სახელმწიფოსგან შიდა ფრენების დაფინანსების მიზანი ავიაბილეთების ხელმისაწვდომი ფასის შექმნაა, რამაც შიდა ტურიზმის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი. მთავრობის განკარგულებით, შიდა ფრენების სუბსიდირებისთვის „აეროპორტების გაერთიანებამ“ სულ სამი ტენდერი გამოაცხადა.

პირველი სამწლიანი ხელშეკრულება ამირან მანჯავიძის „სერვისეირთან“ 2014 წლის მაისში გაფორმდა, 11.2 მილიონ ლარზე, საიდანაც, შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, გამარჯვებულმა კომპანიამ მხოლოდ 7,8 მილიონი გახარჯა. ვადის ამოწურვის შემდეგ, 2017 წლის მაისში, იგივე მომსახურებისთვის ახალი ტენდერი გამოცხადდა, ოდნავ შეცვლილი მოთხოვნებით. ამჯერად, „აეროპორტების გაერთიანება“ ისეთ კომპანიას ეძებდა, რომელსაც საავიაციო საქმიანობის 10-წლიანი გამოცდილება ექნებოდა. ტენდერში მონაწილეობა კვლავაც მხოლოდ 2002 წელს დაფუძნებულმა „სერვისეირმა“ მიიღო და ხელშეკრულება 10,7 მილიონ ლარზე გააფორმა.

კონტრაქტის დადებიდან 8 თვეში, „სერვისეირმა“ დამკვეთს მისწერა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფასში მომსახურების გაწევას ვეღარ შეძლებდა, რაც „გაერთიანებამ“ ვალდებულებების დარღვევად მიიჩნია, ხელშეკრულება შეწყვიტა, კომპანიას 150 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა და არაკეთილსინდისიერ მიმწოდებელთა სიაში მისი დარეგისტრირება მოითხოვა. „სერვისეირს“ ერთი წლით სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვა.

ამ დროისთვის, ამირან მანჯავიძეს უკვე დაფუძნებული ჰქონდა ახალი კომპანია „აკ-ეარ ჯორჯია“. „სერვისეირთან“ კონტრაქტის ჩაშლის შემდეგ,  „აეროპორტების გაერთიანებამ“, მთავრობის თანხმობით, ორი ხელშეკრულება, გამარტივებული წესით, სწორედ „აკ-ეართან“ გააფორმა და მას 8 თვეში 3,2 მილიონი ლარი გადაუხადა.

პირდაპირი წესით გაფორმებული ხელშეკრულების დასაბუთებაში, „აეროპორტების გაერთიანება“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განუმარტავდა, რომ საქართველოში რეგისტრირებულმა არცერთმა ავიაკომპანიამ არ ისურვა მათთან თანამშრომლობა, რის გამოც პირდაპირი ხელშეკრულებისთვის ერთადერთი მსურველი „აკ-ეარ ჯორჯია“ შეარჩიეს.

მომდევნო ტენდერი, 2018 წელს, აკ-ეარისთვის ხელსაყრელი პირობებით შედგა. გამარჯვებულს, 3 წლის ნაცვლად, 4 წლით უნდა გაეწია მომსახურება, ხოლო ის პირობა, რომელიც კომპანიისგან 10-წლიან გამოცდილებას ითხოვდა და რომელიც 2017-ში შექმნილ აკ-ეარს ვერ ექნებოდა, ტენდერში აღარ იყო. აუქციონში მხოლოდ აკ-ეარ ჯორჯია მონაწილეობდა და საბოლოოდ, 2018 წლის სექტემბერში, მასთან 50 მილიონიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

თუკი სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის თანახმად, 2017 წლის ტენდერზე, ფრენა/საათის ღირებულება საშუალოდ 1 000 აშშ დოლარი იყო, 2018 წლის აუქციონის შედეგად აკ-ეართანგაფორმებულ კონტრაქტებში ეს თანხა 1 620–დან 2 446 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

რატომ აღარ იყო საჭირო 2018 წლის ტენდერის მონაწილეებისთვის 10-წლიანი გამოცდილება, თუკი ამგვარ გამოცდილებას „გაერთიანება“ 2017 წელს ითხოვდა, - ამ კითხვით დავუკავშირდით „აეროპორტების გაერთიანებას“, სადაც კომენტარზე უარი გვითხრეს იმ მიზეზით, რომ მას შემდეგ ხელმძღვანელობა შეიცვალა და ეს განმარტება საჯარო ინფორმაციის წერილით უნდა მოგვეთხოვა. 

„აეროპორტების გაერთიანებას“ საჯარო ინფორმაციის მოწოდება მანამდეც ვთხოვეთ. იმის გასარკვევად, თუ რომელ კომპანიებთან გამართეს მოლაპარაკება 2017 წელს, ვიდრე პირდაპირი გზით „აკ-ეარს“ შეარჩევდნენ, იმ წერილების ასლები მოვითხოვეთ, რომლებიც ბაზრის კვლევის ეტაპზე დააგზავნეს. 3 თებერვალს გაგზავნილ წერილზე პასუხი ჯერაც არ მიგვიღია.

„აკ-ეარ ჯორჯია“ სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში შემდეგ რეისებს ასრულებს: თბილისი-ბათუმი-თბილისი, ნატახტარი-მესტია-ნატახტარი, ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარი, ქუთაისი-მესტია-ქუთაისი. ბათუმის რეისზე ერთი გზა ზრდასრული მგზავრისთვის 125 ლარი ღირს, ნატახტარი-მესტია - 90 ლარი, ხოლო ნატახტარი-ამბროლაური და ქუთაისი-მესტია - 50. „ვანილა სქაის“ საიტზე მითითებულია, რომ ნატახტრიდან ასევე შესაძლებელია გაფრენა თელავის, ზუგდიდის, ყაზბეგის, ომალოს, შატილისა და ვარძიის მიმართულებით. 

ამირან მანჯავიძის საქმიანობა და ბიზნესინტერესები

ამირან მანჯავიძის სახელს ათამდე კომპანია უკავშირდება - საკუთრებაში აქვს ერთადერთი კერძო აეროდრომი საქართველოში. მის ინვესტორებს შორის ერთ-ერთი ლატვიელი ბიზნესმენი, კონსტანტინს სოლოდუჰაა, რომელიც ლატვიური მედიის ცნობით, იარაღით ვაჭრობისა და ქრთამის მიცემის საქმეებშია ბრალდებული. 

ამირან მანჯავიძე საავიაციო ბიზნესში 2002 წლიდანაა ჩართული, მას შემდეგ, რაც შპს „სერვისეირი“ დააფუძნა. მისი კომპანიების უმეტესობა საავიაციო ან მომიჯნავე საქმიანობას ეწევა.

მანჯავიძესთან დაკავშირებული კომპანიები ქართულ ბაზარზე შიდა ფრენების შესრულებაში უკონკურენტოა. ქვეყანაში რეგისტრირებულ არცერთ სხვა კომპანიას არ ჰყავს ისეთი თვითმფრინავები, რომლებიც მთავრობის მიერ მოთხოვნილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 12 ავიაკომპანიაა რეგისტრირებული, სამგზავრო ფრენებს 8 მათგანი ასრულებს და მათი უმეტესობა საერთაშორისო ავიარეისებს. შიდა ფრენების მიმართულებით მხოლოდ სამი კომპანია, „აერო ექსფედიშენი“, „ავიასერვისი“ და „თი-სი-ეი“ მუშაობს. კომპანიებში „მთის ამბებს“ უთხრეს, რომ შიდა ფრენებისთვის მოთხოვნილი 15-30 ადგილიანი თვითმფრინავები მათ არ ჰყავდათ და მსგავს ტენდერში მონაწილეობასაც ვერ მიიღებდნენ.

შესაფერისი თვითმფრინავების გარდა, ამირან მანჯავიძის კომპანიის მფლობელობაშია აეროდრომი, საიდანაც შიდა ფრენები სრულდება.

ტერიტორია, რომელზეც ნატახტრის აეროდრომი, კომპლექსი ვანილა სქაი და მანჯავიძის სხვა ბიზნესებია თავმოყრილი, ბიზნესმენმა 2008 წელს სახელმწიფოსგან შეიძინა. 49,6 ჰექტარ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთში მაშინ ამირან მანჯავიძემ 1 984 ლარი გადაიხადა.

ფრენები ნატახტრიდან მალევე დაიწყო, 2013 წელს კი ამ ტერიტორიაზე ოფიციალურად გაიხსნა აეროდრომი რეგულარული შიდა ფრენებისთვის. სუბსიდირების გამოცხადების შემდეგ, ნატახტარში ჩავიდნენ მთავრობის წევრები და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც თავის გამოსვლაში პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ამირან მანჯავიძის ბიზნესინტერესშია შპს „ალფა ნატახტარ ტერმინალიც“, რომელიც მისი აეროდრომის ტერიტორიაზე ოპერირებს, მანჯავიძის წილი აქ 10 %-ია. ამდენივეს ფლობს კომპანიაში ფინანსთა ყოფილი მინისტრი მირიან გოგიაშვილი, რომელიც სხვადასხვა პერიოდში, თანამდებობებს იკავებდა სახელმწიფო უწყებებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში. ბოლოს ის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ, დარგობრივი და რეგიონული განვითარების კომპანიას მართავდა. იყო ეკონომიკის სამინისტროს „საპარტნიორო ფონდის“ კონსულტანტიც. გოგიაშვილის წილი „ალფა ნატახტარ ტერმინალში“ 10 %-ია, ამდენივეს ფლობს ბიზნესმენი აკაკი სვანიძეც, რომელიც, როგორც მისი სოციალური ქსელის პროფილიდან ირკვევა, ასევე გია ვოლსკისთან დაახლოებული პირი და „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერია. კომპანიის 70 % ეკუთვნის ბიზნესმენ გიორგი ნანავას, რომლის კიდევ ერთი კომპანიის დირექტორიც მირიან გოგიაშვილია. 

2017 წელს, აეროპორტების გაერთიანებასთან ხელშეკრულების დარღვევის შემდეგ, ამირან მანჯავიძის კომპანიებს ახალი ინვესტორები გამოუჩნდნენ.

ივნისში, მანჯავიძემ დააფუძნა შპს „სერვისეარ ჰოლდინგი“, რომელიც ამჟამად 100%–იან წილს ფლობს „სერვისეირშიც“ და „ვანილა სქაიშიც“.  „სერვისეარ ჰოლდინგში“ ამირან მანჯავიძე 49%–ს ფლობს, ამდენივეს -  ლატვიელი ბიზნესმენი, კონსტანტინს სოლოდუჰა, 2%–ს კი  - „აკ–ეარ ჯორჯიას“ დირექტორი ირაკლი კუტალია. ამირან მანჯავიძის წილი, 49 %, არ იცვლება არც „აკ-ეარში“, სადაც 20 % ეკუთვნის ლატვიურ კომპანია Wings 4sky-ს, 20 % - ლატვიის მოქალაქეს, კონსტანტინს სოლოდუჰას, 5 % - საქართველოსა და ბელორუსის მოქალაქეს, მაიკლ ფეოფანოვს, 5% - მარლიეს სოლოდუჰას, რომელსაც საქართველოსა და კუბის ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ხოლო 1% - დირექტორს, ირაკლი კუტალიას.

ლატვიური მედიის ცნობით, კონსტანტინს სოლოდუჰა მსხვილი საავიაციო კომპანია Wings 4 sky–სა და ტუკუმსის აეროპორტის თანამფლობელია და ის, ბოლო წლებში, რამდენიმე გახმაურებულ საქმეში ფიგურირებდა. ლატვიური საზოგადოებრივი ტელევიზიის ონლაინ პლატფორმის, LSM–ის ინფორმაციით, სოლოდუჰა ბრალდებულია იარაღის გადაზიდვასა და ქრთამის აღებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე. 2021 წელს, ის დააკავეს კიდეც.

 თქვენი ოცნებები - ჩვენი ფრთები

„მეგობრული ურთიერთობა მაქვს ჩვეულებრივი და ვნახულობ ხოლმე პერიოდულად, მაგის ტენდერების და სუბსიდირების საკითხებზე, მე რატომ მეკითხებით? ხაბეიშვილმა დაგარიგათ თუ? ჰკითხეთ მას, მე რა შუაში ვარ,“ - გვიპასუხა გია ვოლსკიმ, როდესაც ამირან მანჯავიძის მასთან კავშირზე ვკითხეთ.

„თქვენ ახალგაზრდა კაცი ხართ და ვერ ერკვევით ალბათ, მისცეს ის დავუშვათ 17 მილიონი? იქნებ ვერც მისცეს. ეს ერთი, მეორეც ვალდებულებები უნდა შეასრულოს. მესამეც, სახელმწიფო თუ 17 მილიონს აძლევს... ჯერ ეს ერთი არ აძლევს, მე რამდენადაც ვიცი. საუბარი გვქონია ამ თემაზე, მე რამდენადაც ვიცი, მინიმუმი ვერ დააფინანსა სახელმწიფომ. მაგრამ სახელმწიფო მას კი არ აძლევს რამეს და ჯიბეში უდებს, ტურისტები რომ ჩამოდიან, იმათ ემსახურება სახელმწიფო. მერე ეს ტურისტები გაცილებით მეტს ხარჯავენ სასტუმროებში, ინფრასტრუქტურაში. ეს ბიზნესია და მაგის კლასელობა აბსოლუტურად არაფერ შუაშია“.

შედის თუ არა ვიცე-სპიკერის ინტერესებში იმ ბიზნესის წარმატება, რომელიც მისი ოჯახის შემოსავლების ნაწილსაც უზრუნველყოფს. მეუღლის სამუშაო ადგილი „ოცნების“ დეპუტატს თავის 2021 წლის დეკლარაციაშიც აქვს მითითებული - გია ვოლსკიმ ცოლის საქმიანობაზე დასმულ შეკითხვას არ უპასუხა.

„არაფერ შუაშია. ვიცი, რომ რამდენიმე აქვს, ერთი ავიაკომპანიაც, რომელიც ბილეთებს ყიდის და არა მგონია, ამირანი რამე უკანონობას ჩადიოდეს. იქ სუბსიდიები აქვს სახელმწიფოსგან თუ რა აქვს, მე ამაში არ ვერევი. მილიონერი არ არის, ვალები აქვს ბანკის და ჩვეულებრივი ბიზნესმენია და თუ რამე გაინტერესებთ, ჰკითხეთ მას, ან მის ბუღალტერს“.

საჯარო რეესტრის უკანასკნელი ამონაწერიდან ირკვევა, რომ ამირან მანჯავიძეს ვალი მართლაც აქვს. ის „ქართუ ბანკის“ მსესხებელია. „სერვისეარ ჰოლდინგის“, მასში შემავალი კომპანიებისა და „აკ–ეარის“  წილები მან „ქართუში“ 2014-2018 წლებში დააგირავა. წილების დაგირავების სანაცვლოდ, მანჯავიძეს, ბიძინა ივანიშვილის ბანკისგან  4 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო ლიმიტი აქვს. 

როგორ მოახერხა ერთი წლით ადრე დაფუძნებულმა კომპანია „აკ-ეარმა“ 50 მილიონიან ტენდერში ხელსაყრელი პირობების მიღება და რატომ გაჩნდა 10-წლიანი გამოცდილების მოთხოვნა მაშინ, როდესაც ტენდერში მისი 2002 წელს დაფუძნებული „სერვისეირი“ მონაწილეობდა და გაქრა მაშინ, როდესაც განაცხადი 2017 წელს დაარსებულმა „აკ-ეარმა“ შეიტანა.

„10 წლიანი კი არა, 22 წლიანი გამოცდილება მაქვს, ჩემი კომპანია ჩამოყალიბდა 2002 წელს, უნდა შეგესწავლათ კარგად ეს საკითხი“, - უკმაყოფილება ვერ დამალა ჩვენს შეკითხვაზე ამირან მანჯავიძემ.

საკუთარი აეროდრომი მაქვს, საკუთარი თვითმფრინავები მყავს, ეგეთი კომპანია საქართველოში არ არის, ჯერ უნდა შეისწავლოთ საკითხი და მერე მკითხოთ ვისთან ვმეგობრობ და ვისთან არა. გია ვოლსკი ჩემი კლასელია, მერე რა მოხდა, ჩემს მეტი კომპანიას ვინმეს აქვს საკუთარი აეროდრომი? საკუთარი თვითმფრინავები ჰყავს ვინმეს?

ამირან მანჯავიძისთვის ასევე გვინდოდა გვეკითხა მისი ბიზნესპარტნიორის, კონსტანტინს სოლოდუჰას შესახებაც, თუმცა მან ტელეფონი გათიშა და ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა.

სერვისეირი, კონტრაქტის ჩაშლისა და აკ-ეარ ჯორჯიას გამოჩენის შემდეგ, საჰაერო ტრანსპორტით მომსახურებას აღარ ახორციელებს, თუმცა თავდაცვის სამინისტროს ტენდერებში უკონკურენტოდ იმარჯვებს. კომპანია უწყებისთვის საავიაციო ბენზინის (AVGAZ 100 LL.) ერთადერთი მიმწოდებელია. 2019 წლიდან მან სამინისტროს ნახევარ მილიონ ლარზე მეტის საწვავი მიაწოდა.

ამირან მანჯავიძის კომპანიებს, სერვისეირსა და აკეარ ჯორჯიას სახელმწიფო შესყიდვებით, 2010 წლიდან დღემდე, ხელშეკრულებები ჯამში 75.6 მილიონ ლარზე აქვთ გაფორმებული. მათ შორისაა მიმდინარე 50-მილიონიანი ხელშეკრულება და 4 მილიონ ლარამდე თანხა, რომელიც მანჯავიძის კომპანიებს ტენდერის გარეშე, პირდაპირი გზით გადაუხადეს. მისგან მომსახურებას 10-ზე მეტი სახელმწიფო უწყება ყიდულობდა.

ავტორი - რობი ზარიძე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში