საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მაკენა - ოქროს მაძიებელი სვანეთიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:28 - 04 იანვარი 2021 hits 51491
რეზო გურჩიანი
საზოგადოება
რეზო გურჩიანი

ნოემბრიდან მარტამდე, როცა მდინარე ენგურის კალაპოტში წყლის დონე იკლებს, ის მთელი დღე წყალში დგას და ოქროს ეძებს. 22 გრამიანი ოქროს ნატეხიც უპოვნია. ოქროს მაძიებლობა 15 წლის ასაკში დაიწყო და მას შემდეგ, 60 წელია არცერთი ზამთარი არ გაუცდენია.

მაკენა შეარქვეს, ცნობილი ამერიკული ფილმის „მაკენას ოქროს“ მთავარი გმირის სახელი. სათავგადასავლო, მძაფრსიუჟეტიანი ფილმი ოქროს მაძიებლებზეა. ეკრანებზე 1969 წელს გამოვიდა. მაშინ სვანეთის სოფელ ცხუმარში მცხოვრები რეზო გურჩიანი 24 წლის იყო.

ხუმრობს, საკუთარი სახელი აღარც მახსოვსო. ყველა მაკენას ეძახის. ის სვანეთში ოქროს ტრადიციული წესით მოპოვების საუკეთესო ოსტატია.

საუკუნეების განმავლობაში, ოქროს მოსაპოვებლად სვანეთში ცხვრის სქელმატყლიან ტყავს იყენებდნენ. მას ფიცარზე გაჭიმულს მდინარეში დებდნენ. მდინარეს ქვიშა სწრაფად გადააქვს, ოქრო კი, სიმძიმის გამო მატყლში იძირება. გარკვეული დროის შემდეგ ტყავს ხსნიდნენ, აშრობდნენ და იქიდან ოქროს მარცვლებს აგროვებდნენ.

ოქროს მოპოვების შესახებ პირველი ცნობები ბერძენი გეოგრაფის სტრაბონის ნაშრომში გვხვდება.

„ამბობენ, რომ ამ ქვეყნის მდინარეებში მოიპოვება ოქრო, რომელსაც დახვრეტილი გობებისა და ბეწვიანი ტყავების მეშვეობით ამუშავებენ“, - სტრაბონის თქმით, შეიძლება სწორედ ამ ცნობის საფუძველზე გამოემგზავრა იასონი არგონავტებთან ერთად კოლხეთისკენ, რათა ოქროს საწმისი ხელში ჩაეგდო.

ადრეულ საუკუნეებში სვანეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო. სვანი ოსტატების მიერ დიდი რაოდენობითაა შექმნილი ოქრომჭედლობის ნიმუშები.

ოქროთი მდიდარმა ენგურის ხეობამ მე-19 საუკუნეში სამთო ინჟინრების ყურადღებაც მიიქცია. 1861 წელს სოფელ აცის მიდამოებში დიდი ზომის ოქროს ზოდიც იპოვეს. მკვლევარების მონაცემებით, ოქროთი ყველაზე მდიდარი მონაკვეთი, სწორედ აცისა და იფარს შორის მდებარეობს. საბჭოთა კავშირის პერიოდში, 1934 წელს მდინარე ენგურის ხეობაში ოქროს შემცველი ქვიშრობების ინტენსიური დამუშავება დაიწყო, რომელიც 1950 წლამდე გაგრძელდა.


„რუსებმა ხაიშიდან ჰეშკილის მთებამდე ტერიტორია მთლიანად დაამუშავეს. ბებია მიყვებოდა ხოლმე, მანამდე დღეში 4 გრამს მაინც ვპოულობდითო ქალები“, - რეზო (მაკენა) გურჩიანის ბებია ერთ-ერთი პირველი ოქროსმომპოვებელი ქალი იყო მთელს ზემო სვანეთში.

ახლა სვანეთში ცხვრის ტყავს ოქროს მოსაპოვებლად ნაკლებად იყენებენ. ყოველ დილით, ვიდრე საქმეს შეუდგება, მაკენა ლოცულობს. მდინარეში შიშველი ხელებით შეგროვებული ლოდებით ან თხილის წნელებითა და ხის ბოძებით, წინასწარ შერჩეულ ადგილას, უფრო მეტად იქ, სადაც მდინარე უხვევს, დინებას ორად ჰყოფს, ოქროს მცირე ნაწილაკები კლდის ძირში გროვდება.

„კლდის ძირამდე ვასუფთავებთ, ნაპრალებსა და ძირში უფრო დიდი რაოდენობით რჩება ოქრო, ჯერ ერთ მხარეს ვასუფთავებთ, მერე მეორე მხარეს, ერთ ნამცეცსაც არ ვტოვებთ.

რატომ უნდა დარჩეს ოქრო წყალში? ის მოსახლეობამ უნდა მოიპოვოს და ხალხმა კარგად იცხოვროს. სვანები ოდითგანვე მოიპოვებდნენ ოქროს, ამას გავაგრძელებთ და ვერავინ აგვიკრძალავს“.

სოფლების აცისა და იელის მიმდებარედ, მდინარე ენგურის აუზში, 39 ათასი ჰექტარი, საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ 2005 წელს გადასცა შპს „ოპტიკალ სისტემს ინკ“-ს, ოქროს ქვიშრობული და ძირითად ქანებში გამოვლენილი საბადოების შესწავლა-მოპოვების სამუშაოებისთვის. წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესაბამისად, კომპანიას შეეძლო მისთვის მიკუთვნებულ ტერიტორიაზე სვანეთის მცხოვრებლებისთვის ოქროს ტრადიციული წესით მოპოვება აეკრძალა, თუმცა „ოპტიკალ სისტემს ინკ“-მა სოფელ აცის ახლოს ოქროს მოპოვებითი სამუშაოები მხოლოდ 2016 წელს დაიწყო, რადგან სწორედ ამ წელს დაუმტკიცა გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა კომპანიას ოქროს მარაგები. სვანებმა კომპანიის საქმიანობა მალევე შეაჩერეს. 500-მდე სვანმა ეკლესიებში ხატზე დაიფიცა, რომ „მოსალოდნელი ზიანის“ თავიდან ასაცილებლად, კომპანიას სვანეთში საქმიანობის გაგრძელების უფლებას არ მისცემდნენ.

„ოპტიკალ სისტემს ინკი“, რომელიც სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, აშშ-ში დაფუძნებული უცხოური საწარმოს ფილიალია საქართველოში, (დირექტორია ჩინეთის მოქალაქე ლინა მა) ენგურის ხეობაში ციანიდის გამოყენებაში დაადანაშაულეს, თითქოს ოქროს ამოკრეფას ციანიდის ხსნარის დაპკურებით ახდენდნენ. ციანიდი ძლიერი მომწამვლელი ქიმიური ნაერთია.

ოქროს ქვიშრობული წესით მოპოვებას დაუპირისპირდნენ გარემოსდამცველებიც. ამ მეთოდით მუშაობისას ნიადაგის ძალიან დიდი მასას ჭრიან, ამსხვრევენ, რეცხავენ და იქიდან ოქროს აგროვებენ. ეს ტექნოლოგია პირველად სწორედ ჩინეთში, შემდეგ კი მონღოლეთში განვითარდა და გარემოს უზარმაზარი ზიანი მიაყენა. 2011 წელს, მონღოლეთის უზენაესმა სასამართლომ ქვეყანაში ამ ფორმით ოქროს მოპოვება აკრძალა.

კომპანიამ უარყო ციანიდის გამოყენების შესახებ ბრალდებები, აქციის მონაწილეები კი ქონების დაზიანებასა და ხელშეშლაში დაადანაშაულა. „ოპტიკალ სისტემს ინკ“-მა გამოძიების დაწყების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა.

საწარმოს ტერიტორია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმაც შეამოწმა. მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნით, იქ ქიმიური ნივთიერებების გამოყენება არ დადასტურდა.

შპს „ოპტიკალ სისტემს ინკ“-ს სალიცენზიო ვადა 2021 წლის 25 მაისს უმთავრდება. სალიცენზიო ვადის ამოწურვამდე კომპანიას 2019-2020 წლებში ორჯერ ჰქონდა მცდელობა, რომ სოფელ აცისთან ახლოს ქვიშრობული ოქროს მომპოვებელი საწარმო მოეწყო, მაგრამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ორჯერვე უარი უთხრა ხარვეზების აღმოჩენის გამო და 2020 წლის 6 თებერვალს, ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა.

კომპანია 105 დღეში აპირებდა 421 240 მ ქვიშა-ხრეშის ნარევის გადამუშავებას, საიდანაც 105 კგ ოქროს მოპოვებას ვარაუდობდა. მდინარე ენგურის ხეობაში მოპოვებული ოქრო ყველაზე მაღალი სინჯისაა.

2019 წელს საინიციატივო ჯგუფმა საიტზე manifest.ge განათავსა პეტიცია, რომლითაც ითხოვდნენ, სვანეთში ოქროს მოპოვების უძველესი ტრადიციული მეთოდი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდეს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს მოთხოვნა არ განუხილავს. სვანეთში ოქროს მოპოვების ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ეროვნულ დონეზეც არ აქვს, რაც UNESCO-ს სიაში წარსადგენად სავალდებულო წინაპირობაა.

„მთის ამბები“ სვანეთის სათემო ორგანიზაციასთან ერთად, ხელს შეუწყობს, რომ სვანეთში ოქროს მოპოვების უძველესი ტრადიცია ტურისტულ მარშრუტად აქციოს.

ავტორი: ლაშა ორჯონიკიძე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში