საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

არც გზა, არც შუქი, ეს ხალხიც გაიქცევა - შიო ოჩიაური არხოტიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:36 - 09 აპრილი 2019 hits 13463

„თუ შუქი არ იქნა, აქ ვინც ვცხოვრობთ, ისინიც ვერ გავჩერდებით. გზას თუ არ მიხედეს, არვინ არც მოვა და ეს ხალხიც წავა, გაიქცევა“, - არხოტის ხეობაში, საზღვრისპირა სოფელი ახიელი შესაძლოა ერთადერთმა მუდმივმა მცხოვრებმა, შიო ოჩიაურმაც დატოვოს.

არხოტი საქართველო-ინგუშეთის საზღვართანაა. მდინარე ასაზე მცირე ზომის ჰესი, რომელიც ელექტროენერგიით არხოტის ხეობის ორ სოფელს, ახიელსა და ამღას ამარაგებდა, ზვიად გამსახურდიას დავალებით ააშენეს. თითქმის 30 წელია ჰესი კაპიტალურად არ გაურემონტებიათ.

„წვალებით, მაგრამ მთელი ზამთარი შუქი გვქონდა, ბჟუტავდა, მაგრამ მაინც. სამი კვირა იქნება, რაც აღარ გვაქვს. დიოდებია გაფუჭებული, როგორც ყოველთვის. ამ დიოდების ცვლა აღარ შველის. უნდა გარემონტდეს. ახალი გენერატორი სჭირდება, წყალსაცავიც გასარემონტებელია. ეს მილები მიწითაა გავსილი. სულ ცოტა 10 წელია რაც ამაზე ვსაუბრობ, გაარემონტეთ, გაარემონტეთ მეთქი, მაგრამ არავინ არაფერს აკეთებს“.

2018 წლის შემოდგომაზე, არხოტის სოფლებში მუდმივად მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მზის ბატარეები გადასცა. მერი და გუბერნატორი აცხადებდნენ, რომ არხოტიონები უშუქოდ აღარ იქნებოდნენ.

„ეს ბატარეა მთელი ზამთარი იტვირთება, მაგრამ 6 წუთი იმუშავა და გაქრა მერე. მხოლოდ 6 წუთი... რისთვის მოიტანეს? ვერტალიოტში გამგებელმა ერთ ჩვენებურ ქალს დააყვედრა, მზის  დაფები გადმოგიტანეთ და რაღა ჰესს და შუქს თხოულობთო. რა, საჩუქრებს არ გაძლევთო? ერთი ლამფუჩკა 6 წუთს ვერ გაანათა“.

უშუქობასთან ერთად უგზოობაც აწუხებთ. არხოტი საქართველოს ნაწილი კი არის, მაგრამ 2017 წლამდე ხეობასთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა არ გვქონდა. 1994 წლამდე, არხოტიონები, ინგუშეთის, ჯეირახის რაიონიდან არხოტში შემოსული გზით სარგებლობდნენ. დანარჩენ საქართველოსთან მხოლოდ ბილიკი, ე.წ. წელთგზა აკავშირებდათ.

„ქართულმა ოცნებამ“ საუკუნის პროექტი უწოდა ხევსურეთში, როშკა-არხოტის გზის მშენებლობას, რომელზეც ორ წელიწადში 4.5 მილიონი ლარი დაიხარჯა. გზა 2017 წლის სექტემბრის ბოლოს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიხსნა და არჩევნების ჩატარებისთანავე ჩაიკეტა. 2018 წელს გზის გაწმენდა ივლისში დაიწყეს, მას შემდეგ, რაც „მთის ამბებმა“ ისევ უგზოდ დარჩენილი არხოტიდან რეპორტაჟი მოამზადა. ივლისის მიწურულს გახსნილი გზა სექტემბრის ბოლოს, არხოტის უღელტეხილზე პირველი თოვლის მოსვლისთანავე ჩაიკეტა: „მაისის ბოლოს მაინც ხომ უნდა გაიხსნას გზა. ჯერ გაწმენდაც არ დაუწყიათ. თუ ვერ მოუვლიდნენ, რისთვის გაჭრეს? გზას ვერ არემონტებ, ვერ ახსნევინებ, ჰესს ვერ არემონტებინებ... გინდა უთხარი ამ მთავრობას და გინდა არა...“

არხოტში ცხოვრებას ისიც ართულებს, რომ ხეობაში არც ამბულატორია აქვთ, არც ექიმი ჰყავთ და არც ექთანი, მათ შორის არც ზაფხულში. სამთვიან პერიოდში, როცა გზა ღიაა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა კი ავა, მაგრამ დანარჩენი 9 თვე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის იმედად არიან. ცუდი და ღრუბლიანი ამინდის დროს, ვერტმფრენიც ვერ დაფრინავს. არაერთ შემთხვევას იხსენებენ, როცა არხოტიონები ტკივილს რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში გაუტანჯავს. ზოგმა გაუძლო, ზოგმა ვერა. ისეთი შემთხვევებიც ახსოვთ, ხის ტოტებით სახელდახელოდ გაკეთებულ საკაცეზე დამაგრებული ავადმყოფი საფეხმავლო გზით რომ გადმოუყვანიათ არხოტიდან როშკაში, თითქმის 30 კილომეტრი.

შიო ოჩიაური ამბობს, რომ ხელისუფლებას ადრე უფრო ესმოდა მთაში მცხოვრები ხალხის: „არც გზა იყო, მაგრამ მეტ ყურადღებას გვაქცევდნენ. ბუჩუკური და მოლოდინი რომ იყვნენ, ეგეთი არც გუბერნატორი ყოფილა და არც დეპუტატი. თუ რამე დასჭირდებოდა ხალხს, ეგრევე გვეხმარებოდნენ. რამე გაჭირვება იყო? ვერტალიოტი აქ იყო. ახლაც არის ფრენები, მაგრამ ეს სასაზღვროა. მაგათ ვერ დავემდურები“.

მთის კანონით ვერც არხოტში იხეირა ვინმემ, შიო ოჩიაურის პენსიაზე დანამატს თუ არ ჩავთვლით.

„მე როგორც ვუყურებ, ვერაფერში იქონია ამ კანონმა გავლენა. მთისთვის მიზნობრივი მხარდაჭერაა საჭირო. თუ ასე გაგრძელდება, როგორც დღესაა, აქ არვინ დაბრუნდება. აკი გითხარით, ჩვენც გავიქცევით მეთქი.

„აგერ, ორი ბიჭია, სამუშაო გამოუჩნდათ. ერთიც ამბობს, ბინას გავაკეთებო, მეორეც. ვიქნებით და ვიმუშავებთო, მაგრამ გზა და შუქი ხომ უნდათ? მხარდაჭერა სჭირდებათ. სამშენებლო მასალა მიეცი, დაეხმარე იმას, ვინც დაბრუნდება. ადგილობრივს ხე რომ სჭირდება სამასალედ, სახლისთვის, უნდა მისცე ნებართვა“.

2018 წელს არხოტში სამი ახალგაზრდა დაბრუნდა. ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის რეინჯერებად დაიწყეს მუშაობა და ყოველთვიურად ორი კვირა ახიელში იმყოფებიან. მათგან ორნი, გაგა ცისკარაული და იმედა ნაროზაული ახიელში სახლების აშენებას ცდილობენ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში