საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მეწყერის ადგილას თუშეთის გზას ალაზნის მეორე მხარეს გადაიტანენ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:44 - 12 ოქტომბერი 2017 hits 11620

ფშაველი–აბანო–ომალოს გზის 56 კილომეტრზე, სოფელ ხისოსთან, სადაც დიდი რაოდენობით კლდოვანი მასაა მოწყვეტილი და მოძრაობა უსაფრთხო არ არის, საავტომობილო გზას მიმართულებას შეუცვლიან. ახალი გზის გაჭრა მდინარე ალაზნის მეორე მხარეს გადაწყდა. როგორც „მთის ამბებს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძემ განუცხადა, სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის ადრე გაზაფხულზე დაიწყება და ორ–სამ თვეში დასრულდება. პროექტისთვის 5 მილიონი ლარია გამოყოფილი.

„მთავრობისგან დაგვევალა, რომ თუშეთის არსებული გზა უნდა იყოს უფრო უსაფრთხო და განვლადი. ამასთან, ჩვენ მომავალი წლის გაზაფხულზე პანკისი–თუშეთის ახალი გზის მშენებლობას ვიწყებთ, რისთვისაც გვჭირდება ტექნიკის თუშეთში გადაყვანა.

არსებული გზის იმ მონაკვეთზე, სადაც მეწყერია ჩამოსული და პერიოდულად ვითარება რთულდება, დაგეგმილი გვაქვს, რომ გზა მდინარე ალაზნის და იქ გაჩენილი ტბის მარჯვენა მხარეს გადავიტანოთ, სადაც არც მეწყერია და არც მისი ზემოქმედების საფრთხე. ვაპირებთ კლდოვანი ფერდობების გაჭრას, უსაფრთხო სიმაღლეზე, რათა გზის ეს მონაკვეთი დაცული იყოს იმ შემთხვევისგანაც, თუ საპირისპირო მხარეს კლდოვანი მასა კიდევ მოწყდა და მდინარის დინება გადაკეტა. საუბარია დაახლოებით 2 კილომეტრიანი მონაკვეთის გაჭრაზე. გზის შესაერთებლად, მდინარეზე გადასასვლელად საჭირო იქნება 2 ხიდი, რომლებიც იქნება რკინის და კონსტრუქციები დამზადდება მანამდე, რომ გზის გაჭრისთანავე შევძლოთ მისი მონტაჟი და ახალი გზის გახსნა“, – აღნიშნა გიორგი სეთურიძემ.

მისივე თქმით, პანკისი–თუშეთის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის შემდეგაც შენარჩუნდება ფშაველი–აბანო–ომალოს გზა. „არსებული გზით სარგებლობის შესაძლებლობა დაინტერესებულ პირებს პანკისი–თუშეთის ახალი, უფრო კომფორტული გზის გახსნის შემდეგაც ექნებათ. ჩვენ კვლავ განვახორციელებთ ძველი გზის მოვლა–პატრონობას. ვისაც აინტერესებს ექსტრემალური გზა, შეუძლია ამ გზით იმოძრაოს, თუმცა ახალი გზით თუშეთში ასვლა უფრო მოკლე დროში, ბევრად უსაფრთხოდ და კომფორტულად იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ.

თუშეთის არსებულ გზაზე, სოფელ ხისოსთან, ზამთარში და გაზაფხულზე დაახლოებით 500 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა მოწყდა, რომელმაც, 10 მეტრის სიმაღლეზე, გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა. თუშეთის გზის გახსნა 1 თვით დაგვიანდა და მაისის შუა რიცხვების ნაცვლად, 12 ივნისს გაიხსნა. გზის ამ მონაკვეთზე გავლა მთელი ზაფხულის განმავლობაში სახიფათო იყო. დამეწყრილი მთიდან მოწყვეტილმა ლოდმა და ნაშალმა მდინარის დინება აგვისტოშიც გადაკეტა და გზა დატბორა. ქვათაცვენის გამო გზის ნაწილიც ჩაინგრა. მთიან ჩამოვარდნილი ლოდი ავტომობილსაც დაეცა, რომლითაც ტურისტები მგზავრობდნენ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში