საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რატომ ითხოვენ სვანეთში ოქროს საწარმოო წესით მოპოვების აკრძალვას

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

00:03 - 26 თებერვალი 2019 hits 13709
ფოტო - კადრი „რეალური სივრცის“ ვიდეოდან
გარემოს დაცვა
ფოტო - კადრი „რეალური სივრცის“ ვიდეოდან

სვანეთის მოსახლეობა მთავრობას მიმართავს, კომპანია „ოპტიკალ სისტემს ინკ“-ს (Optical Systems Inc) სვანეთში ოქროს მოპოვებისა და წარმოების ლიცენზია ჩამოერთვას, მესტიის მუნიციპალიტეტში კი ოქროს საწარმოო წესით მოპოვება და გადამუშავება სამუდამოდ აიკრძალოს. ადგილობრივები ხელისუფლებას ახსენებენ, რომ 500-მდე სვანმა ტაძრებში ხატზე დაიფიცა, ოქროს საწარმოო წესით მოპოვებით არ დაუშვან სვანეთის განადგურება, ფიცის აღსრულება კი სავალდებულოა. ოქროს საწარმოო წესით მოპოვებას ეწინააღმდეგებიან გარემოსდამცველებიც.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში ოქროს მოპოვებისა და წარმოების ლიცენზია 2006 წლის 5 სექტემბერს გასცა. ამ დოკუმენტით 39 000 ჰექტარი ლიცენზიის მოქმედების ზონაში მოექცა, მათ შორის სვანეთის ისტორიული სოფლები, კოშკები, სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები და საძოვრები. კომპანიამ ოქროს საწარმოო წესით მოპოვება 2016 წელს დაიწყო, თუმცა სვანეთის მოსახლეობამ სამუშაოები შეაჩერა.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარში მცხოვრები გიორგი ხვისტანი ამბობს, რომ როდესაც სამინისტრომ ლიცენზია გასცა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის არაფერი უკითხავს:

„როცა კომპანიამ სოფელ იელში სამუშაოები დაიწყო, ხალხმა ძირითადად მაშინ გაიგო. ორი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ. პირდაპირ, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, იქ არის გამოყენებული ციანიდი, რომელსაც გარკვეული მასიდან გამოჰყავს მძიმე ელემენტები. თვითონ ციანიდი მომწამლავია და მძიმე მეტალებიც ადამიანის ორგანიზმისთვის მავნეა. ეს ინფორმაცია გავრცელდა მთლიან რაიონში. ასობით ახალგაზრდა ავედით და სამუშაოები შევაჩერეთ. ორ კვირაში დააზიანეს, დაანგრიეს და გააპარტახეს იქაურობა. ეს რომ დღემდე დაგვენებებინა, წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში იქნებოდა სვანეთი.

ჩვენ სვანეთის მომავალს ვხედავთ ტურიზმის, მათ შორის ეკოლოგიური და ეთნოგრაფიული ტურიზმის განვითარებაში, ასევე სოფლის მეურნეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაში და არა წიაღისეულის ერთჯერადი მოპოვებით სვანეთის ბუნების განადგურებაში.

სვანეთში ოქროს საწარმოო წესით მოპოვებისა და წარმოების აკრძალვის მოთხოვნით მრავალჯერ შეიკრიბა სვანეთის მკვიდრი მოსახლეობა. სვანეთის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ტაძარში – ლაგურკასა (სოფელი კალა, წმინა კვირიკესა და ივლიტეს ეკლესია) და სხვა ტაძრებში ხატზე დაიფიცა 500-მდე სვანმა. სვანებისთვის ღვთისა და ხალხის წინაშე დადებული ფიცის დარღვევა რელიგიური და მორალური თვალსაზრისით დაუშვებელია, ხოლო მისი აღსრულება არის სავალდებულო“.

სვანეთის მცხოვრებლები ოქროს საწარმოო წესით მოპოვების აკრძალვის მოთხოვნით, 24 თებერვალს, თბილისშიც შეიკრიბნენ. შეხვედრაზე გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენლები მონაწილეებს მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ესაუბრნენ.

ნინო გუჯარაიძე, „მწვანე ალტერნატივას“ აღმასრულებელი დირექტორი: ქვიშრობული ოქროს მოპოვება საქართველოში ჯერ-ჯერობით არ მომხდარა. ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა, თუ იელში დაიწყება ეს წარმოება.

ეს ტექნოლოგია პირველად განვითარდა ჩინეთში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩინეთს ძალიან დიდი პრობლემა გაუჩნდა. დაიკარგა მდინარეები, გაქრა ჭარბტენიანი ტერიტორიები და დაკარგეს ტყის დიდი მასივები. ამიტომ, ჩინეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ამ ტიპის მოპოვება ჩინეთში აკრძალა.

ნიშანდობლივია, რომ კომპანია, რომელიც დღეს ცდილობს სვანეთში დაიწყოს ოქროს მოპოვება, ჩინური კომპანიაა. თითქმის საუკუნის განმავლობაში ჩინეთში იმდენად განვითარდა ამ ტიპის მოპოვება, დახვეწეს ტექნოლოგიები, გამოზარდეს ექსპერტები, შედეგად მივიღეთ ის, რომ ამდენი დაგროვილი ცოდნა, ტექნოლოგია საზღვრებს გარეთ გავიდა. პირველ რიგში ამ პროცესში მოექცა მონღოლეთი და შემდეგ რუსეთი. მონღოლეთშიც იმდენად მასშტაბური იყო გარემოზე ზემოქმედება, რომ 2011 წელს, მონღოლეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ამ ფორმით ოქროს მოპოვება აიკრძალა. რუსეთში დაახლოებით იგივე სიტუაციაა. გამოაცხადეს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი ქვეყანაში სიღარიბის დასაძლევად და ხელი უნდა შეუწყონ ამ ტიპის მოპოვებას. ამიტომ, რუსეთში საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული და განვითარებული და აი, უკვე ჩვენამდეც მოაღწია.

ის ვიდეო რგოლი თუ გაქვთ ნანახი, რომელიც კომპანიამ 2017 წელს გაავრცელა, ხდება ნიადაგის ძალიან დიდი მასის მოჭრა, დამსხვრევა, შემდეგ გარეცხვა და უკვე იქედან ოქროს ამოკრეფა. კომპანია ამბობს, რომ ამას დავამსხვრევ, ამოვიღებ ოქროს და მასას დავაბრუნებ იქ, საიდანაც ამოვიღე და ამით არაფერი დაშავდება. ყველამ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ყოველგვარი მეცნიერული ცოდნის გარეშე, რა ემართება ამ შემთხვევაში ეკოსისტემას, რომ არაფერი ცოცხალი იმ მასაში არ დარჩება, ხოლო ადგილზე დაბრუნებით, ის ვერასდროს ვერ აღდგება. მითუმეტეს ამ ქვეყნების გამოცდილება წინ გვიდევს.

ახლა რაც შეეხება ციანიდს, რაზედაც აქ იყო საუბარი. კომპანია მაშინაც ამბობდა, მოიგონეს, იქ ციანიდი არ ყოფილაო. ლიცენზიასთან მიმართებაში არსებობს გარკვეული დოკუმენტაცია, რომლითაც კომპანია ცდილობდა მარაგების დამტკიცებას. ამ დოკუმენტებში წერია, რომ ოქროს მადანი არის სხვადასხვა ზომის. ზოგან შეიძლება იყოს დიდი ნაწილები, რომლებსაც გრავიტაციული მეთოდით ამოკრეფენ, მაგრამ შეიძლება იყოს ფრაქციები, რომელთა ამოკრეფა ასე ადვილად არ მოხდება. ამ შემთხვევაში არის მხოლოდ ერთი ჩანაწერი, რომ მოხდება ასეთი ფრაქციის გამამდიდრებელ ფაბრიკაში გადატანა და იქ დამუშავება. საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი გამამდიდრებელი ფაბრიკა არის მხოლოდ ბოლნისში. სულ სხვა კომპანიისაა და ძნელად წარმომიდგენია, რომ ვთქვათ სვანეთიდან ბოლნისში მოხდება ამხელა მასების გადაზიდვა იმისთვის, რომ იქ ვინმემ გაამდიდროს.

უნდა ვივარაუდოთ, რომ გეგმაში აქვთ ახალი გამამდიდრებელი ქარხნის აშენება, სადაც ასეთი ტიპის მოპოვებული მასიდან ერთადერთი მეთოდით, ციანიდის ხსნარის დაპკურებით მოხდება ოქროს ამოკრეფა.

ჯერ-ჯერობით ასეთი ქარხნის მშენებლობისთვის ნებართვა არ არსებობს და არსად განუცხადებიათ ასეთი გეგმების შესახებ. ამჟამად გარემოს დაცვის სამინისტროში მიმდინარეობს პროცესი, რომლითაც ისინი ცდილობენ იელში ააშენონ სამსხვრევი ქარხანა, ანუ ამ მოჭრილი მასის დასამსხვრევად და გასარეცხად არის დაგეგმილი ამ ფაბრიკის მშენებლობა. ჯერ არ არის გარემოზე ზემოქმედების შეფასება ჩატარებული და ველოდებით, რომ მოხდეს ამ დოკუმენტის საჯარო განხილვა.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ პრობლემა არ არის მხოლოდ ციანიდი. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდ საფრთხეს აქ ვხედავთ, მაგრამ მოპოვება მარტო დამუშავების გარეშე, პრობლემაა უკვე თავისთავად, ვინაიდან განსაკუთებით დიდი მასების მოჭრა ხდება. თქვენ რაც ვიდეო რგოლში ნახეთ, ეს იყო შესწავლითი სამუშაოებისთვის ჩატარებული კვლევა. ამიტომ, ას ამდენს უნდა ელოდოთ. პრობლემა არის გაცილებით მაშტაბური. ეს არ არის ერთი სოფლის პრობლემა. 390 კვადრატული კილომეტრი ერთგვარად კომპანიაზეა დამაგრებული. ეს არ არის აბსოლუტური საკუთრება, მაგრამ ნებისმიერ განვითარებას, ნებისმიერ მშენებლობას თუ გადაწყვეტთ ვინმე, აუცილებლად დაგჭირდებათ კომპანიის თანხმობა. კომპანიის თანხმობის გარეშე ხუხულასაც ვერ ააშენებთ. ეს უფლება მას აქვს ამ ლიცენზიასთან ერთად მოპოვებული და ლიცენზიის მოქმედების ბოლომდე ამ უფლებით ისარგებლებს.

მასების მოჭრის გარდა, კიდევ ერთი პრობლემა რაც ახლავს ხოლმე ასეთი ტიპის მოპოვებას, მდინარეების გაქრობაა. ასეთი მოპოვებები ძირითადად ხდება მდინარის კალაპოტში. მდინარეს უცვლიან კალაპოტს იმისთვის, რომ კალაპოტი გათავისუფლდეს ამ მოპოვებისთვის. როცა სამუშაოს დაასრულებენ, მერე ხდება გადმოგდება. ჩინეთის და მონღოლეთის გამოცდილება ძალიან დიდია ამასთან დაკავშირებით. ვიდრე მდინარეს უკან აბრუნებენ, მდინარე სხვა გზას ნახულობს ან საერთოდ იკარგება. აბსოლუტურად იცვლება ეკოსისტემა, ხშირად მდინარეების გარეშე რჩებიან. ამიტომ საფრთხეები არის მრავალი.

როდესაც ლიცენზია გაიყიდა, იმ დროისთვის ჩვენი კანონმდებლობა არ ითხოვდა საზოგადოების მონაწილეობას ამ პროცესში, მაგრამ ამავე დროს არსებობდა, ჩვენ ხელი გვაქვს მოწერილი და 2001 წლიდან საქართველოში მოქმედებს ორჰუსის კონვენცია, რომელიც მკაცრად ითხოვს მსგავს საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობას. ეს უნდა შესრულებულიყო, მაგრამ ეს არ მოხდა.

ირაკლი მაჭარაშვილი, „მწვანე ალტერნატივას“ ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი: წიაღის მოპოვება გარემოსთვის ყველაზე საზიანო საქმიანობაა, რაც შეიძლება ადამიანმა განახორციელოს ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებით. მოჭრილი ტყე ადრე თუ გვიან ამოვა, გადამწვარი ტყეც კი აღდგება 100 წლის შემდეგ, მაგრამ როდესაც ასეთი წიაღით სარგებლობა ხდება და ზოგჯერ დედა ქანებამდე ჩადიან, ეს ნიშნავს, რომ ვიდრე დედამიწა იარსებებს, იმ ადგილას არაფერი აღარ ამოვა.

თქვენ შეიძლება გეუბნებოდნენ, რომ აი, ტიპიური წარმოება ციანიდის გამოყენებით არ იქნება, მაგრამ ჩადით და ნახეთ, რა ხდება ჭიათურაში. იქ, ჭიათურაში ციანიდს არ იყენებენ, მაგრამ ხალხს აღარ ეცხოვრება.

წიაღი თავისთავად მომგებიანია იმ შემთხვევაში, თუ ზარალად არ მივიჩნევთ იმას, რაც ჩვენ და თქვენ ღირებულებად მიგვაჩნია. წიაღის მოსაპოვებლად მნიშვნელოვანია შენ აწონო დანახარჯი და სარგებელი. ოღონდ, დანახარჯი უნდა იანგარიშო გარემოს, კულტურულ მემკვიდრეობას რა ზიანი ადგება. ზოგ შემთხვევაში ქვეყნისთვის სასარგებლოა წიაღისეული დარჩეს მიწაში იმიტომ, რომ იმისი მოთხრით და ამოღებით უფრო მეტ ზიანს იღებ.

საუკეთესო შემცველობად ითვლება როცა ერთი გრამი ოქრო არის 1000 ტონა მიწაში. წარმოიდგინეთ ბოლნისსა და დმანისში რაც ხდება. 1000 ტონა მიწა უნდა ამოიღონ, გააუვარგისონ და გადაყარონ, რომ ერთი გრამი ოქრო ამოიღონ.

იმის გამო, რომ მიწის გაუვარგისებისთვის კომპანია არაფერს იხდის, იმ ერთი გრამის მოპოვება მათ უღირთ.

როგორ გახდა ეს შესაძლებელი? 2006-2007 წლებში საქართველოში შემოიღეს ისეთი კანონმდებლობა, რომ ყველაზე მავნებელი და სახიფათო საქმიანობა - წიაღის მოპოვება, გათავისუფლდა გარემოზე ზემოქმედების შეფასებიდან. ასეთი ტიპის კანონმდებლობა დამახასიათებელია უკიდურესად დიქტატორული ქვეყნებისთვის. მაგალითად, ჩილეში პინოშეტის დროს. მერე მიხვდნენ რა უბედურებაც დაატრიალეს და გარემოს ზემოქმედების შეფასება ისევ აღადგინეს. ჩვენთან, 2007 წლიდან 2018 წლამდე წიაღის მოპოვება არ ექვვემდებარებოდა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას და შესაბამისად, საზოგადოებრივ განხილვას. პირდაპირ გადაიხდიდი ფულს და წაიღებდი. 2018 წლიდან საზოგადოებას უკვე გვაქვს ეს საშუალება, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ექვემდებარება წიაღის მოპოვება. იქ დაიტოვეს ხვრელები, ვინც ეს კანონი დაწერა, რომ რაღაც ფართობზე ნაკლებზე თუ ვრცელდება, მოდი არ გავავრცელოთ ეს. ამ პარლამენტმა მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომლის 29-ე მუხლში წერია, რომ საზოგადოებას აქვს უფლება, ისარგებლოს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. ასეთი ჩანაწერი ადრე არ ყოფილა. კონსტიტუციის ჩანაწერს არ ვიცი რომელი სალიცენზიო პირობა უნდა დაუპირისპირდეს. ამ კონსტიტუციაში ჩაიწერა კიდევ ერთი კარგი ჩანაწერი, ყველას აქვს უფლება დაიცვას გარემო. იელის მოსახლეობის, სვანების ერთად დგომა გარემოს დასაცავად, ეს არის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება“.

ინტერნეტში საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული პეტიციაც გავრცელდა. პეტიციის ავტორები ია თაბაგარი, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, მარიამ ხაჭვანი, დათო ტურაშვილი, ნუცა ცქიმანაური, კობა ჩოფლიანი, ირაკლი მაჭარაშვილი, ბიძინა გუჯაბიძე, ანა მარგველაშვილი, ნათია ნაკანი და სხვები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსგან ითხოვენ, სვანეთში ოქროს მოპოვების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შევიდეს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში