საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

არხოტი ისევ უგზოდ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:49 - 05 ივლისი 2018 hits 24743

საუკუნის პროექტი - ასე უწოდა „ქართულმა ოცნებამ“ ხევსურეთში, როშკა-არხოტის გზის მშენებლობას, რომელზეც ორ წელიწადში 4.5 მილიონი ლარი დაიხარჯა. გასული წლის ოქტომბერში, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ახლად გაჭრილ გზაზე, არხოტში მიმავალმა თიანეთი-დუშეთი-ყაზბეგის მაჟორიტარმა, ზაქარია ქუცნაშვილმა ჩაიქროლა სატელევიზიო კამერების თანხლებით და ქვეყნის მოსახლეობას ამცნო, რომ ისტორიაში პირველად, ინგუშეთის საზღვართან მდებარე არხოტი დანარჩენ საქართველოს საავტომობილო გზით დაუკავშირდა. დეპუტატი თბილისში იმავე დღეს დაბრუნდა, არჩევნებმა ჩაიარა, არხოტი კი ისევ უგზოდ დარჩა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, „უღელტეხილზე მკაცრი და ხანგრძლივი ზამთრით“ ხსნის იმას, რომ არხოტის გზა ამ დრომდე გაუხსნელია. სინამდვილეში, ხელისუფლებამ გზის გასაწმენდად ერთი ტრაქტორის მობილიზებასაც კი ვერ მოაბა თავი.

გზის გაჭრისას არასწორად და უხარისხოდ შესრულებულმა სამუშაოებმა არხოტიონების ყოფა კიდევ უფრო დაამძიმა - არხოტი უშუქოდაც დარჩა.

„ყველაფერს ხომ მოწყვეტილები ვართ. გზა ჩვენ არ გვაქვს, ტელეფონი აქ არ იჭერს, ინტერნეტი აქ არ არის, რადიო აქ არ არის, ტელევიზორიც ხან აჩვენებს, ხან არა. ექიმი ჩვენ არ გვყავს, ბაღი აქ არ არის და სკოლა, რომ ბავშვი გააჩერონ. ერთადერთი შუქი გვქონდა. კომუნისტების დროს არის ეს ჰესი აშენებული. ვუვლი როგორც შემიძლია, რომ ნათურა მაინც გვენთოს. გასულ წელს გზა რომ გაჭრეს, მიწა და ნაშალი პირდაპირ მდინარე ასას ხეობაში გადაყარეს. მდინარეში წყალმა როგორც კი მოიმატა, მთელი ეს ნაშალი წამოიღო და ჰესის სათავე ნაგებობაში შეიტანა. ტალახით და ქვიშით გაივსო ის მილი, რომელიც ჰესს წყალს აწვდის. უშუქოდაც დავრჩით“, - უთხრა „მთის ამბებს“ 66 წლის შიო ოჩიაურმა. შიო მუდმივად არხოტის ხეობის სოფელ ახიელში ცხოვრობს.

ახიელი ხეობის ცენტრია. 90-იან წლებში იქ დაწყებითი სკოლაც ყო.

არხოტში ცხოვრება ყველაზე მეტად 1994 წლის შემდეგ გაჭირდაო, ამბობს შიო ოჩიაური. მას შემდეგ, რაც რუსებმა ინგუშეთის უახლოეს სოფლამდე, გოშტიკაურამდე (პუი, ჯეირახის რაიონი) გზა ჩაკეტეს. ეს ერთადერთი სამანქანო გზა იყო არხოტთან დასაკავშირებლად. არხოტიონები პირველადი სამედიცინო დახმარების მისაღებად, საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად, თბილისში მანქანით ჩამოსასვლელად (ვლადიკავკაზის გავლით) ამ გზით სარგებლობდნენ.

1994 წლიდან არხოტი უგზოდაა. ბავშვიანმა ოჯახებმა სოფლები დატოვეს. ზოგი საცხოვრებლად დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში გადავიდა, ზოგიც გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებასა და დედოფლისწყაროში. არხოტის სოფლებიდან უმეტესად ქალები და ბავშვები გახიზნეს.

კალოთანა, ღორღუ, წყალშუა და კვირიწმინდა უკვე ნასოფლარებია. ნასახლარებიც ჭინჭარმა შთანთქა.

მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, 2002 წელს ამღაში 31 ადამიანს უცხოვრია (28 კაცი და 3 ქალი), ახიელში 4 კაცსა და 2 ქალს, ჭიმღაში 5 ადამიანს (4 კაცი და 1 ქალი);

ახლა ჭიმღას შიოს ძმა, გიგლა ოჩიაური ასოფლებს. არხოტში 38 წლის წინ დასახლდა და მას შემდეგ მუდმივად იქ ცხოვრობს. როშკა-არხოტის გზის მშენებლობით ისიც დაიმედებული იყო. გასული წლის ოქტომბერში, არჩევნებამდე, დუშეთიდან არხოტში მანქანითაც გადავიდა. ჭიმღადან ახიელამდე 5 კილომეტრზე მეტია. ძმას ხშირად აკითხავს და იფიქრა, მანქანას იქ მაინც გამოიყენებდა, ვიდრე არხოტის უღელტეხილზე გამავალ ძირითად გზას, თოვლისგან გაწმენდდნენ და გახსნიდნენ. მაგრამ, ნოემბრის დასაწყისში, პირველი თოვლის მოსვლისთანავე ჭიმღამდე მისასვლელი გზა ჩაინგრა. გიგლას მანქანა მთელი ზამთარი მდინარე ასასა და ჭიმღისწყლის შესართავთან დარჩა.

„უკვე ივლისია და გზა ისევ არ გვაქვს. ყველა გაჰყვიროდა, საუკუნის პროექტიაო. საუკუნის პროექტი კი არა, საუკუნის ტრაგედია ყოფილა. საფეხმავლო გზაც გააოხრეს. მერე სამანქანო გზა ისე გაჭრეს, რომ მდინარეში ჩაყარეს ყველაფერი. წამოვიდა ის ტალახი, გამოავსო ეს მილი, გააფუჭა ჰესი და ბნელშიც დავრჩით“.

გზის გაწმენდის მოთხოვნით ვერც ვერავის დაუკავშირდნენ: „მესაზღვრეებიც ზაფხულში მოდიან ჭიმღაში. ვერ გადათარგმნი იმას, როგორია ოქტომბრის 21-დან, ადამიანი რომ არ დაგინახავს სოფელში და პირველები თქვენ ხართ, ვინც მოვიდა იმის გასაგებად, ისევ სიცოცხლე არის თუ არა“.

„უთხარით ბატონ პრემიერს, იქნება მოგვხედოს, ის გზა გაწმინდონ როგორღაც. იცი? ხელისუფალი აქ უნდა აცხოვრო. აი, რომ ჩამოიბურება, ჩამოთოვს და მორჩა, დარჩენილია, ავად გახდება თუ აპენდიციტი გაუსკდება, ექიმი არ არის,  გზა არ არის. ზამთარში ვერტმფრენსაც უჭირს ფრენა, უღელტეხილზე ნისლის გამო. განწირული ხარ სასიკვდილოდ“.

ახიელს ქვემოთ სოფელი ამღაა, სადაც ზეზვა, გაბო, ვადიმ, ბორის, პაატა და გიგი წიკლაურები ცხოვრობენ. ზეზვა რეინჯერია, ვადიმი მესაზღვრე. დანარჩენ წიკლაურებს საქონელი და ფუტკარი ჰყავთ.

ბარისახოსთან კავშირის ერთადერთი საშუალება სასაზღვრო პოლიციაა: „როცა რამე გვიჭირს, ან რაციით ვუკავშირდებით ბარისახოს სამმართველოს და იქიდან აგებინებენ მერე, ან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს მივყვებით. ადრე მესაზღვრეების ვერტმფრენი თვეში ერთხელ დაფრინავდა. რამდენიმე თვეა როტაციის პირობა შეიცვალა და 2 კვირაში ერთხელ დაფრინავს. ამან შეღავათი მოგვცა, მაგრამ უგზოობა მაინც დიდი პრობლემაა“, - გვეუბნება ომარ ნაროზაული. ის და მისი და, ელისო ნაროზაული, სამანქანო გზით დაიმედებულები წელს ზამთარში ახიელში მუდმივ მცხოვრებლებად დარჩნენ.

„თუ გზას ყურადღებას არ მიაქცევენ, იცი რა გვიკვირს, რისთვის გაიყვანეს, რისთვის გადაყარეს ამდენი თანხა“, - გაოცებას ვერ მალავენ არხოტიონები.

როშკა-არხოტის დამაკავშირებელი 28.5 კილომეტრიანი გზის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2015 წლის სექტემბერში დაიწყო. გზა სოფელ როშკადან იწყება, გადადის არხოტის უღელტეხილზე – ზღვის დონიდან 2960 მეტრზე და მდინარე ასას ხეობის გავლით, სოფელ ჭიმღაში მთავრდება. გზის მშენებლობისთვის 13 500 000 ლარი იყო გამოყოფილი, მაგრამ ტენდერი შპს FIN –ESTATE-მ 10 900 000 ლარად მოიგო.

FIN –ESTATE-მ გზის გაჭრაზე ერთი წელი იმუშავა, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები შპს „არხოტიონს“ გადააბარა. ეს კომპანია რამდენიმე დღით ადრე დარეგისტრირდა და არანაირი სამუშაო გამოცდილება არ ჰქონდა. გარდა იმისა, რომ გზის გაჭრა დროში გაიწელა, სამუშაოებიც არასწორად და უხარისხოდ არის ჩატარებული. გზა რამდენიმე ადგილას ჩანგრეული და გამსკდარია.

„კომპანიამ შედარებით სუსტად იმუშავა, ტექნიკის მობილიზება ვერ შეძლო. ამასთან, პირველ 15 კილომეტრზე მარშრუტი რამდენიმე ადგილას შევცვალეთ, სადაც საზვავეები იყო. პროექტირების ეტაპზე გეოლოგიური კვლევა არ მომხდარა, რადგან გზა არ იყო და საბურღი აპარატები იქ ვერ ავიდოდა. ამის გამო შეფერხებები გვქონდა. კომპანიას ჩვენ 6 თვე დავუმატეთ. სამუშაოების დასრულების ვადად 2018 წლის ოქტომბერია განსაზღვრული. სამუშაოების 30% კიდევ შესასრულებელია. ამ დროისთვის 11 მილიონიდან 4.5 მილიონია დახარჯული. დაგეგმილი გვაქვს გზის ფორმირება, მოხრეშვა. თავდაპირველად, პროექტით 7 სახიდე გადასასვლელიც იყო გათვალისწინებული. ერთი ხიდი ამოვარდა, მე-2 ხიდიც, სავარაუდოდ, ამოვარდება. დარჩება 5 ხიდი, მაგრამ იქამდე რთულია ხიდის კონსტრუქციების ტრანსპორტირება, როშკა-ღელისვაკის გზაზე, 2 რთული მოსახვევისა და მონაკვეთის გამო. ახლა ვფიქრობთ, გავაკეთოთ თუ არა საერთოდ ხიდები არხოტის გზაზე“, - უთხრა „მთის ამბებს“ მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტების ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ლევან სუხიტაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, არხოტის გზა უახლოეს 4 დღეში გაიწმინდება და 9 ივლისიდან გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილებით მოძრაობა აღდგება.

არხოტთან სამანქანო გზა თუ შენარჩუნდა, საზღვრისპირა რეგიონში დაბრუნებას აპირებს რამდენიმე ახალგაზრდა. გაგა ცისკარაული და იმედა ნაროზაული უკვე არხოტში არიან. რამდენიმე თვის წინ ახალგაზრდებმა მუშაობა ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების რეინჯერებად დაიწყეს. ტურიზმის განვითარებაზეც ფიქრობენ, თუ გზა და სახელმწიფოს ხელშეწყობა ექნებათ.

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში