საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ხევსურეთის მოსახლეობა გზის გახსნას იხვეწება, დუშეთის მერი ლატვიაში ერთობა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:35 - 30 მაისი 2019 hits 10174

ხევსურეთის სხვადასხვა ხეობის მოსახლეობა სოფლებამდე მისასვლელი სამანქანო გზების გახსნას იხვეწება. გარესამყაროს არის მოწყვეტილი გორშეღმის ხეობის რამდენიმე სოფელი. ორი კვირის წინ მოსული ძლიერი წვიმის გამო ქვა-ღორღისგანაა გასაწმენდი როშკისკენ მიმავალი გზა, რის გამოც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილის, აბუდელაურის ტბების მიმართულებით ლაშქრობების დაწყება ვერ ხერხდება. გარესამყაროსაა მოწყვეტილი არხოტის ხეობაც. თოვლისგან გზის გაწმენდა ამ დრომდე არ დაუწყიათ. უგზოობა ინტერნეტიზაციის პროექტს აფერხებს. ასეთი მძიმე ვითარების მიუხედავად, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მომღერლებთან ერთად, 29 მაისს ლატვიაში გაფრინდა, ამ თვეში, ბალტიისპირეთში უკვე მეორედ. რიგაში იმყოფება საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილიც.

ბარისახოში დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს მზექალა არაბულს თითქმის ორი კვირაა ურეკავს 38 წლის დათო ბურდული, სოფელ ქმოსტიდან. ქმოსტში მუდმივად აღარავინ ცხოვრობს. გასულ წელს, დათომ მამაპისეულ მიწაზე პატარა სახლის აშენება დაიწყო. უნდა, რომ პირველ ეტაპზე, ზაფხულობით მაინც, იქ იცხოვროს ცოლ-შვილთან ერთად. უკვე რამდენიმე დღეა, დათო, მშენებარე სახლამდე ურიკით ეზიდება სამშენებლო მასალებს დაახლოებით 500-600 მეტრი მანძილიდან. მანქანა მის სახლამდე ვერ მივიდა და ტვირთი გზაში ჩამოცალა. მზექალამ იცის ამის შესახებ, მუნიციპალიტეტის მერიასაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბარისახო-როშკის გზა გასაწმენდია და ტრაქტორი სჭირდებათ. ტრაქტორი როშკის გზაზე დღემდე არ გამოჩენილა.

ქმოსტს ზემოთ სოფელი ღელისვაკეა, მერე როშკა, სადაც მუდმივად 4 ოჯახი ცხოვრობს. მთელი ზამთარი ხომ არიან გარესამყაროს მოწყვეტილები, გაზაფხულს იმედით ელიან, რომ გზა გაიხსნება, მაგრამ აგერ, დღეს 30 მაისია და მანქანით გადაადგილება ისევ პრობლემაა, როშკამდეც კი.

როცა გზა აქვთ, როშკა ხალხმრავალია, განსაკუთრებით შაბათ-კვირას. ტრანსპორტს, მათ შორის მიკროავტობუსებს, რომლითაც ტურისტები თბილისიდან ან სხვა რეგიონებიდან აბუდელაურის ტბების სანახავად მიდიან, როშკაში აჩერებენ. უგზოობის გამო აბუდელაურის ტურებიც ვერ იწყება, არადა მცხეთა-მთიანეთში ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია.

მამუკა არაბული ადგილობრივი გიდია. ვიზიტორებს ტურებს სთავაზობს აბუდელაურის ტბების, არხოტის, შატილის და სხვა მიმართულებით. ამბობს, რომ შაბათ-კვირას უკვე ბევრ გიდს, სალაშქრო კლუბსა და ტურისტულ კომპანიას აქვს აბუდელაურის ტურები ჩანიშნული, მაგრამ გზა თუ არ გაიხსნა, ჩაიშლება.

„ორი კვირის წინ, ძლიერი წვიმის შედეგად რომ ადიდდა ხევები, მაშინ გაფუჭდა გზა. ორი კვირა გავიდა და ტრაქტორს ამ დრომდე არ გამოუვლია. ადგილობრივ მცხოვრებლებს საოჯახო სასტუმროების კეთილმოწყობაც სურთ, მაგრამ ისევ უყურადღებობაა მთავრობიდან. ერთი დღე სჭირდება ამ გზის გაწმენდას, მეტი არა, რას აკეთებენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად?“.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი ვერ ვიპოვეთ. მობილური ტელეფონი გამორთული აქვს, მერიაში გვითხრეს, რომ მივლინებით ლატვიაშია. როგორც გამოვარკვიეთ, დუშეთის მერი ამ თვეში ბალტიისპირეთს უკვე მეორედ სტუმრობს. 17-დან 20 მაისის ჩათვლით, ის ლიეტუვაში (ვილნიუსში) იმყოფებოდა, 29 მაისს კი ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაფრინდა რამდენიმე მეგობარ ჩინოვნიკთან და მომღერლებთან ერთად.

მერის მოადგილეს გიორგი თანიაშვილს, რომელსაც ინტრასტრუქტურის სფერო აქვს ჩაბარებული, ვკითხეთ, რა აუცილებელი იყო მერი ანსამბლ „ქალილოს“ გასტროლებზე გაყოლოდა, როცა რაიონში ამდენი პრობლემაა. „მე აქ არ ვარ? მე მივხედავ“. მერის მოადგილის თქმით, როშკის მიმართულებით გზა ხვალ გაიწმინდება, საიდანაც ტრაქტორი მუშაობას გორშეღმის ხეობაში გააგრძელებს.

„ქართულმა ოცნებამ“ საუკუნის პროექტი უწოდა ხევსურეთში, როშკა-არხოტის გზის მშენებლობას. გზის გაჭრა 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და 2016-2017 წლებში, 4.5 მილიონი ლარი დაიხარჯა. 2017 წლის ოქტომბერში, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ახლადგაჭრილ გზაზე, არხოტში მიმავალმა თიანეთი-დუშეთი-ყაზბეგის მაჟორიტარმა, ზაქარია ქუცნაშვილმა ჩაიქროლა სატელევიზიო კამერების თანხლებით და ქვეყნის მოსახლეობას ამცნო, რომ ისტორიაში პირველად, ინგუშეთის საზღვართან მდებარე არხოტი დანარჩენ საქართველოს საავტომობილო გზით დაუკავშირდა. დეპუტატი თბილისში იმავე დღეს დაბრუნდა, არჩევნებმა ჩაიარა, არხოტი კი ისევ უგზოდ დარჩა, პირველივე თოვლის მოსვლისთანავე.

2018 წელს არხოტის გზა 14 ივლისს გახსნეს. მანამდე, 3 ივლისს, „მთის ამბების“ ჟურნალისტი როშკიდან არხოტში ფეხით გადავიდა (დაახლოებით 50 კილომეტრი) და რეპორტაჟი გამოაქვეყნა, რომ არხოტი ისევ უგზოდ იყო, რადგან ხელისუფლებამ გზის გასაწმენდად, თავი ერთი ტრაქტორის მობილიზებასაც კი ვერ მოაბა.

ივლისის შუა რიცხვებში გახსნილი გზა სამ თვეში, ოქტომბერში ჩაიკეტა და ამ დრომდე დაკეტილია.

„მაისის ბოლოს მაინც ხომ უნდა გაიხსნას გზა. ჯერ გაწმენდაც არ დაუწყიათ. თუ ვერ მოუვლიდნენ, რისთვის გაჭრეს“, - ეკითხება მთავრობას შიო ოჩიაური, არხოტის სოფელ ახიელიდან. სულ სამი მუდმივი მცხოვრებიღა ასოფლებს, საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე არხოტის სამ სოფელს: „გზას თუ არ მიხედეს, თუ შუქი არ იქნა, აქ ვინც ვცხოვრობთ, ისინიც ვეღარ გავჩერდებით. არვინ არც მოვა და ეს ხალხიც წავა, გაიქცევა“.

უგზოობა აფერხებს ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაციის პროექტსაც, რომლის განხორციელებაც საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი დაფინანსებით დაიწყო. პირველად არხოტის ხეობაში უსადენო ინტერნეტი და მასზე დაშენებული სატელეფონო კავშირი უნდა გახდეს ხელმისაწვდომი. პროექტის ხელმძღვანელი უჩა სეთური ამბობს, რომ სამანქანო გზა არხოტის უღელტეხილამდეც კი არ არის, რომ ანძები მიიტანონ და სამუშაოები დაიწყონ.

წერილობით მოთხოვნაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა „მთის ამბებს“ განუმარტა, რომ როშკა-არხოტის გზა დეპარტამენტის ბალანსზე არ არის და შესაბამისად, გზის მოვლა-პატრონობის საკითხის განხილვა მათ უფლებამოსილებაში არ შედის.

როშკა-არხოტის გზა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უწყებას, მუნიციპალური განვითარების ფონდს ეკუთვნის, როგორც დაუსრულებელი პროექტი.

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე „მთის ამბებთან“ პირობას დებს, რომ არხოტის გზაზე მაღალი გამავლობის მანქანებისთვის მოძრაობა ორ კვირაში აღდგება.

„ერთ კვირაში ავა კონტრაქტორი და დაიწყებს სამუშაოებს.

- და ერთ კვრაში გაწმენდს?

- დიახ, გაწმენდს. შარშანაც ამ დროს იყო ასეთი განგაში, ანალოგიური სიტუაცია, მაგრამ მალევე გავიარეთ.

- აქამდე რატომ არ დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები?

- ვერ დაიწყო იმიტომ, რომ ამის პირობები არ იყო, თოვლიც ახლა დადნა. ბოლოს იქ 10 დღის წინ მოთოვა. პროექტში იყო კიდევ რაღაცეები გადასახედი. გავიარეთ კონტრაქტორთან ერთად, შევთანხმდით და დავიწყებთ სამუშაოებს ერთ კვირაში. თუ გნებავთ, ერთად ავიდეთ ორ კვირაში არხოტში. ივნისის შუა რიცხვებში მიმოსვლა შესაძლებელი იქნება“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში