საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სვანეთში ოქროს მოპოვებაზე აუქციონი გამოცხადდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:43 - 25 იანვარი 2022 hits 26697

მდინარე ენგურის ქვიშრობული ოქროს შესწავლა-მოპოვებაზე წიაღის ეროვნულმა სააგენტომ აუქციონი გამოაცხადა. ლიცენზია 5 წლიანია და ის მესტიის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის, ღვებალდისა და გვალდერის მიმდებარე 80.44 ჰექტარს მოიცავს. აუქციონი, რომლის საწყისი ფასიც 10 ათასია ლარია, 15 თებერვალს 12 საათზე დაიწყება და იმავე დღეს, 18 საათზე დასრულდება. მდინარე ენგურის ხეობაში მოპოვებული ოქრო ყველაზე მაღალი სინჯისაა.

აუქციონის პირობებით, სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია: ლიცენზიის ძალაში შესვლიდან არა უმეტეს 3 წელიწადში უზრუნველყოს სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლა და წიაღისეულის მარაგების ანგარიშის შესაბამის ორგანოში დასამტკიცებლად წარდგენა; ხელი არ შეუშალოს სალიცენზიო ფართობზე მოქმედი სხვა ლიცენზიებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას; ხელი არ შეუშალოს  სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას; მარაგების დამტკიცების შემდეგ, უზრუნველყოს იმ ლიცენზირებული ფართობის დაბრუნება, რომელიც შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით უპერსპექტივო უბანს წარმოადგენს; კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე სალიცენზიო საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ მიწის მესაკუთრესთან შეთანხმებით; მოქალაქეებს არ უნდა შეუზღუდოს სალიცენზიო ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება; ვალდებულია, შესწავლის სამუშაოების დაწყებამდე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან ერთად მიაწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ; ვალდებულია, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირება განახორციელოს ძარაგადახურული ავტომობილებით, ასევე დასახლებულ პუნქტებში სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირებისას უზრუნველყოს საავტომობილო გზის პერიოდული მორწყვა, რათა თავიდან აიცილოს მტვრის გაფრქვევა დასახლებულ პუნქტებში; არ უნდა დააზიანოს შიდა სასოფლო გზები, ხოლო დაზიანების შემთხვევაში მოახდინოს მისი აღდგენა-რეაბილიტაცია, ლიცენზიის მფლობელს წიაღისეულის მოპოვების პერიოდში ეკრძალება გზის გვერდულებზე მასალის დასაწყობება, სამშენებლო ნარჩენების დაყრა, მანქანა-მექანიზმების გაჩერება და დგომა; ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს სალიცენზიო მიწის ნაკვეთზე დაზიანებული ნიადაგის რეკულტივაციის ღონისძიებების ჩატარება; ექსპლუატაციისას მეწყრული პროცესების გააქტიურების დროს უნდა მოხდეს სამუშაოების შეჩერება, სათანადო ღონისძიებების დასახვა და განხორციელება, გეოდინამიკური სიტუაციის გართულების შემთხვევაში, უნდა შესრულდეს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების შესაბამისი მითითებები; ობიექტის დამუშავება უნდა მოხდეს ქვეყანაში მოქმედი სამთო საქმისთვის მიღებული ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების და წესების დაცვით, ობიექტის დამუშავების დროს მოხსნილი ნიადაგის ფენა და ფუჭი ქანი უნდა დასაწყობდეს ტერიტორიის რეკულტივაციის მიზნით მისი შემდგომი გამოყენებისათვის; წიაღით სარგებლობისას იშვიათი მეცნიერული ან ესთეტიკური ფასეულობის ობიექტების აღმოჩენის შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელმა უნდა შეაჩეროს სამუშაოები და დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს.

ზემო სვანეთში ოქროს ქვიშრობული მოპოვების ლიცენზიას, 390 კვადრატულ კილომეტრზე, 2005 წლიდან ფლობდა  შპს „ოპტიკალ სისტემს ინკ“. კომპანია 105 დღეში აპირებდა 421 240 მ ქვიშა-ხრეშის ნარევის გადამუშავებას, საიდანაც 105 კგ ოქროს მოპოვებას ვარაუდობდა.

ლიცენზიის პირობების შესაბამისად, კომპანიას შეეძლო მისთვის მიკუთვნებულ ტერიტორიაზე სვანეთის მცხოვრებლებისთვის ოქროს ტრადიციული წესით მოპოვება აეკრძალა, თუმცა „ოპტიკალ სისტემს ინკ-მა“ სოფელ აცის ახლოს ოქროს მოპოვებითი სამუშაოები მხოლოდ 2016 წელს დაიწყო, რადგან სწორედ ამ წელს დაუმტკიცა გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა კომპანიას ოქროს მარაგები. სვანებმა კომპანიის საქმიანობა ფიზიკური ძალის გამოყენებით მალევე შეაჩერეს. 500-მდე სვანმა ეკლესიებში ხატზე დაიფიცა, რომ „მოსალოდნელი ზიანის“ თავიდან ასაცილებლად, კომპანიას სვანეთში საქმიანობის გაგრძელების უფლებას არ მისცემდნენ.

ოქროს ქვიშრობული წესით მოპოვებას დაუპირისპირდნენ გარემოსდამცველებიც. ამ მეთოდით მუშაობისას ნიადაგის ძალიან დიდ მასას ჭრიან, ამსხვრევენ, რეცხავენ და იქიდან ოქროს აგროვებენ. ეს ტექნოლოგია პირველად ჩინეთში, შემდეგ კი მონღოლეთში განვითარდა. გარემოსადმი მიყენებული ზიანის გამო, 2011 წელს, მონღოლეთის უზენაესმა სასამართლომ ქვეყანაში ამ ფორმით ოქროს მოპოვება აკრძალა.

შპს „ოპტიკალ სისტემს ინკ-ს“ სალიცენზიო ვადა 2021 წლის 25 მაისს დაუმთავრდა. სალიცენზიო ვადის ამოწურვამდე, 2019-2020 წლებში, კომპანიამ ორჯერ სცადა, სოფელ აცისთან ახლოს ქვიშრობული ოქროს მომპოვებელი საწარმო მოეწყო, თუმცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ხარვეზების აღმოჩენის გამო, ორჯერვე უარი უთხრა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში