"გუშინ, რეინჯერები პარკში შემოწმებას ახორციელებდნენ, როდესაც ძაღლების ყეფა და ორი ადამიანის ნაკვალევი შენიშნეს. შველი საავტომობილო გზამდე იყო ჩამოსული, იქ ვიპოვეთ დაჭრილი და ფეხებდამტვრეული. მას პირველადი დახმარება ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში გაუწიეს. ვეტერინარების თქმით, ტყვია შიგნით იყო შესული, რამაც შიდა სისხლდენა გამოიწვია. დღეს დილით ვგეგმავდით თბილისში, ზოოლოგიის ცენტრში გადაყვანას, სადაც ოპერაცია უნდა ჩატარებოდა, მაგრამ დილით მკვდარი დაგვხვდა. სამწუხაროდ, ბრაკონიერები გაგვექცნენ, მათი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა", - ამბობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დირექტორი ლევან თაბუნიძე.
ბორჯობ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე დაახლოებით 300-350 შველი ბინადრობს. ლევან თაბუნიძის განცხადებით, ბრაკონიერობის შემთხვევები ხშირია.
"90-იან წლებში რომ კვლევა ჩატარდა, მაშინ მხოლოდ 39 ინდივიდი დაითვალეს. შვლების რაოდენობა იზრდება, რაც იმით არის გამოწვეული, რომ ბრაკონიერობას სხვადასხვა გზით, მათ შორის ფოტო ხაფანგებითა და დაგეგმილი რეიდებით ვებრძვით. შედეგი გვაქვს, თუმცა სამწუხარო ფაქტია ის, რომ გასული წლის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ადმინისტრაციული გადაცდომის შემთხვევაში მოსამართლეები ძირითადად სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლებიან", - აღნიშნავს ლევან თაბუნიძე.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით ოქმები შეადგინეს და მონაცემები შესაბამის ორგანოებს გადაუგზავნეს.
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ნადირობა აკრძალულია. ნადირობის წესის დარღვევისთვის ადმინისტრაციული კოდექსი 500-დან 700 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. შვლის მოკვლის შემთხვევაში კი გარემოსთვის მიყენებული ზიანი 5000 ლარს შეადგენს.