საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ვიდრე არ შევისწავლით, არ მაქვს პასუხი თუშეთის გზა როდის გაიხსნება - წერეთელი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:25 - 03 ივნისი 2019 hits 5584

„გზების დეპარტამენტში დღეს იყო შეხვედრა კონტრაქტორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. გადაწყდა, რომ ჩვენი თანამშრომლები, ასევე გეოლოგები ორ-სამ დღეში წავლენ თუშეთში, 56-ე კილომეტრზე, სადაც მეწყრული მონაკვეთია და მდინარეა დატბორილი, გაეცნობიან ვითარებას და ამის შემდეგ, კვირის ბოლოსთვის გვეცოდინება, როგორ მოვახერხებთ წყლის დონის დაწევას“, - აცხადებს „მთის ამბებთან“ ინტერვიუში საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი.

„რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივაში ამ პრობლემის გადაჭრას, ამ კვირაში, მაქსიმუმ იმ კვირის დასაწყისში გზების დეპარტამენტი გამოაცხადებს ტენდერს საპროექტო გადაწყვეტილების მისაღებად. გვინდა, წლების განმავლობაში დაგროვილი ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადავჭრათ.

- ბატონო გიორგი, მესამე წელია უკვე გზის ამ მონაკვეთზე აღნიშნული პრობლემაა. რატომ აქამდე ვერ მოხერხდა ამ საკითხის გადაწყვეტა?

- გეთანხმებით. რთული რელიფია, რთული კლიმატური პირობებით ხასიათდება, სამუშაოდ მოკლე პერიოდია. წელს გვექნება საპროექტო გადაწყვეტა, მომავალ წელს კი გამოვაცხადებთ ტენდერს ამ პრობლემის გადასაჭრელად. როგორც გითხარით, რთული კლიმატური პირობები და რელიეფი არ გვიწყობს ხელს, რომ სწრაფი გადაწყვეტილებები მივიღოთ.

მესმის, შარშან იყო პრობლემა, იმის წინა წელსაც, მაგრამ გავწმინდეთ. წელს ზვავი არა, მაგრამ მთაში უხვი ნალექი მოვიდა და წყლის დონის მომატება გამოიწვია. კონტრაქტორი კომპანია ვერ ახერხებს წყლის დონის დაწევას რაღაც ნიშნულზე, რომ ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი გახდეს.

- ტბასთან არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს და ველოდებით, წყლის დონემ თავისით დაიწიოს თუ რას და რატომ ვერ ახერხებს თქვენი კონტრაქტორი?

- ამიტომ გითხარით, რომ ორ დღეში იქ ჩვენი თანამშრომლები, გეოლოგებიც ჩავლენ და რაღაც გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, თუ როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული პრობლემის გადაჭრა.

- ხვალ, 4 ივნისს, თუშები ალვანში მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ გზის გახსნის და პრობლემების გადაწყვეტის მოთხოვნით. თქვენც გიბარებენ იქ, დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს, რათა გაიგონ რას აპირებთ მეწყრულ მონაკვეთთან და მთლიანად ამ გზასთან მიმართებაში. აპირებთ დეპარტამენტიდან ჩასვლას?

- 10 მაისს მომხდარი სტიქიის შემდეგ, მე იქ რამდენჯერმე ვარ ჩასული. ამ ხალხთან შეხვედრის და გასაუბრების პრობლემა არ არის. უბრალოდ, 56-ე კილომეტრი რთული მონაკვეთია და არ არის ასე სწრაფად გადაწყვეტადი. იქამდე გზა გახსნილია, მეცხვარეები თუშეთში გადასულები არიან და პრობლემა არ შექმნიათ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, კვირის ბოლომდე მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ გავხსნათ აღნიშნული მონაკვეთი. გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი დიდი თოვლი მთაში დიდი ხანია არ მოსულა. ტრაქტორს უწევდა 10 მეტრის სიმაღლის თოვლში მუშაობა. ეს რომ დნება, დაგროვილი მასა ვეღარ ატარებს წყალს და იტბორება. 56-ე კილომეტრამდე მისვლაც პრობლემა იყო 10 მაისს მოსული სტიქიის გამო, მაგრამ მივედით თვის ბოლომდე. ვერტმფრენით ვეზიდებოდით საწვავს, რომ ტექნიკა არ გაჩერებულიყო. არ ყოფილა, რომ გავჩერებულიყავით ან რაღაც არ გვინდოდეს. მე-9 კილომეტრზე სტიქიამ რომ გზა წაიღო, ერთ კვირაში აღვადგინეთ.

- როცა გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე იყო, ჯერ კიდევ 2017 წლის ოქტომბერში, „მთის ამბებთან“ ინტერვიუში მან თქვა, რომ დეპარტამენტს ჰქონდა საპროექტო გადაწყვეტა, რომლის თანახმადაც, მეწყერის ადგილას თუშეთის გზას ალაზნის მეორე მხარეს გადაიტანდნენ.

- ეს პრობლემა წინა წლებშიც იყო.

- სოფელ ხისოსთან, მთიდან მოწყვეტილმა დიდი რაოდენობით კლდოვანმა მასამ პირველად 2017 წლის გაზაფხულზე ჩახერგა გზა და მითუფრო, წინა წლებშიც თუ იყო ეს პრობლემა, სეთურიძე ასახელებდა სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების დროს, პროექტის ბიუჯეტს - 5 მილიონ ლარს, ტექნიკურ საკითხებს. რა ბედი ეწია ამ პროექტს?

- ნამდვილად არვიცი რას ლაპარაკობდა ბატონი გიორგი, არ ვიცნობ ასეთ პროექტს.

- სავარაუდო ინფორმაცია მაინც გვაქვს, წელს როდის გაიხსნება თუშეთის გზა?

- ვცდილობდით, რომ მაისის ბოლომდე გაგვეხსნა, გავსენით კიდეც მაისის ბოლომდე გზა, უბრალოდ პრობლემა დაგვხვდა 56-ე კილომეტრზე, დაახლოებით 600 მეტრიანი მონაკვეთია, რომელიც წყლით არის დაფარული. ეს იყო გაუთვალისწინებელი იმიტომ, რომ რეალურად ჩვენ არ ვიცოდით, 56-ე კილომეტრზე რა ხდებოდა. 3 დღის უკან იყო ინფორმაცია, რომ გზაზე 30 სანტიმეტრამდე იყო წყალი, მაგრამ დღეს და გუშინ მოიმატა 1 მეტრამდე. ტემპერატურამ რაც აიწია, თოვლის დნობა იმატებს და წყლის დონეც იწევს. 56-ე კილომეტრზე პრობლემა რომ არ იყოს, გზა გახსნილი იქნებოდა. მეცხვარეები უკვე გადავიდნენ. კვირის ბოლოს გვეცოდინება, რა გეგმები გვაქვს. ვიდრე სპეციალისტები არ მივლენ და არ შეისწავლიან, გეგმას არ დასახავენ, მანამდე არ მაქვს პასუხი, თუშეთის გზა როდის გაიხსნება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში