საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რა უნდა ვიცოდეთ ნადირობის შესახებ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:00 - 09 თებერვალი 2017 hits 45263

რა მეთოდებით არის აკრძალული ნადირობა; როდის არის დაშვებული ნადირობა გადამფრენ ფრინველებზე და რა დოკუმენტებია საჭირო ნადირობისთვის; რომელ ადგილებშია აკრძალული ნადირობა? რას შეადგენს ზიანის ოდენობა გარეული ცხოველის მოკვლის შემთხვევაში სახეობების მიხედვით; ცხოველთა რომელი სახეობებია შეტანილი „წითელ ნუსხაში“; რა შემთხვევაში დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უკანონო ნადირობის გამო? გაეცანით „მთის ამბების“ მიერ მომზადებულ გზამკვლევს.

რა მეთოდებით არის აკრძალული ნადირობა?

ნადირობისას აკრძალულია: მცენარეული საფარის დაწვა; გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა; ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, ბინადრობის ადგილების მოშლა ან განადგურება; ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით, ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველებით), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;

აკრძალულია ასევე ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამით ცეცხლის დანთებით; სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდთოვლობა და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს.

ნადირობისას დაშვებულია: მონადირე ძაღლების გამოყენება; მონადირე ძაღლების წვრთნა (დაგეშვა) მთელი წლის განმავლობაში ნადირობისათვის დაშვებულ ტერიტორიებზე (პირი, რომელიც ნადირობისათვის აკრძალულ ვადებში, ახორციელებს მონადირე ძაღლის წვრთნას (დაგეშვას), ვალდებულია სანადირო იარაღში იქონიოს მხოლოდ დაუმუხტავი ვაზნები). სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველების გამოყენება (ამ ფრინველის ფლობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში).

 ნადირობა დაშვებულია შემდეგი სანადირო იარაღების გამოყენებით: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი); სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა); სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი); სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი; სანადირო პნევმატური იარაღი.

როდის არის დაშვებული ნადირობა გადამფრენ ფრინველებზე?

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა დაშვებულია აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე.

რომელ ადგილებშია აკრძალული ნადირობა?

ნადირობა აკრძალულია  სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებსა და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

რა დოკუმენტებია საჭირო ნადირობისთვის?

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ: გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

რას შეადგენს ზიანის ოდენობა გარეული ცხოველის მოკვლის შემთხვევაში სახეობების მიხედვით?

ირემი - 15 000 ლარი;

ჯიხვი - 13 000 ლარი;

დათვი, ნიამორი, ქურციკი (ჯეირანი) - 10 000 ლარი;

არჩვი - 6 000 ლარი;

შველი - 5 000 ლარი;

გარეული ღორი, კავკასიური ფოცხვერი, აფთარი - 1000 ლარი;

წავი - 500 ლარი;

მგელი - 300 ლარი;

მელა - 250 ლარი;

კვერნა, მაჩვი - 100 ლარი;

ტურა - 75 ლარი.

ზიანის ანაზღაურების ვალდებულება სამართალდამრღვევს ეკისრება დაკისრებულ სახდელთან (სასჯელთან) ერთად.

ცხოველთა რომელი სახეობებია შეტანილი „წითელ ნუსხაში“?

საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი ცხოველთა სახეობებია: ირემი; მურა დათვი; ნიამორი; ჯიხვი; არჩვი; ქურციკი; წავი; აფთარი; ფოცხვერი; ჯიქი; ამიერკავკასიური ზაზუნა; ლელიანის კატა და სხვა. (სულ - 33 სახეობა). საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ სახეობებზე ზიანის თანხა ხუთმაგდება.

რა შემთხვევებში და როგორ ისჯება უკანონო ნადირობა ადმინისტრაციული წესით?

ნადირობის წესების დარღვევა ნადირობის ობიექტებისათვის მიკუთვნებულ სახეობებზე ნადირობისას – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე;

ნადირობის წესის სხვა სახის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას  500 ლარიდან 700 ლარამდე;

ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარიდან 1000 ლარამდე;

ნადირობა იმ იარაღით, საშუალებით ან მეთოდით, რომლით ნადირობაც აკრძალულია (გარდა ზემოაღნიშნული შემთხვევებისა), – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 2000 ლარამდე.

ამასთან, ყველა შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის (მოწყობილობის) კონფისკაცია. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის კონფისკაცია დაიშვება მხოლოდ მაშინ, თუ პირს არ გააჩნია ამ იარაღის შენახვისა და ტარების უფლება.

თუ მონადირეს თან არა აქვს იარაღის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ნადირობა აკრძალული სანადირო იარაღით ხორციელდება, მას საქმის განხილვამდე დროებით ჩამოერთმევა სანადირო იარაღი. ჩამორთმეული იარაღის დაბრუნება ან სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა ხდება საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირის) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე.

საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა მოსპობა ან მათი კვერცხის ნადების, ბუნაგის და სხვა ნაგებობების განადგურება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მათი დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან საბინადრო გარემოს დარღვევა, ანდა კანონით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში ცხოველთა მოპოვება მათი მოპოვებისათვის დადგენილი შეზღუდვების ან/და პირობების დარღვევით, მათი სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება - გამოიწვევს დაჯარიმებას 150-დან 850 ლარამდე, დამრღვევის პირადი საკუთრების საგნების კონფისკაციით, რომლებიც აღნიშნულ დარღვევათა ჩადენის იარაღი იყო, ან უამისოდ, ასევე მოპოვებული ცხოველების კონფისკაციით.

დაცულ ტერიტორიაზე პირის ცეცხლსასროლი იარაღით უკანონოდ შესვლა, შეღწევა ან გადაადგილება (გარდა იმ ტერიტორიისა, სადაც მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით დაშვებულია ნადირობა, ან იმ პირისა, რომელსაც უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ატაროს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი) - გამოიწვევს დაჯარიმებას 250-დან 300 ლარამდე, ცეცხლსასროლი იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

რა შემთხვევაში დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უკანონო ნადირობის გამო?

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, დანაშაულად ითვლება უკანონო ნადირობა, თუ მან შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. „მნიშვნელოვანი ზიანი“ კი განისაზღვრება 2 000 (ორი ათასი) ლარით და ზევით. კერძოდ: ნადირობა სათანადო ნებართვის გარეშე; ნადირობა აკრძალულ ადგილას; ნადირობა აკრძალულ დროს; ნადირობა აკრძალული იარაღით ან საშუალებით;

ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე ან უამისოდ.

დანაშაულია ასევე:

ნადირობა სახელმწიფო ნაკრძალში ან სხვა დაცულ ტერიტორიაზე, სადაც ნადირობა მთლიანად აკრძალულია; ნადირობა მექანიკური სატრანსპორტო ან მასობრივი განადგურების საშუალებით; ნადირობა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ ან უმწეო მდგომარეობაში მყოფ ნადირ-ფრინველზე; ნადირობა საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის დროს ან ეკოლოგიური უბედურების ზონაში.

ამგვარი ქმედება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.  

როგორ უნდა მოვიქცეთ გარეული ცხოველის მხრიდან თავდასხმის დროს?

იმ შემთხვევაში, თუ გარეული ცხოველი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ანდა მათ ქონებას (შინაურ ცხოველებს, ნათესებს და ა.შ.) და ამ საფრთხის თავიდან აცილება შეუძლებელია, თავდასხმის მომენტში გარეული ცხოველის მოკვლა შეიძლება განხორციელდეს დაუყოვნებლივ. ასეთ ვითარებაში საჭირო არ არის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წინასწარი თანხმობა, ვინაიდან ადგილი აქვს უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობას, რაც პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებაა.

ასეთ შემთხვევაში, პირი, რომელმაც მოკლა გარეული ცხოველი, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნული სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (ცხელი ხაზი – 153), ხოლო თუ ეს შეუძლებელია - მაშინ შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოებს.

 მოკლული გარეული ცხოველი ნადგურდება იმ პირის მიერ, ვინც განახორციელა მისი მოკვლა. დაუშვებელია მოკლული გარეული ცხოველის გაყიდვა ან რაიმე სხვა ფორმით გასხვისება. დეპარტამენტი ადგენს შესაბამის აქტს გარეული ცხოველის განადგურების თაობაზე.

გარეულ ცხოველთა თავდასხმების თაობაზე შეიძლება ეცნობოს შესაბამის მუნიციპალიტეტს, რომელიც რეგულირების ღონისძიების განხორციელების აუცილებლობის თაობაზე განცხადებით მიმართავს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს. სამინისტრო ახორციელებს ქმედებებს, რათა მოხდეს თავდამსხმელი გარეული ცხოველის გარემოდან ამოღების უფლების გადაცემა შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის (მერიისათვის), მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საშუალებით. ამის შემდეგ მუნიციპალიტეტის გამგეობა (მერია) უფლებამოსილია მოახდინოს თავდამსხმელი გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება, ხელშეკრულებაში მითითებული პირობების გათვალისწინებით, მონადირეთა ჯგუფის შექმნის გზით.

გელა შაშიაშვილი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის ანალიტიკოსი, საჯარო მმართველობის მონიტორინგისა და ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელი. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში