საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

კონფლიქტი ინვესტორთან - ოქროს მომპოვებელ კომპანიას სვანეთში აღარ უშვებენ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:15 - 10 მარტი 2017 hits 10364

კომპანიას - „ოპტიკალ სისტემს, ინკ“, რომელიც მესტიის რაიონის სოფელ იელში ოქროს მოიპოვებს, მოსახლეობა სალიცენზიო ტერიტორიაზე აღარ უშვებს. კომპანია კონფლიქტში „გავლენიან ჯგუფებს“ ადანაშაულებს და სახელმწიფოსგან მისი უფლებების დაცვას ან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს.

„მთის ამბები“ „ოპტიკალ სისტემს, ინკ-ის“ იურისტს, ირაკლი გვილიას ესაუბრა.

- რატომ ვერ ახერხებს „ოპტიკალ სისტემს, ინკ“ საქმიანობის გაგრძელებას, რა ან ვინ გიშლით ხელს?

- დავიწყეთ თუ არა 2016 წლის მაისში მუშაობა, მეორე დღესვე, მოვიდა 200 ადამიანისგან შემდგარი კარგად ორგანიზებული ჯგუფი და ჩვენი საველე ბანაკი დაარბია. იგივე ადამიანები არც ამჟამად გვაძლევენ მუშაობის გაგრძელების საშუალებას.

- რატომ ეწინააღმდეგება მოსახლეობა თქვენი კომპანიის საქმიანობას?

- მოსახლეობა ჯერ ამბობდა, რომ იქ თურმე ურანის მოპოვებით ვართ დაკავებული. შემდეგ დაგვაბრალეს, რომ თურმე იქ ციანიდს ვიყენებთ. კომპანია ქვიშის რეცხვის პროცესში არც ციანიდს იყენებს და არც რაიმე სხვა ქიმიურ ნივთიერებას. ეს დასტურდება თუნდაც იმით, რომ ამ ტერიტორიის დარბევის მეორე დღეს, იქ მოვიდა გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი, შეისწავლა ტერიტორია და ერთადერთი რაზეც დაგვაჯარიმა, იყო ის, რომ ტერიტორიაზე დაყრილი იყო ნაგავი. ბუნებრივია, ნაგავი იქნებოდა. საველე ბანაკი მიწასთან გაასწორეს და შემდეგ მისი დალაგებაც ვერ მოვახერხეთ, რადგან იქ აღარ შეგვიშვეს. ვინც გვაბრალებს იმას, რომ ვიყენებთ ციანიდს და ვეძებთ ურანს, ძალიან კარგად იცის, რომ საქმიანობაში არ ვიყენებთ არანაირ ქიმიკატს და არც ურანს ვეძებთ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქართველოში ურანი არ არის.

ეს პროტესტი გავლენიანი ჯგუფების მიერ არის ორგანიზებული. რადგან ამა თუ იმ პირის ჩართულობის შესახებ უტყუარი მტკიცებულება არ მაქვს, ხელს ვერავის დავადებ. მესტიის გამგებელს თუ ჰკითხავთ, ის აუცილებლად გეტყვით, რომ ამ კრიმინალების გვერდით დგას. ის ამ კრიმინალებს მოსახლეობად მოიხსენიებს. გამგებელი აცხადებს, რომ აბსოლუტურად არ აინტერესებს წინა ხელისუფლებამ ვისზე რა ლიცენზია გასცა და მხარში დაუდგება იმ ხალხს, ვინც ჩვენ ბიზნესის კეთების საშუალებას არ გვაძლევს. აქვე ცალსახად უნდა განვაცხადო: გამგებელი არ არის მთავარი პიროვნება მათ შორის, ვინც ჩვენ პრობლემებს გვიქმნის. ჩვენ გვქონდა მოსახლეობასთან შეხვედრა, სადაც გვითხრეს, რომ ამ საქმეში ქურდების ინტერესიც იყო და თუ ისინი უარს იტყვიან, მუშაობას არ დაგვაწყებინებენ. ჩემი ღრმა რწმენით, პრობლემა მოდის არა ორგანიზებული კრიმინალიდან, არამედ სვანეთის გავლენიანი პირებისგან.

- კონკრეტულად რომელი პირებისგან?

- ვერ დავასახელებ.

- კონფლიქტი კომპანიასა და მოსახლეობას შორის მოხდა გასული წლის მაისში. ბოლოს როდის სცადეთ სამუშაოების განახლება?

- ბოლო ასეთი მცდელობა იყო 2 კვირის წინ. ფიზიკურად უსწორდებიან ჩვენს თანამშრომლებს და არ გვაძლევენ ტექნიკის შეყვანის საშუალებას. პოლიცია უსაფრთხოების გარანტიას ვერ გვაძლევს. რომ ვეკითხებით პოლიციას, რატომ არ იღებს შესაბამის ზომებს, გვეუბნებიან რომ ბრძანებას ელოდებიან შინაგან საქმეთა სამინისტროდან და ამ ბრძანების გარეშე ჩვენს უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფენ. შსს ჩვენს მიმართვაზე საერთოდ პასუხს არ გვცემს.

- მიმართეთ ოფიციალურად შსს-ს?

- ორჯერ მივმართეთ ოფიციალურად, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. ერთი თვის წინ კიდევ ერთხელ მივმართეთ ბიზნესომბუდსმენს. ომბუდსმენი ისევ შსს-ს დაუკავშირდა, შსს კი ისევ დუმს.

- თქვენს კომპანიას ლიცენზია აქვს 2006 წლიდან. თუმცა პრობლემა შეიქმნა გასულ წელს. მანამდე არ საქმიანობდით?

- მანამდე კვლევას ვაკეთებდით. სალიცენზიო ტერიტორია არის 380 კვადრატული კილომეტრი. ბუნებრივია, უნდა გამოგვეკვლია, რა ტერიტორია არის კომერციული თვალსაზრისით საინტერესო. ვაკეთებდით სინჯებს და ტესტებს. როგორც კი დავიწყეთ აქტიური საქმიანობა, შეგვექმნა პრობლემა.

- რა ოდენობის ზარალი მიადგა კომპანიას იმის გამო, რომ ის საქმიანობის გაგრძელებას ვერ ახერხებს? რას აპირებთ იმ შემთხვევაში, თუ მუშაობის გაგრძელებას ისევ ვერ შეძლებთ?

- ზარალმა 1 მლნ ლარს გადააჭარბა უკვე. კომპანია აპირებდა 100-მდე ადგილობრივის დასაქმებას და 10 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებას. გვქონდა საქველმოქმედო გეგმებიც, თუმცა, როგორც ჩანს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ეს გეგმები საერთოდ არ აინტერესებს.

თუ საქმე მივა იქამდე, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას, ბუნებრივია სახელმწიფოს მოვთხოვთ ზიანის ანაზღაურებას. მოვთხოვთ არა მხოლოდ გაწეული ხარჯების, არამედ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებასაც. სამწუხაროდ, ეს ისევ ჩვენი - ხალხის გადასახდელი იქნება.

„მთის ამბები“ გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარ სახელმწიფო ინსპექტორს, ნელი კორკოტაძეს ესაუბრა. კორკოტაძე აცხადებს, რომ მათ საჩივრის საფუძველზე სალიცენზიო ფართობი 2016 წლის მაისში შეამოწმეს: „ამ ტერიტორიაზე კეთილშობილი ლითონების შესწავლა-მოპოვების მიზნით 15-წლიანი ლიცენზია გაცემულია 2006 წელს. ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ იელის ტერიტორიაზე წიაღისეულის შესწავლის მიზნით გაკეთებული იყო ღია ცხრილები. გარდა ამისა, მოწყობილი იყო სამრეწველო მოედანი, სადაც განთავსებული იყო სეპარატორი და ე. წ. გამრეცხი დანადგარი, სადაც ხდებოდა მოპოვებული ქვიშრობის გარეცხვა. ეს იყო მხოლოდ მექანიკური გარეცხვა. მოსახლეობა ჩიოდა, რომ ხდებოდა ქიმიური ნივთიერებების გამოყენება, თუმცა, იქ, ადგილზე, ქიმიური ნივთიერებების გამოყენება არ დადასტურდა. ზოგადად, ქვიშრობების გარეცხვის ტექნოლოგია არც ითვალისწინებს ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას. ტერიტორიაზე ნარჩენები იყო უსისტემოდ განთავსებული. გარდა ამისა, ხდებოდა ფიქალის წიაღისეულით უკანონო სარგებლობა და ნიადაგის ნაყოფიერი ფენა არ იყო მოხსნილი ისე, როგორც ამას კანონი ითვალისწინებდა. დარღვევების გამო შედგა ოქმი ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნაზე. ასევე გამოანგარიშდა გარემოსთვის მიყენებული ზაინი. კომპანიას დაეკისრა 622 ლარის ზიანის გადახდა და 1500 ლარი ჯარიმა, წიაღისეულის უკანონო მოპოვების გამო კი დაჯარიმდა 1500 ლარით და დაეკისრა გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო 410 ლარის გადახდა.“

როგორც გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, კომპანიამ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება, დაადგინა მის სალიცენზიო ტერიტორიაზე არსებული კეთილშობილი ლითონების მარაგების ოდენობა და ის 2016 წლის ბოლოს დასამტკიცებლად მარაგების უწყებათაშორის კომისიას წარუდგინა. მარაგები ამ დროისთვის დამტკიცებულია. თუმცა, კომპანია მოპოვებით საქმიანობას ჯერ კიდევ არ ახორციელებს.

ჩვენ კომენტარისთვის მესტიის გამგებელს, კაპიტონ ჟორჟოლიანსაც დავუკავშირდით. „თავიდან ჩვეულებრივ საქმიანობდნენ. შემდეგ ციანიდის კასრები ჩამოიტანეს. სუნი იდგა სასწაული. ნაომარ ადგილს დაამსგავსეს ის ტერიტორია, მოსახლეობას გადაუთხარეს ყანები, მოჭრეს ხეები და სოფელი მეწყერსაშიშ ზონად აქციეს. არავითარი საქმიანობის გაგრძელების მცდელობა არ ჰქონიათ. იყვნენ აქ, დაათვალიერეს, ამბობდნენ, რომ რაღაცეები დაეკარგათ. არავინ არ ეხება მათ ქონებას. კომპანია ახლა ბრალდებებზე გადმოდის, მადანაშაულებენ იმაში, რომ საქმიანობაში ხელს ვუშლი და თავის მართლების რეჟიმში გვაყენებენ. დეპუტატთან ერთად ორჯერ შევხვდი მოსახლეობას. ისინი კატეგორიული წინააღმდეგები არიან, რომ ამ კომპანიამ საქმიანობა გააგრძელოს. როგორც ამბობენ, დათანხმდებიან მხოლოდ იმ შემთხვევში, თუ ოქროს მოპოვებისთვის გამოიყენებენ იმ მეთოდს, რასაც სვანეთში საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ,“ - უთხრა „მთის ამბებს“ კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

„ოპტიკალ სისტემს, ინკ-ის“ წარმომადგენლობა საქართველოში 2008 წლის 24 აპრილს არის დარეგისტრირებული. ის ამერიკული კომპანიაა. მისი აქციონერები აშშ-ს და ჩინეთის მოქალაქეები არიან.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში