საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ყველა გზა კარიერებთან მიდის - რეპორტაჟი ჭიათურის სოფელ თაბაგრებიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:07 - 21 ივნისი 2021 hits 40640
სოფელი თაბაგრები
გარემოს დაცვა
სოფელი თაბაგრები

ჭიათურის სოფელ თაბაგრებში საითაც არ უნდა წახვიდეთ, ყველა გზა კარიერებთან მიგიყვანთ. აქაც, როგორც ბევრ სოფელში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ და მისი კონტრაქტორები პირდაპირ საცხოვრებელ უბნებში არიან „შეჭრილები“. გადათხრილია სახლების ეზოები, ნაკვეთები, ტყის ნაწილი, გზები - ყველაფერი, სადაც მანგანუმის არსებობას ვარაუდობენ. გაღატაკებული მოსახლეობა მცირე გასამრჯელოს სანაცვლოდ ან თავად აძლევს „ჯორჯიან მანგანეზს“ ტერიტორიის აოხრების უფლებას ან კომპანია და მისი კონტრაქტორები ისე შეუსევენ მძიმე ტექნიკას, რომ განმარტებას რამდენიმე მეტრში მცხოვრებ ადამიანებსაც კი არ აძლევენ, რომელთა საარსებო გარემოც მთლიანად უარესდება. კომპანია ამბობს, რომ მას მანგანუმის მოპოვების 40 წლიანი ლიცენზია 16 430 ჰექტარზე აქვს.

თაბაგრებს ვერც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებამ უშველა. საქართველომ კი იკისრა ვალდებულება, რომ ყველა ზომა უნდა მიიღოს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ნარჩენებით გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად, მაგრამ საამისოდ არაფერი გააკეთა.

შეთანხმების ძალაში შესვლიდან (2016 წლის 1-ლი ივლისი) სამი წლის ვადაში, ქვეყანას უნდა მიეღო ეროვნული კანონმდებლობა და განესაზღვრა კომპეტენტური ორგანოები; შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში – უნდა მოეხდინა ოპერატორების მიერ ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავება, ნარჩენების გადამამუშავებელი  საწარმოების იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია; ექვსი წლის ვადაში – ქვეყანამ უნდა ჩამოაყალიბოს სანებართვო, ინსპექტირებისა და ფინანსური გარანტიების  სისტემა;  შეიმუშაოს სამთო-მოპოვებითი სამუშაოების შედეგად დარჩენილი კარიერების მართვის და მონიტორინგის,  დახურვის და დახურვის შემდგომი პროცედურები, აგრეთვე ჩაატაროს სამთო-მოპოვებითი მრეწველობით დაბინძურებული ადგილების ინვენტარიზაცია.

დღეისათვის არცერთი ეს ვალდებულება შესრულებული არ არის - ჭიათურის სოფლების მაგალითზე ფურცელზე დარჩა.

2017 წლის შემდეგ, რაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ვითომდა ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტის მიზნით, „ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალურ მმართველად „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ნიკოლოზ ჩიქოვანი რომ დანიშნა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს კომპანია ერთხელაც კი აღარ შეუმოწმებია.

არადა, ჭიათურასა და მის სოფლებში მანგანუმის მოპოვების შედეგად ზიანი ახლა ბევრად უფრო თვალსაჩინოა, ვიდრე 2013-2017 წლებში იყო. სპეციალური მმართველის შეყვანამდე სახელმწიფო მაკონტროლებლები კომპანიას მიყოლებით აჯარიმებდნენ და ჯამში გარემოსთვის მიყენებული ზარალი 416 მილიონი ლარით შეაფასეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მე-5 წელია ჭიათურაში არსებულ უმძიმეს ეკოლოგიურ მდგომარეობაზე აღარ რეაგირებს.

თაბაგრებში, გულადი კენჭოშვილის სახლთან ახლოს მიწის უზარმაზარი მასა 4 წლის წინ დაყარეს. ადგილობრივებს დაპირდნენ, რომ მანგანუმის მოპოვების შემდეგ მიწას გაიტანდნენ და ტერიტორიას მოასწორებდნენ. პირობა არ შეასრულეს. „რომ გაწვიმდება და მერე მზე დახედავს, საშინელი გოგირდის სუნი დგება. გაყვითლებული წყლის ნიაღვარი მოდის და ამ ნაკვეთშიც ჩამოაქვს ეს უვარგისი მიწა, სადაც ნარგავები და ვაზია. რაც დარჩენილი გვაქვს, ესეც გვიფუჭდება“,- გულადი კენჭოშვილის მსგავსად თაბაგრების ყველა მოსახლე ასეთ მძიმე მდგომარეობაშია.

„ჯორჯიან მანგანეზი“ უმსხვილესი მადანმომპოვებელია საქართველოში და მისი ყოველწლიური წილი ექსპორტში 10 %-ია. ერთ-ერთი მსხვილი ქვეკონტრაქტორი, რომელიც მადანს მოიპოვებს, „შუქრუთი პლიუსია“. მას ნოდარ მიქაბერიძე ხელმძღვანელობს. მისი ინფორმაციით, ჭიათურის მთელი ტერიტორია, სადაც მადანს ღია კარიერული წესით იღებენ, 194 ბლოკად არის დაყოფილი. მიქაბერიძე ამბობს, რომ ბლოკების რეკულტივირების კონკრეტული ვადებია გაწერილი და ორ წელში ყველა მონაკვეთი მოსწორდება. 

„წლებია იძახიან გავასწორებთო, მაგრამ არაფერი ჩანს. პატარა ბავშვებიც არიან სოფელში, ამის მტვერს რომ სუნთქავს, დაავადდება რა თქმა უნდა. განსაკუთრებით კიბოს და ასთმის გამომწვევია. ჩვენ სად უნდა წავიდეთ, აქ ვართ მაინც, მაგრამ ჩემი შვილები სტუდენტები არიან, თბილისში ცხოვრობენ და თუ არ ჩამოდიან, მაინცდამაინც არ ვიკლავ თავს იმიტომ, რომ მომწამვლელ ჰაერს ნეტა არც მე ვსუნთქავდე“, - გვეუბნება თაბაგრებში მცხოვრები იაგო კენჭოშვილი.

საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მანგანუმის ამოღების შემდეგ მიტოვებული ხრამები, მიწაყრილები - სიმაღლით სახლების სახურავებს რომ ასცდენია, მტვრით სავსე ჰაერი, პრობლემების სრული ჩამონათვალი არაა. გზები ისეა დაზიანებული, წვიმიან ამინდში გავლა მაღალი გამავლობის მანქანასაც უჭირს, ჭიათურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი კი სოფლამდე საერთოდ ვერ აღწევს.

„სადღაც ჩერდება, სახლიდან შორს. რამდენჯერმე ექიმები ფეხით მოვიდნენ და სად წამოვედითო აქ. რა ვქნა აბა, არ დავუძახო?“, - წუხს 75 წლის გივი თაბაგარი.

სოფელში თავი რომ ერჩინათ, რამდენიმე სული საქონელი ჰყავდათ და პატარა ბოსტნები ჰქონდათ. ახლა ერთიც პრობლემაა და მეორეც. გარშემო საძოვარიც აღარაა, კარიერების ტერიტორიაზე წყლით სავსე ღრმა ორმოებში კი საქონელი ვარდება და იხრჩობა.

„რაც უფრო ღარიბი იქნება მოსახლეობა, მითუფრო ადვილად და უპრობლემოდ გადათხრის კომპანია ჭიათურის სოფლებს“,- არასამთავრობო ორგანიზაცია ჭიათურის ეკოკლუბის ხელმძღვანელი ნოდარ ჩაჩინიძე ამის დასტურად რამდენიმე მონაცემს იშველიებს:

ბოლო 4 წელში, ჭიათურის სოფლებში „ჯორჯიან მანგანეზი“ ღია კარიერული წესით მანგანუმს ბევრად დიდ ტერიტორიაზე მოიპოვებს; საცხოვრებელ სახლებთან რამდენიმე მეტრიან მანძილსაც არ იცავენ.

ჭიათურაში 3443 ოჯახი იღებს ღატაკებისთვის განკუთვნილ საარსებო შემწეობას, რაც მოსახლეობის 30.9 %-ია.

ავტორი: გიორგი ბოლქვაძე

ამ თემაზე:

„მუნჯი ქალაქი“ - ჭიათურა „ჯორჯიან მანგანეზის“ ტყვეობაში

შუქრუთის გოდება - რეპორტაჟი სოფლიდან, რომელიც მიწას ჩააქვს

კარიერად ქცეული სოფელი მღვიმევი - მანგანუმის უკონტროლო მოპოვება ჭიათურაში

რედაქციისგან: „მთის ამბები“ ჭიათურიდან მულტიმედია რეპორტაჟების სერიას ამზადებს, „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად უმძიმეს შრომით პირობებსა და გარემოსდაცვით საკითხებზე, გაუარესებულ საცხოვრებელ გარემოზე, წლების განმავლობაში გადაუჭრელ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე, მათი გააზრებისა და გადაწყვეტის საჭიროებებზე.

 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში