საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რა სჭირდებოდა და რა აჩუქა ონის მერმა 25 წლის ფერმერს შქმერში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:15 - 03 თებერვალი 2020 hits 42694

1-ელ თებერვალს mtisambebi.ge-ზე გამოქვეყნდა რეპორტაჟი რაჭიდან - რა მხარდაჭერა სჭირდება 25 წლის ბიჭს, რომელიც შქმერში გადასახლდა და მესაქონლეობა დაიწყო“. სტატია მიშო დაუშვილის შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც ნათესავის დახმარებით, ბანკიდან სესხი აიღო, ხუთი სული ძროხა იყიდა და ბებია-ბაბუის სახლში დაბრუნდა. მიშოს ახლა უკვე 15 ძროხა ჰყავს. საქონლის გამოსაზამთრებლად ბალახს ხელით თიბავს, ხელით აგროვებს, ხელით ეზიდება, ძროხას ხელით წველის, ხელით აყველებს. ბალახის მოტობლოკი-სათიბელას შესაძენად საჭირო 3 ათასი ლარი ჯერ ვერ შეაგროვა. ყველს რასაც ყიდის, სესხს და პროცენტს იხდის. მექანიზაცია არც სოფელში აქვთ.

რეპორტაჟის გამოქვეყნების შემდეგ, მიშოს მხარდასაჭერად ფეისბუკში კამპანია დაიწყო რაჭის სათემო ორგანიზაციამ. მოტობლოკი-სათიბელასა და საწველი აპარატის შესაძენად დაახლოებით 4.5 ათასი ლარია საჭირო. მიშოს დასახმარებლად კამპანია ასევე დაიწყეს „დაკარგული სამოთხე - ლექსო ჩარკვიანმა“ და გვერდმა „რაჭა და რაჭველები“.

„მთის ამბების“ მაყურებლები და სოციალური ქსელების მომხმარებლები ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, მთაში დაბრუნებული ახალგაზრდისთვის მხარდაჭერა გაეწიათ.

2 თებერვალს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ ფეისბუკში თავის გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია და ფოტოები, საიდანაც გავიგეთ, რომ ემზარ საბანაძე სოფელ უშოლთაში მცხოვრებ მიშო დაუშვილს ესტუმრა და საჩუქრად ელექტროხერხი და სათიბელა გადასცა.

ერთი მხრივ კარგია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები „მთის ამბებში“ გამოქვეყნებულ მასალებზე რეაგირებენ და ზოგჯერ რეაგირებით ბევრი კარგი საქმეც კეთდება, თუმცა მეორე მხრივ, მაყურებლების კრიტიკის მოგერიებისა და ხანდახან მხოლოდ საკუთარი თავის პიარზე გათვლით, რეალური მხარდაჭერის პროცესს აზიანებენ.

ფოტოებიდანაც ჩანს, რომ ნივთები, რომელიც მერმა მიშოს გადასცა, ძველია და დიდი ხნის ნახმარი. მერის მიერ ნაჩუქარი სათიბი დაახლოებით 180-200 ლარი ღირს ახალი, მეორადის ღირებულება კი 100 ლარს არ აღემატება.

როდესაც ბალახის სათიბზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მიზანი უნდა გავარჩიოთ: თუ უბრალოდ სარეველასგან ეზოს გაწმენდა გვსურს, ამისთვის, ჩვეულებრივი, ბენზომოტორიანი სათიბიც საკმარისია, როგორიც მერმა მიშოს აჩუქა. ასეთი სათიბელა ბალახს აქუცმაცებს, ფქვავს და იქვე ფანტავს - არც მისი მოგროვება-მოფორცხვაა საჭირო. მაგრამ, რაც ეზოს შემთხვევაში პლიუსია, პირუტყვისთვის ბალახის მოგროვებას თუ აპირებთ, დიდი მინუსი იქნება - ჯერ ერთი, დიდ ტერიტორიას მხარზე ჩამოკიდებული ბენზომოტორით ვერ შემოივლით. რომ შემოიაროთ კიდეც, დაქუცმაცებულ ბალახს ვერ მოაგროვებთ, ვერც ზვინად დადგამთ და ვერც „პრესებად“ შეკრავთ, რომ ზამთრისთვის შეინახოთ. ამისთვის, გაცილებით ძვირადღირებული, სრულიად სხვა მექანიზმის სათიბია საჭირო. მაღალმთიან რთულ რელიეფზე სამუშაოდ სპეციალური სათიბელები არსებობს, რომელიც ერთი კაცის მიერ იმართება, თუმცა სათიბი პირი ისე აქვს მოწყობილი, რომ ბევრად ფართო ზოლი - (დაახლოებით ორი მეტრი) მოთიბოს და პროცესის დროს, ბალახი ცალ მხარეს მიაწვინოს. ასეთ ტექნიკას შესაბამისი რელიეფის გამო ავსტრიული და შვეიცარიული ფირმები უშვებენ - მაგალითად, კომპანია „ბრიელმაიერის“ ფერდობის უნივერსალური მოტოსათიბელები სპეციალური შიპებიანი საგორავების – ბორბლების წყალობით ციცაბო  ფერდობზეც ჩვეულებრივად მუშაობს და ბალახსაც უდანაკარგოდ თიბავს. „ბრიელმაიერის“ მოტოსათიბელებს ფერდობებზე საათში 4-5 ჰექტრის გათიბვა შეუძლია, ვაკეზე წარმადობა ორმაგდება. სათიბელების თიბვის სიგანე მოდიფიკაციების მიხედვით 1.25-დან 2.4 მეტრამდე მერყეობს. იოლად ეცვლება სათიბი დანები და რაც მთავარია, რთული კონსტრუქციის მანქანა ძალიან მარტივი სამართავია. მთაში მომუშავე ფერმერისთვის ასეთი მანქანა ნამდვილი საჩუქარია, რადგან მისი მეშვეობით, ნაკლები დანახარჯებით, დიდი რაოდენობის საკვების დამზადება შეიძლება.

რეპორტაჟში აღწერილიც იყო, რომ მიშოს სჭირდებოდა მოტობლოკი-სათიბელა, რომლის ღირებულებაც სულ მცირე 3000 ათასი ლარია, „ბრიელმაიერის“ წარმოების უფრო ძვირი ღირს.

უშოლთაში მერის ასვლისა და მიშოსთვის ნივთების გადაცემის შესახებ მერიამ ინფორმაცია იმავე დღეს განათავსა ფეისბუკში და საინფორმაციო სააგენტოებსაც გადაუგზავნა, რომელსაც სავარაუდოდ, ბიუჯეტიდან ფულს უხდის საინფორმაციო მომსახურებისთვის.

ყველაფერი ისე გამოვიდა, რომ თითქოს, მიშოს უკვე აქვს ის, რაც სჭირდებოდა. ონის მერი სოციალურ ქსელში მადლობებს იღებს, უმეტესად მერიის თანამშრომლებისგან ან მათი ოჯახის წევრებისგან. მიშოს კი ისევ ყველაფრის ხელით კეთება მოუწევს.

მერიის მიერ ინფორმაციის ამ შინაარსით გავრცელებამ, რომ მიშოს უკვე დაეხმარნენ, ახალგაზრდა ფერმერის მხარდასაჭერად დაწყებული კამპანიებიც დაასუსტა. მხარდამჭერთა რაოდენობა შემცირდა, არადა შეგროვილი თანხა რამდენიმე ასეულ ლარს არ აღემატება.

რაჭის სათემო ორგანიზაცია აგრძელებს კამპანიას 25 წლის #მიშოსმხარდასაჭერად. ვეცდებით, მიშოს სათიბელა და საწველი აპარატი ვაჩუქოთ.

✔️ ანგარიშის ნომერი: GE43LB0115115595796000
✔️ ბანკის კოდი: LBRTGE22
✔️ მიმღები: ააიპ რაჭის სათემო ორგანიზაცია
✔️ დანიშნულება: #მიშოსმხარდასაჭერად

ონის მუნიციპალიტეტის მერისა და მერიის ამგვარმა, პიარზე გათვლილმა ქმედებამ დააზარალა სოფელ ხურუთში (ზემო ხურუთი) მცხოვრები მარტოკაცი მურმან გობეჯიშვილიც. რკინის მომთვინიერებელი - ასე იცნობენ მას ზემო რაჭაში. ერთადერთი მჭედელია მთელ რეგიონში. 63 წლის განმავლობაში შუქი არასდროს ჰქონია. ლამფა მისთვის შეუცვლელი ნივთი იყო. თვეში ერთხელ ან ორჯერ ტელევიზორის საყურებლად ქვემოთ, სოფელში ჩადიოდა. „მთის ამბებმა“ ხურუთელი მარტოკაცის შესახებ რეპორტაჟი 2019 წლის 8 თებერვალს გამოაქვეყნა. მურმან გობეჯიშვილის მხარდასაჭერად აქციაც დავიწყეთ. შეგროვებული თანხით, გვინდოდა მისთვის მზის პანელი, 12 ვოლტზე მომუშავე ტელევიზორი და საჭირო ნივთები გვეყიდა.

მაგრამ... რეპორტაჟის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს მურმან გობეჯიშვილთან ონის მერი ემზარ საბანაძე ავიდა და სხვა სოფელში მოხსნილი მზის ძველი პანელი გადასცა, რომელსაც მანამდე რამდენიმე წლის განმავლობაში იყებენდნენ და საკმარისი რესურსი აღარ ჰქონდა. აჩუქეს ძველი ტელევიზორიც. მერმა ფოტოები გადაიღო და პიარის მიზნით მაშინაც გაავრცელეს. ხურუთელი მარტოკაცის მხარდასაჭერად დაწყებული კამპანია მაშინ ამის გამო შეწყდა.

მაშინ ონის მერიამ განმარტა, რომ „ხურუთელი მარტოკაცისთვის მზის ახალი ბატარეების შეძენა იყო დაგეგმილი, თუმცა სტატიის შემდეგ გამოწვეული აჟიოტაჟის გამო, მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ გადაწყვეტილება მიიღო, ბატონი მურმანისთვის მეორადი ბატარეები გადაეცა, რომელიც მას უშუქობის პრობლემას მოუხსნის“.

სინამდვილეში, ცოტა ხნის შემდეგ გამოვარკვიეთ, რომ მზის ძველი პანელები მხოლოდ ერთი ნათურის ანთებას ახერხებს, ცუდ ამინდში კი ესეც უჭირს. სიძველისგან აკუმულატორიც მწყობრიდან არის გამოსული. რაც შეეხება ონის მერის მიერ ნაჩუქარ ძველ ტელევიზორს, ხურუთელმა მარტოკაცმა ის საერთოდ ვერ ჩართო. ტელევიზორი მხოლოდ 220 ვოლტზე მუშაობს, მზის პანელის მიერ გამომუშავებული ენერგია კი 12 ვოლტს არ აღემატება.

2019 წლის შემოდგომაზე საქართველოს მთავრობამ უშუქო სოფლების ელექტროფიცირების პროგრამა დაიწყო, რაც გულისხმობს უშუქოდ დარჩენილი ყველა ოჯახისთვის იმ სიმძლავრის ელექტროსისტემების დამონტაჟებას, რომელიც ერთდროულად ტელევიზორის, მაცივრის, სარეცხი მანქანისა და წყლის გამაცხელებლის მუშაობას ყოფნის. ხურუთელი მარტოკაცი ამ პროგრამაში ვეღარ მოხვდა. ონის მერიამ რეგიონული განვითარების სამინისტროსთვის მიწოდებულ სიაში მურმან გობეჯიშვილი აღარ შეიყვანა - მერს მიაჩნია, რომ მას შუქი აქვს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში