საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

შქმერში მანგანუმის მოპოვება სურთ - გაიზიარებს თუ არა ზემო რაჭა ჭიათურის ბედს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:28 - 06 ივლისი 2021 hits 28316
ფოტოზე - გრიგოლ გაგნიძე
საზოგადოება
ფოტოზე - გრიგოლ გაგნიძე

საჩხერე-ონის დამაკავშირებელი, მრავალმილიონიანი გზის მშენებლობას ზემო რაჭის ყველაზე მაღლა მდებარე სოფელში იმედით ელოდნენ. შქმერში, რომელიც ზამთარში გარესამყაროს ხშირად მოწყვეტილია და მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო, მხოლოდ რამდენიმე ოჯახი შემორჩა, სჯეროდათ, რომ ახალი გზა სოფელს ახალ სიცოცხლესა და სიკეთეებს მოუტანდა - ხალხი დაბრუნდებოდა, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი განვითარდებოდა. გზის მშენებლობა ჯერ დასრულებული არ არის და პირველები, ვინც ახალაშენებული გზით შქმერს მიადგნენ, პროკურატურა და მანგანუმის მოპოვებით დაინტერესებული კომპანია არიან. შქმერელებს მიწის ნაკვეთები ჩამოართვეს, მანგანუმის მოსაპოვებლად კი საძიებო სამუშაოები დაიწყო ზუსტად იმ მეთოდით, როგორც ჭიათურის სოფლები გადათხარეს.

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ შქმერში მცხოვრები 5 პირი და ონის მუნიციპალიტეტის მერიის 4 თანამშრომელი მისცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. პროკურატურა შქმერის მცხოვრებლებს თაღლითობას ედავება, საჯარო მოსამსახურეებს კი სამსახურებრივ სიყალბეს. ბრალდებულთა შორის შქმერის თემში ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ანზორ გაგნიძეცაა.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, 2018-2020 წლებში, სოფელ შქმერის რამდენიმე მკვიდრმა, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, ამავე სოფელში მიწის რეფორმის დროს გაუცემელი სახელმწიფოს კუთვნილი ნაკვეთები მათ საკუთრებად წარმოაჩინეს და რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრის სააგენტოს მიმართეს. მათ რეესტრში საარქივო ცნობები წარადგინეს. ონის მერიის შესაბამისმა კომისიამ და მერის წარმომადგენელმა კი დაადასტურეს, რომ საკადასტრო აზომვით ნახაზებზე მოცემული ნაკვეთები დოკუმენტებში მითითებულის იდენტური იყო. რეესტრმა მოქალაქეებს მიწის ნაკვეთები კერძო საკუთრებაში დაურეგისტრირა.

შქმერში მიწის ნაკვეთების თაღლითობის გზით დაუფლებისა და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენის ფაქტებზე, გამოძიება 2021 წლის 25 იანვარს დაიწყო.

პროკურატურის მთავარი მოწმე მოქალაქე ირაკლი ნოზაძეა. საქმის მასალების მიხედვით, სწორედ მან მიმართა საგამოძიებო ორგანოს. ნოზაძეს შქმერში არავინ იცნობს. პროკურატურაში არ განმარტეს, ვინ არის ირაკლი ნოზაძე და რა ინტერესები, შემხებლობა აქვს შქმერთან და შქმერის მიწებთან.

„მთის ამბებმა“ გამოარკვია, რომ პროკურატურის მთავარი მოწმე კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ გარემოს დაცვის დირექტორია. „ჯორჯიან მანგანეზი“ ის კომპანიაა, რომელიც ჭიათურაში მანგანუმს უკონტროლოდ მოიპოვებს და რომლის საქმიანობასაც უმძიმესი პრობლემები უკავშირდება.

ირაკლი ნოზაძე 2013 წელს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა, 2014 წელს კი მინისტრის მოადგილე იყო.

ირაკლი ნოზაძეს ვკითხეთ, რატომ მიმართა შქმერის მიწებთან დაკავშირებით პროკურატურას და რაჭაში მანგანუმის მოპოვებით დაინტერესებულია თუ არა „ჯორჯიან მანგანეზი“. მან კითხვების წერილობით გაგზავნა გვთხოვა. მის პასუხებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

პროკურატურამ ყველა ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომელიც 4 ივნისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა. ბრალდებულებს ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრათ და პირობითი სასჯელი მიესაჯათ.

საპროცესო შეთანხმებისთვის აუცილებელია ბრალდებულმა დანაშაული აღიაროს. ჩვენ 9-დან 5 მსჯავრდებულს შევხვდით. დანაშაულის ჩადენას არცერთი მათგანი არ ადასტურებს.

ბრალდებულებს ხელთ აქვთ 24 წლის წინ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტები, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N 327 ბრძანებულებით დამტკიცებული მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობები (ე.წ. შევარდნაძის ხელმოწერილი ლურჯი პასპორტები) რაც ადასტურებს, რომ ისინი შუა შქმერში მიწის ნაკვეთებს ნამდვილად ფლობდნენ. ამ დოკუმენტებში აღნიშნული და პროკურატურის მიერ სადავადოდ გამხდარი ნაკვეთების ფართი ერთი და იგივეა.

შქმერში მცხოვრები იზა გაგნიძე წლების განმავლობაში ჯერ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ონის სამმართველოში მუშაობდა მიწათმომწყობად, შემდეგ კი, 2015 წლამდე შქმერში ონის მერის წარმომადგენლად. ამბობს, რომ ე.წ. გაღმა ყანების ტერიტორიაზე, სადაც მიწის ნაკვეთების მფლობელობა სადავო გახდა, მიწა კანონიერად იყო განაწილებული იმ დროისთვის შქმერში მუდმივად მცხოვრებ ოჯახებზე. მიწის განაწილების პროცესში თვითონაც ჩართული იყო.

„დანამდვილებით ვიცი რაც გავეცი და ვის რომელი ადგილი ეკუთვნოდა. როცა დამიბარეს, დოკუმენტებიც წარვუდგინე პროკურატურას. საკუთრებად რაც დაირეგისტრირეთ, ეგ ადგილი თქვენ არ გეკუთვნითო.

თუ ეს არასწორად მაქვს საკუთრებაში, მაშინ ამ მიღება-ჩაბარების აქტში რაც არის და ამ პასპორტში, ეს ადგილი რომელია მეთქი? ხომ უნდა მითხრას, რომელია ეს ნაკვეთი. მაშინ საიდან მიმტკიცებს, რომ შეცდომით დავირეგისტრირე?

რას მეტყვიან, რანაირად უნდა მითხრან, როცა ზუსტად ის ადგილი მქონდა რეგისტრირებული, რაც მეკუთვნოდა და რასაც წლების განმავლობაში ვამუშავებდით, ვთიბავდით, სხვებიც, ვიდრე სოფელში ხალხი იყო“, - ამის მიუხედავად პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება იზა გაგნიძემაც გააფორმა და ბრალს დაეთანხმა: „მეშინია. მეიძლება მოდგნენ და დაგიჭირონ, შერცხვებათ თუ? 70 წელს გადაცილებული ვარ, არასოდეს მქონია პროკურატურასთან საქმე და რა თქმა უნდა, ვნერვიულობ. სიმართლეს მედავებიან, მაგრამ შენი სიმართლე გადის?“

პროკურატურა თაღლითობას ედავება 85 წლის კაზდო გლოველსაც. ბრალდება აქაც იგივეა -  კაზდო გლოველი სოფლის გამგებლის დახმარებით, უკანონოდ დაეუფლა სოფელ შქმერში მდებარე 1500 კვადრატულ მეტრ მიწას ისე, რომ წარსულში ეს ნაკვეთი არც მას და არც მის ოჯახს არ ეკუთვნოდა. შქმერში მარტო მცხოვრებ მოხუცს, ბრალის წარსადგენად ქუთაისში, საოლქო პროკურატურაში იბარებენ.

კაზდო გლოველსაც აქვს მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც ადასტურებს, რომ მას 1997 წელს, შუა შქმერში, 1500 კვადრატული მეტრი ფართობი გადაეცა. სხვა ნაკვეთი მას არ ჰქონია.

პროკურატურაში გვითხრეს, რომ კაზდო გლოველის მიმართ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) დევნის დასაწყებად აუცილებელი მტკიცებულებითი სტანდარტი, რაც უახლოეს პერიოდში განხორციელდება. უწყების განმარტებით, დევნის დაწყება კაზდო გლოველის ავადმყოფობის გამო გაჭიანურდა.

შქმერის კიდევ ორი მკვიდრი, ვისაც პროკურატურა ასევე თაღლითობის გზით მიწის ნაკვეთების უკანონოდ დაუფლებას ედავება, გარდაცვლილია, თუმცა მათ ნაკვეთებს ყადაღა დაადეს და ჩამოართმევენ. სხვებს უკვე ჩამოართვეს.

საყურადღებოა, რომ ვიდრე პროკურატურა გამოძიებას დაიწყებდა, რამდენიმე თვით ადრე, ერთ-ერთმა კომპანიამ შუა შქმერში მანგანუმის საძიებო სამუშაოები ჩაატარა და „გაღმა ყანების“ ტერიტორიაზე მიწა გადათხარა.

რაჭაში მანგანუმის მოპოვებაზე წიაღის ეროვნულ სააგენტოს 2 ლიცენზია სწორედ ამ ტერიტორიაზე აქვს გაცემული. ლიცენზიების მოქმედების ვადა 2028 წლის ჩათვლითაა.

დაახლოებით 5 ჰექტარზე 5000 ტონა მანგანუმის მოპოვების ნებართვა აქვს შპს „ფეროექსს“, ხოლო მეორე ლიცენზია 24 ჰექტარზეა გაცემული და მას შპს „რუსთავი ჯგუფი“ ფლობს 314 ათასი ტონა მადნის მოსაპოვებლად.

სავარაუდოდ, წიაღის ეროვნულმა სააგენტომ 2014 და 2017 წლებში შუა შქმერში მანგანუმის მოპოვების ლიცენზია ისე გასცა, რომ არ შეუსწავლია აღნიშნული მიწის ნაკვეთები, რომელიც ელექტრონულად რეგისტრირებული არ იყო, ეკუთვნოდათ თუ არა კერძო პირებს.

„მთის ამბებმა“ წიაღის ეროვნული სააგენტოდან რაჭაში მანგანუმის მოპოვების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების მასალები 24 ივნისს გამოითხოვა. კანონით დადგენილ ვადაში საჯარო ინფორმაცია ვერ მივიღეთ, თუმცა მას აუცილებლად მოვიპოვებთ და ამ თემას დავუბრუნდებით.

შქმერში მიწის ნაკვეთის საკუთრებად რეგისტრაციას 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდა გრიგოლ გაგნიძე. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ყველა დოკუმენტი წარადგინა. იუსტიციის სახლმა სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოში გადაამისამართა, სადაც მას არაოფიციალურად უთხრეს, რომ ნაკვეთს, რომლის დარეგისტრირებასაც ის ითხოვდა, წიაღის ეროვნული სააგენტო ბლოკავდა. მისი ნაკვეთი სალიცენზიო ტერიტორიიდან დაშორებულია, ამიტომ გრიგოლ გაგნიძემ საკუთრებად რეგისტრაცია მოახერხა. ის შქმერში ღია კარიერული წესით მანგანუმის მოპოვების წინააღმდეგია.

„ის, რაც მოხდა ჭიათურასა და ჭიათურის სოფლებში, არ შეიძლება რომ სადმე გაგრძელდეს. რაჭაში, ამ უნიკალურ მხარეში, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს, საჯაროობის, განხილვის გარეშე, წიაღისეულის მოპოვებაზე განაცხადის გაკეთება და შემდეგ ამის დაწყება, არასწორად მიმაჩნია. 2005-2006 წლებში, ზემოთ იყო მცირე ზომის მოპოვება, რომელმაც საბედნიეროდ, არ გაამართლა. ყველას შეუძლია ნახოს რა შედეგი დარჩა, ეროზია და განადგურებული ქანები“.

ავტორები: გელა მთივლიშვილი, გიორგი ბოლქვაძე

ამ თემაზე:

„მუნჯი ქალაქი“ - ჭიათურა „ჯორჯიან მანგანეზის“ ტყვეობაში

შუქრუთის გოდება - რეპორტაჟი სოფლიდან, რომელიც მიწას ჩააქვს

კარიერად ქცეული სოფელი მღვიმევი - მანგანუმის უკონტროლო მოპოვება ჭიათურაში

ყველა გზა კარიერებთან მიდის - რეპორტაჟი ჭიათურის სოფელ თაბაგრებიდან

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში