საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რა ემუქრება შქმერს - მანგანუმის მოპოვების 2 ახალი ლიცენზია, 1.5 მილიონ კვმ-ს გადათხრიან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:14 - 26 ოქტომბერი 2021 hits 75781
ფოტოზე - ჭიათურის სოფელი თაბაგრები მანგანუმის მოპოვების შედეგად
გარემოს დაცვა
ფოტოზე - ჭიათურის სოფელი თაბაგრები მანგანუმის მოპოვების შედეგად

წიაღის ეროვნულმა სააგენტომ რაჭაში, სოფელ შქმერში უზარმაზარ ტერიტორიაზე, 1 531 070 კვადრატულ მეტრზე მანგანუმის მოსაპოვებლად ორი ახალი ლიცენზია ისე გასცა, რომ მოსახლეობამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. 28 სექტემბერს, საჩხერე-ონის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის გახსნისას, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე სამთავრობო სატელევიზიო მედიით რაჭის მოსახლეობას არწმუნებდნენ, რომ ახალი გზა რაჭას, რომელიც საქართველოში ყველაზე მეტადაა დაცლილი, ახალ სიცოცხლეს მოუტანდა - ტურიზმს განავითარებდა. არადა, ამ დროს შქმერის აოხრება უკვე გადაწყვეტილი ყოფილა. აუქციონებში ერთი და იგივე პირის მიერ, ოთხი დღით ადრე დაფუძნებულმა კომპანიებმა გაიმარჯვეს, რომლებიც შქმერში მანგანუმის ღია წესით მოპოვებას იწყებენ, ზუსტად ისე, როგორც „ჯორჯიან მანგანეზი“ თხრის, ანგრევს და ანადგურებს ჭიათურასა და მის სოფლებს.

შქმერში მანგანუმის მოპოვებასთან დაკავშირებით „მთის ამბებმა“ პირველი რეპორტაჟი 2021 წლის 6 ივლისს გამოაქვეყნა. წიაღის ეროვნულ სააგენტოს იმ პერიოდში მხოლოდ 2 ლიცენზია ჰქონდა გაცემული:

შპს „Feroex“ 4.42 ჰექტარზე 5000 ტონა მანგანუმის მოპოვების ლიცენზიას 2014 წლიდან ფლობს, 2028 წლის 18 ნოემბრამდე. კომპანიას უკვე მოპოვებული აქვს 4 950 ტონა მანგანუმი. შპს „ფეროექსი“ 2013 წელსაა დაფუძნებული და წილის 100 %-ის მესაკუთრე და დირექტორი ელიზბარ ოქრუაშვილია.

შპს „რუსთავი ჯგუფი“ შქმერში 314 148 ტონა მანგანუმის მოპოვების ლიცენზიას იგივე ვადით ფლობდა, ოღონდ 24.27 ჰექტარზე. მოპოვება არ დაუწყია. „რუსთავი ჯგუფი“ 2010 წელს არის რეგისტრირებული და მისი მესაკუთრე შპს „რუსმეტალია“. „რუსმეტალის“ წილის 52 %-ს მინდია მინდელი ფლობს. იგი ამავე დროს შპს „რუსელოისის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა. „რუსელოისის“ 100 % წილის მესაკუთრე კვიპროსში დაფუძნებული WINDMOON LIMITED-ია, სამთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კი საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქე ჯანი მიხაილოვია. რუსთავის ფეროშენადნობის ქარხანასთან ერთად, კომპანიის საკუთრებაშია მანგანუმის მადნის რამდენიმე საბადო დასავლეთ საქართველოში და თერჯოლაში მდებარე მანგანუმის კონცენტრატის მწარმოებელი და გამამდიდრებელი ქარხანა.

2021 წლის ივლისში, წიაღის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი ჯგუფს“ შქმერში მადნის მოპოვების ლიცენზია გაუუქმდა. სააგენტოს ვკითხეთ, რა გახდა ლიცენზიის გაუქმების მიზეზი. პასუხი ვერ მივიღეთ. ამიტომ, საჯარო ინფორმაცია წერილობით გამოვითხოვეთ.

წინა შემთხვევაშიც, როცა პირველ რეპორტაჟზე ვმუშაობდით, ჯერ კიდევ 24 ივნისს, წერილობით გამოვითხოვეთ ონის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მოპოვებასთან დაკავშირებით წიაღის სააგენტოში დაცული დოკუმენტაცია სრულად. სააგენტომ ლიცენზიის გაცემის დოკუმენტაცია 7 ივლისს, კანონით დადგენილი ვადის დარღვევით მოგვაწოდა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც რეპორტაჟი გამოვაქვეყნეთ.

წიაღის ეროვნულმა სააგენტომ დაგვიმალა და არ მოგვცა სააგენტოს უფროსის 2021 წლის 3 ივნისის N689/ს ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა სოფელ შქმერის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ათწლიანი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაყიდვის გეგმა.

სააგენტოს ეს ბრძანება რომ მოეწოდებინა, აუქციონის ჩატარებამდე და ლიცენზიების გაყიდვამდე გავიგებდით, რას უპირებდნენ შქმერს; მოქალაქეებიც შეძლებდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვას და საკუთარი ინტერესების დაცვას ეცდებოდნენ.

9 ივლისს, წიაღის ეროვნულმა სააგენტომ შქმერში მანგანუმის მოსაპოვებლად კიდევ ორი ლიცენზია გაყიდა. შქმერის და კოლოსი-ბლაშეს უბნებზე ლიცენზია 7 ნაწილად არის გაყოფილი და ჯამში 1 301 950 კვადრატულ მეტრს მოიცავს, 130 ჰექტარზე მეტს. აუქციონში შპს „მნ ნორთმა“ გაიმარჯვა, რომელიც აუქციონის ჩატარებამდე 4 დღით ადრე, 5 ივლისს არის რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი და წილის 66.5 %-ის მფლობელი გიორგი ჟამუტაშვილია. 33.4 %-ს ზაზა ლომიძე ფლობს.

გიორგი ჟამუტაშვილი იგივე რაოდენობის (66.5) % წილის მფლობელია შპს „ტექნოლოჯი 2021“-შიც. ეს კომპანიაც 2021 წლის 5 ივლისს დაფუძნდა და 9 ივლისს, წიაღის ეროვნული სააგენტოს მეორე აუქციონში გაიმარჯვა. კომპანიამ შქმერში, ჭარნათის უბანში, 229 120 კვადრატულ მეტრზე (23 ჰექტარი) მანგანუმის მოპოვების ლიცენზია მიიღო.

ჭარნათი სწორედ ის ადგილია, სადაც მანგანუმის მოსაპოვებლად ახალი ლიცენზიების გაცემამდე, შქმერის მცხოვრებლებს საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები წაართვეს. პროკურატურამ ადგილობრივების მიმართ გამოძიება ირაკლი ნოზაძის საჩივრის საფუძველზე დაიწყო. მომჩივანი და სისხლის სამართლის საქმეში პროკურატურის მთავარი და ერთადერთი მოწმე ირაკლი ნოზაძე კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ გარემოს დაცვის დირექტორია. „ჯორჯიან მანგანეზი“ ის კომპანიაა, რომელიც ჭიათურაში მანგანუმს უკონტროლოდ მოიპოვებს და რომლის საქმიანობასაც უმძიმესი პრობლემები უკავშირდება.

პროკურატურამ შქმერის 5 მკვიდრი თაღლითობაში დაადანაშაულა. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულებს ხელთ აქვთ 24 წლის წინ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტები, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N 327 ბრძანებულებით დამტკიცებული მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობები (ე.წ. შევარდნაძის ხელმოწერილი ლურჯი პასპორტები) რაც ადასტურებს, რომ ისინი შუა შქმერში მიწის ნაკვეთებს ნამდვილად ფლობდნენ, პროკურატურამ მათ მაინც აღიარებინა დანაშაული - თითქოს სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთები თაღლითურად გაიფორმეს. სამსახურებრივ სიყალბეში დაადანაშაულეს შქმერში ონის მერის წარმომადგენელი და ონის მერიაში, მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სამი თანამშრომელიც. აღიარების სანაცვლოდ პროკურატურამ ყველა ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომელიც 2021 წლის 4 ივნისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა. ბრალდებულებს ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრათ და პირობითი სასჯელი მიესაჯათ.

შქმერში, მანგანუმის მოსაპოვებლად სამი თვის წინ გაცემული ლიცენზიების პირობების მიხედვით, შპს „ტექნოლოჯი 2021“-ს მხოლოდ საქართველოს 5 მოქალაქის დასაქმება ევალება. შპს „მნ ნორთი“ ვალდებულია საქართველოს 20 მოქალაქე დაასაქმოს.

ჩვენ დავუკავშირდით „ტექნოლოჯი 2021“-ის და „მნ ნორთის“ ყველაზე მსხვილ მესაკუთრესა და დირექტორს გიორგი ჟამუტაშვილს, ამ კომპანიების დაფუძნებამდე, ვიდრე ისინი შქმერში მანგანუმის მოპოვების ლიცენზიას შეიძენდნენ, რა შეხება ჰქონდა მას სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან და არის თუ არა კავშირში „ჯორჯიან მანგანეზთან“. ჟამუტაშვილისგან განმარტება ვერ მივიღეთ.

ორივე ლიცენზიის გაცემის შესახებ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებები არასამთავრობო ორგანიზაციებმა „მწვანე ალტერნატივამ“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ და შქმერში მცხოვრებმა გოგა გაგნიძემ ადმინისტრაციული წესით, ეკონომიკის მინისტრთან, ნათია თურნავასთან გაასაჩივრეს. ისინი ამ დოკუმენტების გაუქმებას ითხოვენ. წიაღის სააგენტომ საჯარო ინფორმაცია „მწვანე ალტერნატივასაც“ კანონით დადგენილი ვადების უხეში დარღვევით და არასრულად მიაწოდა. მთავარი არგუმენტი ის არის, რომ როგორც აუქციონის გამოცხადების, ისე ლიცენზიის გაცემის მომენტში სააგენტომ დაარღვია ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დაწესებული გარანტიები და ვალდებულებები გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ინფორმირებისა და მონაწილეობის შესახებ. დარღვეულია ორჰუსის კონვენცია, რომელიც გარემოსდაცვითი საკითხების თაობაზე საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის ვალდებულებას განსაზღვრავს და დაუშვებლად მიიჩნევს გადაწყვეტილებების მის გარეშე მიღებას. თურნავას საჩივრის განსახილველად მაქსიმუმ ორთვიანი ვადა აქვს.  

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში