„ჯერ დამარცხებული ვარ, ამათ მომიგეს ეს ბრძოლა, მაგრამ ეს ომი ხომ გრძელდება?! ამას ბოლო ხომ ექნება, როცა ექნება. 8 წელია დამარცხებულ ომში ვარ, მაგრამ მე გავიმარჯვებ, ყველანი ჩვენ გავიმარჯვებთ“ - ამბობს თემირლანის მამა, რომლისთვისაც პირადი ტრაგედია ქვეყნის სამართლიანობისთვის ბრძოლად იქცა.
ქისტი - ქართველის ფარად
„ჩვენ ქართული კულტურით, ქართულ ტრადიციებზე ვართ გაზრდილები. ხშირად ასე ხდება: როცა საქართველოსთვის კარგი საქმე კეთდება, მაშინ ქისტები ვართ; როცა აფხაზეთის ომზე ჩამოვარდება საუბარი - ჩეჩნები. რეალობა კი ისაა, რომ საღად მოაზროვნე ჩეჩნები ყოველთვის საქართველოს მხარეს იყვნენ და ასე იქნება მომავალშიც.
მახსოვს, თემირლანის მკვლელობის პერიოდში, ერთ-ერთმა დეპუტატმა გვითხრა: თუ წყნარად არ იქნებით, გაგასახლებთ, თქვენ აქ სტუმრები ხართო.
არადა, ერეკლე მეორის დროიდან, მას შემდეგ, რაც აქ ჩამოვსახლდით, ქისტი მუდამ ქართველის ფარად დგას! ასეთი მიდგომა დაუშვებელია, ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეუძლიათ.
მარტოობა და ბრძოლის ფასი
თემირლანის მკვლელობის შემდეგ მთელ ხეობაში მუშაობდნენ - აშინებდნენ ხალხს, სთავაზობდნენ სხვადასხვა რამეს, ოღონდ ჩემი მხარდაჭერა არ ყოფილიყო. სამწუხაროდ, ამას მიაღწიეს კიდეც. პირადად მითხრეს:
„შენს კარზე დამკაკუნებელ ქისტს არ დაგიტოვებთო“. წლები გადიოდა და მენატრებოდა კარზე კაკუნი...
ღირსების საქართველო
სინდისის პატიმრებს ვეტყოდი, ისინი არიან მათი წინაპრების გაცოცხლება, გაღვიძება, არც ფიქრობენ უკან დახევას, კაცები, მებრძოლები არიან. რაც მზია ამაღლობელმა გააკეთა, ეს იყო ნამდვილი ქართველი დედის, ქართველი დიაცის ქცევა.
როცა ქალი სილას გაგაწნის და შენ სასამართლოში გარბიხარ - „ლოყა ამიწითლდაო“, ასეთი კაცების საქართველო მე ნამდვილად არ მინდა. ვისურვებდი, არცერთმა დედამ არ შვას მეორე დგებუაძე - ეს ქართველის სირცხვილი! ასეთი გამწარება და დაჩაგვრა არავის ეპატიება.