საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

კარიერად ქცეული სოფელი მღვიმევი - მანგანუმის უკონტროლო მოპოვება ჭიათურაში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:28 - 22 მაისი 2021 hits 40642
სოფელი მღვიმევი
გარემოს დაცვა
სოფელი მღვიმევი

სახლის პირველ სართულზე იატაკი ყველა ოთახში ჩავარდნილია, კედლები გადახსნილი. მეორე სართული რომ არ ჩამოინგრეს, ხის საყრდენები შეუყენებიათ. იციან, რომ ვერ გაამაგრებენ, მაგრამ ენანებათ. სოფლის ქვეშ მაღარო გადის, სადაც „ჯორჯიან მანგანეზი“ მანგანუმს მოიპოვებს. მაღაროს თავზე რაც დგას, ყველაფერი ინგრევა და იმტვრევა. ასწლოვანი წაბლისა და წიფლის ხეებიც ძირფესვიანად მოიგლიჯა და გადავარდა. ომარ გაფრინდაშვილი და ბუჩქუ ლაშხი მღვიმევს მაინც ვერ ელევიან. სახლის ნგრევის გამო, 2018 წელს კომპანიამ ოჯახს 32 ათასი ლარი გადაუხადა. ამ თანხით, ეზოში, იმ ადგილას, სადაც დაზიანებები ჯერ კიდევ არ იყო, ორი ოთახი ააშენეს. ახალაშენებული სახლის კედლები და იატაკი უკვე დაიბზარა.

მღვიმევს არც 83 წლის ვაჟა გაფრინდაშვილი ტოვებს. მისი სახლი მაღაროს გავლის ადგილიდან დაახლოებით 200 მეტრშია. ბზარები მასაც აქვს, მაგრამ ცხოვრება ჯერ კიდევ შეიძლება.

ვაჟას მეზობლად მისი ძმა ცხოვრობდა. 8 წლის წინ, სახლში კაპიტალური რემონტი ჩაუტარებიათ, თუმცა იქ საერთოდ აღარ იცხოვრება. სახლის ყველა კედელი გახსნილია, მეორე სართული პირველ სართულს ისე დასცილდა, რომ გადმონგრევაზეა. აივნის იატაკი, რომელიც ფილებით მოუპირკეთებიათ, ნახევარ მეტრზეა ჩავარდნილი. ეს კიდევ არაფერი - ღობე, რომელიც სახლს შემოავლეს და ბეტონის ძირი აქვს, მთლიანად გადაყირავებულია.

როცა სახლს არემონტებდნენ, სოფლის გზიდან ეზოში პირდაპირ შეხვიდოდი, ახლა გზა შესასვლელს დაახლოებით 2 მეტრით არის მოწყვეტილი და ქვემოთ დაწეული.

მღვიმევის ამ უბანში 20-მდე სახლი ასეთ მძიმე მდგომარეობაშია. რამდენიმე დღის წინ „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენელი ადგილობრივ მცხოვრებლებს დაპირდა, რომ კომპენსაციებს გასცემენ.

„იყვნენ მოსულები, ნახეს და გვითხრეს, რომ მოვა აუდიტი და შეაფასებს ყველაფერს. რაც გვაქვს აღებული, გამოაკლებენ იმ თანხას და დანარჩენს მოგვცემენ. დარწმუნებული დღეს აღარაფერში ვარ, მაგრამ ვეცდებით კომპენსაცია მაინც მივიღოთ. აქ აღარ ავაშენებთ სახლს, არ შეიძლება, ვიდრე მაღარო მუშაობას არ დაასრულებს და მიწა ბოლომდე არ ჩავარდება. არავინ გვეკითხება, თორემ ვინც თავისი მიწა-წყლის ფასი იცის, არავის უნდა აქედან წასვლა. ჯობია ეს მაღარო გააჩერონ“, - მღვიმევის მკვიდრი ირაკლი გაფრინდაშვილი გვიყვება, რომ ტყეში შესვლაც საშიშია, რადგან ნაპრალები გაჩნდა, რომელიც კარგად თუ არ დააკვირდები არ ჩანს და ადამიანი შეიძლება შიგ ჩავარდეს. არადა, მღვიმევის ტყე წაბლითა და სოკოთია მდიდარი. მეზობელი სოფლების - ხალიფაურისა და თაბაგრების მცხოვრებლებიც სარგებლობდნენ და მათთვის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო იყო.

ვინც მაღაროდან ცოტა შორს ცხოვრობს და მიწა ჯერ არ ჩავარდნიათ, მათთვის მთავარი მტერი მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვებაა. შეიძლება ითქვას, მღვიმევი, ისევე როგორც რგანი და კიდევ რამდენიმე დასახლება, ერთ დიდ კარიერადაა ქცეული.

ოთხივე მხრიდან გადათხრილია, ზოგან ახლა თხრიან. მანგანუმგამოცლილი მიწისა და ღორღის უზარმაზარი გორები საცხოვრებელ სახლებს ზემოდან დაჰყურებს და ქარის დროს, მთელ სოფელს მტვერი ფარავს.

ღია კარიერული წესით მანგანუმის მოპოვებისას კანონმდებლობა კომპანიას ავალდებულებს, წიაღისეულის მოპოვებამდე მიწის ნაყოფიერი ფენა მოხსნას, დაასაწყობოს და სამუშაოების დასრულების შემდეგ უკან დააბრუნოს. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ამ ვალდებულებას არ ასრულებენ და რეკულტივაცია ფაქტობრივად არ ხდება.

„ჯორჯიან მანგანეზს“ ჭიათურისა და საჩხერის ტერიტორიებზე მანგანუმის მოპოვების 40 წლიანი ლიცენზია აქვს. ამ ლიცენზიით, უკვე 15 წელია მის მფლობელობაშია 16 430 ჰექტარი ტერიტორია. კომპანია უმსხვილესი მადანმომპოვებელია საქართველოში და მისი ყოველწლიური წილი ექსპორტში 10 %-ია.

2017 წელს, გარემოს დაცვის სამინისტრომ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ 2013-2017 წლებში გარემოსთვის მიყენებული ზარალი 416 მილიონი ლარით შეაფასა. საწარმოს მუშაობით გამოწვეული ეკოლოგიური პრობლემების აღმოსაფხვრელად, სახელმწიფომ „ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალურ მმართველად ნიკოლოზ ჩიქოვანი შეიყვანა. ჩიქოვანი 2003-2007 წლებში ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას ხელმძღვანელობდა. ის „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენის, გიორგი კაპანაძის, მეტსახელად „რიჟას“ მეგობარია. კაპანაძე „ჯორჯიან მანგანეზის“ გავლენიანი აქციონერია. ჩიქოვანს კომპანიის ხარჯებით, ჭიათურაში რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოეგვარებინა ეკოლოგიური პრობლემები - აღარ უნდა დაბინძურებულიყო ნიადაგი, ჰაერი, მდინარე ყვირილა, უნდა მომხდარიყო ღია კარიერული წესით მადნის მოპოვებისას გადათხრილი ტერიტორიების რეკულტივაცია და სხვა.

ვითარება არ გამოსწორდა, სამაგიეროდ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ღია კარიერული წესით, ჭიათურის სოფლებში მადნის მოპოვება გაიზარდა. „ჯორჯიან მანგანეზმა“ და მისი ლიცენზიის ფარგლებში მოქმედმა ათობით კოოპერატორმა, ჭიათურაში მანგანუმის უკონტროლო მოპოვებით არაერთი ოჯახი დატოვეს უსახლკაროდ. ქალაქი ყველა მხრიდან აოხრებულია - თხრიან ყველგან, სადაც მანგანუმი ეგულებათ. მადანს იღებენ, გადათხრილ უზარმაზარ ტერიტორიებს კი უმეტესად ეგრევე, განადგურებულს ტოვებენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბოლო ოთხ წელში „ჯორჯიან მანგანეზი“ და მასთან დაკავშირებული კომპანიები არცერთხელ არ შეუმოწმებია იმ მიზეზით, რომ კომპანიას სპეციალური მმართველი მართავს და უკვე კონტროლდება სახელმწიფოს მხრიდან.

„ჯორჯიან მანგანეზის“ კოროხნალის მაღაროსთან 96-ე დღეა სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის ოთხმა მონაწილემ 12 დღის წინ პირი ამოიკერა. შიმშილობის აქციას გუშინ ქალებიც შეუერთდნენ. შუქრუთის მოსახლეობა კომპანიისგან სამართლიან კომპენსაციებს ითხოვს ცხოვრების უსაფრთხო ადგილზე გასაგრძელებლად. არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლება შუქრუთის მოსახლეობის პროტესტს არ გამოხმაურებია. ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ აქციის მონაწილეებს მერიის წინ კარვის დადგმის საშუალებაც არ მისცა.

ამ თემაზე:

„მუნჯი ქალაქი“ - ჭიათურა „ჯორჯიან მანგანეზის“ ტყვეობაში

შუქრუთის გოდება - რეპორტაჟი სოფლიდან, რომელიც მიწას ჩააქვს

 

რედაქციისგან: „მთის ამბები“ ჭიათურიდან მულტიმედია რეპორტაჟების სერიას ამზადებს, „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად უმძიმეს შრომით პირობებსა და გარემოსდაცვით საკითხებზე, გაუარესებულ საცხოვრებელ გარემოზე, წლების განმავლობაში გადაუჭრელ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე, მათი გააზრებისა და გადაწყვეტის საჭიროებებზე.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში