საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მთაში დარჩენილი მოხუცის განაჩენი - მარტოქალი ბზიკურთკარიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:44 - 10 დეკემბერი 2019 hits 43121

ისღა შემორჩა ბზიკურთკარს - რამდენიმე ადამიანი აღდგომას თუ მოვა საფლავზე გასასვლელად, სხვა აღარავინ მოდისო. არადა, „მიწის გულისთვის მეზობლები ერთმანეთს ჭამდნენ“, ახლა კი ბზიკურთკარსა და მეზობელ სოფლებში მიტოვებული სახლები მაყვლის ბარდმა გადაფარა და ხეობაში სიჩუმეს ტურების კივილიღა არღვევს.   

რვა და-ძმა ყოფილან. ძმებს ემდურება, ახალგაზრდობაში სადმე რომ წავეყვანე და ფაბრიკაში საქმეში ჩავეყენებინე, აქაობას მოვშორდებოდი და იქნებ, ამ ტანჯვასა და უბედურებაშიც არ ჩავვარდნილიყავიო.

79 წლის ელო ქისტაური 10 წელია სოფელ ბზიკურთკარში (დუშეთის რაიონი) მარტო ცხოვრობს. მეუღლე და ერთი შვილი, 29 წლის ვაჟი გარდაცვლილი ჰყავს. ორი შვილი თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. დედას პერიოდულად აკითხავენ, მაგრამ თბილისში წასვლაზე უარს ამბობს - „მე იქ ვერ ვიცხოვრებ, მირჩევნია აქ ვიჩუჩუნოო“.

ხორხის ხეობაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ საცხოვრებელი სახლი ისეა დაზიანებული, რომ იქ ცხოვრება სახიფათოა. ერთი კედელი ჩამონგრეულია, სახურავს ხის რამდენიმე ბოძი ამაგრებს. ელო ბებოს თქმით, რაიონის გამგეობას არაერთხელ მიმართა, მაგრამ არ დაეხმარნენ, სოციალური მომსახურების სააგენტომ კი რამდენიმე თვის წინ დახმარება 10 ლარით შეუმცირა.

„შენაო სახლი გქონიაო. აბა ნახონ, რა სახლია, როგორი სახლია... ეს მოწნული რომ გაქვს ეზოშიო. ეს რომ დაეცეს, მანდ შევაფარებ თავს, ცოცხალი თუ გადავრჩი მეთქი. თავად მილიონებსა სჭამენ, მე კი ათ ლარს მაკლებენ, ეს არის სამართალი?“.

მარტოქალს ყველაზე მეტად ის აშინებს, გარეთ არ მოკვდეს და ნადირმა არ შეჭამოს.

„დამავიწყდა მეთქი ადამიანი რამფერია შვილო. ლაპარაკი რომ არ დამავიწყდეს, ლოცვებს ვკითხულობ. დენი რომ არ იყოს, ალბათ გავგიჟდებოდი.

ეგეც, ჩემმა შვილებმა გამოიყვანეს. მობილურიც ყველგან არ იჭერს, ადგილი უნდა შეურჩიო. ზაფხულში არაუშავს და ზამთარში გარეთ რომ გამოვდივარ, ძალიან ცივა. მაგით ვიგებ ამბავს“.

ბზიკურთკარამდე სამანქანო გზაც აღარ მიდის - ერთი თვის წინ, ორმოების ამოსავსებად ხრეში დაყარეს და ამ დრომდე არ გაუსწორებიათ.

ხორხის ხეობის მოსახლეობას დუშეთის რაიონის ბიუჯეტიდან დაფინანსებული მიკროავტობუსი ემსახურება, ხუთშაბათობით ხალხი დუშეთში ჩამოჰყავს და უკან აბრუნებს, მაგრამ ბზიკურთკარამდე არ ადის. იქიდან ჭალამდე კი, სადაც მიკროავტობუსი ჩერდება, 2 კილომეტრია. ამ მანძილს ელო ბებო ფეხით ვერ გადის.

ხორხის ხეობაში 8 სოფელია. ხირაუშა და უბანი მთლიანად დაცლილია, ლაუშაში 4 ადამიანი ცხოვრობს, ბზიკურთკარში - 1, მენესოში - 2, სონდისველაში 10 ოჯახი, ქვემო ხორხში 15 და ზემო ხორხში 10. სულ ესაა მთელი ხეობა. არადა, მოსახლეობის 2002 წლის აღწერით, ხორხის ხეობაში არცერთი ნასოფლარი არ იყო, ბზიკურთკარში კი 13 ადამიანი ცხოვრობდა.

ელო ბებოს ვკითხეთ, ვინმე თუ ყოფილა მასთან ადგილობრივი ხელისუფლებიდან: „არა შვილო. არჩევნები რომ უნდა ყოფილიყო შარშან, მაშინ მოიყვანეს ექიმი და ექთანი. ჩემ დღეში აქ ექიმი არასდროს მოუყვანიათ. ეგ იყო და ეგ“.

ასეთია სოფლად მარტო დარჩენილი მოხუცის ყოფა. მისი ოცნება კი პატარა ვაგონია.

„ვაგონი რომ მამცენ, დავდგამდი სადმე, შევძვრებოდი იმ ვაგონშია. არ შემეშინდებოდა მაინც, რომ რამე დამეცემა. აი, ასე ვარ, მარტუა, ადამიანის ხმას რომ ვერ გაიგონებ, არავისი იმედი რომ არ გაქვს. მთავრობას თავის თავისა ვერა გაუგია რა, მე ვინ მამხედავს“.

მალე ახალი წელი მოვა. დაცლილი სოფლის ნახევრადდანგრეული სახლის ერთ პატარა ოთახში, ღუმელის იმედად მყოფი ელო ბებოსთვის მარტოობის მეთერთმეტე წელი დაიწყებს ათვლას.

ავტორები - ლაშა ორჯონიკიძე, გიორგი შარმაზანაშვილი

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში