საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მთავრობა ბრაკონიერობაზე სანქციებს ამკაცრებს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:33 - 08 მარტი 2017 hits 6412

რეინჯერების, ტყის მცველებისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების დაცვის მიზნით, მთავრობა ბრაკონიერობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებაზე მუშაობს. ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სამართალდამრღვევების მიმართ სასამართლო ხშირ შემთხვევებში ძალიან ლმობიერია და მათ დანაშაულის ჩადენის იარაღსაც კი უბრუნებენ.

„ჩვენ დავკრძალეთ მეტყევე, რომელიც ბრაკონიერმა მოკლა. ლაგოდეხში გვქონდა ჩვენ შემთხვევა, როდესაც უკანონო ნადირობის აღკვეთის დროს სხეულის დაზიანება მიიღო ჩვენმა თანამშრომელმა, მაშინაც სიცოცლის რისკის და საფრთხის წინაშე იყო. ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე, ბორჯომის სატყეო უბანზე გვქონდა ასეთი შემთხვევები. მთავრობის ბოლო სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ თვალსაზრისით, ჩვენი რეინჯერების, ტყის მცველების, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მეტი დაცულობის უზრუნველსაყოფად, მოვამზადებთ საკანონმდებლო ინიციატივებს, როგორც კანონის გამკაცრების, ასევე ამ თანამშრომლების მეტი მხარდაჭერისთვის. ჩვენ აქ დაგვჭირდება ყველას თანადგომა, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების.

ჩვენ ასევე გვჭირდება სასამართლოს მხარდაჭერა, რომელიც ძალიან ლმობიერია ხოლმე სამართალდამრღვევების მიმართ. სისხლის სამართლის საქმეებში დამნაშავედ ცნობილი პირები ახერხებენ სიტყვიერი შენიშვნით, ან 2 ათას ლარიანი გირაოს მერე ჯარიმის საფუძველზე თავი დააღწიონ პასუხისმგებლობას და ამავე დროს არის შემთხვევები, როდესაც სასამართლოები უბრუნებენ, როგორც უკანონოდ მოპოვებულ ნანადირევს თუ ხე- ტყეს. საოცარია, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში უბრუნებენ დანაშაულის იარაღსაც კი“, –აღნიშნა გიგლა აგულაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, სამინისტრო ყველა შემთხვევაში გამოაქვეყნებს ბრაკონიერობაში მხილებული პირების ვინაობას, თუნდაც ისინი თანამდებობის პირები იყვნენ.

„ჩვენ ამ გადაწყვეტილებას აღვასრულებთ, რომ ვიყოთ პირუთვნელები, კრიტიკულები და ვთქვათ ყველაზე ყველაფერი.

ვინც არ უნდა იყოს, ეს იქნება მუნიციპალიტეტი, გუბერნია, ჩემი მეგობრები, აღმასრულებელ ხელისუფლებაში თუ ვინმე ნადირობს სადმე უკანონოდ, გადავწყვიტეთ, რომ გვარის, სახელის და თანამდებობის მითითებით გამოვაქვეყნოთ ინფორმაცია ამ ადამიანებზე“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, 2016 წელს, სამართალდამრღვევებზე დაკისრებული ჯარიმების საერთო ოდენობამ 4 500 000 ლარი, ხოლო გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 8 მილიონი ლარი შეადგინა.

გარემოსდაცვით საკითხებზე თელავში იმსჯელეს. მინისტრთან შეხვედრას კახეთში არსებული სამონადირეო მეურნეობების ხელმძღვანელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ ინფორმაციით, ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ბრაკონიერებმა სამი რეინჯერი მოკლეს, 6 გარემოსდამცველი კი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა. „მწვანე ალტერნატივა“ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გარემოს დაცვის სფეროს თანამშრომელთა ოჯახებისთვის სოციალური შეღავათების დაწესებას ითხოვს.

ბოლო პერიოდში ბრაკონიერობის არაერთი ფაქტის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

ამბროლაურის რაიონის სოფელ ლიხეთში ბუხუტი მეტრეველმა შველი დაურეგისტრირებელი სანადირო თოფით მოკლა.

თებერვალში დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარგალთან გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონადირეთა 6 კაციანი ჯგუფი დააკავეს, რომლებსაც უკვე მოპოვებული და დანაწევრებული შველი აღმოაჩნდათ.

შვლის მოკვლაში მხილებულმა ბრაკონიერმა, 32 წლის ალექსანდრე ოგანოვმა თქვა, რომ ტყეში ყოფნისას ხმა გაიგო, მგელი ეგონა, ესროლა და შველი აღმოჩნდა.

მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, ბრაკონიერობის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. დაჭრილი შვლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

2016 წლის აგვისტოში, კარაბინებით შეიარაღებული ნიღბიანი ბრაკონიერები ლაგოდეხის ნაკრძალში თავს დაესხნენ რეინჯერებს, რომლებიც მათ დაკავებას ცდილობდნენ. ერთ–ერთ რეინჯერს გიორგი გელაშვილს თავის არეში ჭრილობა მიაყენეს. დაზარალებულ რეინჯერს საავადმყოფოში თავზე რამდენიმე ნაკერის დადება დასჭირდა. პოლიციას თავდამსხმელი ბრაკონიერები ამ დრომდე არ დაუკავებია. უფრო მეტიც, გამოძიებას დღემდე არ დაუკითხავს რეინჯერები, რომლებიც ანტიბრაკონიერულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.

ამ დრომდე ლაგოდეხის პოლიციაში მუშაობს გამომძიებლად 29 წლის ბაკურ ბაკაშვილი, რომელიც ლაგოდეხის ნაკრძალში შემჩნეულია ბრაკონიერობაში და რეინჯერების მიმართ მუქარებსაც არ იშურებს.

„უახლოეს ხანში, ჩემი შვილი (7 წლის გოგონა) მიმყავს ღორზე სანადიროდ და საქართველოში ყველა სამსახურს ვურჩევ წინ არ გადამეღობონ, იქ ჩემი შვილი იქნება... ვაი რომ ცხელ ტყვიას გავუტარებ შუბლში და მერე იკითხონ, ვის რამხელა პატრონი ჰყავს. გამზრდელს ავუფეთქებ ყველას, მაგ დროს არ მომინდომონ სამსახურეობრივი ჩათვლები, პლიუსები და პრემიები, კუბოში ჩავაწვენ ყველას“.

დეტექტივ გამომძიებელმა ბაკაშვილმა „ფეისბუქში“ ეს სტატუსი 2016 წლის 8 იანვარს გამოაქვეყნა და მალევე, მას შემდეგ წაშალა, რაც მუქარის შემცველი განცხადებით კახეთის საინფორმაციო ცენტრი დაინტერესდა. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბაკურ ბაკაშვილს მხოლოდ საყვედური გამოუცხადა. ის სამსახურიდანაც კი არ გაათავისუფლეს.

დაცულ ტერიტორიებზე ბრაკონიერობაში მხოლოდ გამომძიებლები არ არიან შემჩნეული. 2015 წლის 30 ნოემბერს, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ფოტოები, საიდანაც ჩანს, რომ ლაგოდეხის, ყვარლის და გურჯაანის რაიონულმა პროკურორმა ლევან ღვედაშვილმა „წითელ ნუსხაში“ შეტანილ დათვზე ინადირა. მასალის გამოქვეყნებიდან ორი თვის შემდეგ პროკურორს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დააწერინეს. მის მიმართ გამოძიება არ დაწყებულა. გარკვეული ხნის შემდეგ, ყოფილი პროკურორი ლევან ღვედაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაასაქმეს.

ამ თემაზე:

როგორ ისჯება უკანონო ნადირობა

თამარ მოდებაძე

საინფორმაციო ცენტრების ქსელის ჟურნალისტი. აშუქებს საზოგადოების, სოციალურ, გარემოსდაცვით და მთის საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში