„მთის ამბების“ კითხვებს „თეგეტა მოტორსის“ და კურორტს საირმის მეპატრონემ, თემურ კოხოძემ უპასუხა.
საირმეში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის მისაღებად, გარემოს ეროვნულ სააგენტოს (კურორტ „საირმის“ სახელით) პირველად 2018 წლის 8 თებერვალს მიმართეთ. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო უწყებების მოთხოვნით, რამდენჯერმე დააკორექტირეთ ლიცენზიის მოსაპოვებლად თქვენს მიერ მითითებული ფართობი. 2019 წლის 2 აგვისტოს გამართულ აუქციონში დამარცხდით, გამარჯვებულად კი შპს „არტემიდა“ გამოვლინდა. ეს გადაწყვეტილება თქვენ გაასაჩივრეთ იმ არგუმენტით, რომ სამონადირეო მეურნეობისთვის მონიშნული ტერიტორია თქვენს (კურორტ „საირმის“) კერძო საკუთრებაში არსებულ არაერთ მიწის ნაკვეთს მოიცავდა და მათი მოქცევა სალიცენზიო არეალში თქვენი თანხმობის გარეშე მოხდა.
დარწმუნებული იყავით რომ აუქციონში გაიმარჯვებდით?
არაერთხელ კორექტირების მიუხედავად, სპეციალურად დატოვეთ რამდენიმე ნაკვეთი სამონადირეო მეურნეობისთვის მონიშნულ ფართობში, რომ აუქციონში დამარცხების შემთხვევაში, დავისთვის მიზეზი გქონოდათ?
თბილისის საქალაქო სასამართლომ თქვენი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ლიცენზიის გაცემის შესახებ ბრძანება ბათილად ცნო სწორედ იმაზე მითითებით, რომ სამონადირეო მეურნეობაში კურორტ „საირმის“ კერძო საკუთრებაც იყო მოქცეული. სასამართლომ გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაავალა, საკითხი თავიდან შეესწავლა და ახალი გადაწყვეტილება მიეღო.
ამ საქმეზე დავა გაგრძელდა. უზენაესმა სასამართლომ საბოლოო განჩინება 2022 წლის 17 მარტს გამოიტანა და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
უზენაესი სასამართლოს განჩინებიდან რამდენიმე დღეში, საირმეში (სოფელი უდაბნო) თქვენი კუთვნილი თერმული წყლის სპაცენტრიდან დაახლოებთ 150 მეტრში მცხოვრებ გელა სოსელიას მიუგზავნეთ კურორტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და სთხოვეთ მამაპაპისეული მიწის დათმობა ან გაცვლა, რომელიც მას უკვე კერძო საკუთრებად ჰქონდა რეგისტრირებული.
რატომ გჭირდებოდათ, იქნებ, ახლაც გჭირდებათ სოსელიას კუთვნილი მიწის ნაკვეთი?
უარის შემდეგ, სოსელია დაიბარა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ.
თქვენ დაავალეთ ენუქიძეს სოსელიას დაბარება და მისი დათანხმება, რომ მიწა დაეთმო?
სოსელიამ მამაპაპისეული მიწის დათმობაზე ისევ უარი თქვა. ამ დროს მან ჯერ კიდევ არ იცის, რომ საირმეში მდებარე მისი ნაკვეთი და სახლი პროკურატურის მოთხოვნით დაყადაღებულია. გამოძიება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე 3 თვით ადრეა დაწყებული, მაგრამ ყველაფერი - კერძო მესაკუთრეების პროკურატურაში დაბარება, დაკითხვები, დაკავებები, ამ გადაწყვეტილების შემდეგ მოხდა.
გელა სოსელიას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურიდან დაურეკეს და გამოკითხვაზე დაიბარეს. ის 24 მარტს გამოკითხეს, 20 აპრილს კი ბრალი წარუდგინეს სისლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია). 5 მაისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გელა სოსელიას აღკვეთის ღონისძიებით სახით გირაო შეუფარდა 3000 ლარის ოდენობით. იგივე ბრალდება პროკურატურამ საირმეში მდებარე მიწის ნაკვეთების სხვა მესაკუთრეებსაც წარუდგინა, სულ 15 პირს.
ეს თანმიმდევრობა დამთხვევაა თუ სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები, კერძოდ, ბაღდათის მერი, სატყეო სააგენტო, პროკურატურა თქვენს ინტერესებს ითვალისწინებდნენ?
ამ პროცესში მერის ჩართვა არ მიუთითებს, რომ მიზნის მისაღწევად თანამდებობის პირებთან თქვენს კავშირებსა და გავლენებს, მათ შორის, მათ თანამდებობრივ მდგომარეობას იყენებდით?
საირმეში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას ცალკეული მოქალაქეების მიერ თაღლითობის ჩადენის სავარაუდო ფაქტებზე გამოძიება დაიწყო 2021 წლის 14 დეკემბერს. სატყეო სააგენტომ 6 დეკემბერს მიმართა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, რომ საირმეში 15 მიწის ნაკვეთი, რომელიც მოქალაქეებმა კერძო საკუთრებად დაირეგისტრირეს, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებში ხვდებოდა.
თქვენ უჩივლეთ ადგილობრივებს სატყეო სააგენტოში?
ჩვენ მოვიპოვეთ დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, სწორედ ამ პერიოდში, კურორტ „საირმის“ წარმომადგენელმა ოთარ გაჩეჩილაძემ უჩივლა საირმის მცხოვრებ (სოფელი ტაბოცეთი) ვეფხია მესხიას, რომელმაც თითქოს სასტუმროს უკანა ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაიკავა.
ნაწყვეტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ, 2021 წლის 12 დეკემბერს შედგენილი აქტიდან: „კურორტ საირმეში გამოვცხადდი შეტყობინების საფუძველზე, სადაც დაგვხვდა „კურორტ საირმის“ წარმომადგენელი ოთარ გაჩეჩილაძე. მისი განმარტებით, მან აღმოაჩინა, რომ ნაკვეთი, რომელიც ეკუთვნის სატყეოს, არის თვითნებურად შემოკავებული დაუფლების მიზნით და აღნიშნულ ფაქტზე ითხოვს რეაგირებას“.
ვეფხია მესხიამ ჩვენ გვიამბო და ადგილზეც ვნახეთ, რომ ის ნაკვეთი, რომლის ფართობიც სულ 413 კვმ-ია, სასტუმროდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებითაა. მას იქ ფუტკარი ჰყავს, საქონელი სკებს უზიანებდა, რის გამოც ეკლიანი მავთულით შემოფარგლა.
რა პრობლემას ქმნიდა თქვენთვის, რომ საირმის ერთ-ერთ ძირძველ, მკვიდრ ოჯახს, ტყეში, მათი სახლისკენ მიმავალი საფეხმავლო ბილიკის პირას, რამდენიმე სკა ჰქონოდა? ან როგორ დაეუფლებოდა, დაესაკუთრებოდა მესხია იმ ადგილს, იქ ხომ არაფერი აუშენებია? გინდათ რომ საირმის ტყე მხოლოდ თქვენი იყოს და ნებართვის გარეშე სხვამ ვერ გაიჭაჭანოს?
2008-2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს თქვენ ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი იყავით. მანამდე, 1991-95 წლებში ბაღდათში ხელმძღვანელობდით ფირმა „ბაღდათს“. ბაღდათში ხართ დაბადებული.
ჯერ კიდევ 2010 წელს, კურორტ საირმეში, დაახლოებით 20-მდე ადგილობრივმა მეწარმემ, 1 კვირის განმავლობაში სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა უძრავი ქონება. დაზარალებული მესაკუთრეები მაშინ საუბრობდნენ, რომ პროკურორი კახა სვანიძე მათ მიწის ნაკვეთების სახელმწიფოსთვის ჩუქებას აიძულებდა . საბოლოოდ, წართმეული მიწების მესაკუთრე თქვენ გახდით.
ახლაც, ის ნაკვეთები საირმეში, რომლებიც პროკურატურამ კერძო მესაკუთრეებს ბრალდების წარდგენის შემდეგ დაათმობინა და სახელმწიფოსთვის „დააბრუნებინა“, უკვე თქვენს მფლობელობაშია მოქცეული, 30 წლით.
არ იცოდით, რომ კურორტ საირმის მიმდებარედ, სოფლებში - მამანეთში, უდაბნოში, ტაბოცეთში მესხიების, ფიფიებისა და სოსელიების ოჯახები ათობით წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ?
მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ციური ფიფია, რომლის ოჯახსაც, საარქივო ცნობებით, მამანეთში 1900 წელს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა საცხოვრებელი სახლი. ბაღდათის მერიის მიერ არაერთხელ არის წერილობით აღიარებული, რომ ფიფიების ბაბუა 81 წელი ცხოვრობდა მამანეთში, 12 შვილი გაზარდა, სახელი გაუთქვა საირმის თაფლსა და სულგუნს, მიღებული ჰქონდა ღირსების ორდენი. ბაღდათის მერიამ ჯერ კიდევ 2015 წელს სთხოვა მთავრობას, ტყის ფონდის საზღვრების კორექტირება, რომ ფიფიებს მამაპაპისეული მიწა კერძო საკუთრებად დაერეგისტრირებინათ. ის ნაკვეთებიც, სადაც თქვენ სასროლეთი და საჯინიბო ააშენეთ, ციური ფიფიათ თქმით, მათი ოჯახის მამაპაპისეული საკუთრება იყო.
არ იცოდით ეს, რომ დაეპატრონეთ?
თქვენ სასამართლოში უჩივლეთ (2023 წელს) საირმის მცხოვრებლებს გელა სოსელიას, ვალიკო მესხიას და ზურაბ თოლორდავას. ისინი ცილისწამებაში დაადანაშაულეთ ერთ-ერთ მედიასთან გაკეთებული განცხადებების გამო, სადაც აზრს, ვარაუდს გამოთქვამდენ, რომ მათ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება, შესაძლოა, თქვენს ინტერესებს ემსახურება. მიიჩნიეთ, რომ ეს განცხადებები სახელს გიტეხდათ, საქმიან რეპუტაციას გილახავდათ და სასამართლოს მოსთხოვეთ, მათთვის ნათქვამის უარყოფა დაევალებინა.
ამონარიდი:
ზურაბ თოლორდავა: „ჩვენ მოდავე არავინ არ გვყავდა... ვისზედაც ეჭვი გვაქვს, ჩვენი კურორტის მფლობელია, აქვე სასროლეთი მოაწყო, თავლა გააკეთა და უნდა ალბათ ეს ადგილი“.
გელა სოსელია: „ეჭვით ასე ვფიქრობ, მისდღემჩი დაინტერესება არ ყოფილა ამ ადგილზე, მოდავე არ გვყოლია არასდროს, მის მერე დაიწყო პროცესი და თქვენ ჩემს ადგილზე რას იფიქრებდით?!“
ვალიკო მესხია: „ვიღაც პიროვნების ინტერესი დევს აქ, რომ რაღაც უნდათ გააკეთონ, ყური მოკრული მაქვს, რომ სამონადირეო [მეურნეობა] უნდათ და მოლის მოსუფთავება უნდათ, რომ ხელი არ შევუშალოთ“.
რა იყო აქ არასწორი? სხვადასხვა ხერხით არ სცადეთ, რომ გელა სოსელიას კერძო საკუთრება დაეთმო თქვენთვის? ფიფიების მამაპაპისეულ ადგილზე არ გაქვთ აშენებული სასროლეთი და საჯინიბო? არ მოიპოვეთ სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია და არ ზღუდავთ საირმეში შესვლას თუ რა? ბაღდათი-აბასთუმნის გზაზე ჩვენც კი აგვედევნენ თქვენი კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და საჯარო სივრცეში, გზაზე გადაღებას გვიკრძალავდნენ ნებართვის გარეშე?
სარჩელი იმიტომ შეიტანეთ მათ მიმართ, რომ დააშინოთ, რათა ლაპარაკიც ვერ გაბედონ და მათი წინააღმდეგობა დაასუსტოთ?
სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია ისე იყიდეთ, რომ ამ პროცესში ადგილობრივი მცხოვრებლები საერთოდ არ ყოფილან ჩართულები. ისინი ყველა ეტაპზე სრულად იგნორირებულები იყვნენ.
იცოდით, რომ გადაწყვეტილებები მათი მონაწილეობის გარეშე მიიღებოდა? ამ პროექტის განხორციელება ადგილობრივი საზოგადოებისათვის პრინციპულად მიუღებელია. როგორ აპირებთ მათთან ურთიერთობას თუ მათ გარეშე გეგმავთ მუშაობას?
სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის პირობების თანახმად, თქვენ ვალდებული ხართ ხელი არ შეუშალოთ ადგილობრივ მოსახლეობას სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე არსებული შესაბამისი ფართობების ტრადიციული სამეურნეო საქმიანობის მიზნით გამოყენებაში, რაც გულისხმობს ტყეში გადაადგილებას, საქონლის გადაყვანას, საკვების მოპოვებას, დასვენებას, ლაშქრობას და ა.შ.
ჩვენთან ინტერვიუებში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა თქვეს, რომ მათ ასეთი პრობლემები უკვე შეექმნათ - საირმის ტყის ზოგიერთ მონაკვეთზე თქვენ გზა უკვე ჩაკეტილი გაქვთ და მათ თავისუფლად გადაადგილებას უზღუდავთ, გრძელგორზე მისასვლელ გზაზე აღარავის უშვებთ. ამ გზას ასავლელი არ აქვს. გაიხსენეს შემთხვევა, როცა უარის შემდეგ გზაზე შებმულ კარზე გადახტნენ და უკან დაბრუნებისას პრობლემები შეექმნათ თქვენს წარმომადგენლებთან.
ასეთი შეზღუდვების პირობებში როგორ შეასრულებთ სალიცენზიო პირობას? თუ ფიქრობთ, რომ შექმნილი პრობლემებით ადგილობრივი მცხოვრებლები იძულებული გახდებიან მოსცილდნენ იქაურობას?
ლიცენზიის კიდევ ერთი მთავარი პირობაა, სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე დამსვენებლების, ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ტყეში თავისუფლად გადაადგილებასთან ერთად, მათი უსაფრთხოება უზრუნველყოთ.
ჯერ კიდევ აუქციონის ჩატარებამდე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის გაგზავნილ წერილში ყურადღებას ამახვილებს სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხებზე და იქვე უთითებს, რომ უმნიშვნელოვანესია სანადირო უბანი მაქსიმალურად იზოლირებული იყოს საკურორტო რეკრეაციული ტერიტორიიდან.
როგორ აპირებთ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას, რომ მონადირეების ტყვიებმა ადამიანი არ იმსხვერპლოს, როცა სანადირო მეურნეობა ზედ ეკვრის საცხოვრებელ სახლებსა და ეზოებსაც კი, ამ სახლებამდე და საკარმიდამო ნაკვეთებამდე მისასვლელი ბილიკები კი სანადირო მეურნეობაშია მოქცეული? როგორ წარმოგიდგენიათ ადგილობრივი მოსახლეობის, ტურისტების თავისუფლად გადაადგილება ტყეში, როცა ნადირობის პროცესი მიმდინარეობს?
ლიცენზიის უმთავრესი პირობაა ლიცენზიის გაცემიდან 1 წლის ვადაში უზრუნველყოთ ირმის (Cervus elaphus) და სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით განსაზღვრული სანადირო სახეობების საშენების მოწყობა, ბუნებაში მათი გაშვების მიზნით. სანადირო მიზნით კეთილშობილი ირმის გამოყენება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, ვინაიდან ეს სახეობები არ შედიან ნადირობას დაქვემდებარებულ ცხოველთა სახეობების ჩამონათვალში. უფრო მეტიც, კეთილშობილი ირემი შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში, რაც გამორიცხავს მასზე ნადირობას.
ირმის აღდგენა თქვენი იდეა იყო თუ სამინისტრომ ან ორივემ ერთად სცადეთ ლიცენზიის გაცემა „გარემოსდაცვითი“ არგუმენტით გაგემართლებინათ? როგორ გეგმავთ ამ პირობის შესრულებას? საიდან აპირებთ საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობების სადედე ინდივიდების მოპოვებას?
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის N1406 განკარგულების განმარტებითი ბარათის თანახმად, პროექტი სარგებლის მომტანი იქნება როგორც ბაღდათის, ისე ვანის მუნიციპალიტეტებისთვის - შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ტურისტებისათვის მიმზიდველი ახალი ლოკაციები, რაც გაზრდის რეგიონში ვიზიტორების რაოდენობას, ეს კი აისახება ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე.
თქვენი საინვესტიციო ვალდებულებები (4 მილიონი ლარი), რომლის დახარჯვასაც სამონადირეო მეურნეობის და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გეგმავთ, უნდა განაწილდეს ირმისა და არჩვის რეინტროდუქციაზეც.
გაქვთ რამე კვლევა, შეფასება, სამონადირეო მეურნეობის ეკონომიკური ეფექტურობის შესახებ, ნამდვილად დადებით გავლენას რომ მოახდენს მოსახლეობაზე?
საქართველოს მთავრობამ 2024 წლის აპრილში (განკარგულება N609, 24.04.2024) ათას ლარად მთელი მთა გამოგცათ ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტებში, 49 წლით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, აუქციონისა და ყოველგვარი კონკურენციის გარეშე.
ეს გადაწყვეტილებაც მთავრობამ ისე მიიღო, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არაფრად ჩააგდო. ვანის სოფლებში პირველად ჩვენგან გაიგეს, რომ ალპური საძოვრები, სადაც მათ ზაფხულობით საქონელი დაჰყავთ საძოვრად და მკვიდრი მოსახლეობას ამას ასობით წელია იყენებს, ნახევარი საუკუნით წაიღეთ.
მთავრობის განკარგულების თანახმად, თქვენ არ ხართ ვალდებული, რომ ვანის სოფლებში მცხოვრებლებს ტრადიციული სამეურნეო საქმიანობის გაგრძელების უფლება მისცეთ.
რას უპირებთ ამ ხალხს, რომელთა შემოსავლის ერთადერთი წყაროც მესაქონლეობაა და ვანის ალპური საძოვრები მათთვის ზაფხულის განმავლობაში ერთადერთი საძოვარია?
ამ თემაზე ნახეთ „მთის ამბების“ ჟურნალისტური გამოძიება - ფეოდალების ქვეყანა